„უცხო“ ციტრუსის პოპულარობა ახლებურად - ლაიმი - კვირის პალიტრა

„უცხო“ ციტრუსის პოპულარობა ახლებურად - ლაიმი

სოფელ ლესაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, შერეული ტიპის სანერგე მეურნეობაა, სადაც სხვადასხვა სახეობის ნერგები გამოჰყავთ. მათ შორის არის კურკოვანი, დეკორატიული, ქარსაფარი ზოლის მცენარეები, ტექნიკური კულტურები... სანერგე 25 წელია არსებობს, თუმცა 2014 წელს შექმნეს რეგისტრირებული კოოპერატივი, სადაც რვა კაცი მუშაობს. ოთხი წლის წინ კი სანერგე ისეთი ციტრუსოვანი კულტურით დაინტერესდა, როგორიცაა ლაიმი. ის მსოფლიოში მეტად პოპულარული პროდუქტია და ბოლო დროს საქართველოშიც დაინტერესდნენ. ამ კულტურის შესახებ სანერგის ფერმერი, სწავლული აგრონომი გელა ზენაიშვილი გვესაუბრება.

გელა ზენაიშვილი:

- ჩვენს სანერგეში მაღალი კლასის სპეციალისტები საქმიანობენ და ყველაფერს კვალიფიციურად უძღვებიან. უამრავი მცენარის ჯიში გამოგვყავს. რადგან გურია სუბტროპიკული ზონაა, ციტრუსის ნერგებზეც ვმუშაობთ. ლიმონისა და მანდარინის ჯიშებთან ერთად გამოგვყავს ლაიმიც. ამ მცენარის შესახებ ადრე ინფორმაცია არ მქონდა და შესაბამისად, მასზე მუშაობა არც გვიფიქრია.

ერთხელაც სტატისტიკა ვნახე და შევიტყვე, რომ საქართველოში უცხოეთიდან 800 ტონა ლიმონი და ლაიმი შემოდის. აქედან 350 ტონა ლაიმია. ამ კულტურამ დამაინტერესა და მასზე ცნობები მოვიძიე. აღმოჩნდა, რომ მართლაც გამორჩეული ციტრუსია. რატომღაც მის ნაყოფს ზოგიერთი `ცაცხვს~ ეძახის. შემდეგ იუ-ენ-დი-პიმ გააკეთა ინოვაციური პროექტი, ჩავერთეთ და სათბური დაგვიფინანსეს.

- სათბური კარგი, მაგრამ მცენარის აგროტექნიკა, ბოტანიკა უკვე დეტალურად იცოდით?

- ყველაფერს გავეცანით და საფუძვლიანად შევისწავლეთ. სათბური კი იმიტომ გვჭირდება, რომ ყინვაგამძლეობის ქვედა ზღვარი მინუს 3,5-4 გრადუსია. ამან მიმახვედრა, რომ მის გამოსაყვანად სათბური დაგვჭირდებოდა, რათა ლაიმის ნერგი სათბურში უნდა გამოგვეზამთრებინა.

ასევე საჭირო იყო კვირტის მოძიება. გავესაუბრე ყველა ექსპერტს, ვისაც კი ამ კულტურაზე ხელი მიუწვდებოდა. მათთან გავიგე, რომ კომუნისტების დროს წვერმაღალაზე, 50-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაშენებული ჰქონდათ დღეისთვის ბევრისთვის უცხო ლაიმი. იქ მივაკითხე კაცს, რომელიც მაშინ იქ ბრიგადირად მუშაობდა, ამაში კი ციტრუსების ექსპერტი ნელი ხალვაში დამეხმარა.

820b14e6-11ee-4682-81f0-7cd2c3a9f641-1760616395.jpg

- ანუ დაადგინეთ კონკრეტული ადგილები, სად შეიძლებოდა ყოფილიყო შემორჩენილი ლაიმის ნერგები?

- წავიყვანე ბიჭები, გავცელე ის ადგილები და ნერგები გამოვაჩინე. ფართობი დღეს კერძო საკუთრებაშია. როგორც ჩანს, ადრე დატერასებული ჰქონდათ და ასე იყო გაშენებული ღია გრუნტში. ირგვლივ კრიპტომერიით გაშენებული დიდი ქარსაფარი ზოლი დამხვდა, რითაც ფაქტობრივად ხელოვნური სითბო იყო შექმნილი, რაც ლაიმს ყინვისგან დაიცავდა. ვნახე ნაყოფიც და გამრავლება იქიდან დავიწყე, ოღონდ აღმოჩნდა, რომ ეს ტკბილი ლაიმი იყო.

მოკლედ, სადედე უკვე მქონდა, მაგრამ მერე ისიც ვნახე, რომ მჟავე ლაიმს საკონდიტრო საქმეში მეტად ითხოვდნენ, კერძოდ, უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელებისთვის.

- მას პარფიუმერიასა და მედიცინაშიც იყენებენ, ხომ?

- კი, მნიშვნელოვანი საშუალებაა ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად, ასევე ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. გვიცავს სტრესისგან, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. არაერთი დაავადების საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევა და აძლიერებს იმუნიტეტს.

- ლიმონისგან რით განსხვავდება?

- ფოლიუმის მჟავა ლიმონს არა აქვს, ლაიმს კი აქვს, რაც სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს... ის ნედლად გამოიყენება სალათებში, ხორციანი თუ ბოსტნეულის კერძების მოსამზადებლად...

საერთოდ, ეს კულტურა მაკედონელის ეპოქამდეც ყოფილა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული. აქ ის მალაის ნახევარკუნძულიდან გავრცელდა და მერე კი მთელმა მსოფლიომ აიტაცა, სადაც კი ამის განვითარების საშუალება იყო. დღეს ეს ტროპიკული მცენარე მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ოთხეული კი ასეთია: ვაშინგტონის ჯიშის ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი და ლაიმი.

ca6d9df0-bdd4-43ee-8b6f-5ae0b8168fbf-1760616395.jpg

- სხვადასხვა ჯიშის იქნება...

- ბევრი ჯიში აქვს და მინდოდა ეს მრავალფეროვნება მეც მქონოდა. ჯიშები ერთმანეთისგან განსხვავდება შაქრის შემცველობითა და სიმჟავით - საზომი ეს არის. იმის გამო, რომ ფორმით ძალიან ჰგავს ლიმონს, მას მწვანე ლიმონიც უწოდეს. როცა გაჭრით, შიგთავსი, წვენი და ქსოვილი მწვანეა. განსხვავებულია მისი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური პროცესები. ლიმონს მზე სჭირდება დასამწიფებლად, ანუ აქტიური ტემპერატურის ჯამი 15 საათს უნდა შეადგენდეს დღე-ღამეში. ლაიმისთვის ეს არ არის საჭირო, რადგან ჩრდილშიც იზრდება. თუ შესაბამისი პირობები აქვს, მუდმივად ისხამს.

- ვინაიდან ასეთი მონაცემები აქვს, ალბათ, მისი ფასიც ბაზარზე მაღალია?

- ჩვენთან ეს კულტურა მასობრივი არ არის, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში ტურიზმი კარგად განვითარდა, არის ბევრი ბარი და რესტორანი, სადაც უცხოელები ლაიმს კითხულობენ. ამიტომ მეპატრონეები იძულებული არიან ლაიმი შემოიტანონ.

- როგორც მითხარით, თქვენ 4 წლის წინ თურქეთიდან შემოიტანეთ.

- კი, რომელიც მჟავეა, ასევე გერმანიიდან გამოვიწერე. უკვე ოთხი ჯიში მაქვს. ყველა ნერგი ინტროდუქცირებულია - კვირტით გამოყვანილი ინვიტროლაბორატორიაში, მაგრამ ჩვენი მიწებისთვის, გამძლეობისთვის საჭიროა მისი ტრიფოლიატზე დამყნობა ისე, როგორც ლიმონს, მანდარინს, გრეიპფრუტს ვამყნობთ.

რადგან საქართველოში უცხოეთიდან შემოტანილი ეს პროდუქტი ძალიან ძვირი ღირს, რატომ არ შეგვიძლია ჩვენც მოვიყვანოთ? მისი გახარება ყველგან შეიძლება, მაგრამ ამ კულტურას ერთადერთი ნაკლი აქვს - იმ კლიმატის გარდა, როგორიც გურიის რეგიონის რიგ ადგილებშია, სადაც შესაბამისი მიკროკლიმატია (მაგალითად, წვერმაღალა), ღია ცის ქვეშ ყოფნას ვერ უძლებს, ხოლო სადაც ეს კლიმატური პირობები არ არის, შეუძლიათ სათბურებში გაახარონ. ირგვება როგორც ლიმონი და 4 მეტრზე მეტი არ იზრდება.

- ნიშანს რამდენ ხანში იძლევა?

- დამყნობის შემდეგ მეორე წელს იძლევა ნიშანს. ნიადაგი დატენიანებული უნდა იყოს და კლიმატიც ტენიანი სჭირდება. მისი ფენოლოგია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტენიან ნიადაგშია ჩამოყალიბებული. გარდა დასავლეთისა, თბილისშიც ბევრი ნერგი მიაქვთ, აივნებზე 30-40-ლიტრიან ქოთნებში ახარებენ. ზამთარში შინ უნდა შეიტანონ, როგორც ლიმონი. ჩვენთან ბევრმა უკვე მოსინჯა და სათბურებში აშენებენ. რატომ შემოვიტანოთ უცხოეთიდან ნერგი, როცა აქაც ყალიბდება, ნაყოფიც იმავე თვისებებისაა.

- ნაყოფს აქ ვინ ყიდულობს?

- განსაკუთრებით მიაქვთ ბარებს, რესტორნებს კოქტეილებისა და უალკოჰოლო სასმელებისთვის. წლეულს 20 კილოგრამი ჩავაბარეთ. ლაიმს უფრო რბილი კანი აქვს. ნერგების გამრავლებასთან ერთად, ნელ-ნელა ამ კუთხითაც ვვითარდებით. მოკლედ, ყველას შეუძლია სახლშიც ჰქონდეს.

- სასუქად რა შეიძლება მივაწოდოთ?

- როცა ქოთანში გვაქვს, მორწყვა ინტენსიურად სჭირდება. ლიმონს ბევრი წყალი არ უხდება, ეს კი იტანს. სასუქებიდან სჭირდება გვარჯილა, გაზაფხულზე, ყვავილობამდე, აზოტი. ყვავილობს მაისში. ზამთარში გრძელვადიანი სასუქები NPK - ფოსფორი და კალიუმი ცოტა დოზით. წუნწუხს (ჟიჟა) თუ დავუსხამთ, ძალიან მოუხდება. მავნებელი დაავადებების საწინააღმდეგოდ ზუსტად ისეთივე მოვლა უნდა, როგორიც ლიმონს. ვწამლავთ სპილენძის შემცვლელით. ბოლოს მენაღმე ჩრჩილი გაჩნდა ჩვენთან, ამიტომ როგორც ყველა სუბტროპიკულ კულტურას, პრევენციის მიზნით ერთი-ორჯერ უნდა მინერალური ზეთით შეწამვლა.

ძალიან მომწონს ეს კულტურა და წლეულს 2500 ცალი ნერგი დავამყნეთ. ერთწლიან ნერგს 12-13 ლარად ვყიდით. სათბურებში ძალიან სწრაფად ვზრდით, თითო ნერგი 60-70-სანტიმეტრიანია. ასე რომ, ყველას ვურჩევ ლაიმის გახარებას.