„...მერე ყველამ მამლის ყივილს დაასწრო და დაიწყო ამ ხალხის ჩაქოლვა“ - ირაკლი მელაშვილის ანალიზი: "თუ ოთხმა კაცმა თავის ჭკუაზე დაგეგმა ფსევდორევოლუცია, - კვირის პალიტრა

„...მერე ყველამ მამლის ყივილს დაასწრო და დაიწყო ამ ხალხის ჩაქოლვა“ - ირაკლი მელაშვილის ანალიზი: "თუ ოთხმა კაცმა თავის ჭკუაზე დაგეგმა ფსევდორევოლუცია, გამოდის, რომ ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს"

ჩავარდნილი "მშვიდობიანი დამხობის" შემდეგ ხელისუფლება, როგორც მოსალოდნელი იყო, მოქალაქეების დაჭერაზეა გადასული და ყოველდღე იზრდება დაკავებულთა რიცხვი, ოპოზიცია კი ისევ ერთმანეთის დადანაშაულება-ლანძღვაზეა გადასული. სადამდე მივა ეს ყველაფერი და რა გამოსავალი აქვს საზოგადოებას, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.

- რაც მოხდა, იყო საოცარი არაპროფესიონალიზმისა და უჭკუობის მაჩვენებელი. ფაქტია, ხელისუფლებას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს, სჭირდებოდა ლეგიტი­მური საფუძველი რეპრესიებისთვის და ამის სრული ლეგიტიმაცია მისცეს იმით, რაც ჩაიდინეს 4 ოქტომბერს. ყველაზე მეტად, რაც ვერ გავიგე, ის არის, ყაველაშვილის სასახლეში რა უნდოდათ? თუ ვინმე არის საქართველოს მმართველობის სისტემაში თანამდებობრივადაც, კონსტიტუციურადაც, პიროვნულადაც ვისაც არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ამის უფლება არა აქვს, საქართველოს პრეზიდენტია.

იქ რას მიდიოდნენ, რას ელოდებოდნენ, არ მესმის. ვთქვათ, შესულიყვნენ, ენახათ ყაველაშვილი და მერე? რას იზამდა ყაველაშვილი? გამოაცხადებდა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება გადამდგარია თუ რა?

პარლამენტი, მთავრობის კანცელარია კიდევ გასაგები იყო, მაგრამ იქ რა უნდოდათ, ვერ გავიგე. ყაველაშვილს იმისი უფლებაც კი არა აქვს, რომ შს მინისტრს დაურეკოს და რაიმე დავალება მისცეს. აბსოლუტურად ნომინალური ფიგურაა. შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მას, მგონი, "ქართულ ოცნებაშიც" კი არავინ იღებს სერიოზულად და რა უნდა გამოეცხადებინა ყაველაშვილს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სინამდვილეში წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა უნდა გაეკეთებინათ. რატომ გაწირეს ის ხალხი, რომელთაც საკმაოდ დიდი სასჯელი ემუქრებათ. ახლა რაც უნდა იძახონ, ხელისუფლებას აქვს სათქმელი, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდნენო. საერთაშორისო საზოგადოებაში ძალიან გაჭირდება ამის გამართლება. ახლა დაკავებულების ციხიდან დახსნა მხოლოდ და მხოლოდ "ოცნების" კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. ყოველივე ამან ეს მოიტანა და პლუს ხალხის სრული ფრუსტრაცია. აბსოლუტურად გაუგებარ ვითარებაში აღმოვჩნდით.

- ოპოზიციისა და საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ბოიკოტზე წავიდა, ცდილობს­ ამ პროცესს როგორმე ჩამოშორდეს და საკუთარი პასუხისმგებლობის ნაცვლად, ისევ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას ადანაშაულებენ.

- ახლა ცდილობენ ერთმანეთს გადააბრალონ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პარტიამ წინასწარ თქვა, ვემიჯნებითო, იმ დღეს, როდესაც ხალხის შეკრება უკვე დაწყებული იყო და როცა ბურჭულაძემ რევკომი გამოაცხადა, იქ იყვნენ "ნაცმოძრაობის" წევრებიც, ვაშაძის პარტიიდანაც და სხვებიც, რაღაც კონგლომერატი იყო შექმნილი, და წინააღმდეგობა არავის გაუწევია, მერე კი ყველამ მამლის ყივილს დაასწრო და დაიწყო ამ ხალხის ჩაქოლვა.

თუ ოთხმა კაცმა თავის ჭკუაზე მოინდომა ამ ყველაფრის გაკეთება ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ჰკითხა და ასე დაგეგმა ფსევდორევოლუცია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ოპოზიცია არა გვყავს. წარმოუდგენელია, ან გამსახურდიას დროს, ან მერე, პოლიტიკური ლიდერების გარეშე ვინმეს მსგავსი რამ გაებედა და მერე პოლიტიკური ლიდერები ამ პროცესს გამიჯვნოდნენ. ბოიკოტისტებიდან ერთადერთი ფედერალისტები იყვნენ, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაიძახოდნენ, ეს სისულელეაო, დანარჩენს ხმა არ ამოუღია. ცნობილი ინგლისური გამოთქმაა, გამარჯვებას მილიონი პატრონი ჰყავს, ხოლო დამარცხება ობოლიაო, დაახლოებით ასე ვართ. ვფიქრობ, ეს კარგი ალიყურია მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის. ვერაფერს ვატყობ, რომ რამეს გაითვალისწინებენ, მაგრამ ალიყური ნამდვილად მაგარი მოხვდათ. ყველაზე უარესი ის არის, რაც დღეს ჩვენს პარტიებს სჭირთ, ამბობენ, ჩვენ არაფერი ვიცოდითო, მათ არავინ არაფერი ჰკითხა, ეს კი ნიშნავს, თავისივე პირით აღიარებენ, რომ არაფრისშემძლეები არ არიან.

- არაბოიკოტისტებზე რა გავლენა მოახდინა ამან? მათ რა შანსები რჩებათ თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტია, ხალხის ძალიან დიდი ნაწილი მათ მხარს არ უჭერს?

- ყველა ურთულეს მდგომარეობაშია. ფაქტია - ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ისედაც არ ენდობა ხალხი, მაგრამ ამ პროცესებმა, მგონი, საბოლოოდ მიწაზე დასცა მათი სანდოობა... ყველა, ვისაც პოლიტიკაში ყოფნა უნდა, ერთ მარტივ რაღაცაზე უნდა შეთანხმდეს, რომ პოლიტიკაში სიტყვა "კომპრომისი", "მოლაპარაკება", "შეთანხმება" არ არის სალანძღავი სიტყვები და არ არის გაყიდვისა და უპრინციპობის სინონიმები. სანამ ასეთი გაგება იქნება, სანამ გვეყოლებიან პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც კომპრომისი, პრაგმატული შეთანხმება, გაყიდვის ტოლფასია, არაფერი გვეშველება. ის, რომ ხელისუფლება მუდმივად ამარცხებს ოპოზიციას, ამის მიზეზი არ არის ხელისუფლების სიძლიერე. ასეთ უკონკურენტო არჩევნებშიც კი კალაძემ ამომრჩევლის 20% მიიღო. მაგრამ ოპოზიცია რომ ამას ლეგიტიმაციას უკავშირებს, სრული სისულელეა, ამით კალაძის ლეგიტიმურობა არ დგას კითხვის ქვეშ. თვითმმართველობის არჩევნებზე ყოველთვის ცოტა ამომრჩეველი მიდის და არა მარტო საქართველოში. ლონდონის მერს 17%-ის მხარდაჭერა აქვს, დაახლოებით იგივეა პარიზშიც. ეს კითხვის ქვეშ აყენებს ოპოზიციის ჭკუათამყოფლობის საკითხს, იმიტომ, რომ ასეთ 20%-იან მხარდაჭერაში მას გარანტია რომ გაუკეთე, 100% აეღო, ეს არის პრობლემა. ერთმანეთის ლანძღვა მხოლოდ "ოცნების" გამარჯვებას უწყობს ხელს. კიდევ ვიმეორებ - "ქართული ოცნება" კი არ არის დღეს ძლიერი, არამედ ოპოზიციაა ძალიან სუსტი და უჭკუო. ცივილიზებულ ქვეყნებში პოლიტიკა კომპრომისებისა და იმის მიღწევის ხელოვნებაა, რაც შესაძლებელია და არა მაქსიმალური უაზრო მოლოდინების გაჩენა, ერთ დღეში ხელისუფლებას შევცვლი, დავამხობო. ხალხის გასულელებაში არ უნდა ეჯიბრებოდეს ოპოზიცია ხელისუფლებას. მაშინ ყოველთვის ხელისუფლება გამოვა გამარჯვებული, რადგან მას მეტი რესურსი აქვს. ფაქტია, 80%-ის აზრი და ხმა ნიველირებულია არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის გამო. ამას ხელისუფლებას ვერ დააბრალებ, ეს ოპოზიციის ბრალია.

წაიკითხე ვრცლად