"დავინახე საშინელი ავარია, ცუდად გავხდი...საწყლებს გადარჩენის შანსიც კი არ ჰქონდათ" - რას ჰყვება კასპთან დატრიალებული ტრაგედიის თვითმხილველი - კვირის პალიტრა

"დავინახე საშინელი ავარია, ცუდად გავხდი...საწყლებს გადარჩენის შანსიც კი არ ჰქონდათ" - რას ჰყვება კასპთან დატრიალებული ტრაგედიის თვითმხილველი

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევში გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილები არიან სოფელ ნიჩბისის მცხოვრებნი: მახო ლელუაშვილი, ლერი ხიზანიშვილი და გურამ გოჩიაშვილი.

სოფელ კავთისხევში მერის წარმომადგენელის მიხეილ კელაპტრიშვილის თქმით, ტრაგედია წუხელ, გვიან დატრიალდა.

"ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. სავარაუდოდ, წუხელ პირველიდან ორ საათამდეა მომხდარი ეს ავარია. დილას ვიყავი გასული შემთხვევის ადგილზე და ვნახე ტრაგედიის ადგილი. სამი ახალგაზრდა კაცია ადგილზე გარდაცვლილი - 30 წელს გადაცილებულები იყვნენ. ერთი დაოჯახებულია, ორი არა.

მანქანას შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა... დაიწვა მანქანაში მყოფი სამივე ადამიანი. როგორც მითხრეს, გარდაცვლილები არიან სოფელი ნიჩბისის მაცხოვრებლები. რა იყო ავარიის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. თუმცა, სავარაუდოდ, ტრაგედია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია", - ამბობს ჩვენთან საუბარში მიხეილ კელაპტრიშვილი.

ჩვენი ინფორმაციით ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. სამი გარდაცვლილიდან ერთი, მახო ლელუაშვილი დაოჯახებული იყო.

"საოცარი ადამიანი იყო მახო, ძალიან კარგი ოჯახი აქვს. ძნელია ახლა რაიმე სანუგეშო უთხრა მის მეუღლეს, ოჯახს. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ძალიან განვიცდი", - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

ჩვენ ტრაგედიის თვითმხილველსაც გავესაუბრეთ.

" წუხელ, ღამით მივდიოდით სოფლისკენ. შორიდან შევნიშნეთ ძალიან ბევრი მანქანა, რომლებსაც "ავარიულები" ჩართული ჰქონდათ. იქვე იყო პოლიცია და მივხვდით, რაღაც ცუდი იყო მომხდარი...

დავინახეთ საშინელი ავარია. მანქანა ხეზე ისე იყო შემოხვეული, მისი მარკა ვერ გავარჩიეთ... ვერცხლისფერი იყო. საშინელება ტრიალებდა. გამოველაპარაკე პოლიციელს და მან გვითხრა, რომ მანქანა, სავარაუდოდ, ხეს შეეჯახა, ცეცხლი გაუჩნდა და მასში დაიწვა სამი ადამიანი.

მანქანა უკვე ევაკუატორზე ჰყავდათ. რომ შევხედე, ცუდად გავხდი - მთლიანად დაჭმუჭნული რკინა იყო და იქ ადამიანის გადარჩენის შანსი არ არსებობდა. სავარაუდოდ, კავთისხევიდან მომავალი გადავიდა მარცხენა ზოლში და ხეს დაეჯახა. საწყლებმა კი გადმოსვლა ვერ მოახერხეს. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს,” - ამბობს ტრაგედიის თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.