"საქართველოს შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი, ახლა ვიცი ნანკასგან და შეიძლება რაიმე დავხატო კიდეც" - ვინ არის ესპანელი მხატვარი, რომელსაც პიკასოს ადარებენ
"ისტორიებს, ჩემს განცდებს, ჩემს გამოცდილებებს ვყვები მოხაზულობებით, წრეებით, წერტილებით და ფერებით. ჩვეულებრივ, წინასწარ არ ვიცი, რა შედეგს მივიღებ", - ამბობს, ესპანელი მხატვარი - სებასტიან ეჩარი გონსალესი, რომლის ნამუშევრებიც მრავალ ადამიანს აღაფრთოვანებს...
სებასტიან ეჩარი გონსალესთან ინტერვიუს ჩასაწერად მისმა ქართველმა მეგობარმა - ნანა ტომარაძემ დაგვაკავშირა...
- ბატონო სებასტიან, რა გსმენიათ საქართველოს შესახებ?
- დღემდე ბევრი არ ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, ახლა კი მეტი ვიცი ჩემი მეგობრის, ნანკას წყალობით.

- გიფიქრიათ რამე ქართული დაგეხატათ?
- რადგან აქამდე ინფორმაცია არ მქონდა საქართველოს შესახებ, არც მიფიქრია ამ მიმართულებით რაიმეს დახატვა. ახლა კი ცოტა რამ ვიცი როგორც ქვეყანაზე, ასევე, ქართველებზეც იმ ამბების წყალობით, რაც ნანკამ მიამბო. ყოველთვის შესაძლებელია რაღაც ახალი გაკეთდეს, როცა მეტი ინფორმაცია გაქვს და იცი, რისკენ არის მიმართული ნახატი.
- რას იტყვით თქვეს შემოქმედებაზე, რა გაძლევთ ამდენად დიდ მოტივაციას?
- ჩემი ნახატების მოტივაცია დღევანდელ დღემდე არ არის სხვა რამ, თუ არა ჩემი დღიურის, ჩემი ყოველდღიურობის, ჩემი განცდებისა და სენსაციების გადატანა ქაღალდზე. ფერთა და გეომეტრიული ფორმების საშუალებით, უმეტეს შემთხვევაში, მინდა გამოვხატო ჩემი განწყობა და ის, რასაც ეს განცდები და სიტუაციები იწვევს ჩემში. ერთის მეორეზე დადება აღნიშნავს იმ მნიშვნელობას, რაც კონკრეტულ მომენტში აქვს ამ სიტუაციას ჩემთვის, რადგან ცხოვრება ბრტყელი არ არის: ბევრი რამ ხდება ერთდროულად - კარგი და ცუდი... და ეს არის ჩემი გზა, რომ გამოვყო, დავალაგო, შევაფასო - რა, რატომ ხდება და რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩემს შინაგან "ბიბლიოთეკაში"...

საბოლოოდ, როგორც შეიძლება ითქვას, ეს ჰგავს ერთ ამოსუნთქვაზე ასგვერდიანი წიგნის წაკითხვას. რა თქმა უნდა, ყველაფერს არ ვხატავ, არამედ, მხოლოდ იმას, რაც არ მასვენებს, არ მაძინებს, მაწუხებს - და ასევე იმას, რაც დიდ სიხარულს მანიჭებს.
ეს არის ჩემი გზა, რომ შიგნიდან წესრიგი შევინარჩუნო და თავიდან ავიცილო რთული, მოსანელებელი ქაოსი, რომელიც ძნელია სამართავად.

ხატვა ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობიდანვე ხატვას ვცდილობდი, ბუნებრივი მოდელებით. შემდგომში, მგონია, რომ სხვადასხვა ტექნიკასა და დისციპლინას შევეხე, მაგრამ დიდხანს არ შევჩერებულვარ ერთ რამეზე, რადგან ბევრი სხვა გატაცება და ინტერესიც მქონდა: მუსიკა, სპორტი, მოგზაურობა და სხვ... მე არ ვთვლი თავს დიდ ავტორიტეტად ხელოვნების სამყაროში, თუმცა ყოველთვის მხიბლავდა აბსტრაქტული, განსხვავებული, უჩვეულო...
ჩემს გატაცებებში ყოველთვის ვცდილობდი ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებები ჩემი ხელით დამეხატა, გადმომეცა. ახლა, ასაკში და მეტ სიმშვიდეში, უკვე უფრო მაინტერესებს ხელოვნების სამყარო: დროის გატარება გამოფენებზე, მუზეუმებში, ტკბობა ცეკვითა და თეატრით, წიგნების კითხვა, რომლებიც სხვადასხვა ხელოვნების მიმდინარეობაზეა და ვცდილობ გავიგო, რა უნდოდათ ეთქვათ იმ არტისტებს თავიანთი ნამუშევრებით.

ახლა ვგრძნობ, რომ ბევრი რამის გაგება შემიძლია, რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი. ახლა საათობით შემიძლია ვუყურო სურათებს, ქანდაკებებს, კოლაჟებს, ინსტალაციებს და მათგან ისეთი გემო „გამოვიტანო“, რაც ადრე არასოდეს მქონია გამოცდილი. შემიძლია ამ ნუგბარით ვიკვებო და დავტკბე უპრობლემოდ, სიმშვიდით, ბოლომდე დავკმაყოფილდე, თანაც ვიგრძნო, რომ ჯერ კიდევ არსებობს არაჩვეულებრივი გემოები, რომელთა აღმოჩენაც წინ მელოდება.
- რას იტყოდით პიკასოსთან შედარებაზე?
- ამას ნანკა ამბობს, მაგრამ ასე არ არის. კიდევ ძალიან ბევრია, ვინც იმავეს ამბობს, მაგრამ ჩემთვის ეს „დიდი სიტყვებია“!… პიკასო იყო გენიოსი, სუპერ-ხელოვანი. ის ფლობდა უამრავ ტექნიკას და ყველა მათგანი კარგად ჰქონდა შესწავლილი! რასაც მე ვაკეთებ, ბევრად უფრო მარტივია. უბრალოდ, ისტორიებს ვყვები, ჩემს განცდებს, ჩემს გამოცდილებებს - მოხაზულობებით, წრეებით, წერტილებით და ფერებით. ჩვეულებრივ, წინასწარ არ ვიცი, რა შედეგს მივიღებ.

ხაზებით მივანიშნებ, რა მნიშვნელობა აქვს მას ჩემს ცხოვრებაში, ფორმებით - რამდენად მტკივნეული, ბასრი, მძიმე ან ლამაზი შეიძლება იყოს ეს მოვლენა, ჩემი ცხოვრების იმ კონკრეტულ მომენტში, ფერებს კი შეუძლიათ აღნიშნონ როგორც ისტორიის ტონი, ისე - დღეთა ხანგრძლივობა, რასაც ეს თემა მოიცავს. ასევე, თითოეულ ადამიანს ან ელემენტს, რომელიც მონაწილეობს ჩემს ისტორიაში, საკუთარ ფერს ვანიჭებ. ამის შემდეგ ვამატებ რაღაცებს ნახატის გარშემო (მოვლენის გარშემო), ან ვხაზავ დროის ხაზს, რომელიც განსაზღვრავს მნიშვნელობას. ამ ყველაფერს ვაძლევ ვიზუალს - მხიარულს, სევდიანს, რბილს ან აგრესიულს, და ამგვარად ვავსებ სიცარიელეებს ლოგიკურად: ან ყველაფერს ვავსებ, ან ვტოვებ სივრცეს, ჰაერს, დაუხატავ ადგილებს.

ყოველდღე ვაკეთებ ჩანაწერებს, თუ ვიცი, რომ დრო არ მექნება ხატვისთვის. რამდენიმე დღეში ვჯდები ფურცელთან და ვხატავ იმას, რაც თავში მიტრიალებს. ასე, ვიზუალურად, ვაცნობიერებ, რამდენად მძიმეა ის, რაც მოხდა ან ხდება. მართალია, როდესაც ეს მოვლენა გადის და უკან რჩება, ნახატში ესეც ჩანს. თუ აღარ არის გაგრძელება, რჩება ბევრი ცარიელი ადგილი და ისტორია მნიშვნელობას კარგავს… ბევრი ნახატი ჩემს სახლში დაუსრულებელი რჩება, ცარიელი ფინალით და ელოდება, იქნებ ოდესმე, რაიმე მიზეზით, რამე გამახსენოს და კვლავ დავჯდე, რომ დავასრულო… ან სულაც ვერასდროს დავასრულო... მე ამას ძალიან მარტივად ვუყურებ. ეს საჭიროებს დროს, მოთმინებას და ცოტა გემოვნებას, რომ სასიამოვნო ან უსიამოვნო გახადო, იმის მიხედვით, თუ როგორია ისტორია.
ჩემთვის ეს არის „ჩემი დღიური“ - უბრალოდ წერას კი არა, ხატვას ვანიჭებ უპირატესობას.
(სპეციალურად საიტისთვის)
იხილეთ ფოტოგალერეა: