"საოცრება" კრემლში ანუ სირიის პრეზიდენტს ხელი ხელახლა "გაეზარდა"?! - მიზეზი, თუ რატომ არ მიაქვს სირიას უკან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება - კვირის პალიტრა

"საოცრება" კრემლში ანუ სირიის პრეზიდენტს ხელი ხელახლა "გაეზარდა"?! - მიზეზი, თუ რატომ არ მიაქვს სირიას უკან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება

რუსული ტყუილის „მოკვეთილი ხელი“ ანუ პუტინმა როგორ ჩამოართვა ხელი სირიის ახალ პრეზიდენტს, თუკი მას რვა წლის წინ ეს ხელი რუსულმა ბომბმა „მოსწყვიტა“?

გუშინ მოსკოვში, კრემლში, „საოცრება“ მოხდა - რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოფიციალურად მიიღო და ხელი ჩამოართვა სირიის ახალ პრეზიდენტს აჰმედ ალ-შარაას...

აქ „საოცრება“ მარტო ის კი არ არის, რომ წლების განმავლობაში აჰმედ ალ-შარაა რუსეთის პირველი სამიზნე გახლდათ, როდესაც ის სირიაში „პუტინის კაცის“- ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას ცდილობდა (რასაც საბოლოოდ მიაღწია კიდეც), არამედ ის, თუ როგორ ჩამოართვა ხელი პუტინმა მას, თუკი აჰმედ ალ-შარაას... მარჯვენა ხელი საერთოდ არ უნდა ჰქონოდა?

თუ დავუჯერებდით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 10 აპრილის ოფიციალურ განცხადებას, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა სირიის ტერიტორიაზე განახორციელეს წერტილოვანი საჰაერო დაბომბვა, რის შედეგადაც „ტერორისტული დაჯგუფება „ჯებჰათ-ან-ნუსრის“ მეთაურმა აბუ მუჰამედ ალ-ჯულიანიმ მრავლობითი მძიმე ჭრილობები მიიღო და ხელიც დაკარგა“...

„გუშინდელი ტერორისტი“ აბუ მუჰამედ ალ-ჯულიანი კი სხვა არავინაა, თუ არა სირიის დღევანდელი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა (მან თავად შეიცვალა სახელი სირიის სათავეში მოსვლის შემდეგ), რომელსაც ხელი იმ რუსეთის პრეზიდენტმა ჩამოართვა, რომელიც თავადვე აძლევდა სპეციალურ დავალებებს თავის გენშტაბს, რომ სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა დაჯგუფების ლიდერები „წერტილოვნად“ გაენადგურებინათ და მათ შორის - აბუ მუჰამედ ალ-ჯულიანი, იგივე სირიის დღევანდელი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარააც...

ან მართლაც მოხდა „საოცრება“ და ალ-შარაას ხელი ხელახლა „გაეზარდა“ ან კიდევ - რუსული სამხედრო პროპაგანდა, ტრადიციულად, იტყუებოდა, როდესაც სირიაში ჩამოგდებული თითოეული რუსული ბომბი, თურმე, ზუსტად „ტერორისტების შტაბს“ ეცემოდა...

“რუსული ტყუილების“ თემა კი გაირკვა, მაგრამ რატომ ეახლა აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში პუტინს?

ზოგიერთი დასავლეთელი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ სირიის ახალი ხელმძღვანელობა პუტინისგან დაჟინებით მოითხოვს დამასკოდან სამარცხვინოდ გაქცეული და მოსკოვს თავშეფარებული ბაშარ ასადის მათთვის გადაცემას, რათა სირიაში გაასამართლონ, თუმცა აქ საქმე ბევრად უფრო სერიოზულადაა... (ისე, პუტინი არავითარ შემთხვევაში არ გადასცემს ბაშარ ასადს სირიის ახალ ხელისუფლებას, რადგან ეს მის შიდაიმიჯს -Русские своих не бросают - დიდ დარტყმას მიაყენებდა).

სირიის ახალი პრეზიდენტი კრემლს... ფინანსურ დახმარებას სთხოვს და, ფაქტობრივად, შესთავაზებს იმავე როლის შესრულებას, რასაც მანამდე მამა-შვილი ასადების რეჟიმი ათწლეულები აკეთებდა მოსკოვისთვის...

ანუ სირიისთვის ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ, აჰმედ ალ-შარაა პუტინს დათანხმდება, რომ სირიაში ფუნქციონირება გააგრძელონ რუსულმა სამხედრო ბაზებმა, მათ შორის - ჰმეიმიმის საჰაერო და ტარტუსის საზღვაო ბაზებმა...

სწორედ ეს აწუხებდა აქამდე პუტინს, რადგან უკრაინასთან ფართომასშტაბიანი და გახანგრძლივებული ომის ჭაობში ჩაფლულმა რუსეთმა ვერ შეძლო გასული წლის დეკემბერში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცვა და მისი დამხობის შემდეგ მოუწია სირიიდან ჰმეიმიმისა და ტარტუსის რუსული სამხედრო ბაზების ნაწილობრივი სასწრაფო ევაკუაცია და ახლა, თუკი სირიის ახალ ხელისუფლებასთან მიაღწევს შეთანხმებას ამ რუსული ბაზების სირიაში დატოვების თაობაზე, ეს კრემლისთვის დიდი მოგება იქნება.

2-xeli-1760599736.png
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის 10 აპრილს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია სირიელი „ტერორისტების“ ლიდერის - აბუ მუჰამედ ალ-ჯულიანისთვის, იგივე სირიის დღევანდელი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაასთვის, რუსული საავიაციო ბომბის ნამსხვრევებით მძიმედ დაჭრისა და ხელის დაკარგვის შესახებ...

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ჩაეკეტა გასასვლელი ხმელთაშუა ზღვაში, ისევე, როგორც რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს არავინ აჭაჭანებს ევროპის საჰაერო დერეფნებში. არადა რუსეთს თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს აფრიკის კონტინენტზე, ადგილობრივი რეჟიმების შენარჩუნება რუსული სამხედრო ძალით (რისთვისაც შეიქმნა რუსული „აფრიკული კორპუსი“, რის ფუნქციებს მანამდე პრიგოჟინის „ვაგნერი“ ასრულებდა) და სამაგიეროდ, ბუნებრივი წიაღისეულების (მათ შორის - ძვირფასი ლითონები, ალმასები) მიღება, რომელთა რეალიზებითაც დიდ ფინანსურ მოგებას ნახულობს რუსეთი, უფრო სწორად კი - რუსეთის ის ელიტა, რომელიც პუტინის რეჟიმის საფუძველია...

რუსეთიდან აფრიკის კონტინენტზე მოხვედრის მხოლოდ ორი, საზღვაო და საჰაერო გზა არსებობს. შავი ზღვიდან რუსული სამხედრო ხომალდებისთვის ბოსფორის სრუტის ჩაკეტვის გამო ,კრემლს მათი გაგზავნა ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებიდან უწევს, რის შემდეგაც ხმელთაშუა ზღვაში მათ დროებითი ბაზირების პორტი სჭირდებათ, რის მოვალეობასაც ათწლეულების განმავლობაში სწორედ სირიის ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზა ასრულებდა და ამიტომაც რუს ადმირალებს ძალიან უნდათ მისი შენარჩუნება.

რაც შეეხება რუსული სამხედრო-სატრანსპორტო და მით უმეტეს - საბრძოლო თვითმფრინავების გადაფრენას აფრიკის კონტინენტამდე, ამის მხოლოდ ერთი მარშრუტი არსებობს - რუსეთიდან კასპიის ზღვის თავზე, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეების გავლით სირიის ჰმეიმიმის საჰაერო ბაზამდე ჩაფრენა, საწვავის მარაგის შევსება და ფრენის გაგრძელება აფრიკის რომელიმე ქვეყნამდე...

როგორც ჩანს, მოსკოვი და დამასკო ბოლოს რაღაცაზე შეთანხმდებიან, "ხელი ხელს ბანს" პრინციპით, რაც კიდევ უფრო არარეალურს გახდის ჩვენს იმედს, რომ ბაშარ ასადის მხრიდან, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას, მისი ჩამომგდები აჰმედ ალ-შარაა ადრე თუ გვიან გააუქმებდა...