„ხელისუფლება ძალიან ჩქარობს“
პოლიტოლოგები, ექსპერტები და საზოგადოების რიგითი წარმომადგენლები ცდილობენ გაარკვიონ, რა უკავშირდება ყოფილი პრემიერის, ყოფილი გენერალური პროკურორისა და ყოფილი სუს-ის უფროსის ბინებში გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს, შეიძლება თუ არა ეს მოვლენები კავშირში იყოს კორუფციასთან, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან ან ხელისუფლების შიდა თამაშებთან. მთავარი კითხვა კი რჩება: რამდენად იყო ყველაფერი შეთანხმებული ქვეყნის უმაღლეს ლიდერებთან და რა მიზნები შეიძლება იმალებოდეს ამ პროცესების მიღმა. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე თავის აზრს გვიზიარებს, თუ რა შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე და კულუარებში.
- პროკურატურა რომ ირაკლი ღარიბაშვილთან მივიდოდა, ეს მოულოდნელი არ იყო. იმაზეც იყო საუბარი, რომ საქმეში შესაძლოა გრიგოლ ლილუაშვილიც გამოჩენილიყო, მაგრამ მართლაც ძალიან მოულოდნელი იყო ფარცხალაძის ფაქტორის გამოჩენა. ასევე მოულოდნელი იყო ერთ დღეში ასეთი ოპერაციის ჩატარება. შესაბამისად, არსებობს ბევრი ვერსია, რა შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში, თუმცა ამ ფიგურების კორუფციასთან მიბმა მხოლოდ საბაბია, რეალურად რაღაც სხვა ხდება. არავის სჯერა, რომ ეს ყველაფერი კობახიძის ინიციატივით მოხდა და ივანიშვილთან შეთანხმებული არ იყო. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რატომ უნდა გაეწირა ივანიშვილს ერთგული ხალხი? გამორიცხულია, ღარიბაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ წასულიყო. მე არც იმ აზრს ვეთანხმები, რომ ეს ხალხი თუნდაც კობახიძის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულებაში ფულის ჩადებას დაიწყებდა. ჩემი ვერსიით, ივანიშვილი პოლიტიკიდან გასვლას ცდილობს. ალბათ, გახსოვთ, შევარდნაძემ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გარანტიები მიიღო როგორც დასავლეთიდან, ისე მოსკოვიდან. შემდეგ სააკაშვილმაც მიიღო გარკვეული გარანტიები, ოღონდ მხოლოდ დასავლეთიდან. ივანიშვილს "ქართული ოცნების" პოლიტიკიდან გამომდინარე, მხოლოდ კრემლისგან სჭირდება გარანტიები, რადგან დასავლეთიდან ვერც მიიღებს. ფიქრობს, რომ ის შეეცდება ნელ-ნელა დისტანცირდეს პოლიტიკიდან. მე არადამაჯერებლად მეჩვენება ვერსიები იმის შესახებ, რომ ღარიბაშვილმა ან ლილუაშვილმა ივანიშვილს უარი უთხრეს ბიუჯეტიდან მოპარული ფულის მისთვის მიტანაზე. ფარცხალაძის საკითხი კი საერთოდ არ ჯდება კონტექსტში. კი, ერთ დროს გენერალური პროკურორი იყო, თუმცა ახლა აღარ არის და აღარც საქართველოში ცხოვრობს. ძალიან ბევრი არადამაჯერებელი ვერსია ვრცელდება. თუმცა, ვფიქრობ, ხელისუფლება შეეცდება მათ დაუკავშიროს 4 ოქტომბრის მოვლენები, ეს მათგან ყველაზე მისაღები სცენარია.
- გარკვეულწილად გასაგები იქნებოდა, 4 ოქტომბრის პროცესების ღარიბაშვილთან ან თუნდაც ლილუაშვილთან დაკავშირება, მაგრამ მკვეთრად გამოხატული რუსული ორიენტაციის მქონე ფარცხალაძე ანტირუსულ საპროტესტო აქციებს როგორ უნდა დაუკავშირონ?
- შესაძლებელია გაირკვეს, რომ კოჯრის ტყეში ნაპოვნი იარაღი უკრაინიდან კი არა, რუსეთიდან იყო შემოტანილი ფარცხალაძის მიერ. აქ კიდევ ერთ ფაქტორს ვხედავ, საქმე მხოლოდ ამ სამ პირს არ ეხება. საუბარია სხვა პირებზეც, რომელთა სახელები ჯერ არ სახელდება. ერთი მხრივ, მიმდინარეობს რეპრესიები, მეორე მხრივ კი კანონმდებლობის უკიდურესად გამკაცრება, რაც შეიძლება შეფასდეს ანტიდემოკრატიული ქმედების ნაწილად, რადგან ხდება სიღრმისეული კონსტიტუციური და კანონმდებლობითი რეგულაციების შეცვლა. სურათი გვიჩვენებს, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამზადებს. ცდილობს რეპრესიები გააძლიეროს და კანონმდებლობა საკუთარ ინტერესებს მოარგოს. რატომ აჩქარებს პროცესს? შესაძლოა ეს დაკავშირებულია ანტიკორუფციული ღონისძიებების, ფინანსური გამოკვლევების ან სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებთან. წინ კიდევ უფრო სერიოზული მოვლენები გველოდება.
- ამბობთ, რომ პროდასავლური საპროტესტო აქცია შეიძლება პრორუსულ აქციად მოინათლოს?
- არ არის გამორიცხული. თუმცა მხოლოდ ფარცხალაძის ფაქტორის გამოყენება საკმარისი არ იქნება. ამისთვის საჭირო იქნება დამატებითი არგუმენტები.
- ფარცხალაძეზე შეტევით ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ "ქართული ოცნება" ამ ნაბიჯით ტრამპის ადმინისტრაციის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს?
- არა მგონია, იმიტომ, რომ "ოცნებამ" ანტიდასავლური განცხადებებით რუსეთსაც კი აჯობა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი სანახაობა, რისი საშუალებითაც ხელისუფლებას ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაფარვა უნდოდა. ვგულისხმობ იმას, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რის საფუძველზეც კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ. ცალკე პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება. ყველაფერი კომპლექსურად მიდის იქით, რომ "ქართული ოცნება" ჩამოყალიბდეს ავტორიტარულ რეჟიმად. საკითხავი ის არის, ვინ იქნება ამ ავტორიტარული რეჟიმის სათავეში, ბიძინა ივანიშვილი თუ ვინმე სხვა.
- თქვენ რა ვერსია გაქვთ?
- შესაძლოა ივანიშვილი ამ ეტაპზე კობახიძემ ჩაანაცვლოს. ხვალ-ზეგ არ ვიცი, რა იქნება. როდესაც ჩანაცვლებაზე ვსაუბრობ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მისი ნებაყოფლობითაც ხდებოდეს. ხაზს ვუსვამ სიტყვას "ნებაყოფლობIით", ვინაიდან, ეს მხოლოდ ივანიშვილზე არ არის დამოკიდებული, ამისათვის მას მოსკოვის ნებართვა სჭირდება. ამ ხელისუფლებამ დასავლეთისკენ მიმავალი ყველა გზა მოიჭრა. ამის დასტურად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ანეკდოტური დაჯარიმებაც საკმარისია. საინტერესოა, რას იზამს კობახიძე, როდესაც ქალბატონი ელინა ვალტონენი ჯარიმას არ გადაიხდის, სამართლებრივ დევნას დაუწყებს? "ქართული ოცნება" ძალიან ცდილობს, რომ იზოლაცია გააღრმაოს.
- რა ტიპის რეაქციებს უნდა ველოდოთ ახლა დასავლეთიდან?
- რა თქმა უნდა, დასავლეთი რიტორიკას გაამკაცრებს, მაგრამ ამას ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა აღარ ექნება, იმიტომ, რომ წითელი ხაზები უკვე გადალახულია. არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთი ქმედით ნაბიჯებზე გადავიდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია შეიძლება "ქართულ ოცნებაშიც" ჰქონდეთ და დროის მოგებას და რეჟიმის რეალურად ჩამოყალიბებას ცდილობენ. ასეთ შემთხვევაში დასავლეთის ქმედებები უკან მიდევნებული ლამპარი იქნება.
ხათუნა ბახტურიძე