"დიახ, გამოსავალია 2026 წლის გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება" - კორნელი კაკაჩიას ანალიზი: რა მოხდება, თუ კრიზისი ბოლოს და ბოლოს არ განიმუხტა?!
საზოგადოების ნაწილი მიუხედავად დაპატიმრებებისა კვლავ პროტესტის რეჟიმშია. რა მიზანი ამოძრავებს ხელისუფლებას და როგორ აფასებს მიმდინარე პროცესებს დასავლეთი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი კორნელი კაკაჩია გვესაუბრება.
- ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, თითქოს ხელისუფლებამ რევოლუცია ჩაახშო, რეალურად ეს მხოლოდ დემონსტრაცია იყო. სხვათა შორის, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალიან დიდი ნაწილიც კი არ მისულა პრეზიდენტის სასახლესთან, საბოლოოდ კი სწორედ მათზე გადატყდა ჯოხი, ვინც იქ შემთხვევით აღმოჩნდა, ეს კი გახდა შესანიშნავი საბაბი ხელისუფლებისთვის, რომელიც მანამდეც აშკარად ილესავდა კბილებს ავტორიტარიზმის საბოლოო გამყარებისთვის. რეპრესიების დაწყების მიზანი მარტივია, როგორმე ჩაახშონ თუნდაც ყველაზე მცირე წინააღმდეგობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე თვეების განმავლობაში არის. შეიძლება ეს პროტესტი უშუალო საფრთხეს არ უქმნის რეჟიმს, მაგრამ მათთვის ნათელია: სანამ არსებობს წინააღმდეგობა, ყოველთვის იქნება შანსი, რომ გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ ან სისტემურმა შეცდომამ მთლიანად ჩამოშალოს ხელისუფლება. სწორედ ამიტომ ცდილობენ ბოლომდე გადატეხონ წინააღმდეგობა.
საზოგადოების უკმაყოფილება არსად გამქრალა და უახლოეს ხანში არც გაქრება. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები დაფიქრდებიან, რატომაა ასეთი შეურიგებელი წინააღმდეგობა, პასუხსაც მარტივად მიიღებენ - მიზეზები, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა, დიდი ხნის წინ გაჩნდა და დღემდე უცვლელია. სანამ ისინი არსებობს, წინააღმდეგობაც გაგრძელდება.
- რა უნდა ქნას ხელისუფლებამ?
- სიტუაცია რომ შეიცვალოს, ხელისუფლებამ პოლიტიკური გამოსავალი უნდა გამონახოს. უპირველესად აუცილებელია პოლიტიკური დიალოგის დაწყება სხვადასხვა ჯგუფსა და პარტიასთან. თუ ხელისუფლება კონსენსუსზე არ დაფიქრდა, შეიძლება მოულოდნელად იფეთქოს პროტესტმა და უმართავი გახდეს.
თუმცა ხელისუფლებას ამის ნებას ვერ ვატყობ, პირიქით, ოპონენტებთან ურთიერთობას ხელების გადაგრეხის პოლიტიკით ცდილობს. მმართველ გუნდში დღემდე ვერ აცნობიერებენ, რომ ხალხთან დაპირისპირება სასურველ შედეგს ვერ მოიტანს: გახლეჩილი და ურთიერთდაპირისპირებული საზოგადოება აზარალებს სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციას, ქვეყნის პრესტიჟს და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია გააანალიზოს, რა უნდა გააკეთოს პოლარიზაციის შესამცირებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის სტაბილურობას უფრო დააზიანებს. ხანდახან ამისთვის საჭიროა არაპოპულარული, მაგრამ პასუხისმგებლობით მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის უკან დახევა, კომპრომისის ძიება და უფრო შემწყნარებელი ტონი.
ასევე დაგაინტერესებთ: დააკავებენ თუ არა სალომე ზურაბიშვილს?! - "ივანიშვილისთვის ზურაბიშვილის "დასჯა" ერთგვარად გარდაუვალ ნაბიჯად იქცა. ეს მომენტი იდეალურად არის შერჩეული"
„ვის მოუვიდა თავში იდეა, ათონელის სასახლეში შეცვენილიყვნენ? და რა იქნებოდა მერე?..“
- გამოსავალი შეიძლება იყოს თუ არა 2026 წლის გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება?
- რა თქმა უნდა, არჩევნები ხელს შეუწყობდა დაძაბულობის განმუხტვას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ შეიცვალა "ქართული ოცნება" ბოლო წლებში, როგორ შეზღუდა თავისუფალი მედია, სამოქალაქო საზოგადოება და საარჩევნო გარემო რეპრესიული კანონმდებლობით. ასეთ პირობებში ძალიან რთულია წარმოიდგინო, რომ არჩევნები ჩატარდება, მით უმეტეს, როდესაც ამის მინიმალური ნიშანიც არ ჩანს. არჩევნებისთვის აუცილებელია სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა, ისეთი, რომელიც საზოგადოებაში ნდობას აღადგენს და ყველას დაარწმუნებს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, ჩვენი ხელისუფლება კი ყველაფერს პირიქით აკეთებს. მმართველ გუნდში ტყუილად აქვთ იმედი, რომ პროტესტის შეზღუდვა, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ოთხ კედელში გამომწყვდევა თავისთავად შეასუსტებს მოძრაობის ორგანიზებულობას. სინამდვილეში ყველაფერი დროის საკითხია, შეიძლება მოულოდნელად იფეთქოს ძლიერმა საპროტესტო მუხტმა და პროცესები უმართავი გახდეს. გახსოვთ გავრილოვის შემთხვევა? ერთი არაფრით გამორჩეული ფაქტი გახდა მასობრივი პროტესტის მიზეზი. ასეთია პოლიტიკური პროცესიც, დინამიკური და მოულოდნელი. საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი ვერ გრძნობს ამ ავტორიტარული რეჟიმის შედეგებს საკუთარ თავზე. მაშინ როცა დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში, დაძაბულობა აშკარად შესამჩნევია, რეგიონებში პროტესტი ნაკლებად იგრძნობა და ხელისუფლებას გარკვეულწილად ამის იმედიც აქვს.
- რატომ არის რეგიონებში დიდი ქალაქებისგან განსხვავებული განწყობა?
- იმიტომ, რომ რეგიონებში კარგად მუშაობს სახელისუფლებო პროპაგანდა, ხორციელდება სოციალური პროგრამები, ზეწოლა საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე... დღეს საქართველოში უკმაყოფილება აშკარაა, მაგრამ ჯერ არ არის ორგანიზებული. საზოგადოება თითქოს კიდევ სწავლობს, როგორ უნდა გაუწიოს სუფთა წინააღმდეგობა ამ პროცესს... ოპოზიცია უკვე დიდი ხანია სუსტია, მისი ლიდერები დაპატიმრებული ან დისკრედიტირებული არიან, ამიტომ წინააღმდეგობის მთელი ტვირთი ხალხმა საკუთარ თავზე აიღო. ვინც ქუჩაში დგას და პროტესტს აგრძელებს, მათ შორის არიან რიგითი მოქალაქეები და არა პარტიული ლიდერები. საზოგადოებამ კარგად გაიაზრა, რომ თუ ცვლილება უნდა, თავად უნდა იმოქმედოს. პოლიტიკურ ოპოზიციას დღეს არ გააჩნია არც მყარი ორგანიზაცია, არც გავლენა. ამიტომაც, ახლა მთავარი იმედი ხალხზეა