ქართლის მოქცევა, მუსლიმანი აგრესორები, რუსიფიკაცია - ფაქტები, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის 1700-წლიანი ისტორიიდან აუცილებლად უნდა გვახსოვდეს - კვირის პალიტრა

ქართლის მოქცევა, მუსლიმანი აგრესორები, რუსიფიკაცია - ფაქტები, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის 1700-წლიანი ისტორიიდან აუცილებლად უნდა გვახსოვდეს

საქართველო (ქართლი) ქრისტიანობაზე მოქცევის 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქართველმა კიდევ ერთხელ გაიხსენოს ქრისტიანობის ისტორია საქართველოში და გაიაზროს, რომ სწორედ ქრისტიანობაა ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბების საფუძველი.

გაგიზიარებთ ფაქტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის შესახებ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა ღვთისმშობელთან ერთად ყარეს წილი იმის დასადგენად, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა ქრისტიანობა. ღვთისმშობელს წილად ხვდა იბერია. თუმცა საქართველოში გამგზავრებამდე მას მაცხოვარი გამოეცხადა და უბრძანა, რომ მის ნაცვლად წილხვედრ ქვეყანაში ქრისტეს რჯულის საქადაგებლად ანდრია პირველწოდებული წასულიყო.

ანდრია მოციქულის ქადაგებით ჩვენს ქვეყანაში პირველივე საუკუნეში დაფუძნდა ქრისტიანული თემები, მისი ლოცვით შეიმუსრა კერპები, იკურნებოდნენ სნეულები.

სამი საუკუნის განმავლობაში ღვთისმშობელი ამზადებდა ჩვენს ერს ქრისტიანული სარწმუნოების საყოველთაო აღიარებისათვის. ეს პროცესი წმინდა ნინოს ქადაგებით დაგვირგვინდა 326 წელს. მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას მოქცევის შემდეგ მტკვრისა და არაგვის შესართავთან ქართველი ერის საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღის აღსანიშნავად ემზადება საქართველო 2026 წელს.

ggt-sqss-1760689221.jpeg

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანებს, რომ საქართველოს ოქროს ხანას გრიგოლ ხანძთელის ეპოქამ ჩაუყარა საფუძველი. დავით აღმაშენებელმა ეროვნულ ცნობიერებაზე დაფუძნებული ქვეყანა სულიერი სრულყოფის უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. მის მიერ აგებულ გელათის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსს ეწოდა მეორე იერუსალიმი, ანუ ტაძარი სულიერებისა და სხვა ათინა, ანუ სავანე ინტელექტისა. დიდმა მეფემ ის დაგვიტოვა, როგორც სარწმუნოებისა და ცოდნის ჰარმონიულ კავშირზე დამყარებული სახელმწიფოს შენების საფუძველი.

ოქროს ხანის საქართველო არის დასტური იმისა, რომ ღვთის შეწევნით მცირერიცხოვან ქვეყანასაც შეუძლია არა მხოლოდ დაიცვას საკუთარი თვითმყოფადობა ძლიერი სახელმწიფოების ზეგავლენისაგან, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობებშიც.

wkgr8sox-1760689221.jpeg

მე-12 საუკუნის შემდგომ ჩვენი ერი ყოველთვის ერთნაირად ვერ ახერხებდა სულიერებისა და ინტელექტის ჰარმონიული თანაარსებობის შენარჩუნებას, მაგრამ ამ ღირებულებებისათვის არასოდეს უღალატია. ამისი უტყუარი ნიშანი გახლავთ საუკუნეების განმავლობაში ერის უმრავლესობის მიერ ღვთისა და მამულის ერთგულებისათვის აღსრულებული მოწამეობრივი ღვაწლი.

საკუთარი მრწამსისადმი ერთგულების უბრწყინვალეს მაგალითს ჩვენი ერის ისტორიაში წარმოადგენს დიდმოწამე დედოფალი ქეთევანი. უსასტიკესი წამების დათმენით მან გამუსულმანების რეალურ საფრთხეს გადაარჩინა სულიერად უკიდურესად დაუძლურებული საქართველოს მოსახლეობა და ახალი სასიცოცხლო ძალებით აღავსო იგი.

hrtajmyu-1760689221.jpeg

ქეთევან წამებულის ღვაწლი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მე-17 საუკუნის ევროპისათვის, სადაც მზარდი სეკულარული ცნობიერება სერიოზულად დაუპირისპირდა ქრისტიანულ ფასეულობებს. კათოლიკე მისიონერებმა, რომლებიც შირაზში დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულის მომსწრენი გახდნენ, მთელ მსოფლიოს აუწყეს ქეთევანის პიროვნებაში გამოვლენილი ღვთაებრივი მადლმოსილებისა და გაუტეხელი სულის ამბავი.

დავით აღმაშენებლის მსგავსად, მამულის, ანუ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და აღორძინების საფუძვლად ილია მართალი ენისა და სარწმუნოების, ანუ იგივე ინტელექტისა და სულიერების ჰარმონიულ კავშირს ხედავდა. მეცხრამეტე საუკუნეში ჩვენი თვითმყოფადობის სამივე ბურჯი – მამული, ენა და სარწმუნოება – მოშლილი იყო. რუსეთის იმპერიამ გააუქმა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და საეკლესიო დამოუკიდებლობა, აკრძალა სწავლა-განათლება და ღვთისმსახურება ქართულ ენაზე, რითაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდებოდა საზოგადოების განვითარება ეროვნულ საფუძველზე.

მე–19 საუკუნიდან ეროვნული თვითმყოფადობის დაცვისათვის ბრძოლაში ახალი ეტაპი იწყება. ვიდრე სჯულის შეცვლას გვაიძულებდნენ, მტერი ცნობილი იყო და ჩვენც თავგანწირვით ვიბრძოდით მის წინააღმდეგ. მას შემდეგ კი რაც შეწყდა მუსულმანური აგრესია, ეროვნულ ღირებულებებთან ბრძოლამ შენიღბული სახე მიიღო.

სახელმწიფო და საეკლესიო დამოუკიდებლობის გაუქმებამ ჩვენი ხალხი თანდათანობით დააცილა დედა ეკლესიას და ეროვნულ ცნობიერებას. რუსიფიკაციის პოლიტიკის შედეგად საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი ქართული საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. ერთნი მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებდნენ რელიგიურ და ეროვნულ ღირებულებებს, რაც იწვევდა მედროვეობასა და ფარისევლობას. მეორენი კი ტრადიციულ ფასეულობებთან დაპირისპირებული სეკულარიზმითა და კოსმოპოლიტიზმით იყვნენ გატაცებულნი.

a80ub4au-1760689221.jpeg

ილიას შეშფოთება სწორედ იმით იყო გამოწვეული, რომ ქართველთა შორის ცოტა თუ ერთგულებდა ჭეშმარიტ ქრისტიანულ და ეროვნულ ფასეულობებს.

ილია, აკაკი, ვაჟა და მათი თანამოაზრენი აცნობიერებდნენ იმ ჭეშმარიტებას, რომ ინტელექტუალური მოღვაწეობა სულიერების გარეშე ვერ უზრუნველყოფდა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და აღორძინებას. ეს სულისკვეთება მკაფიოდ აისახა მათ ლიტერატურულ შემოქმედებაში.

კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის პარალელურად სასულიერო პირების, მათ შორის, უპირველესად, წმინდა კათოლიკოს-პატრიაქ კირიონისა და წმინდა მღვდელმთავრების გაბრიელ ქიქოძისა და ალექსანდრე ოქროპირიძის ბრძოლამ ეკლესიაში ქართული სულის შენარჩუნებისა და ავტოკეფალიის აღდგენისათვის ახალი ძალები შემატა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.

1917 წელს აღდგა საეკლესიო, ხოლო 1918-ში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, ეს მონაპოვარი ხანმოკლე აღმოჩნდა: 1921 წელს მარიონეტულმა ბოლშევიკურმა მთავრობამ გააუქმა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ხოლო ათეისტურმა იდეოლოგიამ არა მარტო უკიდურესად შეზღუდა ეკლესიის მოქმედების არეალი, არამედ მიზნად დაისახა მისი სრული განადგურება.

მე–20 საუკუნეში ჩვენი ერი საკუთარი თვითმყოფადობის სამი ბურჯიდან რეალურად მხოლოდ ენას, ანუ ეროვნულ ინტელექტუალურ მოღვაწეობას ეყრდნობოდა. თუმცა ეს მოღვაწეობა წინა საუკუნისგან განსხვავებით მოკლებული იყო ქრისტიანულ ფასეულობებს.

მე–20 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებით ინტელექტუალური მოღვაწეობის პარალელურად დაიწყო საეკლესიო ინსტიტუციების განახლება და ერის სარწმუნოებისკენ შემობრუნება. მე–20 საუკუნის ბოლოს ისევე, როგორც მის დასაწყისში კვლავ დიდი შედეგი მოჰყვა სულიერი და ინტელექტუალური ძალების გაერთიანებას. 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ და სრულიად მართლმადიდებლურმა სამყარომ საბოლოოდ აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ანუ დამოუკიდებლობა უძველესი დროიდან, ხოლო 1991 წელს აღდგა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.

ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, უფლის მეორედ მოსვლის წინ ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი დაკარგავს სარწმუნოებას. ეს რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია თითოეულმა ქართველმა კარგად გაიაზროს 1700-წლიანი ისტორია, სარწმუნოების როლი იდენტობის შექმნაში და ამ ისტორიის ღირესულად გაგრძელებაზე იზრუნოს.

x87sx-b2-1760689221.jpeg

გავიხსენოთ ის, რაც გვაერთიანებს.

ვაშენოთ ის, რაც გვამთლიანებს.