მარგარეტ დაიაური: "საშიშროება დგას, რომ მთელი პირიქითა ხევსურეთი სკოლის გარეშე, ბევრი სოფელი კი სანთლის შუქზე დარჩეს" - კვირის პალიტრა

მარგარეტ დაიაური: "საშიშროება დგას, რომ მთელი პირიქითა ხევსურეთი სკოლის გარეშე, ბევრი სოფელი კი სანთლის შუქზე დარჩეს"

"წელს მთელი პირიქითა თუშეთი დავათვალიერე, იქ არავინ იყო სანთლის შუქზე, რაც ძალიან გამიხარდა. ხევსურეთში კი, ბევრი სოფელია ელექტროენერგიისა და მობილური კავშირის გარეშე, გზაზე რომ არაფერი ვთქვა. ძალიან საწყენი და გასაბრაზებელია ასეთი უყურადღებობა ჩემი ხევსურეთისადმი", - ამბობს ულამაზესი მარგარეტ დაიაური, რომელიც საცხოვრებლად კვლავ ხევსურეთში, მიცუში (მუცოში) დაბრუნდა...

იგი პირიქითა ხევსურეთის დღევანდელობას გვაცნობს.

- მარგარეტ, როგორ შეადარებთ, ადრე ხევსურეთში საცხოვრებლად გადასვლას და ახლა კვლავ დაბრუნებას?

- საკუთარ სოფელ მიცუში ყოფნა, ჩემთვის სახლის განცდას ქმნიდა ყოველთვის, რაც ბიძაჩემის, ნუგზარ დაიაურისა და ბიცოლას, შორენა მინდიკაურის დამსახურებაა. ჯერ კიდევ წლების წინ, როცა 21 წლის ასაკში პირველად წავედი ხევსურეთში საცხოვრებლად, სულ ცდილობდნენ, რომ გვერდში დამდგომოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რაც შეეძლოთ. მათი ამაგი დიდია, ისე ზრუნავენ ჩემზე, როცა მიცუში ვარ, როგორც მშობლები შვილზე. მათ გარეშე ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ და ვიქნები მთელი ცხოვრება.

- როგორი დაგხვდათ ხევსურეთი მაშინ და როგორია ახლა?

- ხევსურეთთან კავშირი არასდროს გამიწყვიტავს, არცერთი წელი არ გამიტარებია ჩემს კუთხეში ასვლის გარეშე, რადგან ხევსურეთის გარეშე არ შემიძლია. უბრალოდ, მაშინ პატარა ვიყავი, ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებდი და ახლა ჩემი ხედვა სხვანაირია. შეიძლება ითქვას, ხევსურეთში გავიზარდე, დიდი გამოცდილება დავაგროვე, გავიცანი ადამიანების თითქმის ყველა კატეგორია, რომლებიც, მანამდე მეგონა, რომ უბრალოდ არც არსებობდა.

- იყო ალბათობა, რომ პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი სკოლაც დაიხურებოდა, როგორი ვითარებაა დღეს შატილის სკოლაში?

- სწორედ ახლაა მაგის საშიშროება, რადგან სკოლაში მხოლოდ ერთი მოსწავლე, ჩემი ბიძაშვილი - ქეთევან დაიაურია დარჩენილი. მისი წასვლის შემდეგ, სკოლა დაიხურება და ფუნქციონირებას შეწყვეტს.

- პედაგოგობა თუ გააგრძელეთ?

- პედაგოგობა არ გამიგრძელებია, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ერთი მოსწავლეა და მასწავლებლებიც, ბოლო წლებში, ფაქტობრივად, ყველა საგანში ონლაინ ჰყავთ.

zgegwblm-1760728345.jpg

- როგორია ხევსურეთში თქვენი ყოველდღიურობა?

- დილით აივანზე გავდივარ, ყავას ვსვამ და ხედს ვუყურებ, რადგან არასდროს ეჩვევა ჩემი თვალი ხევსურეთის სილამაზეს. ყოველთვის მაოცებს და მიკვირს ჩემი კუთხის დიდებულება, რაც ერთნაირი არასდროსაა. დანარჩენი დრო ხან ვსეირნობ, ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ ან სხვა სოფელში გადავდივარ იქაურების მოსაკითხად.

- არის თუ არა წელს ტურისტების გაზრდილი ნაკადი?

- ფაქტობრივად, იგივე რაოდენობა იყო, რაც წინა წელს, ძირითადად, შაბათ-კვირას დადიოდა ხალხი, სამუშაო დღეებში ნაკლებად.

- წელს კაფეები თუ ფუნქციონირებდა პირიქითა ხევსურეთში?

- დიახ, ჩემს სოფელ მიცუში, ბიცოლას კაფე მუშაობდა. კაფეები სხვა სოფლებშიც ფუნქციონირებდა, სხვათა შორის, არდოტი ძალიან პოპულარული ადგილი გახდა პირიქითა ხევსურეთში, რაც ძალიან მახარებს, რადგან წლების წინ, არდოტში არსებული საოჯახო სასტუმრო სტარტაპი იყო და საზოგადოებამ ნაკლებად იცოდა ამ ულამაზესი სოფლის შესახებ. ახლა კი წინასწარი ჯავშნების გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ გესთჰაუსში დარჩენა. ასევე, ძალიან საინტერესო ადგილია ანდაქის სასტუმრო-სახლიც, სადაც ადამიანს ავთენტური და ხევსურული გარემო ხვდება. კულტურული ძეგლი, განსხვავებული არქიტექტურით, რომელიც ხევსურეთს კიდევ უფრო სხვა თვალით გაჩვენებს, სამზარეულოც ხევსურული აქვთ და ინტერიერიც. იმედი მაქვს, მომავალში ანდაქიც ძალიან პოპულარული ადგილი გახდება დამსვენებლებისთვის.

სოფელ არჭილოში ამჟამად არაა სასტუმრო, თუმცა ვიმედოვნებ, მომავალში იქნება ყველაფერი. რაც შეეხება ხონისჭალა-ხონეს, აქ ფუნქციონირებდა გესთჰაუსები, რაც ძალიან მიხარია, ასევე, არ უნდა გამომრჩეს თუშეთიდან ხევსურეთში გადმოსასვლელ ბილიკთან, შეთეკაურების კაფე, რომელსაც თუშეთიდან ხევსურეთში მომავალი ტურისტები სტუმრობენ, რაც ასევე სასიხარულოა ჩემთვის.

- რა არის ის, რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება პირიქითა ხევსურეთს?

- ამბულატორია და ექიმი, ეს სჭირდება ყველაზე მეტად, შემდეგ კი მობილური კავშირი სოფლებში, სადაც ტელეფონი არ იჭერს. მთელ პირიქითა ხევსურეთში ტელეფონი მხოლოდ სამ სოფელში იჭერს და დანარჩენ სოფლებში არსად. თუ უამინდობის დროს ინტერნეტი გაითიშა, რაც ხშირი შემთხვევაა, ვერავისთან შეძლებ დახმარებისთვის დარეკვას.

- წელს თუშეთსაც ეწვიეთ. რომ შეადაროთ ერთმანეთს თუშეთის და ხევსურეთის პირობები..

- თუშეთში, სოფელ დართლოში ვრჩებოდი, თუმცა მთელი პირიქითა თუშეთი დავათვალიერე, ელექტროენერგია მზის დაფებით აქვთ, მობილური თითქმის ყველა სოფელში იჭერს, გზაც ბოლო ორი სოფლის გარდა ყველგან მიდიოდა, რომელიც საზღვარზეა და მაგ ორი სოფლისკენ მიმავალი გზის გაყვანაც დაწყებული იყო. არავინ იყო სანთლის შუქზე, რაც ძალიან გამიხარდა. ხევსურეთში კი, ბევრი სოფელია ელექტროენერგიისა და მობილური კავშირის გარეშე, გზაზე რომ არაფერი ვთქვა. ძალიან საწყენი და გასაბრაზებელია ასეთი უყურადღებობა ჩემი ხევსურეთისადმი.

(სპეციალურად საიტისთვის)