რატომ არ ჩანს ლიდერი - კვირის პალიტრა

რატომ არ ჩანს ლიდერი

მარცხი ბრძოლაში და მისგან გამოწვეული აგრესია და ნიჰილიზმი; ძველი ლიდერების გაუფერულება და ახლის არარსებობა…- მაინც რა მიზეზია, რომ ჩვენს საზოგადოებას არა აქვს სურვილი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდეს. რატომ გაჭიანურდა ახალი ლიდერის გამოჩენა, რომელიც საზოგადოების გაერთიანების სულისჩამდგმელად მოგვევლინებოდა და არა უფერულ ორატორად. ამ თემაზე ფსიქოლოგ-სოციოლოგ ხათუნა სანიკიძეს ვესაუბრეთ:

- არავინ მეგულება ჩვენს საზოგადოებაში, ვისაც ერთხელ მაინც არ უფიქრია, რატომ არ დადგა ჩვენს ქვეყანაში პროგრესი, არ გაჩნდა იდეა და ლიდერი, რომლის გარშემო დაქსაქსული საზოგადოება გაერთიანდება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დილემა ჩვენთვის.

- თითქმის ერთი ამოსუნთქვითაა წარმოთქმული თქვენი ყველა ის შეკითხვა, რაც მრავალი წელია გვაწუხებს. იმავეს ძალიან ხშირად ვისმენ სხვებისგანაც. თითქოს ეს დილემა ჩვენს ცნობიერებაში გაიჭედა და ყოფის ისეთივე ორგანულ ნაწილად იქცა, როგორიც პურზე ან ჰაერზე ფიქრია. რაც ყველაზე უარესია, თითქოს გზა, გამოსავალიც არ ჩანს. არადა, ყოველთვის, მათ შორის ჩვენს შემთხვევაში არის მომენტები,­ რომელთა გაცნობიერება უამრავ სირთულეს ჰფენს ნათელს. რაც ჩვენ გარშემო ხდება, ყველაფერი გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება.

ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხანში, ერთი იდეის გარშემო საზოგადოების გაერთიანება და დარაზმვა კონკრეტული მიზნებისკენ ვერ მოხერხდება. ჩვენი საზოგადოება იმდენ ნაწილად არის დაქსაქსული და იმდენად განსხვავებული ღირებულებები აქვს, ჯერჯერობით, მათი გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვრა ურთულეს მომენტად მესახება. რატომ? იმიტომ, რომ ათეული წლების განმავლობაში დუღილის პროცესში ვართY და ის ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

მიუხედავად იმისა, რომ სულ ვამბობთ, რომ გლობალური პროცესები ძალიან სწრაფად იცვლება, არის პროცესები, რომელსაც­ ვერ დააჩქარებ, იმიტომ, რომ ბუნებრივია. ისევე­ როგორც ღვინის ბუნებრივ დუღილს, რომელსაც თავისი ვადა აქვს, როდის დადუღდეს. თუ გარედან რაიმე კატალიზატორით არ იმოქმედე, დუღილი დროზე ადრე არ დასრულდება. რა თქმა უნდა, პროცესის დასაჩქარებლად ყოველთვის შეიძლება კონკრეტული ტექნოლოგიის გამონახვა, მაგრამ თუნდაც ღვინის შემთხვევაში ხელოვნურად დადუღებული ხომ ისეთი არ იქნება, როგორიც უნდა იყოს?! ასევეა ჩვენთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს, არაერთხელ გვქონდა თავიდან დაბადების, განახლების პროცესები, ვახერხებდით Yფეხზე დადგომას. ახლაც სწორედ ასეთი პროცესია - ახლად იბადება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, რომელიც დიდ დუღილში იკვლევს გზას. თუმცა ჯერ უჭირს, რადგან მის გარშემო ამ პროცესისთვის დამახასიათებელი ლექი და ბუნდოვანებაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ დუღილში საქმე არ გაგვიკეთებია. მართალია, დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ მაინც დავიწყეთ ერთ დამოუკიდებელ­ სხეულად ქცევის ძალიან მტკივნეული პროცესი, რაშიც, დიდი შეცდომების მიუხედავად, როლი ითამაშეს სწორედ ქარიზმატულმა ლიდერებმა, რომელთაც კონკრეტულ პერიოდებში საზოგადოების გაერთიანება და ცვლილებისკენ წაყვანა შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს უმტკივნეულესი­ პროცესი იყო, ამის გარეშე ჩვენი თავიდან დაბადება ვერ შედგებოდა. დაბადება ტკივილების გარეშე ძალზე იშვიათია, მით უფრო ისეთი ემოციური­ საზოგადოებისათვის, როგორიც ჩვენია. ემოციურობაც თავისთავად ცალკე თემა და დილემაა ჩვენთვის, რასაც უარყოფით მხარეებთან ერთად, დადებითიც ახლავს, რაზეც საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს.

- საზოგადოების ნაწილის აზრით, ახალი ქარიზმატული ლიდერის არსებობაა აუცილებელი პროგრესული პროცესების დასაწყებად.

- ლიდერი ზეციდან არ ეშვება. ის წარმოიქმნება კონკრეტული საზოგადოების ღირებულებების საფუძველზე. ამ პროცესში­ ის იდეაც, რომლის გარშემო ლიდერმა საზოგადოება უნდა დარაზმოს, უკვე უნდა იყოს საზოგადოების ცნობიერებაში. ასე იყო ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში, რომელმაც საზოგადოება ეროვნული­ ღირებულებების გარშემო დარაზმა, და ასე იყო მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა ყალბ, დრომოჭმულ ღირებულებებს... ამ ქარიზმატული, ემოციური ლიდერების დაბადებას ხელი შეუწყო ჩვენი საზოგადოების ემოციურმა ბუნებამაც, რომელთა­ უმეტესობა გაჰყვა ქარიზმას. თუმცაღა ქარიზმატული ლიდერის დაბადებაში არის ერთი უარყოფითი მხარე, კანონზომიერება,­ რომელიც უთუოდ ამოქმედდება, როგორც კი ქარიზმატული ლიდერი ხელისუფლებაში მოვა. ამ ლიდერის პოპულარობა, მაქსიმუმ, 8 წელიწადს გრძელდება და მერე საზოგადოება მის ჩამოშორებას იწყებს. თუ რატომ, ამაზე ასეთი პასუხია: საზოგადოებას არ შეუძლია იმ განუწყვეტელ ემოციებში ყოფნა, რასაც მას ქარიზმატული ლიდერი­ სთავაზობს. და რას სათვაზობს? ხშირად ისეთივე მეთოდებით ქვეყნის ცხოვრებას, როგორი მეთოდებითაც ის საზოგადობას მართავდა ლიდერად ჩამოყალიბების პერიოდში. მაგალითად, ბევრს ახსოვს ზვიად გამსახურდიას მიტინგები პრეზიდენტობისას, როდესაც მას, როგორც ხელისუფალს, ქვეყანა უნდა ემართა რაციონალურად, ის კი დაპირისპირებული საზოგადოების წინააღმდეგ თავისი მომხრეების მიტინგებს ატარებდა, რაც დაპირისპირებულ ნაწილს აღიზიანებდა. მსგავსი ქცევები ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენს ლიდერებს აწუხებს. ისეთმა პრაგმატულმა ხალხმა, როგორიც გერმანელები არიან, ჰიტლერი აირჩია ლიდერად. ასეთი პროცესების­ თანამდევია ქარიზმატული ლიდერის აგრესიაც, რომელიც ხალხს ზოგჯერ ბრბოსაც უწოდებს, რაც საზოგადოების კიდევ უფრო აღიზიანებს. ამიტომაცაა საჭირო რაციონალური ლიდერის არჩევა ვისწავლოთ. რომელიც შესაძლოა არ სარგებლობს მასობრივი მოწონებით, მაგრამ მისი ნაბიჯები ნელ-ნელა ბადებს კმაყოფილებას საზოგადოებაში.

- არ ყალიბდება ოპოზიციურ სპექტრში ასეთი ლიდერი, სწორედ ძველი ლიდერებისადმი უნდობლობა იწვევს, რომ საზოგადოება ერთი მიზნისთვის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილებისთვის არ ერთიანდება.

- სწორედ იმიტომ არ ყალიბდება, რომ არ არსებობს იდეა, ერთნაირი სურვილი, საითკენაც უნდა წავიდეს საზოგადოება. ხალხი იმდენად დაქსაქსულია, აბსოლუტურ უმრავლესობაში, ვისაც არ უნდა ჰკითხო, როგორი საზოგადოების აშენებას ცდილობს, ვერ გეტყვის. თვით ოპოზიაციაშიც კი მთლიანობის განცდა არა აქვთ. ასეთ შემთხვევაში როგორ დაიბადება­ ახალი ლიდერი?! დაბადებას ნიადაგი სჭირდება, გარემო, ერთიანობის განცდა. ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება არა ქარიზმატული, არამედ რაციონალური ლიდერი, რომელიც გადადგამს პრაგმატულ ნაბიჯებს, რათა ვიცხოვროთ გამართულ სახელმწიფოში.

- რა არის იმის მიზეზი, რომ ეს დაქსაქულობა­ არ დამთავრდა?

- მუდმივი ცვლილებები როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში და უკვე ჩვენ გარეთ მუდმივი რყევა. Aამ რყევით ყველა ვართ მოცული. თვით ხელისუფლების მომხრეებსაც რომ ჰკითხო, კარგი, ბატონო, ვთქვათ, გინდა მშვიდობა, სხვას რას ირჩევ, როგორი სახელმწიფო გინდა გქონდესო, ვერ გეტყვის, არ იცის. ასეთ პირობებში რაციონალური აზროვნება ვერ შემოდის და ამიტომაც ლიდერის დაბადება კარგა ხნით გადაიწევს.

- ხელისუფლების ლიდერებზე რას მეტყვით?

- იმავეს. მათაც არ შეუძლიათ საზოგადოების სრული გაერთიანება. თუმცა მათ მოახერხეს რაციონალური მარცვლის მოძებნა, რომელსაც მშვიდობა ჰქვია და ამ მარცვალში, რაც არ უნდა არაპარადოქსული ჩანდეს ლოგიკით, რეალობის მარცვალი შენიშნა საზოგადოების დიდმა ნაწილმა. ამის შემდეგ, თუკი ხელისუფლებამ მოახერხა და მოძებნა იდეა, რომელსაც აიტა­ცებს საზოგადოების უმრავლესობა, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ წასვლის შემთხვევაშიც ეს ხელისფლება კვლავ დაბრუნდება. თუმცა ამის წინა პირობები ნამდვილად არ ჩანს. ძალა მუდმივ ბრძოლაშია, ოღონდ არა გამოგონილი, არამედ რაციონალური, სწორი ღირებულებებისთვის. თუმცა, როგორც ვთქვი, ამ ეტაპზე, ამისთვის ნიადაგი მზად არ არის. თუმცა ახალი ლიდერის დაბადების პროცესი უთუოდ დაიწყება.