"მაქსიმ გორკის გარდაცვალებისა და მისი არქივის ყველაზე საიდუმლო ნაწილის ხელში ჩაგდების შემდეგ, იოსებ სტალინს ხელ-ფეხი გაეხსნა: მას უკვე ჰქონდა საკმაო კომპრომატი პოლიტიკურ ოპონენტებზე და გორკიც აღარ იყო ცოცხალი, მისთვის, რომ "კოჭი ეგორებინა"
ძნელია იმის თქმა, თუ რომელმა ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი: ფინანსურმა პრობლემებმა, თუ გაუარესებულმა ჯანმრთელობამ, ფაქტია, რომ 1933 წლის მაისში მაქსიმ გორკი, შვილთან, რძალთან და შვილიშვილებთან (რომელთაგანაც ერთ-ერთი, მარფა, 40-იანი წლების ბოლოს სერგო ბერიას გაჰყვა ცოლად და ლავრენტი ბერიას რძალი გახდა) ერთად საბოლოოდ დაბრუნდა საცხოვრებლად საბჭოთა კავშირში. თავად მურა არ წავიდა მასთან ერთად: ის ლონდონში დასახლდა და საზღვარგარეთ მ. გორკის ლიტერატურული აგენტის ფუნქციებს ასრულებდა. გარდა ამისა მურას სხვა დავალებაც ჰქონდა შესასრულებელი: გორკიმ მას საიდუმლოდ შესანახად გადასცა ერთ დიდ ყუთში მოთავსებული დოკუმენტები (მიმოწერა სხვადასხვა პირებთან, – მათ შორის ლენინთან, მისი პირადი ჩანაწერები და ა.შ.), რომელთა საბჭოთა კავშირში ჩატანაც მას არ სურდა.

ნინო გეგეჭკორი–ბერია, სერგო ბერია, ლავრენტი ბერია და მარფა პეშკოვა–ბერია. 1947 წელი.
მწერალმა კარგად უწყოდა მისი არქივის მნიშვნელობა, რასაც ქვემოთ მოტანილი ერთი ისტორიული ფაქტიც ადასტურებს. ცნობილი რუსი პოეტი ვლადისლავ ხოდასევიჩი მოგონებებში იხსენებს:
„1924 წლის ბოლოს, ’’რუსკი სოვრემენიკი’’ დახურეს, ხოლო მთავარი რედაქტორი და გორკის პირადი მეგობარი ტიხონოვი დააპატიმრეს. გორკიმ მითხრა, რომ ’’რუსკი სოვრემენიკი’’ მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი ზინოვიევს ტიხონოვი ციხეში სულ სხვა მიზეზით ჰყავს გამოკეტილი: მას ჰგონია, რომ ტიხონოვს სადღაც გადამალული აქვს ლენინის წერილები გორკისადმი და ახლა უნდა ამ წერილების ხელში ჩაგდებაო ".
ჩემი ვარაუდით ამ შემთხვევაში ზინოვიევის ზურგს უკან სტალინის ’’ულვაშები’’ მოჩანს: იმ წლებში სტალინი, ზინოვიევი და კამენევი ერთობლივი ძალით იბრძოდნენ ტროცკის წინააღმდეგ. სტალინი სწორედ იმიტომ იყო ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე, რომ სხვისი ხელით თავის საქმის გაკეთების ნიჭი ჰქონდა. ტროცკისა და „ტროცკისტების“ წინააღმდეგ მომავალი რეპრესიებისა და საჩვენებელი პოლიტიკურ პროცესების ჩასატარებლად მას ძალზე სჭირდებოდა გორკის არქივი, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მწერალმა დოკუმენტების ყველაზე საიდუმლო ნაწილი მოსკოვში კი არ ჩაიტანა, არამედ მურას დაუტოვა შესანახად. ასე აღმოჩნდა მარია ბუდბერგი დიდ პოლიტიკაში ჩათრეული.
1933 წლიდან მურა ლონდონში ცხოვრობდა და იქ ხვდებოდა ლოკარტსაც და უელსსაც. იქ ინახავდა გორკის დოკუმენტებსაც. ამის შესახებ მხოლოდ სამმა ადამიანმა იცოდა: გორკიმ და მურამ, ასევე მწერლის ვაჟმა მაქსიმმა, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად 1934 წლის მაისში, სრულიად ჯანმრთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსია ამგვარი იყო: მთვრალმა ქუჩაში დაიძინა, გაცივდა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ეს ვერსია, მაშინაც ბევრ ეჭვს ბადებდა და ახლაც არაა მთლად სარწმუნო. ვარაუდები ამ საბედისწერო შემთხვევის შესახებ მრავალია, თუმცა მათი განხილვა სცილდება ჩვენი საუბრის ძირითად მიზანს.
ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მაქსიმ გორკი ფაქტობრივად, მარტოდ-მარტო აღმოჩნდა საბჭოთა უშიშროების აგენტებით გარშემორტყმული, ახლობელი ადამიანების გარეშე. მოხუც მწერალს საჩვენებელ–სამაგალითო ქარხნებსა და მეურნეობებში დაატარებდნენ და ისიც, გულაჩუყებული, ცრემლს ვერ იკავებდა. სინამდვილეში მისი შეხვედრები ’’საბჭოთა მშრომელებთან’’ უშიშროების კაბინეტებში იგეგმებოდა, იქვე იწერებოდა მისასალმებელი სიტყვებიც: თუ როგორ შენდება და მშვენდება საბჭოთა კავშირი და რა ბედნიერად ცხოვრობენ საბჭოთა მუშები და კოლმეურნეები. ასე აღმოჩნდა მწერალი ვირტუალურ სამყაროში, უფრო ზუსტად კი ’’ოქროს გალიაში’’ გამოკეტილი, რომლის გასაღები ’’დიდ ბელადს’’ ეპყრა ხელთ. სტალინს მაქსიმ გორკი სჭირდებოდა, როგორც პოლიტიკური მოკავშირე და სისხლიანი რეპრესიების შეფასებაში მისი მხარდამჭერი. ასევე დიდი იყო მაქსიმ გორკის როლი საბჭოთა მწერლების „მოთვინიერების“ პროცესში.
თუმცა სტალინი ბოლომდე მაინც არ ენდობოდა მწერალს და საბჭოთა კავშირიდან მისი, თუნდაც სამკურნალოდ, გამგზავრების სასტიკი წინააღმდეგი იყო: იცოდა, რომ გორკი უკან აღარ დაბრუნდებოდა. საზღვარგარეთ, თავისუფლებაში კი ვინ იცის რას იტყოდა ან რას დაწერდა? გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1935 წელს, მაქსიმ გორკიმ კვლავ იტალიაში გამგზავრება გადაწყვიტა და მოითხოვა უცხოური პასპორტი. თუმცა სტალინმა ცინიკურად უპასუხა: ’’სორენტო რად გინდათ, ჩვენ ყირიმი გვაქვს და აგარაკს იქ მოგცემთო’’. საბჭოთა „იდეოლოგიური მანქანა“ – საკავშირო გაზეთები და რადიო, სტალინისა და გორკის „სულიერი სიახლოვის“ ამსახველი ფოტოების დაბეჭდვისა და გადაცემების მომზადების დავალებას წარმატებით ასრულებდა.

კლიმენტ ვოროშილოვი, მაქსიმ გორკი და იოსებ სტალინი: მორიგი „გულითადი საუბარი“.
1935 წლის ზაფხულში მურას ლონდონში, მაქსიმ გორკის პირველი და ერთადერთი ოფიციალური ცოლი, ეკატერინე პეშკოვა ესტუმრა და მწერლის არქივის გადაცემა მოსთხოვა. ჩემი აზრით ეს ვიზიტი სტალინის დავალებით განხორციელდა, თუმცა მურამ დოკუმენტების გადაცემაზე უარი განაცხადა. მარია ბუდბერგი უკვე იმდენად იყო გამოცდილი პოლიტიკურ ინტრიგებში და იმდენად კარგად იცნობდა „ ჩეკა-ოგეპეუს“ მუშაობის სასტიკ მეთოდებს, რომ არქივის გადაცემას მხოლოდ მისი სიცოცხლისა და კეთილდღეობის მყარი გარანტიების მიღების შემდეგ აპირებდა. არსებული ინფორმაციით ასეთი გარანტიები მან თავად სტალინისგან მიიღო 1936 წლის გაზაფხულზე. ასევე მიიღო მაქსიმ გორკის წერილი მოსკოვში ჩასვლისა და არქივის ჩატანის თხოვნით.
მხოლოდ ამის შემდეგ, 1936 წლის ივნისში, ჩავიდა მურა საბჭოთა კავშირში და ფაქტობრივად, მომაკვდავ მწერალს მიუსწრო. შეხვდა თუ არა სტალინს, უცნობია. გორკის არქივი კი საბჭოთა უშიშროებას ჩააბარა. თავად მურა კი ავადმყოფი მწერლის საწოლს არ მოსცილებია.
1936 წლის 8, 10 და 12 ივნისს ლოგინად ჩავარდნილ მაქსიმ გორკის მთავრობის წევრები სტუმრობდნენ: სტალინი, ვოროშილოვი და მოლოტოვი. ერთ-ერთი მკურნალი ექიმი შემდეგ იხსენებდა: სტალინი ყველა მოსვლაზე ღვინოსა და შამპანურს ითხოვდა და სავსე სასმისით გორკის გამოჯანმრთელებას უსურვებდაო. თუმცა ბელადის დალოცვამ ვერ უშველა და მაქსიმ გორკი 1936 წლის 18 ივნისს გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა დიდ პომპეზურ პროცესიად იქცა, სტალინს სურდა ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი უკვე კერპად ქცეული ’’საბჭოთა ლიტერატურის’’ ფუძემდებლის მნიშვნელობისთვის.

სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი და ორჯონიკიძე გორკის დაკრძალვის პროცესიაზე.
1936 წლის 21 ივნისი.
მაქსიმ გორკის დაკრძალვის შემდეგ ბარონესა მარია ბუდბერგი მშვიდად გაემგზავრა ლონდონში. საბჭოთა ხელისუფლებამ გორკის არქივის გადაცემა დაუფასა მურას და მაქსიმ გორკის უცხოეთში გამოცემული ნაწარმოებების ჰონორარის მიღების ექსკლუზიური უფლება მიანიჭა. ეს მართლაც რომ პარადოქსული გადაწყვეტილება იყო: მწერლის მემკვიდრედ აღიარებული იქნა არა მაქსიმ გორკის ერთადერთი ოფიციალური მეუღლე, ეკატერინე პეშკოვა, არამედ მწერლის არაოფიციალური ცოლი და ერთ-ერთი ’’დიასახლისი’’ – მურა. ამის შემდეგ ბარონესა მარია ბუდბერგი სიცოცხლის ბოლომდე ფინანსურად სრულიად უზრუნველყოფილი გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის დროს მურა აქტიურად თანამშრომლობდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობასთან და ჰქონდა ურთიერთობა გენერალ დე გოლთან. ბარონესა მარია ბუდბერგი გარდაცვალებამდე რუსული ემიგრაციის ცენტრში იმყოფებოდა: გამოიყენებდა თუ არა საბჭოთა დაზვერვა ამ გარემოებას? რა თქმა უნდა!
ტრაგიკული აღმოჩნდა „ჩეკას“ მიერ მაქსიმ გორკისთვის მიჩენილი მეორე აგენტის, ’’ოქროს გალიის’’ მეთვალყურის, პეტრე კრუჩკოვის ბედი. არსებული ინფორმაციით სტალინმა რამდენჯერმე დაიბარა კრიუჩკოვი და პირადად გამოჰკითხა მ. გორკის საზღვარგარეთიდან მიღებული მიმოწერის შესახებ.

მაქსიმ გორკი „ჩეკისტების“ გარემოცვაში: ფოტოზე მარცხნივ – „ოგეპეუს“ აგენტი– ინფორმატორი და თან მ. გორკის თანაშემწე – პეტრე კრუჩკოვი, მარჯვნივ – „ოგეპეუს“ თავმჯდომარე გ. იაგოდა.
1937 წლის ოქტომბრამდე პ. კრუჩკოვი მ. გორკის მუზეუმის დირექტორი იყო, შემდეგ ის დააპატიმრეს და 1938 წლის მარტში დახვრიტეს... მაქსიმ გორკის „მოწამლისთვის“. პ. კრუჩკოვის რეაბილიტირება მხოლოდ 1988 წელს მოხდა.
როგორ გამოიყენა სტალინმა გორკის არქივი?
მაქსიმ გორკის გარდაცვალებისა და მისი არქივის ყველაზე საიდუმლო ნაწილის ხელში ჩაგდების შემდეგ, იოსებ სტალინს ხელ-ფეხი გაეხსნა: მას უკვე ჰქონდა საკმაო კომპრომატი პოლიტიკურ ოპონენტებზე და გორკიც აღარ იყო ცოცხალი, მისთვის რომ „კოჭი ეგორებინა“. ამიტომაც 1936-1938 წლებში სტალინის სცენარით, ასევე მისი რეჟისორობითა და უშიშროების ორგანოების შესრულებით, მოსკოვში სამი ’’სასამართლო პროცესი’’, უფრო სწორად სპექტაკლი, გაიმართა ’’მემარჯვენე-ტროცკისტული’’ ჯგუფის წევრების წინააღმდეგ. პირველი სასამართლო პროცესი-სპექტაკლი 1936 წლის აგვისტოში ჩატარდა და სიკვდილით დასაჯეს სტალინის ძველი თანამებრძოლები: ზინოვიევი და კამენევი. მეორე პროცესი 1937 წლის იანვარში გაიმართა, სადაც ოცამდე ცნობილი ბოლშევიკის (რადეკის, პიატაკოვის, სოკოლნიკოვის და სხვ.) სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიიღეს. მესამე სასამართლო პროცესი 1938 წლის 2-13 მარტში შედგა და დახვრეტების ’’რეკორდიც’’ მოიხსნა: თვრამეტი ბრალდებული (მათ შორის: ბუხარინი, რიკოვი, იაგოდა და სხვ.) სიკვდილით დასაჯეს.
საინტერესოა, რომ ეს პროცესები ღია იყო უცხოელი დიპლომატებისა და ჟურნალისტებისთვის, ისინი ესწრებოდნენ სასამართლო სხდომებს და პირადად იყვნენ დანაშაულის აღიარების შემსწრე. სამივე ’’სპექტაკლს’’ ერთი საერთო შტრიხი ჰქონდა: ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ’’დამუშავებული’’ და გატეხილი ბრალდებული მთლიანად აღიარებდა დანაშაულს და პატიებას ითხოვდა. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა იმპერიაში და მის ფარგლებს გარეთაც ბევრმა დაიჯერა მათი დანაშაული და სამივე სასამართლო პროცესი-სპექტაკლი ’’დემოკრატიულად’’ ჩატარებულად იქნა აღიარებული. ბელადსაც ეს სურდა.
მაქსიმ გორკის გარემოცვაში ბარონესა ბუდბერგი როლისა და ფუნქციების საკითხი იმდენად საიდუმლო იყო, რომ ამის შესახებ სტალინის მხოლოდ რამდენიმე უახლოესმა თანამებრძოლმა და „ოგეპეუს“ ხელმძღვანელობამ იცოდა. ყოველივე ამას ნათლად ადასტურებს შემდეგი საიდუმლო დოკუმენტი სტალინის პირადი არქივიდან.
1938 წლის რვა ივლისს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ლიტერატურული გამომცემლობის დირექტორმა ა. ლოზოვსკიმ (1878-1952) საიდუმლო წერილით მიმართა სტალინსა და მოლოტოვს, რომლის ქართული თარგმანი ქვემოთაა მოცემული: ’’ შევუდექი რა „სახლიტგამოცემლობაში“ მიშვებული საქმეების მოწესრიგებას, დავინტერესდი თუ სად მიდის საზღვარგარეთ გამოცემული გორკის ნაწარმოებების სავალუტო ჰონორარები. ლადიჟნიკოვთან საუბრის შემდეგ გაირკვა: დღემდე საზღვარგარეთ გორკის ინტერესებს წარმოადგენს ბუტბერგი (ტექსტში ამგვარადაა – ბ.ა.), რომელიც, ლადიჟნიკოვის სიტყვებით, წელიწადში რამდენიმე ათას ფუნტ სტერლინგს იღებს. ბარონესა ბუტბერგს ნ.ა. პეშკოვას (მაქსიმ გორკის რძალი – ბ.ა.) მიერ 1937 წლის თებერვლის თვეში გაცემული დროებითი მინდობილობა აქვს. არც ლადიჟნიკოვმა, არც ნ.ა. პეშკოვამ არ იციან, თუ როგორ დაიხსნან თავი ამ ბარონესასგან, რომელმაც ხელთ იგდო უცხოეთში გორკის ინტერესების წარმომადგენლობა.
საქმე მხოლოდ წელიწადში რამდენიმე ათასი ფუნტი სტერლინგის დაკარგვას არ ეხება, ბარონესა ბუტბერგი იმთავითვე საეჭვო ტიპია. 1925 წელს სორენტოში ჩხრეკის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ინტელიჯენს სერვისის (დიდი ბრიტანეთის დაზვერვა – ბ.ა) აგენტია. მას ხელთ აქვს გორკის რამდენიმე ასეული წერილი და ზოგიერთი ხელნაწერი, რომლებიც მან გადამალა. ეს მოხერხებული ქალი ახლა ჰერბერტ უელსს დაუახლოვდა, რათა მის ზურგს უკან თავისი ბნელი საქმეები აკეთოს. ბარონესა ბუტბერგი ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას, მემკვიდრეებს არ ატყობინებს, თუ რამდენი და ვისგან მიიღო ფული და სად ხარჯავს. მან შეიძლება თავისი ბნელი საქმეებით ზიანი მოგვაყენოს. რადგანაც ბარონესა ბუტბერგი მალავს საკუთარ ფინანსურ ოპერაციებს, ეს ნიშნავს, რომ .. . . ფულის ნაწილი სსრკ-ს მტრებთან მიდის.
მე ვფიქრობ, რომ ამ უმსგავსობას ბოლო უმდა მოეღოს. უნდა ჩამოვიცილოთ გორკის მემკვიდრეობასთან მიწებებული ეს დაბადებით არისტოკრატი, პროფესიით ჯაშუში.
მემკვიდრეებს შეუძლიათ მისცენ საერთო მინდობილობა ცნობილ საბჭოთა იურისტს ან ’’მეჟდუნაროდნაია კნიგას’’, რომლებიც წარმართავენ შემდეგ ამ საქმეს .. . . .’’
ამ წერილს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ბედის ირონიაა: თავად ლოზოვსკი ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის 1952 წელს სტალინის განკარგულებით დახვრიტეს, მარია ბუდბერგი კი იტალიაში, საკუთარ სახლში ღრმა სიბერეში გარდაიცვალა . მურა სიცოცხლის ბოლომდე (!) ანუ 1974 წლამდე , იღებდა საზღვარგარეთ გამოცემული მ. გორკის ნაწარმოებების სავალუტო ჰონორარების მნიშვნელოვან ნაწილს. ამ დროს კი საბჭოთა ხელისუფლებას ძალზე მარტივად შეეძლო მასთან კონტრაქტის გაწყვეტა და ეს სავალუტო ჰონორარებიც სახელმწიფო ბიუჯეტში აღმოჩნდებოდა. ვფიქრობ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ვერსიას, რომ მურა გასული საუკუნის 70–იან წლებამდე გარკვეული ფორმით თანამშრომლობდა საბჭოთა დაზვერვასთან.
მაქსიმ გორკის არქივის ყველაზე საიდუმლო ნაწილი წლების მანძილზე სტალინის განსაკუთრებით მნიშვნელოვან დოკუმენტებს შორის ინახებოდა, მის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საიდუმლო არქივებში დაიდო ბინა, ამჟამად კი რუსეთის პრეზიდენტის არქივის „ცხრაკლიტულებში“ ინახება.
(დასასრული)