"განსაკუთრებით მახსოვს ერთი პატარა ბიჭი, რომელიც ფეხშიშველი, ტალახში მიმიძღვებოდა მშობლებთან და თვალს ვერ მაშორებდა ფეხსაცმელზე. მის მზერაში იყო გაოცე - კვირის პალიტრა

"განსაკუთრებით მახსოვს ერთი პატარა ბიჭი, რომელიც ფეხშიშველი, ტალახში მიმიძღვებოდა მშობლებთან და თვალს ვერ მაშორებდა ფეხსაცმელზე. მის მზერაში იყო გაოცება და რაღაცნაირი სევდაც. მადაგასკარში იყო ადგილები, სადაც თეთრკანიანი ადამიანი არასოდეს ენახათ, ზოგჯერ ჩემი დანახვისას ტიროდნენ კიდეც"

"მივდიოდი იქ, სადაც არ ვიცოდი, რა მელოდა, იმ რეგიონებში, სადაც ცივილიზაციის თითქმის არანაირი კვალი არ იყო. ყველაზე მძაფრად დამამახსოვრდა ბავშვების რეაქცია. იყო ისეთი ადგილები, სადაც თეთრკანიანი ადამიანი არასდროს ენახათ. ზოგჯერ, ჩემი დანახვისას ტიროდნენ კიდეც, რაც ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იყო", - ამბობს ალექსი კეზევაძე.

იგი მრავალ ქვეყანაშია ნამყოფი და ექსტრემალური თავგადასავლების, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შესახებ გვიამბობს...

- მოგზაურობა 20 წლის ასაკში დავიწყე, ჯერ საქართველოში. ლაშქრობები, კარავში გათენებული ღამეები, მარტივი თუ რთული მარშრუტები, ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. სწორედ ამ გზებზე აღმოვაჩინე უამრავი ულამაზესი ადგილი, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. საგარეო მოგზაურობებისკენ გზა სტამბოლით დაიწყო. 2014 წლამდე, იქ დაახლოებით თხუთმეტჯერ ვიყავი, უმეტესად, მამაჩემთან ერთად, მისი საქმიანობიდან გამომდინარე. მოგვიანებით, როცა 2014 წელს დავქორწინდი, საქორწინო მოგზაურობად სწორედ სტამბოლი ავირჩიეთ, ქალაქი, რომელიც უკვე კარგად ვიცოდი.

ევროპაში მოგზაურობის სურვილი ყოველთვის მქონდა, განსაკუთრებით უვიზო მიმოსვლის შემდეგ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, თავს ვიკავებდი. ერთ დღეს კი, 2018 წლის ნოემბერში, ჩემი მეუღლე (რომელიც აეროპორტში მუშაობდა) სახლში პარიზის ბილეთებით დაბრუნდა. ასე დაიწყო ჩემი პირველი ევროპული თავგადასავალი საფრანგეთში. პარიზთან ერთად მოვინახულეთ ამსტერდამიც და მიღებულმა შთაბეჭდილებებმა იმდენად შეგვაყვარა მოგზაურობა, რომ მაშინვე გადავწყვიტეთ, ყოველი ახალი მოგზაურობის შემდეგ აუცილებლად გვეყიდა ბილეთი მომდევნო ქვეყნების აღმოსაჩენად.

486642633-122223831332155137-1592258773540711771-n-1760734459.jpg

- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა სად იყო?

- ბოლო მოგზაურობა ერთდროულად იყო ექსტრემალურიც, უნიკალურიც და დაუვიწყარიც. 14 დღე გავატარე მადაგასკარში. ქვეყანაში, რომელიც სიღარიბის დონით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა მსოფლიოში. მივდიოდი იქ, სადაც არ ვიცოდი, რა მელოდა, იმ რეგიონებში, სადაც ცივილიზაციის თითქმის არანაირი კვალი არ იყო. ყველაზე მძაფრად დამამახსოვრდა ბავშვების რეაქცია. იყო ისეთი ადგილები, სადაც თეთრკანიანი ადამიანი არასდროს ენახათ. ზოგჯერ ჩემი დანახვისას ტიროდნენ კიდეც, რაც ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იყო. განსაკუთრებით მახსოვს ერთი პატარა ბიჭი, რომელიც ფეხშიშველი, ტალახში მიმიძღვებოდა მშობლებთან და თვალს ვერ მაშორებდა ფეხსაცმელზე. მის მზერაში იყო გაოცება და რაღაცნაირი სევდაც. ალბათ მისთვის უცხო ტომის წარმომადგენელი ვიყავი. იყო მომენტები, როდესაც საკმარისი იყო მხოლოდ ნახევარი წუთით გაჩერება და მალევე, 20–30 ადამიანი იკრიბებოდა გარშემო. თავიდან ეს ცოტა მაშინებდა, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე. ზოგიერთ დღეს ისეთ გარემოში მიწევდა საკვების მიღება, რომლის აღწერაც სიტყვებით რთულია. საჭმელი მზადდებოდა ყველაზე მარტივი საშუალებებით, ზოგჯერ არაჯეროვან პირობებში, სრული ანტისანიტარია იყო, მაგრამ სხვა გზა არ არსებობდა. მინდოდა ბოლომდე გამეცნო მათი ყოველდღიურობა, მეგრძნო, როგორი იყო ცხოვრება მათ შორის, თუნდაც ცოტა ხნით. ეს გამოცდილება ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ მოგზაურობად დარჩება. იმ მოგზაურობად, რომელმაც ამიხილა თვალები იმ რეალობაზე, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი გვრჩება.

bavshvebi-children-1760734049.png

- როგორც ვიცი, კენიაშიც იყავით...

- კენიაში ტრანზიტით გვიწევდა ყოფნა, დაახლოებით თორმეტსაათიანი გადაჯდომა გვქონდა, ამიტომ აეროპორტში ლოდინს ქალაქის დათვალიერება ვამჯობინეთ. ვიზა მარტივად ავიღე და დილაადრიან, ნაირობის აღმოჩენა დავიწყე. ეს ჩემთვის ახალი კონტინენტი და აფრიკის ახალი ქვეყანა იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ბევრი ინფორმაცია მქონდა მოძიებული, ადგილზე სულ სხვა ემოცია დამეუფლა. პირველი შთაბეჭდილება ტაქსის მძღოლმა მოახდინა, რომელმაც გაგვაფრთხილა იმ უბნებზე, სადაც შესვლა საშიში იყო. ეს ცოტა დამთრგუნველი აღმოჩნდა, განსაკუთრებით ჩემთვის, რომელსაც უკვე ოცამდე ევროპული ქვეყანა ჰქონდა ნანახი და უსაფრთხოების საკითხებზე არასდროს დავფიქრებულვარ. მიუხედავად იმისა, რომ ნაირობი ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქალაქად ითვლება აფრიკაში, ჩემთვის მაინც ემოციური იყო იმის დანახვა, რომ პრაქტიკულად ყველა დაწესებულებას შეიარაღებული დაცვა იცავდა. მახსოვს დილა, როცა საუზმეზე შევედით ერთ-ერთ რესტორანში და გარეთ რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი იცავდა შენობას. ასეთ გარემოში საუზმე არასდროს მქონია. ქალაქში სეირნობისას იყო მომენტები, როცა ქუჩაში რამდენიმე ადამიანი გამოგვყვა - ზოგი რაღაცას გვთხოვდა, ზოგს ჩვენი ნახვა უნდოდა. იმ მომენტში საკუთარ თავს ვკითხე: რა მინდოდა აქ?! და რას ვეძებდი ამ ქვეყანაში?! მაგრამ ზუსტად ასეთ მომენტებში ხვდები, რატომ მოგზაურობ. თუ გინდა აღმოაჩინო, თუ გინდა გამოცადო და გაიგო, როგორია სამყარო შენი კომფორტის ზონის მიღმა, უნდა გაბედო და წახვიდე.

კენიაში საკუთარი თვალით ვნახე, რა პირობებში უწევთ ადამიანებს არსებობა. ქვეყანაში საშუალო ხელფასი დაახლოებით 100 ევროა თვეში, რაც ხშირად საკმარისი არაა ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ვნახე, როგორ ცხოვრობს შვიდი ადამიანისგან შემდგარი ოჯახი ერთ ოთახში. ვნახე, რა პირობებში ამზადებენ საჭმელს, როგორ რეცხავენ ტალახიან მდინარეში საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელთან ერთად.

558034881-122262596240155137-6981483078377701344-n-1760734194.jpg

უბრალოდ, ვიფიქრე იმაზე, რომ ადგილობრივებისთვის ეს საკვები ჩვეულებრივი მოვლენაა. არ ვფიქრობდი იმაზე, როგორ იყო მომზადებული, ან რა პირობებში, რადგან იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ ვიყავით, უახლოესი მაღაზიაც კი, სადაც ნორმალური კვების შესაძლებლობა იქნებოდა, 100 კილომეტრში მდებარეობდა. ამიტომ, უბრალოდ მივიღე სიტუაცია, როგორც იყო და შევეცადე მარტივად შევგუებოდი გარემოს.

- ზოგიერთ ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით გიწევთ ჩასვლა?

- უკვე ხუთი წელია, ჩაის ინდუსტრიაში ვმუშაობ. ყველაფერი 2017 წელს დაიწყო, როცა რამდენიმე მეგობარს, ესტონეთიდან და ლიეტუვიდან, გაუჩნდა იდეა, საქართველო მსოფლიო რუკაზე დაბრუნებულიყო, როგორც უმაღლესი ხარისხის ჩაის მწარმოებელი ქვეყანა. გადავწყვიტეთ ყველასგან მივიწყებული ჩაის პლანტაციების გაცოცხლება. მიუხედავად უამრავი სირთულისა, დღემდე არ ვნებდებით და ჩვენი საქმიანობა აგრძელებს განვითარებას. პირველ ეტაპზე მიზანი მხოლოდ ჩაის გარშემო ტრიალებდა, თუმცა დროთა განმავლობაში იდეამ უფრო ფართო სახე მიიღო. გვინდოდა ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის მსოფლიოს 45 ქვეყანაში არამარტო ჩაი, არამედ, ისტორიაც შეგვეთავაზებინა - ამბავი იმ ადგილების შესახებ, სადაც ბუნება ქმნის განსაკუთრებულ პროდუქტს, მაგრამ მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ იცნობს.

ასე მივედით მადაგასკარამდე.

აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანას აქვს საოცარი, მაგრამ თითქმის უცნობი ყავის კულტურა. ჩვენი მიზანი გახდა თავად გვენახა ეს გარემო, გაგვეცნო ადგილობრივი საზოგადოება, გაგვეგო, როგორ ცხოვრობენ ადამიანები და როგორ შეიძლება მათთან ერთად, პარტნიორობით, შევძლოთ ამ უნიკალური ყავის მსოფლიომდე მიტანა. ჩვენთვის ეს მოგზაურობა მხოლოდ ექსპედიცია არ ყოფილა, ეს იყო მცდელობა, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგვედგა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შრომობენ ბუნების საოცარ სიმდიდრესთან, მაგრამ ხშირად საზოგადოების თვალს მიღმა რჩებიან. თუ ჩვენი დახმარებით, თუნდაც რამდენიმე ოჯახს შეეძლება უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა, მაშინ ეს რისკი ნამდვილად ღირდა.

557636410-122262596306155137-1259687145713715677-n-1760735205.jpg

- სადმე ქართველი შეგხვედრიათ?

- ანდორა ერთ-ერთი პატარა სახელმწიფოა ევროპაში, თუმცა კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. მანქანით გადაადგილებისას შემთხვევით შევხვდით ე.წ. რეიდს, სადაც ყველა შემომსვლელს და გამსვლელს ამოწმებდნენ. როცა ჩვენი შემოწმების დრო მოვიდა, პოლიციის თანამშრომელს პასპორტები მივაწოდეთ და მისი რეაქცია არასდროს დამავიწყდება: „ჰეეჰ“. წამიერად გავიფიქრე, რომ რაღაც ისე არ იყო, თუმცა უცებ გაიღიმა და სიზუსტით ამგვარად მკითხა: „ოოგორ ჰაარ“. ეს იყო ყველაზე სასიამოვნო „როგორ ხარ“, რომელიც არასდროს დამავიწყდება – მიუხედავად იმისა, რომ გამოთქმა სრულიად არასწორი იყო... ბევრი დრო არ გვქონდა, ვკითხე საქართველოში თუ იყო ნამყოფი და მითხრა რომ არა, მაგრამ ძალიან სურდა მოგზაურობა. მითხრა რომ ქართული სამზარეულოს შესახებ იცის და ძალიან აინტერესებდა.

- ახსენეთ, რომ საქართველოში ღამეს კარვებში ათევდით, ოდესმე ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩენილხართ?

- საქართველოში ბევრ ადგილზე მქონია კარვით დარჩენის გამოცდილება, თითქმის ყველა რეგიონში. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო მესტიაში, მთების გულში, შუა ტყეში, სადაც ორ მეგობართან ერთად დავრჩი. შინაგანი შიში მქონდა, განსაკუთრებით გარეული ცხოველის მიმართ, თუმცა ამას ვერავინ ამჩნევდა. ერთ ღამეს, უცნაურმა ხმამ გამომაღვიძა. სწრაფად ავდექი, ფანარი მოვიმარჯვე და დავიწყე ხმის წყაროს ძებნა. შორიდან შევნიშნე რაღაც, რაც ჩემი ფანრის შუქს ირეკლავდა და ნელ-ნელა ახლოვდებოდა. აშკარად ცხოველი იყო და პირველი რაც გავიფიქრე, ცეცხლის გაღვივება ან ხმაურის გამოწვევა იყო. საინტერესო იყო, რომ ჩემ მეგობრებს ისე ეძინათ, არაფერი გაუგიათ. დილით კი აღმოჩნდა, რომ ეს „მტერი“ უბრალოდ დაკარგული ძროხა იყო, რომელიც გზას ვერ პოულობდა.

collage-1760735769.png

- ევროპაში მოგზაურობაზე, პარიზში გატარებულ რომანტიკულ დღეებზეც რომ გვიამბოთ...

- წინასწარ ბევრი ინფორმაცია მოვიძიეთ, დავგეგმეთ თითოეული დღე და მზად ვიყავით. პარიზი ყოველთვის განსაკუთრებული ქალაქია, ის მხოლოდ ეიფელის კოშკი არაა; ეს არის კულტურა, ემოცია და მრავალფეროვნება. დისნეილენდის ბილეთებიც წინასწარ ვიყიდეთ და რეალობამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ვისურვებდი, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, იქ ერთი სრული დღე მაინც გაატაროს, იქაურობის სურნელი შეიგრძნოს და საკუთარი თვალით იხილოს ის ყველაფერი. 28 ნოემბერს, ჩვენი შვილის 10 წლის იუბილეა და მიგვყავს პარიზში, დისნეიში ჩვენს მეგობრებთან ერთად. ჯერ არ იცის, რა სიურპრიზი ელოდება.

რაც შეეხება ევროპაში მოგზაურობას, მზე და სიცხე არ მიყვარს. ყოველთვის ვამბობდი და სურვილი მქონდა მეცხოვრა ისეთ ქვეყნებში, სადაც სიცივე იყო. ერთ დღესაც, 2023 წლის მარტში მოვხვდი ფინეთში. აი მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა სიცივე, როდესაც თერმომეტრი -17 გრადუსს აჩვენებდა და იგრძნობოდა როგორც -22. ამის შემდეგ აღარც კი გამიფიქრებია, რომ ცივ ქვეყნებში ცხოვრების სურვილი მქონდა. დედაქალაქში არ არის ციალი, უფრო მოშორებითაა. მე მხოლოდ ჰელსინკიში ვიყავი ერთი სრული დღით და ვერ მოვახერხე.

სამომავლოდ, ისლანდიის აღმოჩენას ვაპირებ და აუცილებლად დავამთხვევ მაგ პერიოდს. პორტუგალიამ დამანახა საოცარი მხარეები, განსაკუთრებით, პორტომ. იქ არსებული განწყობა უნიკალურია. ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა ერთმანეთს საოცრად ერწყმის. ფასებიც საკმაოდ მისაღებია ყველა სერვისზე.

შვეიცარიაზეც აუცილებლად უნდა ვთქვა. ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რომელიც ორი წლის წინ ავისრულე. რაც ვნახე, სიტყვებით აღუწერელია: გამწვანებული ალპები, მოწესრიგებული ქალაქები, ყოველი დეტალი საოცრად ზუსტად არის დაგეგმილი. მართლაც, სამოთხეა დედამიწაზე. თუმცა, იქვე აღვნიშნე, რომ ჩვენი ქვეყანა ბუნების სილამაზით არც ჩამოუვარდება, უბრალოდ, ინფრასტრუქტურასა და ზოგიერთ დამოკიდებულებაში სხვაობა ცასა და დედამიწას ჰგავს.

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტოები ეკუთვნის ალექსი კეზევაძეს

(სპეციალურად საიტისთვის)