"ღამით კონტეს სიზმარში ღვთისმშობელი გამოეცხადა და ჰკითხა: "რატომ წამიყვანე სახლიდან?" დილით გრაფი ტაძარში გაემართა, ხატი შინ წააბრძანა და მაშინვე მისი ეტლს მიჯაჭვული ქალიშვილი ფეხზე წამოდგა, ფრთხილად მიუახლოვდა ხატს და თაყვანი სცა"
"ჯარისკაცები მონასტერში შედიოდნენ და მირონით ჩექმებს იწმენდდნენ... აქვე ნახავთ იმ ღრუბლის ნაწილს, რომლითაც ჯვარცმულ ქრისტეს ძმარი მიაწოდეს, ლურსმანს, რომლითაც უფალი მიმსჭვალეს": უჩვეულო მოვლენა - ღვთისმშობლის ხატთან აყვავებული ხმელი შროშნები
პანტანასას მონასტერი არა მხოლოდ თავისი სასწაულმოქმედი ხატითაა გამორჩეული. მონასტრის მუზეუმში სამზე მეტი სიწმინდე ინახება. მუზეუმის თავზე ყოველთა წმინდათა სახელობის პატარა ტაძარი მდებარეობს.
სიწმინდეები შემინულ სანაწილეებშია დაცული. ერთ-ერთი სანაწილიდან, სადაც წმინდა დიმიტრი თესალონიკელის მირონმდინარე ნაწილია მოთავსებული, საოცარი კეთილსურნელება იფრქვევა. მისი სხეულიდან მირონის დენა მაშინ დაიწყო, როდესაც წმინდანს აწამებდნენ. მონასტრის წინამძღვარი მამა გიორგი რაზმაძე მტკივნეულ ისტორიასაც იხსენებს: თურქული ოკუპაციის დროს, თურქი ჯარისკაცები მონასტერში შედიოდნენ და მირონს ჩექმების გასაწმენდად იყენებდნენ. სამწუხაროდ, კაცობრიობის ისტორიას ასეთი უდიერების მაგალითები მრავლად ახსოვს.
სიწმინდეთა სიმრავლე მომლოცველებში გაოცებასა და კრძალვას იწვევს. მართლაც საოცარია, როდესაც ხილულად ხედავ ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილს, იმ ღრუბლის ნაწილს, რომლითაც ჯვარცმულ ქრისტეს ძმარი მიაწოდეს, ლურსმანს, რომლითაც უფალი მიმსჭვალეს. აქვეა იოანე ნათლისმცემლის, მოციქულების - ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, ასევე, სახარების პერსონაჟების - იოსებ დამწინდველისა და იოსებ არიმათიელის - ნაწილები.
მუზეუმში ინახება ხელთუქმნელი ჯვარიც, რომელიც წლების წინ ქეთევან წამებულის ტაძრის მშენებლობისას მოჭრილ ნაძვის ხეზე აღმოაჩინეს.
აქვეა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მკლავის ნაწილი და მისი ორი ფაჩუჩი, რომელთაგან ერთი 16 წლის განმავლობაში წმინდანის გულზე ესვენა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სიწმინდეებისა, რომლებიც ამ ერთ სივრცეში, პანტანასას მონასტრის მუზეუმშია თავმოყრილი.
ამჯერად, ღვთისმშობლის ხატთან აყვავებულ შროშანზე მინდა გიამბოთ, რომელიც პანტანასას მონასტრის მუზეუმშია დაცული.
უჩვეულო მოვლენა კეფალონიაზე
შროშნების ქალბატონი - პანაგია გრავალიოტისა
კეფალონიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ პასტრაში, საუკუნეების განმავლობაში ხდება უჩვეულო მოვლენა - ყოველ 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის წმინდა ხატში მოთავსებული გამხმარი შროშნები „ცოცხლდებიან“. ისინი მწვანე ფოთლებსა და კვირტებს ისხამენ, რომლებიც ყვავილობისთვის მზადაა. ეს ყველაფერი ერთ ღამეში ხდება. ეს ამოუხსნელი ფენომენი იმდენად უჩვეულოა, რომ მეცნიერებას მისთვის დღემდე ახსნა არ მოუძებნია. მორწმუნეთათვის კი ეს სასწაული, რომელიც კეფალონიაზე ყოველწლიურად ხდება, ღვთის მადლისა და ნუგეშის წყაროა. ადგილობრივები ამას „პანაგია გრავალიოტისას“ სასწაულს უწოდებენ და მოუთმენლად ელიან ღვთისმშობლის საოცარ გამოცხადებას.
ხატის სახელწოდებას საინტერესო ისტორია აქვს. დაახლოებით 1702 წელს ადგილობრივი მმართველის, გრაფი კონტე ლიანოსის მსახურს, ვაზის გასაშენებლად მიწის დამუშავებისას ფოცხში ხის მასალა გაეჭედა, რომელიც ღვთისმშობლის ხატი აღმოჩნდა. სწორედ „გრავალადან“ ანუ ფოცხიდან მიიღო ხატმა სახელი „გრავალიოტისა“.
შეშინებულმა მუშამ ხატი მშრალი ბალახის გროვაში დადო და კონტეს გასაფრთხილებლად გაიქცა. კონტემ, საქმეებით დაკავებულმა, უბრძანა, რომ სიწმინდე წმინდა დიმიტრიოსის ეკლესიაში წაეღო. ღამით კონტეს სიზმარში ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „რატომ წამიყვანე სახლიდან?“ დილით გრაფი ეკლესიაში გაემართა, ხატი შინ წააბრძანა და მაშინვე მისი ეტლს მიჯაჭვული ქალიშვილი ფეხზე წამოდგა, ფრთხილად მიუახლოვდა ხატს და თაყვანი სცა.
კონტემ გადაწყვიტა, ხატის აღმოჩენის ადგილზე ტაძარი აეგო. მშენებლები, ადგილზე მისულები, უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ: მშრალი ბალახის გროვა, რომელზეც მუშამ ხატი დადო, აყვავებული იყო, მწვანე ფოთლებითა და პატარა შროშნებით.
ყოველწლიური ტრადიცია
ამ სასწაულის მოსახსენიებლად, ყოველ 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის დღესასწაულზე, ხმელი შროშნები ყვავიან. სოფელში მცხოვრები ქალები აპრილიდან მაისამდე აგროვებენ შროშნებს და სახლებში ინახავენ. 1-ელ აგვისტოს კი ისინი ეკლესიაში მიაქვთ, სადაც მღვდელი მათ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატში ათავსებს. 10-იდან 15 აგვისტომდე გამხმარი შროშნების ტოტები მწვანე ფოთლებსა და ახალ კვირტებს ისხამენ. ღვთისმშობლის დღესასწაულის საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მღვდელი ხატს ხსნის და აყვავებულ შროშნებს მორწმუნეებს ურიგებს. მორწმუნეებს კი შროშანი მიაქვთ, როგორც უშუალოდ ღვთისმშობლის მადლით ბოძებული ღვთიური კურთხევა. ისინი მიიჩნევენ, რომ შინ მიტანილი ყვავილი მთელი წლის განმავლობაში ოჯახის და სახლის დაცვას და მფარველობას უზრუნველყოფს და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეეწევათ დედა ღვთისმშობელი.
ეს ამოუხსნელი ფენომენი აოცებს უამრავ მომლოცველს, რომლებიც პანაგია გრავალიოტისას ხატის სანახავად და კურთხევის მისაღებად ჩამოდიან.
შროშანის სიმბოლური მნიშვნელობა
ხატებზე ხშირად გამოსახული თეთრი შროშანი სიწმინდისა და სისუფთავის სიმბოლოა.
ლეგენდის თანახმად, ეს ყვავილი დედამიწაზე ევას ზეციდან განდევნის შემდეგ გაჩნდა. ევას მწარე ცრემლები, რომლებიც მიწაზე დაეცა, თეთრ შროშნებად გადაიქცა.
კიდევ ერთი ვერსიით, როდესაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს უბიწო ჩასახვის შესახებ ახარა, მას ხელში თეთრი შროშანი ეჭირა. ამიტომ, მორწმუნეებს დღემდე, ხარების დღესასწაულზე ხატთან თეთრი შროშნებიც მიაქვთ, რითაც პატივს მიაგებენ ამ საღვთო მოვლენას.
პანტანასას მონასტრის მუზეუმის მოლოცვისას საკუთარი თვალით შეგიძლიათ იხილოთ ღვთისმშობლის ხატთან აყვავებული შროშანი და ამ უჩვეულო მოვლენის მადლსაც შეგიძლიათ ეზიაროთ.
შორენა მერკვილაძე
(სპეციალურად საიტისთვის)