ტრამპის აფერა „ტომაჰავკებით“- ისევ პუტინთან მოლაპარაკება, ისევ ხახამშრალად დარჩენილი ზელენსკი...
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში მსოფლიოს დიდი ნაწილი და პირველ რიგში მისი უკრაინელი კოლეგა, რომელმაც ვაშინგტონის აეროპორტში დაშვებული თვითმფრინავის ტრაპზე ჩამოსვლისას შეიტყო, რომ თურმე ტყუილად უფრენია ამხელა გზა-„ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტების გადაცემას უკრაინის არმიისთვის ტრამპი აღარ აპირებდა...
მანამდე უკრაინული და თავად ამერიკული მხარეებიც დიდი პომპეზურობით აანონსებდნენ, რომ 17 ოქტომბერს ვაშინგტონში დაგეგმილ ტრამპი-ზელენსკის „ისტორიულ“ შეხვედრაზე თითქოს თეთრი სახლი დათანხმდებოდა უკრაინისთვის 20-დან 50-მდე ფრთოსანი რაკეტის „ტომაჰავკის“ გადაცემას, რომლებითაც უკრაინა მაქსიმუმ 1 600 კმ-ის სიღრმეში შეძლებდა რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების დიდი სიზუსტით დაზიანება/განადგურებას...
მაგრამ, ეს ზღაპარი ზღაპრადვე დარჩა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინელი კოლეგის ვაშინგტონში ჩაფრენამდე სატელეფონო საუბარი გამართა რუს კოლეგასთან და პუტინს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვედრა შესთავაზა, რაზეც თანხმობაც მიიღო, შესაბამისად „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის გადაცემის თემაც „გაიყინა“...
თუმცა, აპირებდა კი საერთოდ ტრამპი ამ „ტომაჰავკების“ ზელენსკისთვის მიყიდვას ნატოს ფულის სანაცვლოდ?
უფრო არა,ვიდრე დიახ,რაზეც მეტყველებს იმავე ტრამპის განცხადება - „ტომაჰავკები“ ბევრი გვაქვს,მაგრამ ისინი ამერიკას უფრო სჭირდებაო...
მართლაც, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების განკარგულებაში საზღვაო ბაზირების 4 100-ზე მეტი „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტაა, რომელთაგან 50 ან სულაც 100-200-ის გადაცემა, ბევრს არაფერს დააკლებდა ამერიკულ არსენალს,მაგრამ თავად ამ რაკეტების ფრენის დიდი სიშორე და მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე,უკვე იწვევს პუტინის რუსეთის დიდ შეშფოთებას და კრემლი ყველა ზომას მიმართავს იმისთვის,რომ „ტომაჰავკები“ უკრაინელების შეიარაღებაში არ გამოჩნდნენ...
ამისთვის პუტინი კვლავ გააგრძელებს პირისპირი მოლაპარაკებების ციკლს ტრამპთან, თუმცა ეს რეალურ შედეგს - ომის შეჩერებას-არ მოიტანს, რადგან პუტინს დრო გაჰყავს მთავრი მიზნის მისაღწევად - რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიპყროს უკრაინაში, ხოლო ამ დროის გაყვანაში მას უნებლიედ თუ გამიზნულად მისი... ამერიკელი კოლეგაც ეხმარება...