უკავშირდება თუ არა დიდი სკანდალი 4 ოქტომბრის მოვლენებს?!
17 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საზოგადოებას აცნობა, რომ სუს-თან ერთობლივად ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლებისა და პირადი ჩხრეკები. "საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად, ჯამში 22 ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით თანხა", - განაცხადა გვარაკიძემ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ "დანდობა არ იქნება". შექმნილი ვითარების შეფასება ვთხოვეთ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს:

- ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოუტანს "ქართულ ოცნებას", შიგნიდან გატყდება. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან ბევრი მომხრე და მიმდევარი ჰყავს. სხვათა შორის, ცოტა არ იყოს, მაკვირვებს ღარიბაშვილის სახელის ფარცხალაძესთან დაკავშირება. არსებობს კი ასეთი კავშირი? თუ არსებობს, ეს ერთი საკითხია, თუ ყველაფერი ერთმანეთისგან განურჩევლად ჩაყარეს ერთ ქვაბში, მეორე. მოკლედ, მათთვის ცუდი პროცესები დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი ხდება თანამდებობის მძევალი და მსგავსი საფრთხე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრსაც შეიძლება მალე დაემუქროს.

როგორც პროკურატურამ და სუს-მა გვითხრეს, ამ ჩხრეკების შედეგად დიდძალი ფული და ძვირფასეულობა ამოიღეს, რაც მაინცდამაინც არ მაკვირვებს, მაგრამ ძალიან მაკვირვებს ღარიბაშვილის "ნაციონალურ მოძრაობასა" და 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირება. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, მას პირდაპირ პათოლოგიურად სძულს "ნაციონალური მოძრაობა". ცოტა სასაცილოდ მეჩვენება მის ამგვარ კავშირებზე მინიშნება. ლილუაშვილ-ფარცხალაძეზე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება ფულს, აქ ნამდვილად ვერავის დაუფიცებ. თავის დროზე, ივანიშვილმა ღარიბაშვილი პრემიერობიდან რომ გადააყენა, მაშინაც კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი, გვახსოვს, "კახური კლანი" და ა.შ. როგორც ჩანს, კიდევ წაუცდა ხელი... სამწუხაროდ, გამოდის, პატიოსანი ადამიანის მონახვა საქართველოში ძალიან ჭირს, მით უფრო არსებულ სისტემაში.
- "ქართული ოცნება" უახლოეს პერიოდში გეგმავს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს "კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ სარჩელით, რომელიც მზადდება პარლამენტში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე. გასულ კვირას მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს, პარტიასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, თანამდებობის დაკავება, არჩევნებში მონაწილეობა.
- მე ჯერ კიდევ 2012 წელს ვამბობდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ასაკრძალი იყო, ახლა ეს ნამდვილად ძალიან დაგვიანებულია. ვნახოთ, ვინ მოხვდება ასაკრძალი პარტიების სიაში. როგორც კობახიძემ გვაცნობა, შესაძლოა ეს 10 პოლიტიკურ ძალას შეეხოს. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს ქართული პოლიტიკისთვის შესაძლოა არც იყოს ძალიან ნეგატიური მოვლენა. თუ გადახედავთ ჩვენს უახლეს ისტორიას, ქვეყანაში ნებისმიერ სახელისუფლებო ცვლილებას ახორციელებდა ახალი ძალა, რომელსაც ჰყავდა მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი. ეს გააკეთა თავის დროზე, ზვიად გამსახურდიამ, შემდეგ ედუარდშევარდნაძემ, რომელიც შეცვალა მიხეილ სააკაშვილმა და ბოლო ცვლილება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა. ყველა შემთხვევაში ლიდერის გარშემო იკრიბებოდა ახალი ჯგუფი, რომელიც ახერხებდა ძალაუფლების მოპოვებას. ჩვენთან, როგორც წესი, პიროვნებებს შორის მიდის ჭიდილი და არა იდეებს შორის. თუ ეს საკონსტიტუციო სარჩელი დაკმაყოფილდა, შედეგად ძველი, ყელში ამოსული სახეებისგან დაიცლება ოპოზიციური ფლანგი და წესით უნდა გამოჩნდეს ახალი, მოულოდნელი ლიდერი, რომელიც შექმნის პოლიტიკურ ძალას და მოუგებს არჩევნებს "ქართულ ოცნებას". შესაბამისად, თუ მმართველი ძალა ფიქრობს, რომ საკუთარი მიზნებისთვის ასუფთავებს პოლიტიკურ ველს, ძალიან ცდება.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ "ქართულ ოცნებას", რომელიც ყველა სახელისუფლებო შტოს აკონტროლებს, არ მისცემს ახალ ლიდერსა და ძალის ჩამოყალიბების საშუალებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად მოხდება "ქართული ოცნების" დასუსტების პარალელურად. საბჭოთა კომუნისტური პარტიაც აკონტროლებდა ყველასა და ყველაფერს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა. რასაც ახლა "ქართული ოცნება" აკეთებს, ამით მხარდამჭერების ნდობასაც კარგავს, რადგან ეს ხალხი დაცულობის განცდას კარგავს. რისთვის მიდის ხალხი პოლიტიკაში, განსაკუთრებით მმართველ ძალაში?.. დიდი პოლიტიკური ამბიციები ამ ხალხს არა აქვს, ძირითადად, "კრიშისთვის" მიდიან პოლიტიკაში. თუ აღმოჩნდა, რომ ეს "კრიშა" ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოიქცეს, ბუნებრივია, ვეღარ ენდობიან მმართველ ძალას. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, "ქართული ოცნება" ბაბილონის გოდოლივით ძალიან მალე შეიძლება ჩამოიშალოს. ერთსაც ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილს უყვარს ხოლმე საახალწლოდ ახალი პრემიერების დანიშვნა.
- ვითარების დალაგების ნაცვლად, განხეთქილების ვაშლად იქცა გასულ კვირას საქართველოში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენის ვიზიტი, რომელიც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიცაა. 14 ოქტომბერს "ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ის შეუერთდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, რამაც მმართველი პარტია აღაშფოთა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა პრემიერთან, ირაკლი კობახიძემ გააუქმა, თუმცა მოგვიანებით ჯერ ფინურმა მედიამ დაწერა და შემდგომ ელენა ვალტონენმაც განაცხადა, რომ "შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან გაუქმდა არა საქართველოს, არამედ ფინეთის ინიციატივით განრიგში ცვლილების გამო და ქართველებს ამის შესახებ წინაღამით ეცნობათ". 16 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ 14 ოქტომბრის აქციაზე ყოფნის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 5000 ლარით დააჯარიმა - მას ედავებიან "გზის ხელოვნურად გადაკეტვას".
- ეს უკვე აბსურდის თეატრსაც აღარ ჰგავს, რადგან მასაც კი აქვს ლოგიკა. ამათ ხალხი აზრს ყოვლად მოკლებული ჰგონიათ ან ფიქრობენ, რომ კონტროლირებადი სატელევიზიო არხების გარდა არაფერს უყურებენ. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მცირე, რადიკალურად განწყობილ, ანტიდასავლურ ჯგუფზე დადონ ფსონი დიდი წარმატების მისაღწევად. აბსურდია, აბა, რა, ღარიბაშვილს "ნაციონალობას" აბრალებენ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, 4 ოქტომბრის მოვლენებში მონაწილეობას ედავებიან, ეუთოს თავმჯდომარეს აჯარიმებენ.

მოკლედ, ჩემი აზრით, ამ აბსურდულ გეზს ესენი, ჯერჯერობით, ალბათ, გაჰყვებიან მანამ, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთვის არ მოიცლის.
- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს წარადგინა "საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი" და გამოყო, მისი ხედვით, სისტემის წინაშე არსებული 7 გამოწვევა და მათი დაძლევის გზები. მან პრობლემებს შორის დაასახელა სტუდენტების 85%-ის კონცენტრაცია თბილისში და "ფაკულტეტების დუბლირება", გამოსწორების გზად კი დასახა პრინციპი: "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი". ეს ნიშნავს "თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი ფაკულტეტების გადანაწილებას კონკრეტულ უნივერსიტეტებზე". პრობლემად დაასახელა "ჭარბად მოზიდული უცხოელი სტუდენტები" და განაცხადა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ მხოლოდ "კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში". კობახიძის თქმით, სკოლებში სწავლა 11 წელი უნდა იყოს ახლანდელი 12-ის ნაცვლად. ასევე განაცხადა, რომ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად "სამი წელი სავსებით საკმარისია თითქმის ყველა სპეციალობისთვის", ხოლო მაგისტრატურის დონის განათლების მიღება ერთ წელიწადშია შესაძლებელი.
- ამ დაანონსებულ ე.წ. რეფორმას ზოგადად თუ შევაფასებთ, აშკარაა, რომ მათ სურთ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა, განსაკუთრებით, უმაღლესი განათლების, საბჭოთა სკოლად გადააქციონ. ძალიან ეშინიათ სტუდენტების თავისუფალი აზრის.
თქვენ თუ ნახეთ, რა კომისია ამუშავებს ამ რეფორმას, აღმოაჩენდით, რომ იქ განათლების სისტემის ერთი პროფესიონალიც კი არ არის. ძალიან მეშინია, რომ საბოლოოდ ყველაფერი ჩამოიშლება და განათლების სისტემა, რომელიც ისედაც სულს ღაფავს, საბოლოოდ განადგურდება.
ძალიან სახიფათო პროცესების წამოწყებას გეგმავენ, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების სისტემაში, სადაც, როგორც კობახიძემ განგვიცხადა, კონკურენცია აღარ უნდა იყოს. "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი", - არ ვიცი, სად ნახეს ასეთი რამ.

ვნახოთ, როგორ დაუდგებიან ამ ყველაფერს წინ სტუდენტები, უკვე დაანონსდა საპროტესტო აქციები. ამგვარი რეფორმის გატარება ივანიშვილს ერთი 10 წლის წინაც უნდოდა და არ გამოუვიდა. იმედია, ახლაც არ გამოუვა.
არ შეიძლება მხოლოდ ტექნოკრატებისა და რობოტების გაზრდა გინდოდეს. დიახ, ყველაფერი ამისკენ არის მიმართული, უნდათ ადამიანები აქციონ ერთი სისტემის ჭანჭიკებად. ორუელის "1984"-ისკენ მივექანებით. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, დარწმუნებული ვარ, მიზანს ვერ მიაღწევენ და ვერ გაზრდიან რობოტების თაობას.
- როგორც უკვე აღვნიშნე, 11-წლიან სწავლებაზე გადასვლაც დააანონსა კობახიძემ. გადავხედე, რომელ ქვეყანაში აქვს განათლების სისტემას 11-წლიანი საშუალო საფეხური და ეს ქვეყნებია: რუსეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და მსგავსი სახელმწიფოები....
- რასაკვირველია, რამდენწლიანი იქნება სწავლება, ამას განათლების მიღებასთან მჭიდრო კავშირი არა აქვს. მე 10 კლასი დავამთავრე, მაგრამ განათლება არავისზე ნაკლები არ მიმიღია, მაგრამ 12-წლიანი სწავლება უკავშირდება დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან სინქრონიზაციას. დიახ, ესეც არის დასავლეთთან დისტანციის გაზრდისკენ მიმართული ინიციატივა. ასეთ შემთხვევაში გაუჭირდებათ ჩვენს ახალგაზრდებს უცხოურ წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება. არ უნდათ ხალხმა ისწავლოს დასავლეთში და ახალგაზრდებს თავისუფალი აზროვნების საშუალება მიეცეთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, არ გამოუვათ. ისტორიას არ ახასიათებს უკუსვლა, ის მხოლოდ წინ მიდის. ისტორიული პროცესების ლოგიკა გვაჩვენებს, რომ ევროპის ნაწილი ვართ და აუცილებლად დავიმკვიდრებთ იქ ჩვენს კუთვნილ ადგილს - ეს პროცესი შეუქცევადია! ის შეიძლება ოდნავ შეფერხდეს, თუმცა ვერავინ გააჩერებს.
მე ყურში მომხვდა საუნივერსიტეტო შენობა-ნაგებობების გაყიდვის თემაც. როგორც ჩანს, ისევ მიხეილ სააკაშვილს ჰბაძავენ, რომელმაც მთელი სამეცნიერო სისტემა დაანგრია შენობა-ნაგებობების გაყიდვის მიზნით. ეტყობა, ახლა ამათ შემოაკლდათ ფული.
ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვამბობდი, "ქოცები" "განაცდნენ" და "ნაცები" "გაქოცდნენ"-მეთქი, ისევ ამ პროცესს ვადევნებთ თვალს. საქართველოში მიმდინარე გლობალური პროცესის ნაწილია ეს მოგონილი განათლების რეფორმაც. იმ ნიაღვრის ნაწილი, რაც "ქართულმა ოცნებამ" დაატრიალა ქვეყანაში და რომელსაც ქვეყანა მიჰყავს ჩიხისკენ, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაკადი ნელ-ნელა დასუსტდება.