აშშ-ის პრეზიდენტი "გაბღენძილი" დადის - "ღაზის ტრიუმფის" შემდეგ ტრამპი პუტინზე ზეწოლას გაზრდის, უკრაინაში ომის შესაჩერებლად...
მეორე დღეა, აშშ-ის პრეზიდენტი თავს ტრიუმფატორად გრძნობს და „გაბღენძილი“ დადის, თუმცა ამის სრული უფლება აქვს, რადგან მიაღწია თითქმის შეუძლებელს - შეაჩერა ისრაელის მიერ ღაზის დაუნდობელი დაბომბვა, „ჰამასს“ გამოაშვებინა „ორწლიანი“ მძევლები და მეტ-ნაკლებად ახლოს არის ისტორიულ მომენტთან, როდესაც ებრაელებსა და პალესტინელებს შორის არსებული საუკუნოვანო სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება მნიშვნელოვნად შეანელოს, მათ შორის - ღაზის სექტორის რამდენიმეათწლეულიანი პრობლემის მოგვარების პროცესითაც...
ამისთვის ტრამპს და მის გუნდს შემუშავებული აქვს 20-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ამ მრავალტანჯული რეგიონის აღორძინებას ითვალისწინებს, მათ შორის - უდიდესი ფინანსური ინვესტიციების ჩადებით, რისი გამაკონტროლებელი და მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, სავარაუდოდ... თავად პრეზიდენტი ტრამპი გახდება, რაც მნიშვნელოვანი გარანტი იქნება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად.
აშშ-ის გარდა, ღაზის სექტორის მომავლის განსაზღვრაში აქტიურ როლს შეასრულებენ ეგვიპტე, კატარი და თურქეთი, მაგრამ სწორედ ამ უკანასკნელის - თურქეთის „ღრმად შემოსვლა“ ღაზის სექტორში არანაირად არ სურს ისრაელს და მის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან პირადი დაპირისპირებაც აქვს...
არადა, რომ არა თურქეთის პრეზიდენტის როლი, „ჰამასს“ შეიძლება არც კი გაეთავისუფლებინა ისრაელელი მძევლები - ამის შესახებ ხაზს თავად ტრამპიც უსვამს.
ცეცხლი შეწყვეტილია, 20 ისრაელელი მძევალი გათავისუფლებულია, ისრაელის ციხიდან უშვებენ 2-ათასამდე პალესტინელს, მეტი რაღაა საჭირო?
რა თქმა უნდა, მშვიდობის შენარჩუნება ღაზის სექტორში და მისი შემდგომი ნორმალური განვითარების უზრუნველყოფა, როდესაც იქ მაცხოვრებელ ორ მილიონამდე პალესტინელის დატერორებას ვეღარ შეძლებენ „კალაშნიკოვიანი“ „ჰამასელები“...
„ჰამასი“ თითქოს ჩრდილში გადასვლას აპირებს დ აღარ ჩაერევა ღაზის სექტორის მართვაში, თუმცა კატეგორიული წინააღმდეგია განიარაღების, შესაბამისად, ამ სექტორში, რომლის სიგრძე სულ რაღაც 40 კმ-ია, ხოლო სიგანე კი - 6-12 კმ, შეიძლება განლაგდნენ უცხო ქვეყნების სამშვიდობო კონტინგენტები.
„სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების“ შემადგენლობაში, სავარაუდოდ, შევლენ რიგი არაბული და მუსლიმური ქვეყნების - ეგვიპტისა და კატარის „ცისფერჩაფხუტიანები“, მაგრამ აქაც იქმნება პრობლემა, რადგან თუკი თავად „ჰამასი“ ეთანხმება ღაზაში თურქი სამხედროების მიწვევას, ისრაელში ამის კატეგორიული წინააღმდეგები გამოდიან და თურქების შეცვლას ინდონეზიის სამშვიდობო კონტინგენტით მოითხოვენ.
თავის მხრივ, ტრამპი ასევე მხარს უჭერს თურქი სამშვიდობოების ჩადგომას ღაზის სექტორში, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და მათი ყოფნა ღაზაში მშვიდობის შენარჩუნებას მეტ გარანტიას მისცემს.
მთავარი საკითხია, თუ ვინ უხელმძღვანელებს ღაზის სექტორს - Fatah-ი ანუ „პალესტინის ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა“ მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე „პალესტინის სახელმწიფოს“ მართავს და ლოგიკური იქნებოდა, რომ ღაზის სექტორშიც მას ჩაენაცვლებინა ტერორისტული „ჰამასის“ ძალაუფლება...
მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგი არიან თელ-ავივში, სადაც არცთუ უსაფუძვლოდ შიშობენ, რომ ეს მომავალში გამოიწვევს პალესტინის ერთიანი სახელმწიფოს შექმნას, რომელსაც ისრაელის „წელში“ გაწყვეტა შეეძლება, რადგან ღაზის სექტორის აღმოსავლეთ საზღვრიდან მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროს საზღვრამდე მხოლოდ 33 კმ-ია და მისი ბლოკირების შემთხვევაში, ისრაელს „სწყდება“ მისი სამხრეთი ნაწილი, საზღვაო პორტის - ეილათის ჩათვლით, რაც სტრატეგიული დონის პრობლემას შეუქმნის თელ-ავივს, რადგან ისრაელი დაკარგავს გასასვლელს წითელ ზღვაში...
მოკლედ, ბევრი რამე უახლოეს დღეებში გაირკვევა, როდესაც შეიქმნება „მშვიდობის საბჭო“, თავად პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით და რომელიც შეეცდება, დიდი თანხები ჩაადებინოს ამერიკელ ინვესტორებს ღაზის სექტორის აღორძინებაში, მათ შორის, ადგილობრივი პალესტინელი მოსახლეობისთვის დიდი კომპენსაციების გადახდის ჩათვლით, რომ ისინი სხვა არაბულ ქვეყნებში გადასხლდნენ...
და ტრამპის „ღაზის ტრიუმფს“, რომელსაც ის „მერვე შეჩერებულ ომად“ გააფორმებს, აუცილებლად ექნება გაგრძელება რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაშიც, რადგან აშშ-ის 47 პრეზიდენტს დღემდე ვერ მოუნელებია, რომ ვერ შეძლო პუტინის დაყოლიება ამ ფართომასშტაბიანი ომის შესაჩერებლად.
ამაზე მეტყველებს 17 ოქტომბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში დაგეგმილი ტრამპისა და ზელენსკის პირადი შეხვედრაც, რომელზეც, თურმე, იმ დონის საიდუმლო თემები უნდა განიხილონ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, რომ... დახურულ სატელეფონო კავშირსაც არ ენდობიან...
რამდენად შეუძლიათ პუტინის სპეცსამსახურებს სხვა ქვეყნების პრეზიდენტების დაშიფრული და კარგად დაცული სატელეფონო საუბრების მოსმენა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ტრამპი-ზელენსკის დაანონსებული შეხვედრა აუცილებლად დაძაბავს პუტინს, რომელმაც ძალზე მტკივნეულად მიიღო ამერიკული ფრთოსანი რაკეტების „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის მიწოდების შესაძლებლობაც კი...
თეთრ სახლში კი სწორედ „ტომაჰავკებზეც“ ისაუბრებენ, მათი გადაცემა ახლო მომავალში შეიძლება არც შედგეს, მაგრამ ტრამპი „ღაზის ტრიუმფის“ შემდეგ აღმასვლაშია და მას აუცილებლად სჭირდება „მეცხრე ომის“ შეჩერებაც, რისთვისაც ის ბევრ რამეზე წამსვლელია, მათ შორის - პუტინთან მიმართებაში, „ტომაჰავკების“ პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტის გამოყენების ჩათვლით...