"ჩვენს თაობას ძალიან სჭირდებოდა თავისუფლების შუქურა ნისლში... კინოსტუდიაში ბევრს ვიცნობდი, მაგალითად, ლია ელიავას. ეს ულამაზესი ქალბატონი იმ დროისათვის ძალიან თანამედროვე იყო, სასიამოვნო პიროვნება. რამხელა თავისუფლებაა თუნდაც იმ ფოტოზე, სირიაში, სადაც არაბი ქალის გვერდით ზის"
ალექსანდრე ჯიქია: "არ არსებობს ჩემთვის მიუწვდომელი ფოტო. ამიტომ, 100 000-ზე მეტი ფოტო მაქვს გაზიარებული თბილისის თემაზე სოციალურ ქსელში"
ალექსანდრე ჯიქია წლების განმავლობაში, სოციალურ ქსელში იშვიათ და საინტერესო ფოტოებს ხშირად უზიარებს საზოგადოებას და ამ ფოტოების უნიკალურობიდან გამომდინარე, მისი ყოველი პოსტი დიდ ყურადღებას იქცევს...
პროფესიით მხატვარი თავისი საინტერესო მოღვაწეობისა და ცხოვრების შესახებ გვიამბობს.
- ბატონო ალექსანდრე, დიდი ხანია სოციალურ ქსელში უნიკალური ფოტოებით ანებივრებთ საზოგადოებას...
- დიახ, ფოტო არ არსებობს ჩემთვის მიუწვდომელი. ამიტომ, 100-ათასზე მეტი ფოტო მაქვს თბილისის თემაზე სოციალურ ქსელში გაზიარებული. დაგეროტიპიით დაწყებული, ციფრულით დამთავრებული. დაბლოკილი არქივი ჩემთვის არ არსებობს, კერძო და სახელმწიფო მუზეუმებიდან, პირადი არქივიდან, ბუკინისტურიდან და ა.შ.
ძველი ფოტო ყველა სანუკვარია, თავისი ავტორით, ხელწერით და ასევე ბიოგრაფიით...

- მხატვარი ბრძანდებით, ძალიან საინტერესოა თქვენი ბიოგრაფია, გვიამბეთ როგორ დაიწყეთ ხატვა...
- მხატვრის ბიოგრაფია არის ტილო, რომელზეც დრო და მოვლენები ხატავენ და ტოვებენ საკუთარ კვალს, ქმნიან ნამუშევრებს. ეს არის ამბავი თავდადებისა და ვნებისა, რომელიც შთააგონებს სხვებს, დაინახონ სამყარო ახალი, განსხვავებული თვალით. შემთხვევითობამ შეიძლება შეცვალოს ცხოვრება. ასეთ შემთხვევაში ჩემი ბიოგრაფიული ტილო გამოირჩევა.
ბავშვობაში მიტაცებდა და სერიოზულად ვეკიდებოდი ფეხბურთს და ცურვას, წარმატებებიც მქონდა. ჩემს საქმეში ძალიან ჯიუტი ვიყავი. ყველა მეუბნებოდა, თავი არ დაანებოო. მაგრამ მოხდა უცნაური რამ, სხვისი დაუდევრობით ფეხი მოვიტეხე მუხლის არეში. ეს დამემართა 10-12 წლის ასაკში. დამადეს თაბაშირი მთელ მარჯვენა ფეხზე და დავრჩი ლოგინში ექვსი თვით. რა უნდა მეკეთებინა, კომპიუტერი მე არ მქონდა და მობილური ტელეფონი არ არსებობდა. ავიღე ფანქარი და ქაღალდი, ამას მოჰყვა გუაშის საღებავები და ასე შემთხვევით შეიქმნა ჩემი პირველი ესკიზი ტილოზე. ამაზეც ყველა მეუბნებოდა თავი არ დაანებოო.
ამას მოჰყვა პიონერთა სასახლე, ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი. შემდეგ საბჭოთა ჯარში სამსახური; კინოსტუდიაში მცირე ხნით მუშაობა. რადგან პერსპექტივა და თვითრეალიზაცია ვერ დავინახე, დავიწყე მოგზაურობა კავშირის მასშტაბით: ერმიტაჟი, პეტერგოფის სასახლე, ტრეტიაკოვის გალერეა. მსოფლიო შედევრებმა თავისი გავლენა იქონია. ასევე ძალიან დიდი გავლენა იქონია 1970-იანი წლების ბრიტანულმა მძიმე როკმა. ჩვენს თაობას, განსაკუთრებით ხელოვანებს, ძალიან სჭირდებოდა (ასე ვთქვათ) თავისუფლების შუქურა ნისლში, როგორც ჯგუფ „ Deep Purple, Smoke on the water“ ტექსტშია.
შემდეგ? შემდეგ მოვიდა 1990-იანები და იძულებული ვიყავი დამეტოვებინა საქართველო. რა თქმა უნდა, რთული იყო პირველი პერიოდი, მაგრამ შემდეგში ყველაფერი კარგად წავიდა. ერთწლიანი კურსი ვენის სამხატვრო აკადემიაში, კომპიუტერული გრაფიკა, მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნა ფანტასტიკის ჟანრში და პროექტები სხვადასხვა თემაზე...
ქალაქის რამდენიმე საავტორო პროექტი "შადრევანთა გამწვანება-გალამაზება", რომელმაც მოწონება დაიმსახურა, გარდა ამისა, ევროპაში მუშაობა რესტავრატორად, მოგზაურობა, ქვეყნების და მათი კულტურის გაცნობა. აი, ასე ერთი შემთხვევით შეიქმნა ჩემი ბიოგრაფიული ტილო, ჩემი სამყარო რომელშიც დღემდე ვარსებობ. ასე რომ, შემთხვევას და ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში. ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის იყო თავისუფლება და ჯანმრთელობა. ეს არის ისტორია, რომელიც იწყება ბავშვობის ოცნებებიდან, გრძელდება სირთულეებითა და ძიებებით, და საბოლოოდ, ყალიბდება უნიკალურ ხელწერად.
- თქვენ მიერ შექმნილ ნამუშევრებზე გვიამბეთ.
- ორი განსხვავებული თემა იყო: პირველი, ამ რამდენიმე წლის წინ იყო მხატვარ-არქიტექტორ-დიზაინერთა გამოფენა. თემა გახლდათ ასეთი, როგორ წარმოგიდგენიათ ქალაქის სკვერი, მოედანი, დასვენების პარკი. დასახლებული პუნქტი იყო ინდივიდუალური. მე ავირჩიე თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი, ადრინდელი „ვორონცოვის“ (როგორც ბევრს ახსოვს). გავაკეთე თანამედროვე სტილში - რა დგას დღეს და რა შეიძლება იდგეს. მოუხდება თუ არა, ჯდება თუ არა სილუეტში. აი, ერთ-ერთი მათგანი...

მეორე, ერთი ფოტოს მოკლე ტრაგიკული ისტორია, მე-20 საუკუნის დასაწყისში. არ ვიცი, რამდენად რეალურია. როგორც გადმოცემით მიამბეს... მოკლედ, ეს ის დროა როდესაც უდანაშაულო ადამიანები რეპრესიების მსხვერპლი ხდებოდნენ. ელენე და ნინო ერქვათ. ელენე უფროსი იყო და ხატვა იტაცებდა. ნინო, უმცროსი და, უფრო მშვიდი და მორიდებული, ლექსებს წერდა. ოჯახი შეძლებული იყო. გააკულაკეს. მამა დააპატიმრეს და გადაასახლეს. დედა მალევე გარდაიცვალა. დები მარტო დარჩნენ. ორივემ მუშაობა დაიწყო. უფროსმა ფიზიკურად, უმცროსმა - ბიბლიოთეკაში. 1937 წელს უმცროსი და დააპატიმრეს, ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის. უფროსი ელოდებოდა დის დაბრუნებას, მაგრამ ციმბირიდან?!
ელენე გარდაიცვალა მოხუცებულობაში, მარტოობაში. ასეთია ისტორია...

კინოსტუდიაში მცირე ხანს ვიმუშავე, 1980-იანების დასაწყისში. მაშინ იყო "კუკარაჩა", "ერთი ნახვით შეყვარება", "ბაგრატიონი"; ასევე, საკუთარი საავტორო ფილმი. იყო ასეთი თავისუფალი თემა, ფანტაზია. დავინტერესდი და გავაკეთე პატარა ფილმი, ეს არ არის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი. უფრო კომპიუტერული გრაფიკა, ფოტო. სცენარიც ჩემია. ავირჩიე თბილისის ზღვაზე რომ მონუმენტია, როგორი იქნება ის იმ შემთხვევაში, თუ ცივილიზაცია შეჩერდება. მოკლედ, აპოკალიფსის შემდეგ. დღეს კინოინდუსტრიაში ფანტაზია ერთ-ერთი წამყვანი თემაა. დიდი მოწონება დაიმსახურა.
"ბაგრატიონზე" მუშაობისას დამწყები მხატვარ-დეკორატორი ვიყავი და იმდენი შეხება არ მქონია, გადაღების დროს, შესვენებაზე კი ყველა ერთი ვიყავით. გადაღების პროცესი თავისთავად საინტერესო იყო, რა თქმა უნდა...
ბევრს ვიცნობდი, ლია ელიავას ფილმ „ბაგრატიონის“ გადაღებაზე ვხედავდი. ეს ულამაზესი ქალბატონი, იმ დროისათვის ძალიან თანამედროვე იყო, მეტად თავისუფალი, სასიამოვნო, კორექტული პიროვნება. თუნდაც ის ფოტო სირიაში, რამდენი იუმორია, რამდენი თავისუფლება. არაბის გვერდით რომ ზის. ბევრმა ეს აღიქვა, აღარ ვიტყვი, როგორ... დეტალები აღარ მახსოვს...

(სპეციალურად საიტისთვის)
იხილეთ ფოტოგალერეა: