პური გაძვირდა - რა იქნება შემდეგი?! - კვირის პალიტრა

პური გაძვირდა - რა იქნება შემდეგი?!

საქართველოში პური გაძვირდა. მაღაზიებში ფასი უკვე, სულ ცოტა, 10 თეთრით არის მომატებული. პურის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ გაძვირება ყველა სახეობის პროდუქტს არ შეხებია. რატომ გაძვირდა პური, რას გამოიწვევს ეს და რა მოლოდინები არსებობს ამ კუთხით, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორს სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.

- პური ისეთი პროდუქტია, რომლის ჩანაცვლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ცომეულის მოხმარება, ეს იქნება პური თუ სხვა საკონდიტრო ნაწარმი, მაინც უკავშირდება ხორბალს და ხორბლის მთლიან მოხმარებას და ქვეყანაში, სადაც მოხმარების მეოთხედზე ნაკლები იწარმოება და დანარჩენად იმპორტზეა დამოკიდებული, ცხადია, ფასები დიდწილად საერთაშორისო კონიუნქტურაზე ხდება დამოკიდებული. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ბოლო დრომდე 9/10-ზე მეტი და უფრო მაღალი ციფრის დასახელებას ვერიდები, რუსეთიდან არის შემოტანილი. ჩვენგან განსხვავებით, აზერბაიჯანსა და სომხეთში თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაცილებით მაღალია. ცხადია, მათაც შეაქვთ მარცვლეული იმპორტით, მაგრამ ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით, ეს პროპორციები უკეთესია. ამიტომ აქ დგება საკითხი, რამდენად არის ქვეყნის შიდა ბაზარი დაცული გარე ფაქტორებისგან, რათა მსოფლიო ბაზარზე კონიუნქტურის ცვლილების შემთხვევაში, შევძლოთ ჩვენი შიდა მოხმარების მოთხოვნის ისე დაკმაყოფილება, რომ მოსახლეობა არ დავაზარალოთ.

ეს არ არის ერთი და ორი დღის ამოცანა, შრომატევადი პროცესია და ამას სჭირდება მძლავრი სახელმწიფოებრივი დაფინანსება, მხარდაჭერა, ინვესტიციები და რაც მთავარია, გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. გავიხსენოთ ერთი ფაქტი: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე აზერბაიჯანის ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმდა, გრძელვადიანი იჯარით აეღო მილიონი ჰექტარი შავმიწანიადაგიანი ზოლი უკრაინის ტერიტორიაზე აზერბაიჯანისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის. ეს შეთანხმება ჩაიშალა, რადგან ომი დაიწყო და ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დღეს დანაღმულია, მაგრამ საკმაოდ კარგი ფაქტია იმის დასანახავად, თუ რა თამამ ნაბიჯებს დგამენ ჩვენი მეზობლები, რათა მოსახლეობის უზრუნველყოფა სათანადო დონეზე აიყვანონ.

მეორე საკითხია, რომ იგივე პრობლემა დგას სხვა პროდუქტებთან დაკავშირებითაც. იგივე შეიძლება ითქვას ხორცსა და ხორცპროდუქტებზე, აქაც დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ცოტა ხნის წინ კონფერენციაზე მოვიტანე ინფორმაცია, მოსახლეობა მთლიანად რომ დაკმაყოფილდეს ხორცისა და ხორცპროდუქტების რაციონალური მოხმარების ფარგლებში, ახლანდელი ფასების პირობებში დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარი გვინდა წელიწადში. საუბარია მხოლოდ ხორცსა და ხორცპროდუქტებზე.

- ახლა რამდენს ვხარჯავთ და რეკომენდებულზე დაბალი მოხმარება რას უკავშირდება, შემოსავლებს თუ ამ კონკრეტული პროდუქტის ნაკლებობას, რამაც შეიძლება ფასი გაზარდოს?

- ახლა ჩვენი მოხმარება 1 კაცზე წელიწადში დაახლოებით არის 50 კგ და რაციონალური მოხმარება, რომელსაც გვთავაზობენ, რათა ნორმალურად იყოს დაბალანსებული კვების პროდუქტები, 65 კილოგრამი მაინც უნდა იყოს. ადრე საერთოდ 72 კილოგრამს განსაზღვრავდნენ, მაგრამ ახლა 65-მდე ჩამოსწიეს და ჩვენც ეს ავიღოთ, ძალიან კრიტიკული ნუ ვიქნებით. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის შემოსავლებიც უნდა იყოს სათანადო, ამის ყიდვა რომ შეძლოს, მხოლოდ მიწოდება არ არის საკმარისი. მეორე მხარეს არის გადახდისუნარიანი მოთხოვნა და ფულად ფორმაში რომ გამოვსახოთ, ანუ მონეტარული ფორმა მივცეთ ამას, გვჭირდება ფულადი შემოსავლების გაზრდა, სულ ცოტა, 15%-ით. ეს მხოლოდ ხორცსა და ხორცპროდუქტებზე და წარმოიდგინეთ, როდესაც მთლიან სამომხმარებლო კალათაზე ვისაუბრებთ, იქ გაცილებით მეტ შემოსავალზე გვექნება ლაპარაკი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რეალურად არის ორი პრობლემა - ერთი ის, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ საკმარისი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, და მეორე, ჩვენი მოსახლეობის ამჟამინდელი გადახდისუნარიანი მოთხოვნა არ არის საკმარისი, რომ რაციონალური სამომხმარებლო ნორმის ფარგლებში უზრუნველვყოთ მოთხოვნების დაკმაყოფილება. ეს კი, ცხადია, გავლენას ახდენს ბევრ სხვა საკითხზეც. მხოლოდ რაოდენობრივი ზრდაც ხომ არ არის მთავარი. საჭიროა კვების რაციონის დაბალანსება არა მხოლოდ ჯამური კალორიების, არამედ მიკროელემენტების გათვალისწინებით, რათა ამ კალორიებში დიდი წილი არ მოდიოდეს ნახშირწყლებზე. ახლანდელი ფასების პირობებში კი, მაგალითად, 1000 კილოკალორიის მიღება შაქრით დაახლოებით 18-ჯერ უფრო იაფი ჯდება, ვიდრე საქონლის ხორცით. ანუ ჩვენ შეიძლება პირობითად გავიდეთ საშუალოდ დღე-ღამეში 2800 კილოკალორიაზე, მაგრამ რის ხარჯზე, ეს არის არსებითი - შაქრიანი ჩაისა და პურის მოხმარების ხარჯზე თუ დაბალანსებული კვების ხარჯზე. ანუ აქ უკვე სხვა პრობლემები დგება, პირველ რიგში, რამდენად საკმარისია მოსახლეობის შემოსავლები მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის.

- ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ ეკონომიკის ზრდით და ამ დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი რეალურად ვერ ახერხებს, რომ მინიმალურ დონეზეც მაინც იკვებოს დაბალანსებულად და კალორიებს ვავსებთ იაფფასიანი პროდუქციით.

- შიმშილის პრობლემა საქართველოში, საბედნიეროდ, მასობრივი არ არის, მაგრამ აქ დგება საკითხი, რამდენად არის ჩვენი სამომხმარებლო სასურსათო კალათა დაბალანსებული და ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა გვჭირდება. ხელისუფლება აფიქსირებს ტენდენციას, რომ უარესობიდან წამოვედით უკეთესობისკენ. ახლა მართლაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, რაც იყო, ვთქვათ, 10-15 წლის წინ, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი, რომ მოწინავე ქვეყნების რიგში ვიდგეთ და საჭიროა რაოდენობრივი გაუმჯობესებიდან ვიზრუნოთ ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე - ანუ ჩვენ შეიძლება აღარ ვიმუშაოთ კალორიების რაოდენობის გაზრდაზე და დღევანდელი 2850 კილოკალორია პრინციპში საკმარისად მივიჩნიოთ. მაგრამ ახლა უნდა ვიზრუნოთ, რომ მასში შაქრისა და პურის წილი 40%-დან მაქსიმუმ 15-18%-მდე დავიყვანოთ და ჩავანაცვლოთ ცხოველური წარმომავლობის კვების პროდუქტებით. ხუთ-ექვსჯერ უფრო ძვირი ჯდება ერთეული კალორიის მიღება ცხოველური წარმომავლობის პროდუქტებიდან, ვიდრე მცენარეული წარმომავლობისა, პური იქნება, შაქარი თუ კარტოფილი. ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ და დიდი მუშაობაა გასაწევი.

- პურის და ხორცის ფასს რომ დავუბრუნდეთ, გაძვირება იმპორტის გამო მოხდა? ეს არის მთავარი მიზეზი?

- არა მარტო ეს. მოთხოვნა-მიწოდების კანონზომიერებაა, როცა მოთხოვნა იზრდება და მიწოდება არასაკმარისია, ეს იწვევს ფასების ზრდას. როდესაც ვტრაბახობთ, რომ საშუალო ხელფასი ერთ წელიწადში 11%-ით გაიზარდა, ნამეტი ხელფასი პირველ რიგში კვების პროდუქტებისკენ მიემართება. როცა დამატებითი შემოსავალი ჩნდება, მისი დიდი ნაწილი სწორედ იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიემართება, რომელიც მანამდე ნაკლებად იყო დაკმაყოფილებული ან საგრძნობლად ჩამორჩებოდა მოხმარების რაციონალურ ნორმებს, მათ შორის, ხსენებულ ხორცის პროდუქტებს... ეს კი იწვევს შესაბამისი ფასების ზრდას ანუ მოთხოვნა სისტემატურად უსწრებს მოხმარებას. მარცვლეულთან დაკავშირებით კი შეიძლება ითქვას, რომ მარცვლეული და პური პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, მოყვანილი მარცვლეულის ერთი ნაწილი მიემართება არა მარტო პურფუნთუშეულის წარმოებაში, არამედ საკვებად მეფრინველეობის, მეცხოველეობის სფეროში, რაც შედეგად ამის ფასსაც გააძვირებს. ეს ფაქტორები განსაზღვრავს იმას, რომ ქვეყანაში არსებობს გარკვეული დეფიციტი და ვართ დამოკიდებული იმპორტზე, იმპორტზე დამოკიდებულება კი ყოველთვის მომეტებული რისკია და ე.წ. უსაფრთხოების ბალიში აუცილებლად უნდა არსებობდეს.

- რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ფასები ასე არ იზრდებოდეს?

- პური ნაკლებად ელასტიკური საქონელია და მოსახლეობა, მაგალითად, ლუდზე ფასების მომატებას უფრო უმტკივნეულოდ გადაიტანს, ვიდრე პურის რამდენიმეპროცენტიან გაძვირებასაც კი, რადგან პურის ჩანაცვლება ან საერთოდ უარის თქმა, ფაქტობრივად, არ ხდება. ამიტომ აქ შეიძლება რაღაც საგადასახადო შეღავათების დაწესება და პურის წარმოება-რეალიზაციის ინდუსტრიაში დღგ-ს შემცირება, რათა გარკვეულწილად შევამციროთ ფასების ზრდა. ჩვენზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნები იყვნენ, რომლებმაც თავის დროზე მიმართეს გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის სუბსიდირებული პროდუქტების მიწოდებას. ამის გაკეთება პურზეც შეიძლება.

ის კატეგორია, რომელიც განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანია და არა აქვთ შემოსავლის დამატებითი წყარო ან ბონუსი, მათთვის გარკვეული კატეგორიის პროდუქტები და პირველ რიგში, პური იყოს ისეთი ფასის, რაც მათთვის ხელმისაწვდომს გახდის, ანუ სოციალური ფასები იყოს ამ კატეგორიის ადამიანებისთვის.

ესეც იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ ბევრ ქვეყანაში და მათ შორის აშშ-შიც კი მოქმედებს ე.წ. სასურსათო ტალონები. ეს საბჭოთა პერიოდის ხორცისა და კარაქის ტალონების მსგავსი კი არ არის, არამედ გულისხმობს, რომ თანხა გერიცხება კვების პროდუქტების შესაძენად და სხვა რამეში ვერ გამოიყენებ, ვერ იყიდი ალკოჰოლურ სასმელს, საღეჭ რეზინს და ა.შ.

- პურის ფასის გაზრდა ქვეყანაში რას გამოიწვევს და რამდენად შეიძლება საერთო ინფლაციაზე მოახდინოს არსებითი გავლენა?

- ბოლო 33 თვეა, და ეს სტატისტიკის საიტზეც დევს, ინფლაციის მაჩვენებელს წინ უსწრებს სურსათზე ფასების მატების მაჩვენებელი. ერთი თვე არ ყოფილა ჩავარდნილი, რომ ასე არ მომხდარიყო. ანუ პირობითად, თუ ინფლაცია არის 3%, სურსათზე ფასების მატება ყოველთვის არის ინფლაციის საერთო მაჩვენებელზე მაღალი. ამას აქვს არა მარტო სტატისტიკური და ეკონომიკური, არამედ სოციალური და პოლიტიკური დატვირთვაც, იმიტომ, რომ სურსათის ფასებზე ყველაზე მეტად რეაგირებენ დაბალშემოსავლიანი ადამიანები, მათ შორის პენსიონერები, რომელთა ხარჯების დიდი ნაწილი სწორედ სურსათსა და მედიკამენტებში იხარჯება. ამიტომ ასეთი გაძვირება საზოგადოებაში უკმაყოფილებას ზრდის. ამიტომ სურსათზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება უნდა იყოს ხელისუფლების სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.

- შიდა წარმოების გაზრდაზე მუდმივად არის ლაპარაკი. რატომ ვერ ხერხდება ამ საკითხის მოგვარება?

- დამოკიდებულება არის ასეთი - თუ შესაძლებელია შედარებით იაფად ან სტაბილური ფასებით პროდუქციის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს; და მეორე, სოფლის მეურნეობის განვითარებას სჭირდება ინვესტიციები და არა მარტო უშუალოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ შესაბამის სამეცნიერო დარგებში, რომლებიც ემსახურებიან აგრარულ სექტორს და გადამმუშავებელ მრეწველობას. ეს ყველაფერი ითხოვს საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციებს. ასევე აუცილებელია მეცნიერების მხარდაჭერა. მეცნიერება არ არის ის სფერო, რომელიც მყისიერად იძლევა შედეგს, წლები და ხშირად ათწლეულები სჭირდება. ამიტომ, როცა ასეთი დილემის წინაშე დგება საზოგადოება და პირველ რიგში, ხელისუფლება, ცდილობს მიმდინარე პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრას და გრძელვადიანი მიზნებისთვის საშუალებები აღარ რჩება. არადა, გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს იქნებოდა ეფექტურიც და ეფექტიანიც. მოსავლიანობის ზრდა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი დაგვეხმარება გავზარდოთ ერთეულ ფართობზე წარმოებული პროდუქციაც და მისი ხარისხიც. კიდევ ერთი ძირითადი საკითხია, რომ ჩვენ, როგორც იტყვიან, ვალში ვართ მთის წინაშე და უნდა გადაიდგას მთის პოტენციალის გამოყენებისთვის სერიოზული ნაბიჯები. მთას შეუძლია სოფლის მეურნეობასა და მთლიანად ეკონომიკას გაუხსნას მეორე სუნთქვა, აწარმოოს საკმარისი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, მათ შორის მეცხოველეობის, და ამით სტრატეგიულად უკეთესობისკენ შემოაბრუნოს დღეს არსებული მდგომარეობა.

რუსა მაჩაიძე