"ფარცხალაძის გვარის ხსენება პირდაპირი სიგნალია დასავლეთისთვის, რომ ივანიშვილმა დაიწყო პრორუსულ ბირთვზე დარტყმა“ - მირიან მირიანაშვილის სენსაციური ვერსია
"ეს იყო ხმა წარსულიდან, ახლა შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყება შესაძლოა დასავლეთისთვის განკუთვნილი სიგნალი იყოს", - ამ განაცხადით გამოეხმაურა ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. მაშინ, როდესაც საქართველოში კიდევ ერთი დიპლომატიური სკანდალია და შსს-მ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი ჩვენი ქვეყნის მთავარ გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მისვლის გამო 5.000 ლარით დააჯარიმა.
- შეიძლება ითქვას, ევროპელებმა ირაკლი კობახიძე გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენეს. ევროპაშიც არიან სერიოზული პოლიტიკური ძალები, რომლებიც პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამენ. არ გამოვრიცხავ, რომ ეუთოს მოქმედი პრეზიდენტი სწორედ იმიტომ მივიდა მიტინგზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი მძაფრი რეაქცია ჰქონოდა. ასეთ ნაბიჯს შემთხვევით არავინ დგამს, მსგავსი ინიციატივები ყოველთვის წინასწარ განიხილება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ვალტონენის აქციის მონაწილეებთან მისვლა სერიოზულ წრეებთან ჰქონდა შეთანხმებული...
ეს სიტუაცია ასევე გვიჩვენებს, რომ დასავლეთისადმი ჩვენი ხელისუფლების მიდგომა დიფერენცირებულია: მაქსიმალურად ცდილობენ ევროპული სეგმენტიდან დაპირისპირების ორგანიზებას, ხოლო ამერიკულ მხარესთან კომუნიკაციაში ფრთხილობენ. ევროპელებთან უფრო პირდაპირ და მკაფიო პოზიციებს ინარჩუნებენ, ხოლო ამერიკასთან სტრატეგიულ გზას არჩევენ. მეტიც, ამერიკისადმი დამოკიდებულებაში ჭარბად და ხაზგასმით კორექტულები არიან, მაშინ როცა ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ მხარდაჭერას არ უცხადებს. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კურირებით მიღებულმა სტრატეგიულმა გადაწყვეტილებებმა ტრამპის ოჯახის ინტერესებზეც იქონია გავლენა. ნათელი მაგალითი იყო შარმ-ელ-შეიხის სამიტი, სადაც საქართველოს გარდა ყველა რეგიონის წარმომადგენელი მიწვეული იყო, რაც ქვეყნის იზოლირებულობას ნათლად აჩვენებს. თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში "კრიშის" გარეშე ყოფნა შეუძლებელია და სერიოზულ შედეგებს იწვევს. შესაბამისად, ჩვენს ხელისუფლებას ევალება სწრაფად თავის დაღწევა ამ მდგომარეობიდან. ევროპელებთან ურთიერთობის მოგვარება შედეგს ვერ მოგვცემს, რადგან ევროპელების გავლენა რეგიონში არ არის საკმარისი; მთავარია ამერიკული პოლიტიკური მფარველობის მოპოვება.
- მაგრამ გვახსოვს, როგორ ლანძღავდნენ "ოცნების" ლიდერები ამერიკის ელჩს. ასევე გვახსოვს, რომ რუბიოს წერილი ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღო.
- ეს იყო წარსულში, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, განსაკუთრებით ცნობიერების მხრივ. მაშინ, როდესაც რუბიოს წერილი არ მიიღეს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ეგონათ, რომ რუსეთი გაიმარჯვებდა. დღეს ასეთი ილუზია აღარავის აქვს. განსაკუთრებით თვალშისაცემია რუსეთის შიში "ტომაჰავკების" მიმართ. ჩვენ უკვე ვნახეთ, რა უქნა უკრაინამ რუსეთის ეკონომიკას დრონებით, რომლებზეც ჩინურ-ირანული მოპედის ძრავებია დამაგრებული. ტომაჰავკები კი, თუნდაც მხოლოდ 50 ერთეული, უკვე სერიოზული იარაღია უკრაინელების ხელში, რადგან რუსეთს არ შეუძლია ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების რეაბილიტაცია. რუსეთში უკვე 8 მილიონი ტონა ბენზინის დეფიციტია.
- დიახ, ტრამპი დაემუქრა პუტინს, რომ უკრაინას "ტომაჰავკებს" გადასცემდა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ ტრამპმა განაცხადა: "შეხვედრა ზელენსკისთან გულთბილი იყო. ვუთხარი და პუტინსაც მტკიცედ ვურჩევ: შეწყვიტონ მკვლელობა, საკმარისია დაღვრილი სისხლი, დარჩნენ იქ, სადაც ახლა არიან". როგორ გგონიათ, შეეგუებიან უკრაინელები ყირიმის, დონეცკისა და კიდევ სხვა ტერიტორიების დაკარგვას?
- აქ საუბარია ზავის ფორმატზე, პუტინს ბუდაპეშტიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გარეშე არავინ გამოუშვებს. ფარული ინტრიგები აღარ არსებობს: ფაქტობრივად, ცნობილია ზავის პირობები, რომელთა შესრულებაც პუტინს მოუწევს; ეს პირობები ჯერ კიდევ ანკორიჯში ტრამპის მიერ იყო დეკლარირებული. მნიშვნელოვანია, რომ საუბარი ამერიკელებისთვის მისაღებ პირობებზეა, უკრაინელების პოზიცია ცალკე განხილვის თემაა. ამერიკულ დიპლომატიას დღეს საჯაროდ სურს დააფიქსიროს, რომ პუტინმა, რაც დაავალეს, იძულებით შეასრულა. ანალოგიურად, ღაზის სექტორში შარმ-ელ-შეიხის სამიტის დროსაც ამერიკულმა დიპლომატიამ მოახერხა საკუთარი პოზიციის გატარება, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებს (ებრაელებს, "ჰამასს") არ სურდათ. ამ კომბინაციის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, ერთადერთი რეალური გზაა პუტინის სერიოზული დათმობები ტრამპთან, მათ შორის უკრაინის ფრონტზე. შეიძლება ითქვას, პუტინს მოუწევს კაპიტულაცია გამოაცხადოს. ამიტომ "ქართული ოცნების" იმედი, რომ ტრამპი თავის თავზე აიღებდა საქართველოს პრორუსულ ნარატივებს, შეცდომას ეფუძნებოდა. ვფიქრობ, ახლა უკვე გააანალიზეს, რომ რუსეთს აღარ აქვს ქონებრივი და პოლიტიკური რესურსი, რომ ულტიმატუმებით აიძულოს დასავლეთი გაათავისუფლოს პოსტსაბჭოთა სივრცე. რუსეთის გავლენის შეკვეცის მთავარი ადვოკატი რუბიოა, მას და რესპუბლიკელ კოლეგებს დაევალათ რუსეთთან ურთიერთობის ფორმატის განსაზღვრა, რაც იყო ტრამპის მიმართ პუტინის მთავარი შანტაჟური მესიჯიც - "მომავალი პროცესი რუბიოს ხელში გადაწყდება და არა თქვენდამი უფრო კეთილგანწყობილი უიტკოფის ხელში". უკრაინის საკითხზე ანუ საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისას, სიტუაცია ანკორიჯის პრინციპს ჰგავს: "დარჩით იქ, სადაც ხართ". თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცის ზავი რუსეთთან ბევრად მკაცრი იქნება, ვიდრე ადრე. რუბიოს ჩანაცვლება უიტკოფით პირდაპირ ეხება ჩვენს ინტერესებს.
- გარდა იმისა, რომ ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" ლიდერები ამერიკელებს აღარ ლანძღავენ, რა გაფიქრებინებთ, რომ მათ გააანალიზეს რუსეთის წინაშე არსებული გამოწვევები და ვაშინგტონთან ისევ ცდილობენ ურთიერთობის მოგვარებას?
- თუნდაც ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ ძიების დაწყება. თუ ლილუაშვილზე, ღარიბაშვილსა და მის ჯგუფზე საზოგადოება გარკვეულწილად მომზადებული იყო, ფარცხალაძის ფიგურა მოულოდნელად გამოჩნდა. იმ ვითარებაში, როცა ინფორმაცია ძალიან შეზღუდული იყო, ეს შეიძლება ჩაითვალოს სიგნალად დასავლეთისთვის. ამასთან, ეს თანხვედრაში მოდის პუტინის უკანასკნელ ნაბიჯთან, როცა ის დათანხმდა ტრამპის მოთხოვნებს. ივანიშვილისთვის უკვე ისედაც ნათელი იყო, რომ რუსეთი ამ კონფლიქტს გამარჯვებულის პოზიციიდან ვერ დაასრულებდა, მაგრამ პუტინის ასეთი სწრაფი ქმედება მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
- პროკურატურის განცხადებას, რომ ღარიბაშვილის, ფარცხალაძისა და ლილუაშვილის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობდა, მალევე მოჰყვა სუს-ის განმარტება, რომ არც ერთი მათგანი არ არის დაკავებული და არც მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ამან ანალიტიკოსთა ნაწილში გააჩინა ეჭვი, რომ საქმე შესაძლოა დადგმულ სცენართან გვქონდეს...
- მე არ ვეთანხმები ამ პოზიციას. სინამდვილეში, გახმოვანდა ორი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია: პირველი - ფარცხალაძის გვარის ხსენება, რომელიც აქამდე არ ფიგურირებდა, პირდაპირი სიგნალია დასავლეთისთვის. ფარცხალაძე იყო მთავარი კომუნიკატორი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის, ამიტომ მასზე აქცენტი ნიშნავს, რომ ივანიშვილმა დაიწყო იმ სეგმენტის ხელყოფა, რომელიც რუსეთის გავლენას უკავშირდება; მეორე - ფიქსაცია იმ ფაქტზე, რომ ამოღებულია დიდი ოდენობით ფული. ეს უკვე ძალიან სერიოზული ინფორმაციაა შიდა აუდიტორიისთვის და მიანიშნებს, რომ ამ წრიდან დაჭერები გარდაუვალია. ე.ი. "ქართული ოცნება" საზოგადოებას აჩვენებს, რომ "დიდ ფულთან" მივიდნენ, ხოლო დასავლეთს აწვდის სიგნალს, რომ პრორუსულ ბირთვზე დარტყმა უკვე დაწყებულია.
- რამდენად შესაძლებელია, რომ ეს სკანდალი 4 ოქტომბრის აქციასთან დააკავშიროს და ამერიკელებს მიანიშნოს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" სინამდვილეში რუსული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა?
- ძალიან სწორად დასვით კითხვა. არ არის გამორიცხული, რომ მოვლენების განვითარებამ ბიძინა ივანიშვილს ის "ჟღერადობაც" დაუმატოს, რასაც ახლა 4 ოქტომბრის ორგანიზატორებთან აკავშირებენ. ფარცხალაძის ხსენება სწორედ ამ სიგნალის ნაწილია და ეს შემთხვევითი არ არის. თუ აღმოჩნდა, რომ რუსეთი იძულებულია თავი დაანებოს საქართველოში გავლენის შენარჩუნებას, ივანიშვილს 4 ოქტომბრის მოვლენებში რუსეთის ორგანიზატორობის ხაზის გაჟღერება ძალიან გამოადგება, როგორც პოლიტტექნოლოგიურად, ისე საგარეო დიპლომატიის თვალსაზრისით.
ეს მას საშუალებას მისცემს გარკვეული პრობლემები რუსეთთან საჯაროდ დააფიქსიროს და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი პოზიცია დასავლეთის წინაშეც უფრო ხელსაყრელად წარმოაჩინოს. ბიძინა ივანიშვილს ასეთი პრაქტიკული ნაბიჯები ახასიათებს.
- და ამის შემდეგ როგორ დალაგდება ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი?
- როდესაც რუსეთს საბოლოოდ გააძევებენ ამიერკავკასიიდან, "ქართულ ოცნებას" უფრო აქტიურად მოუწევს ამერიკული პოლიტიკური პრეტენზიების გათვალისწინება. სწორედ იმ პრეტენზიების გარშემო ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური ძალები გახდებიან მისთვის რეალური ოპონენტები. საინტერესო ფაზა სწორედ მაშინ დაიწყება. არ არის მოსალოდნელი ის, თითქოს "ქართული ოცნება" განაგრძობს ოპოზიციური პარტიების განადგურებას და ამას ამერიკული მხარე არ უგულებელყოფს. აშშ ამ პროცესში პირდაპირ ჩარევას არ გეგმავს, რადგან ამ ოპოზიციას არ მიიჩნევს პოლიტიკურ ალტერნატივად, რომელიც დღეს "ნაცმოძრაობის" ირგვლივ არის თავმოყრილი.
- ვინ შეიძლება გახდეს ახალი ოპოზიცია, რომელსაც ამერიკა დაეყრდნობა?
- არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს თავადაც ჰქონდეს პოლიტიკური ველის "განახლების" ინტერესი ანუ გაკოტრებული პარტიების ჩანაცვლება ახალი, მისთვის კომფორტული ფიგურებით. მას კარგად ესმის, რომ დღევანდელი ოპოზიცია ვერც დასავლეთთან კომუნიკაციის არხად გამოდგება და ვერც შიდა პოლიტიკაზე ზემოქმედების ბერკეტად. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ის დაუშვებს ახალ გახარიას, "ლელოს" ან ვიქტორ ყიფიანის მსგავსი კონტროლირებადი ოპოზიციის შექმნას. დღევანდელი ფსევდოოპოზიციური რეალობა, ფაქტობრივად, ამოწურულია. არც პროტესტის ქუჩაში გაყვანის რესურსი დარჩა და არც დასავლეთის ნდობა. ამიტომ მათი პოლიტიკური დასასრული ვეღარ გახდება შოკის მიზეზი ვერც შიგნით, ვერც გარეთ. დასავლეთის სტილი ასეთია: ის არასდროს აკეთებს არჩევანს იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომლებიც ოდესღაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც სწორედ ამ ნიშნით მოასუფთავეს პოლიტიკური ველი და შეარჩიეს ახალი, სრულიად ხელუხლებელი ფიგურები. იგივე მიდგომა გავრცელდება საქართველოზეც. თუ საქართველო საბოლოოდ გადავა ამერიკულ ორიენტაციაზე, აქ შეიქმნება არა უბრალოდ პროდასავლური, არამედ ტრამპისტური ტიპის პროამერიკული პარტია. ეს იქნება ერთი და სერიოზული ძალა, რომლის ლიდერებსაც შეარჩევს არა შიდაპოლიტიკური ელიტა, არამედ თავად ამერიკული მხარე. მსგავსი პროცესი უკვე დაწყებული იყო უკრაინაში, სადაც ჯერ ტრამპის გარემოცვის მხარდაჭერით იქმნებოდა ახალი პოლიტიკური სტრუქტურები, მაგრამ ახლა ისინი დროებით დაპაუზებულია. როგორც კი ამერიკაში ტრამპის გუნდს შესაძლებლობა მიეცემა, ეს ტალღა ისევ გავრცელდება აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთისკენ. სანამ რუსულ-ამერიკული შეთანხმების პარამეტრები საბოლოოდ გაირკვევა, გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური სტაბილურობის გარანტად, სავარაუდოდ, კვლავ ბიძინა ივანიშვილი იქნება. არც ქაოსი სურთ და არც რევოლუცია, არამედ ხავერდოვანი პოლიტიკური ტრანსფორმაცია, რომელშიც "ქართული ოცნება" გარკვეული სახეცვლილი ფორმით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან მოთამაშედ დარჩება.
ხათუნა ბახტურიძე