"შეჯახების შემდეგ მანქანას ცეცხლის გაუჩნდა...სამივე ადგილზე დაიღუპა" - კასპთან მომხდარი შემზარავი ავარიის დეტალები - კვირის პალიტრა

"შეჯახების შემდეგ მანქანას ცეცხლის გაუჩნდა...სამივე ადგილზე დაიღუპა" - კასპთან მომხდარი შემზარავი ავარიის დეტალები

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ კავთისხევში მერის წარმომადგენელის მიხეილ კელაპტრიშვილის თქმით, ტრაგედია წუხელ, გვიან დატრიალდა.

"ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. სავარაუდოდ, წუხელ პირველიდან ორ საათამდეა მომხდარი ეს ავარია. დილას ვიყავი გასული შემთხვევის ადგილზე და ვნახე ტრაგედიის ადგილი. სამი ახალგაზრდა კაცია ადგილზე გარდაცვლილი - 30 წელს გადაცილებულები იყვნენ. ერთი დაოჯახებულია, ორი არა.

მანქანას შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა... დაიწვა მანქანაში მყოფი სამივე ადამიანი. როგორც მითხრეს, გარდაცვლილები არიან სოფელი ნიჩბისის მაცხოვრებლები.

რა იყო ავარიის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. თუმცა, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარეა მიზეზი", - ამბობს ჩვენთან საუბარში მიხეილ კელაპტრიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.