"უცებ ვიგრძენი, რომ ჩოჩქოლი ატყდა. მეგობარი აყვირდა, ვაიმე, ალა ბორისოვნა შემოვიდაო... გვითხრა, რომ ძალიან უყვარს ქართველები და ..." - პრიმადონასთან გადაღებული "სელფის" ისტორია
როგორც ცნობილია, კვიპროსში ლიმასოლთან ახლოს მდებარე ორსართულიანი ვარდისფერი სასახლე ალა პუგაჩოვას და მის ქმარს, მაქსიმ გალკინს ეკუთვნის. ის ვარსკვლავურმა წყვილმა 2017 წელს 10 მილიონ ევროდ შეიძინა და ოჯახი იქ გარკვეულ დროს ატარებს... თუ როგორ შეხვდნენ ქართველები ალა პუგაჩოვას სრულიად შემთხვევით ლიმასოლში, რამდენად ემოციური იყო პრიმადონასთვის ქართველებთან შეხვედრა და ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს, ამის შესახებ პედაგოგი, თინათინ ზაალიშვილი გვიამბობს:
- ქალბატონო თინათინ, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნეთ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა... გვიამბეთ ალა პუგაჩოვასთან შეხვედრის შესახებ.
- მეგობრების ჯგუფი კვიპროსში, ლიმასოლში გახლდით დასასვენებლად. ერთ დღესაც ქალაქის რესტორანში სადილად წავედით და ფეხით რომ მივდიოდით, გზად პატარა „ბუტიკი“ დავინახე, სადაც ულამაზესი საზღვაო გადასაცმელები იყიდებოდა, რომ შევედით და ვათვალიერებდით, უცებ ვიგრძენით რომ ჩოჩქოლი ატყდა. ჩემმა მეგობარი აყვირდა, ვაიმე ალა ბორისოვნა შემოვიდაო... ირგვლივ ყველას ტელეფონები ეჭირა და ფოტოებს უღებდნენ. ალა პუგაჩოვა მის პატარა ქალიშვილთან და ძიძასთან ერთად იყო. ფოტოების გადაღება რომ სთხოვეს, შეიცხადა, დღეს ფორმაში არ ვარ, მაკიაჟიც კი არ მაქვსო. ამ დროს უკვე მეც გამოვფხიზლდი, გავაცნობიერე, რომ ამხელა ვარსკვლავს პირისპირ შევხვდი და ვუთხარი, რომ ჩვენ ქართველები ვართ, ძალიან გვიყვარხართ, თქვენს სიმღერებზე ვართ გაზრდილი-თქო... ჩვენ უკვე დიდები ვართ, შვილიშვილები გვყავს, მაგრამ თან გვახლდა მეგობარი, რომელსაც შვილი მოგვიანებით შეეძინა და ახლა ეს ბავშვი 12 წლისაა, უთხრა ალას, ჩემს შვილს თქვენს სიმღერებზე ვაძინებდიო და ბავშვმა სიმღერა იქვე წაუმღერა. ბუნებრივია, ძალიან ესიამოვნა, გვითხრა, რომ ძალიან უყვარს ქართველები და ეს იგრძნობოდა კიდეც. დაჟინებით ვთხოვეთ, რომ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით და აუცილებლად გვინდოდა მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოს გადაღება. გვითხრა, რომ არ მიყვარს ასე დაუგეგმავად ფოტოების გადაღება, მაშინ მოდით სელფი გადავიღოთო. ჩვენი ტელეფონი რომ მივეცით, სინათლეს არჩევდა, ხან თმებს ისწორებდა, ძალიან უნდოდა ამ ფოტოზე კარგად გამოჩენილიყო, რადგან თხოვნაზე უარს ვეღარ გვეუბნებოდა. წინ ვინც დგას, ჩემი მეუღლე გახლავთ, უთხრა, მე მოგეშველებითო, ალა თითს ვეღარ აწვდენდა და ჩემმა მეუღლემ ასე უცებ გადაიღო... სანამ დავშორდებოდით, გვითხრა, რომ მას ამ ქალაქში ვილა აქვს ნაყიდი, ხელი გაიშვირა, იქ, ზემოთ არის ჩვენი ვილაო და მთელი წელი არა, მაგრამ ძალიან ხშირად ჩამოვდივართო. როგორც აღმოჩნდა, ახლო მომავალში იქ კონცერტის ჩატარება აქვს დაგეგმილი და ამ კონცერტისთვის ემზადებოდა. ერთმანეთს ძალიან თბილად დავშორდით. გულწრფელად გითხრათ, ძალიან გვინდოდა ჩავხუტებოდით, მაგრამ თვითონ ძალიან დაძაბული ჩანდა. ზუსტად ისე იყო, როცა ადამიანი უცებ გახვალ, იფიქრებ, არავინ შემხვდება, არა უშავს როგორც გამოვიყურებიო და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდები.
რაც შეეხება ჩვენს ემოციებს, ალა პუგაჩოვა მართლაც საოცარი დივაა და თაობები მის სიმღერებზე გავიზარდეთ. კლიპი ახლა არ გვიკვირს, თორემ 54 წლის ვარ და ჩემს ბავშვობაში მის მიერ გადაღებულ, ცნობილ კლიპს დღე და ღამე ვუსმენდით. მაშინ ჯერ კიდევ კასეტები იყო და ხელიდან შანს არ ვუშვებდით მისი ყოველი კონცერტი, ყოველი ახალი სიმღერა მოგვესმინა" - ჰყვება ჩვენთან საუბარში თინათინ ზაალიშვილი.
მანანა გაბრიჭიძე
(სპეციალურად საიტისთვის)