"რა არასერიოზულად გამოიყურება ეს ტექსტები რომ თურმე 4 ოქტომბრით რამის ლეგიტიმაცია მიიღო რეჟიმმა... ვერ გადავრჩებით! წერტილი" - რას წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში?
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხმაურება და იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელსაც 15 ოქტომბერს პარლამენტი, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს:
"რა არასერიოზულად გამოიყურება ეს ტექსტები რომ თურმე 4 ოქტომბრით რამის ლეგიტიმაცია მიიღო რეჟიმმა. არაფერი, რაც იმ დღეს ქუჩაში ხდებოდა, ერთი წამით რომც დავეთანხმოთ "ქოცებს" კვალიფიკაციაში, არ ამართლებს — შეკრების თავისუფლების— გაერთიანების თავისუფლების— სიტყვის თავისუფლების— პოლიტიკური აქტივობის თავისუფლების გაქრობა / გაუქმებას. ასიათასი ანალოგია, შემიძლია მოგიყვეთ გადაცდომის ან დანაშაულის გამო რამდენი რამე უნდა აიკრძალოს მაშინ. ვინც ახლა ამაზე საუბრობთ დანამდვილებითო ადამიანის უფლებები და თავისუფლებები სასიცოცხლო მნიშვნელობის ღირებულებები კი არ გგონიათ არამედ რაღაც ლამაზი დეკორაცია, რომელიც კი კარგია რომ იყოს, მაგრამ თუ არ არის არა უშავს გადავრჩებით. ვერ გადავრჩებით! წერტილი" - წერს ხიდაშელი.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცვლილებები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ხორციელდება.
აღნიშნულ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, კონსტიტუციის დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ - ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათ ნებისმიერი პარტიის წევრობა აეკრძალებათ და ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა დაუშვებელი იქნება. ასევე, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას და ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები.
გარდა ამისა, მოქმედმა პარტიებმა პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში არ უნდა გააწევრიანონ და პარტიულ სიებში არ უნდა წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება.
იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები მათ რიგებში ისეთ პირს მიიღებენ, რომელსაც პარტიის წევრობა აკრძალული აქვს, ეს პარტიის სისხლის სამართლებრივი წესით დაჯარიმებას გამოიწვევს.