ვინ არის 94 წლის ქალი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ესპანეთში სტადიონიდან გულშემატკივრობდა: "სათვალეს საერთოდ არ იყენებს, სულ კითხულობს. ასევე, ვარჯიშობს, იოგას მისდევს"
ეს ამბავი 94 წლის ანერი გურგენიძე-ჯაფარიძეზეა, რომელიც ორი დღის წინ, ესპანეთში, ქართველ გულშემატკივრებთან ერთად საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებას დაესწრო. ქალბატონი ანერი, რომელსაც მხრებზე საქართველოს დროშა აქვს მოსხმული და ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მაისური აცვია, საქართველოს სიყვარულისა და ენერგიის საოცარი მაგალითია.
ესპანეთში, ქალიშვილთან, ხათუნა ჯაფარიძესთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად ასაკისა და ჯანმრთელობის პრობლემებისა, როგორც ხათუნა გვიამბობს, დედამისი, რომელიც პროფესიით პედაგოგი და მსახიობი იყო, დღემდე აქტიურ ცხოვრებას ეწევა.
კითხულობს, ვარჯიშობს, მისდევს იოგას და, რაც მთავარია, მუდმივად ქართული ამბების საქმის კურსშია. მისი გული სამშობლოსთვის, ქართული ფეხბურთისთვის და განსაკუთრებით გიორგი მამარდაშვილისთვის ძგერს, რომელთანაც მათ ოჯახს განსაკუთრებული, თბილი ურთიერთობა აკავშირებს
- 1999 წელს, 9 წლის შვილთან ერთად დავტოვე საქართველო, პატარა გოგო ვიყავი, მეუღლეს დაშორებული. ქართველ ოჯახთან ერთად ჩამოვედი და აქ დავიწყე მუშაობა. საბუთები გავაკეთე, ძალიან კარგ ესპანურ ოჯახში მოვხვდი. 2004 წელს მეორედ დავოჯახდი ესპანელზე, მეორე შვილი გოგონა შემეძინა, ახლა 17 წლის არის და ძალიან კარგად იცის ქართული. რადგან ფეხბურთზე ვსაუბრობთ, საოცარი ფოტო არქივი მაქვს მეც. 2004 წელს როდესაც "ვალენსია" ჩემპიონი გახდა, მე სადაც ვცხოვრობდი, იმ ოჯახის წევრი აქაური "მეცხრე არხის" ჟურნალისტი იყო და მისი საშუალებით შევძელი და იმჟამინდელ ლეგენდებთან ფოტოები მეც მაქვს გადაღებული.
- დედა როდის წაიყვანეთ ესპანეთში.
- საქართველოში ხშირად ჩამოვდიოდი ესპანელ მეუღლესთან ერთად. რვა წლის წინ დედა ძალიან ცუდად გახდა. საქართველოში გვითხრეს, რომ სახლში გაგვეყვანა და იქ დაელია სული. დედისერთა ვარ... მე ვთქვი, არ არსებობს ესპანეთში უნდა წავიყვანო-მეთქი. აქ ძალიან კარგად არის. ვალენსიაში ჩემს სახლში ყოფნა არ უყვარს. აგარაკი გვაქვს სოფელში და იქ არის ხოლმე.
- დედაზე მოგვიყევით, როგორც ვიცი, მსახიობი იყო.
- დედას ძალიან დიდი ისტორია აქვს, თან ყველაფერი ახსოვს. მეექვსე კლასში იყო მამა რომ ციმბირში გადაუსახლეს და დედასთან ერთად რაიონიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. სკოლა იქ დაამთავრა, ორი უნივერსიტეტი, პედაგოგია პროფესიით და მსახიობით. პირადად იცნობდა ძველი თაობის მსახიობებს, ასევე დიდ მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას. შემდეგ დედა რაიონში გაანაწილეს, ზესტაფონის თეატრში მუშაობდა. შემდეგ რკინიგზის კლუბის გამგე იყო, ასევე მუშაობდა წყალტუბოში. დედა ასევე საოცრად წერს, რამდენი წელია ვამბობ, რომ მისი ლექსები გამოვუშვა.