"მძიმე ღამის შემდეგ, დილით ნათელი მზერით შემოგვხედა... მერე კი უხმოდ დაგვიქნია ხელი, თითქოს დაგვემშვიდობა. ეს ხელი ჩემს ხელს დაადო და მაგრად მომიჭირა, - კვირის პალიტრა

"მძიმე ღამის შემდეგ, დილით ნათელი მზერით შემოგვხედა... მერე კი უხმოდ დაგვიქნია ხელი, თითქოს დაგვემშვიდობა. ეს ხელი ჩემს ხელს დაადო და მაგრად მომიჭირა, ისევ გამომშვიდობების ნიშნად. ათი წუთის შემდეგ, ბესო აღარ იყო..." - რას იხსენებს ეთერ გუგუშვილი მეუღლეზე?

21 ბედნიერი წელი გაატარა ერთად ამ წყვილმა. ქალი იყო თეატრალური ინსტიტუტის რექტორი, თეატრმცოდნე; კაცი - ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი.

რა საერთო ინტერესები ჰქონდათ ეთერ გუგუშვილსა და ბესარიონ (ბესო) ჟღენტს და როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია? გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ეთერ გუგუშვილის მოგონებიდან.

18 ოქტომბერი ბესო ჟღენტის გარდაცვალების დღეა.

ეთერ გუგუშვილი:

- ბესო ჟღენტს ადრეული ბავშვობიდან ვიცნობდი, ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჩვენი სახლები ერთმანეთს გაჰყურებდნენ. სამამულო ომის წლებში ხშირად არ გვქონდა შუქი. ბესო ჟღენტს შუქი მუდამ ჰქონდა, რომელიც დაშვებულ ფარდებში ატანდა. ჩემი მოხუცი ბებია შურით იტყოდა: რა თქმა უნდა, ბესო ჟღენტს ექნება შუქი, ჩვენ კი... ასეთი შუქმოსილი შემოვიდა იგი პირველად ჩემს ცხოვრებაში. მე მუდამ ვკითხულობდი მის სტატიებს, ხოლო ომის შემდეგ, როცა მოსკოვის თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, ბებია მიგზავნიდა გაზეთებიდან ამოჭრილ ბესოს სტატიებს. საყოველთაოდ აღიარებული ბესო ჟღენტი ჩემთვის მიუწვდომელი იყო. დავბრუნდი თბილისში და თავად დავიწყე სტატიების ბეჭდვა პრესაში.

beso-da-eteri-1760726262.png

ბესომ და მე ერთმანეთი გავიცანით 1955 წლის დეკემბერში. „ზარია ვოსტოკში“ მიდიოდა ჩემი წერილი რუსთაველის თეატრის სპექტაკლზე „ტარიელ გოლუა“. წინა საღამოს მივედი რედაქციაში და იქ შევხვდი ბატონ ბესარიონს. სოფიო გველესიანმა, გაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგემ, გაგვაცნო ერთმანეთი. ამისრულდა დიდი ხნის სურვილი - უფრო ახლოს გამეცნო ჩემი სახელგანთქმული მეზობელი (ქალბატონი ეთერი 22 წლით უმცროსი იყო მეუღლეზე -ავტ.). საუბარი მოკლე იყო. ბესომ როცა გაიგო, რომ სტატია დაწერილია ცხარე კრიტიკული ტონით, მირჩია: „თქვენ ახალგაზრდა, დამწყები კრიტიკოსი ბრძანდებით, არ გირჩევთ თეატრზე ასეთ თავდასხმას. თქვით ყველაფერი, რაც გაღელვებთ, მაგრამ უფრო რბილად, რომ არ გაანაწყენოთ ხალხი.“

არ მივიღე გამოჩენილი კრიტიკოსის რჩევა. ჩემი სტატია, მართლაც, ზედმეტად ცხარე გამოდგა. თეატრმა ვერ აიტანა წაყენებული ბრალდება (ისიც უცნობი რეცენზენტისგან) და გადაწყვიტა მოეწყო დისპუტი, რომელიც შედგა რუსთაველის თეატრის დიდ და გადაჭედილ დარბაზში. მომხსენებელი იყო თავად ბესო ჟღენტი! მაშინ რედაქციაში, ვერ შევბედე მეკითხა, რა აზრისა იყო თვითონ სპექტაკლზე. ახლა ორმაგად ვღელავდი, ვიცოდი, რომ მსჯელობის მთავარი საგანი ჩემი სტატია იქნებოდა. ასეც მოხდა. ყველა გამომსვლელი მიტევდა მე და არა - მომხსენებელს, რომელსაც სპექტაკლის მიმართ დაახლოებით ისეთივე კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა, როგორც მე. მას დაეხმარა გამოცდილება, ოსტატობა და ტაქტი მოექცია თავისი აზრები კოლექტივისთვის უფრო მისაღებ ფორმაში.

თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მწარედ გამლახეს. დისპუტის დამთავრების შემდეგ ბესო მომიახლოვდა და მეგობრულად მითხრა: გულს ნუ გაიტეხთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. საჭიროა სულიერი სიმტკიცე, წავიდეთ!

თეატრიდან ერთად გამოვედით.

- თქვენ საით? მკითხა მან.

ვუპასუხე, რომ ვცხოვრობ მის პირდაპირ და ერთი გზა გვაქვს.

- ოჰ, გამოდის, რომ ჩვენ არა მხოლოდ აზრები, არამედ გზებიც საერთო გვქონია, - თქვა და გაიღიმა.

ასე დაიწყო ჩვენი ერთობლივი გზა და ამ გზიდან აღარ გადაგვიხვევია, ბოლომდე ხელიხელგადაჭდობილებმა ვიარეთ.

მინდა მოკლედ შევეხო მისი ყოფის იმ შტრიხებს, რომლებიც შესაძლებელია შეუმჩნეველი იყო ფართო წრეებისთვის, მაგრამ რომელთა გარეშე ძნელია პიროვნების შეცნობა. ბესოს ყველა იცნობდა, როგორც მებრძოლ კრიტიკოსს, მკაცრს, ზოგჯერ დაუნდობელს, მუდამ თამამად რომ მიდიოდა წინ. მასში კი უჩვეულოდ და ჰარმონიულად თანაცხოვრობდა ორი ადამიანი - შეურიგებელი ლიტერატურულ ბრძოლებში და საოცრად კეთილი და გულჩვილი ადამიანებთან ურთიერთობაში, თავის მოწინააღმდეგეებთანაც კი. მას უყვარდა ღია ბრძოლა და ვერ იტანდა ფარულს, „კულისებს მიღმა“. არასოდეს ცუდს არ ჩაიხვევდა გულში, სამაგიეროდ, რა უსაზღვროდ გრძნობდა სიკეთეს!

მთელი სიცოცხლის განმავლობაში, გულით ატარებდა მადლიერების გრძნობას კოტე მარჯანიშვილის მიმართ, იმ ყურადღებისა და ალერსისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ჯერ სრულიად ახალგაზრდა, ახალფეხადგმული ლიტერატორისადმი. ბესო მუდამ გაკვირვებით ამბობდა: „რას პოულობდა საერთოს ჩემთან, სიმონთან (ჩიქოვანთან), სხვა ჩვენს თანატოლებთან. ეს გენიოსი ჩვენს შორის იყო, როგორც ტოლი ტოლებთან, არაფრით რომ არ გაგრძნობინებდა თავის აღმატებულებას. ამის დავიწყება შეუძლებელია!“

beso-1760726028.jpg

ბესოს ყოველთვის ახსოვდა ირაკლი აბაშიძის მხარდაჭერა არა სიტყვით, არამედ, საქმით, მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმძიმეს მომენტში. ხშირად იგონებდა მადლიერებით თავის მეგობარს ნატო ვაჩნაძეს, რომელიც არ მოშორებია მწუხარების ჟამს, როცა გარდაიცვალა მისი პირველი მეუღლე თამარ ცინცაძე და აქვე ნაღვლიანად დასძენდა: ვინ იფიქრებდა, რომ სულ რაღაც ერთ თვეში თვითონ ნატოც გაქრებოდაო. სათუთ ყურადღებას იჩენდა თავისი წასული მეგობრების ოჯახების მიმართ, არ ივიწყებდა მათ და მზრუნველობას არ აკლებდა.

kote-marjanishvilis-surattan-1760725222.png
კოტე მარჯანიშვილის სურათთან

ბესოს დიდი ოჯახი ჰყავდა, იცინოდა: ნამდვილი დირიჟორი ვარ, ჩემს ორკესტრში კეთილხმოვანებას ვამყარებო. მართლაც ასე იყო. ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ: მისი პირველი ცოლის მშობლები, დედაჩემი, სამი შვილი - ნინო, გოგი (პირველი ქორწინებიდან) და ირინა. სიდედრების სახელების გამო (ოლღა და ტატიანა) ბესო ხუმრობდა ხოლმე - „ჩემი „ონეგინისეული“ სიდედრები!“ უყვარდა და პატივს სცემდა მათ, ისინიც იმითვე პასუხობდნენ. ოჯახში მოდიოდნენ მისი და ჩემი მრავალრიცხოვანი ნათესავები, აგრეთვე, პირველი ცოლის ნათესავები. ყველანი მეგობრულად და მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. დილა ჩვენს ოჯახში მთხოვნელების მოსვლით იწყებოდა. დასავლეთ საქართველოდან მატარებლები ადრიანად შემოდიოდნენ თბილისში და დილის 7 საათიდან მოდიოდნენ ადამიანები ბესოსთან, როგორც მწერალთან, როგორც დეპუტატთან. სხვადასხვაგვარი იყო მათი თხოვნა და ის ყველასთვის პოულობდა კეთილ სიტყვებს და რაც მთავარია, ეხმარებოდა არსებითად.

eteri-da-beso-1760726006.png

ის ძალიან ბევრს შრომობდა, სახლშიც ღამის ორ-სამ საათამდე იჯდა თავის კაბინეტში და კითხულობდა ყველაფერს - წიგნებს, გაზეთებს, ჟურნალებს. საკუთარი თავისთვის ბევრ რამეს ვერ ასწრებდა... მისი უკანასკნელი და ყველაზე დიდი წიგნი გარდაცვალების წელს გამოიცა. ამ წიგნისთვის წინასიტყვაობის დაწერაც კი ვერ მოასწრო. მოჩვენებითი იყო ის ფაქტი, რომ ბესო ყველაფერს ადვილად სწვდებოდა საოცარი მეხსიერების წყალობით, რითაც ასე აცვიფრებდა ხალხს. მეხსიერებასაც სჭირდებოდა წვრთნა. ამას მიაღწია წლების განმავლობაში ყოველდღიური, დაუღალავი მუშაობით თავის თავზე.

ერთხელ გასაოცარი ფაქტის მოწმე გავხდი. დილა იყო, ფოსტალიონმა მოიტანა წერილი მოსკოვიდან. მეგობრებს გამოეგზავნათ ბორის პასტერნაკის ახალი, ჯერ დაუბეჭდავი ლექსი. ბესომ მთხოვა ლექსი ხმამაღლა წამეკითხა. ისმენდა ყურადღებით, აღტაცებაში მოვიდა, უსაზღვროდ უყვარდა პასტერნაკი და უცებ, სულ ერთი მოსმენის შემდეგ გაიმეორა თავიდან ბოლომდე ზეპირად, ყოველგვარი შეყოვნების გარეშე! გაოგნებული დავრჩი.

eter-gugushvili-1760725462.png

ბესო იყო მეტად თავმდაბალი. არავის შეაწუხებდა თავისი კეთილდღეობისათვის, ცხოვრობდა ზომიერად და პატიოსნად. საოცრად დაირცხვენდა, როცა შეაქებდნენ. ხშირად იტყოდა: ჩემს სიცოცხლეში არასოდეს მიგრძნია თავი ისე უხერხულად, როგორც საკუთარ იუბილეზეო. პირველად თავის სიცოცხლეში იჯდა გაჩუმებული, დაბნეული და სხვები ლაპარაკობდნენ. ასეთივე თავშეკავებული იყო თავისი საბედისწერო ავადმყოფობის დროს. ბავშვივით უხაროდა, მის მიმართ ყურადღებას რომ იგრძნობდა. არავის აწუხებდა, არ წუწუნებდა, სულით არ ეცემოდა, ოხუნჯობდა, ყველას სევდიანი ღიმილით ხვდებოდა.

აღსასრულამდე სამი დღით ადრე მოვიდა ვერიკო ანჯაფარიძე. ბესომ უზომოდ გაიხარა მისი მოსვლით. ვერიკოსთან იყო დაკავშირებული ახალგაზრდობის უმშვენიერესი წლები და მთელი ცხოვრება. გულისამაჩუყებელი იყო მათი შეხვედრა. ორივე გრძნობდა, რომ ეს იყო სამუდამო განშორება.

- ვერიკო, პირველი ქალი ხარ საქართველოში! ბესოს ხშირად უყვარდა ამის თქმა და ახლაც გაუმეორა.

- ნუ ხუმრობ, - უთხრა ვერიკომ.

- რა დროს ხუმრობაა, ეს ხომ ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაა, სიმართლეს გეუბნები, - უპასუხა ბესომ.

eter-1760726227.png

მეორე დღეს დილით მოვიდა ეგნატე ფიფია, არა როგორც ექიმი, როგორც მეგობარი. ფაქტობრივად, გამოსამშვიდობებლად მოვიდა, ხვდებოდა, რომ აღსასრული მოახლოვდა. მე არაფერი მითხრა. წავიდა იმდენად აღელვებული, რომ თავისი ქუდიც კი დარჩა. გარდაცვალების წინადღით ბესო გვარიანად გრძნობდა თავს. შეუძლებელი იყო იმის გაფიქრება, რომ ეს მისი სიცოცხლის უკანასკნელი დღე იყო... მძიმე ღამის შემდეგ, დილით გაახილა თვალები, ნათელი მზერით შემოგვხედა მე, გოგის და დედაჩემს. შემდეგ ოდნავ ასწია ხელი და უხმოდ დაგვიქნია, თითქოს დაგვემშვიდობა. მერე ეს ხელი ჩემს ხელს დაადო და მაგრად მომიჭირა, ისევ გამომშვიდობების ნიშნად. ათი წუთის შემდეგ, სრულ 9 საათზე, 1978 წლის 18 ოქტომბერს ის აღარ იყო...

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)