"კომუნისტებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ არ შეიძლებოდა მარცხენა ხელით ხატვა და წერა... სიზმარადაც კარიკატურები და სასაცილო რაღაცები მესიზმრება. ხანდახან დღეში 400 ადამიანი დამიხატავს..."
"ისეთი კარგი ვარ, რომ "ორი დავიბადე“ ანუ მე და ჩემი ძმა - ტყუპის ცალი. ლუკა უნდა დაერქმიათ, მაგრამ..."
Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მხატვარი-კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური. მან მკითხველის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს.
სოფო:
- დაახასიათეთ საკუთარი თავი - შექმენით თქვენი სიტყვიერი პორტრეტი… პირადად თქვენი კარიკატურა ვის აქვს გაკეთებული?
- ჩვეულებრივი მხატვარი ვარ, არაფრით განსხვავებული და საოცარი. ერთი ვიცი, რომ უნდა ვხატო... ჩემ გარშემო უამრავი მაგარი მხატვარი არსებობს, ასევე კარიკატურისტი - ქართველებიც, უცხოელებიც და მსოფლიო დონის ყველაზე კარგ კარიკატურისტებს ჰყავს ზალიკო დახატული. სხვადასხვა ქვეყანაში ფესტივალზე დავდივარ, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა რაღაცებს ვხატავთ, ერთმანეთსაც... საერთოდ ძალიან მაგარი ხალხია კარიკატურისტები...
კახა:
ვინ დაგარქვათ სახელი ზალიკო და ვისი სახელი გქვიათ?
- ჩემთვის დედაჩემის ბაბუის სახელი - ლუკა უნდა დაერქმიათ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ არავის სახელი არ მქვია. ისეთი კარგი ვარ, რომ "ორი დავიბადე“ ანუ მე და ჩემი ძმა - ტყუპის ცალი. ჩვენს ოჯახში სუფრა გაიშალა, მოვიდნენ დიდი მწერლები - თამადა ნოდარ დუმბაძე იყო. მათ იქვე გადაწყვიტეს ახალშობილი ბიჭების სახელები. ზაალის და ზურაბის ინიციატივა ედიშერ ყიფიანს ეკუთვნოდა, - კარგად ჟღერსო. ასე დაგვარქვეს და მერე გავხდით ზალიკო და ზურიკო...
ცნობისმოყვარე:
- თუ გახსოვთ, როდის, რატომ და ვისი კარიკატურა იყო პირველი, რომელიც შექმენით?
- ერთი წლის ვიყავი, რომ მე და ჩემი ტყუპის ცალი სულ ვხატავდით და ის ნახატებიც არსებობს - ადამიანების რაღაც პორტრეტებია, სასაცილო კაცუნები... სკოლაში სწავლის დროს მასწავლებლებს და კლასელებს ვხატავდი... მოკლედ, ისე არ არის, რომ პირველად კონკრეტულად ეს დავხატე და მომწონს... თავიდანვე მივხვდი, რომ კარიკატურისტი ვარ და მიყვარს იმ ადამიანების და სიტუაციების გასასაცილოება, რაც ჩემ გარშემოა.
ანი:
- ზალიკო, მოგესალმებით. დაახლოებით რამდენი ადამიანის კარიკატურა, მეგობრული შარჟი გექნებათ დახატული?
- ეს ისეთი რთული კითხვაა, წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დღე ვხატავ. ხანდახან ყოფილა, რომ დღეში 400 ადამიანი დამიხატავს. დღე არ გავა, რომ ერთი-ორი ადამიანი მაინც არ დავხატო, ან ჩემთვის რაღაცები... სიზმარადაც კარიკატურები და სასაცილო რაღაცები მესიზმრება... მოკლედ, მხატვარი ვარ, მათემატიკა-ანგარიში ნაკლებად გამომდის, ამიტომ რაოდენობა მართლა არ ვიცი, რამდენი მყავს დახატული - ძალიან ბევრია...
ყველა ადამიანის სახე თავის სათქმელს ამბობს. თითოეულში არის ის ნიუანსი, რაც ხატვისას უნდა დაიჭირო და იყოს სახალისო, სასაცილოც, ბედნიერების მომნიჭებელი.
ზურაბი:
- ხატვა ძალიან მძიმე გონებრივი შრომაა, რამდენჯერ წამიშლია უკვე დამთავრებული ნახატი და გადამიკეთებია, ორი ფერით (მუქი ლურჯი და შავი), ვხატავ, ვხვეწავ... რას მირჩევდით?
- ხატვა მთელი ცხოვრება ექსპერიმენტებია. გულში რაც გაქვს, რასაც უყურებ ამ ქვეყანაზე, ის უნდა გადმოიტანო ქაღალდზე, ტილოზე და დადო. არ აქვს მნიშვნელობა, ორ ფერში ხატავ, თუ ბევრ ფერში, იმპრესიონისტულად თუ როგორ. რაღაც რომ არ გამოგდის, არასოდეს ინერვიულო. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მეც ხშირად მომსვლია, ვხატავ და ხელი არ მომყვება ისე, როგორც მინდა, თითქოს ჩემი დღე არ არის, მაგრამ ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია.
თუ ორ ფერში ხატავ, მესამე ფერი დაამატე, ამით რაღაც ახალს შეიტან ნამუშევარში... შეიძლება ორფერში დახატო, მაგრამ ნამუშევარი შენი მოქმედებებით, მონასმებით, ნაფიქრით გაამდიდრო. ყველაფერი შესაძლებელია...
თემო:
- ზეთში რატომ არ მუშაობთ?
- როგორც ჩანს, არ გინახავთ ჩემი ზეთში შესრულებული ნახატები. ზეთში სულ ვხატავ... კარიკატურას კი გუაშში, ტუშსა და ფანქარში, თუმცა ზეთსა და აკრილშიც დამიხატავს.
საერთოდ, ზეთი ყველაფერს მირჩევნია და ვისაც ზეთში არ დაგიხატავთ, გირჩევთ. დაახლოებით 8-9 წლის ვიყავი, პირველად ზეთით რომ დავხატე და საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი. თქვენც სცადეთ, სხვა ემოციები მოაქვს და თან ზეთით ხატვა ყველაზე ადვილია.