ჩინური „წყევლა“ - კვირის პალიტრა

ჩინური „წყევლა“

გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს გამოთქმა -„"გისურვებ, რომ საინტერესო­ დროს იცხოვრო" - ებრაული წყევლაა. თუმცა ეს ასე არ არის. "ღმერთმა არ ქნას, რომ საინტერესო დროს იცხოვრო" - ეს ჩინური ანდაზაა და ამ ანდაზა-წყევლამ“მთელ მსოფლიოს უწია, ისე როგორც თავის დროზე უხანის ლაბორატორიიდან "გამოქცეულმა" კორონავირუსმა.­ საქართველოც მსოფლიოს ნაწილია და ჩვენ ჩვენი "საგიჟეთი" გვაქვს - აქეთ მსოფლიო ბანი და ყოფილი გენპროკურორი სახელმწიფო გადატრიალების მუხლით სხედან ციხეში, იქით ეუთოს თავმჯდომარე დაჯარიმდა "რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის". იმის იქით კი ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა...

გასულ კვირას 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაციები გავრცელდა. კერძოდ, "ფორმულას" ინფორმაციით, ადამიანი "იქსი", რომელიც­ ე.წ. რევოლუციის ორგანიზატორებს ძალოვნების მათ მხარეს გადასვლასა და ხელისუფლების­ ჩამოშლას ჰპირდებოდა, სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ყოფილა.­ კერძოდ, "ფორმულას" ვერსიის მიხედვით (ტელეარხი ამტკიცებს, რომ ეს ამბავი­ რამ­დენიმე წყარომ დაუდასტურა), გრიგოლ ლილუაშვილი ჯერ ლევან ხაბეიშვილს­ შეხ­ვდა,­ შემდეგ კი მურთაზ ზოდელავას - ორივე შეხვედრას სოფო ჯაფარიძე ესწრებოდა, როგორც სააკაშვილის სპეცწარმომადგენელი(?!). ტელეკომპანიის მტკიცებით, ლილუაშვილი სინამდვილეში სუს-ზე მუშაობდა.

სოფო ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყო ეს შეხვედრა. ხაბეიშვილისა და ზოდელავას ვერსიებს კი ვერ მოვისმენთ, რადგან მათ აკრძალული აქვთ გარესამყაროსთან ურთიერთობა.

ყველაზე საინტერესო იყო მმართველი­ გუნდის რეაქცია: ეს არც უარყვეს და არც დაადასტურეს. აი, რა თქვა პრემიერმა­ ირაკლი კობახიძემ: "მე არ მინდა, გვარებში შევიდე, მაგრამ რასაც ჩვენ ვამბო­ბდით ზოგადად ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ, სოფო ჯაფარიძემ - ეს სამი გვარი მახსენდება, შეიძლება სხვებიც იყვნენ. რასაც ვამბობდით, ის დაადა­სტურეს, რომ იყო კონკრეტული სუბიექტი, ყოფილი გუნდის წევრი, რომელიც თანამშრომლობდა ამ ადამიანებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან. ეს დადასტურდა მათი მხრიდან. შეგულიანებული იყვნენ ეს ადამიანები კონკრეტული მინიშნებებით, მითითებებით, თანხებით. ასეთი თანამშრომლობა არსებობდა კონკრეტულ პირს, გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო კონკრეტულად თანხის მიმღები. ამ დონეზე გვაქვს ინფორმაცია - რამდენს იღებდა, რა თანხას იღებდა და ამ თანხის სანაცვლოდ რას აკეთებდა".

559998584-1574189283980616-520079498899816719-n-1760878502.jpg

17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის სახლები გაჩხრიკეს. რა ვერსიას შემოგვთავაზებს გამოძიება? მხოლოდ კორუფციულს თუ პოლიტიკურსაც? ანუ იქნება ასეთი ვერსია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები ე.წ. რევოლუციონერებთან შეთა­ნხმებით ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენ? თუ ჯუანშერ ბურჭულაძის არ იყოს, ყველაფერი ბანალური კორუფციული სკანდალით დასრულდება? ვნახოთ...

გასულ კვირას კიდევ ერთი ამბავი­ მოხდა.­ კერძოდ, თამარ ჩერგოლეიშვი­ლმა­ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის მოვლ­ენ­ე­ბთან­ დაკავშირებით, ბაჩო ახალაიაც საქმეში იყო ჩართული. მისი თქმით, ასეთი დასკვნა ე.წ. რევოლუციონერების საჯარო განცხადებებიდან გამოიტანა. თუ მართლა­ ჩართული იყო ბაჩო ახალაია, უცნობია, ვის თამაშს თამაშობდა, ან თუ ჩართული იყო, რატომ არ ზის ბურჭულაძის, ხაბეიშვილის, ბერიძის, ზოდელავასა და მანჯგალაძის გვერდით?! ისე, თუ ჩერგოლეიშვილი­ მართალია და ე.წ. რევოლუციონერებმა ბაჩო ახალაიასთან დაიჭირეს საქმე (სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ანტაგონისტურ ფიგურასთან), მაშინ, ალბათ, დაკავებულებს სხვა სახის ექსპერტიზაც უნდა ჩაუტარდეთ.

ლილუაშვილი იყო ჩართული, ახალაია, პეტრე თუ პავლე, ეს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას არ ნიშნავს. იურიდიულ პასუხისმგებლობას თავი დავანებოთ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ: პირველ რიგში, იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს აფერა ზიანის მეტს არაფერს მოიტანდა, მაგრამ ჩუმად იყვნენ. ზოგს აქტივისტების მხრიდან ბულინგის ეშინოდა, ზოგი მოქმედებდა პრინციპით: "ემანდ, რამე არ მოხდეს". საბოლოოდ, მივიღეთ ოპოზიციური სპექტრის ისეთი დისკრედიტაცია, რომ გაურკვეველია, რამდენი ხანი დასჭირდებათ პოლიტიკოსებს მეტ-ნაკლები რეაბილიტაციისთვის. მივიღეთ 45-ზე მეტი დაკავებული ადამიანი, რომელთა ნაწილს (ზოგიერთთან დაკავშირებით არის ეჭვები,­ რომ ისინი საერთოდ არ იმყოფებოდნენ პრეზიდენტის რეზიდენციასთან) წლობით ციხე ემუქრება, რადგან აჰყვნენ ავანტიურისტულ მოწოდებას: "4-ში ვიწყებთ და 4-შივე ვამთავრებთ". ზოგიერთი ცდილობს, რომ ე.წ. რევოლუციონერები გმირებად გამოიყვანოს (თუმცა ისინი ცოტანი არიან), ზოგი (მაგალითად, ნიკა გვარამია) იხვეწება, აღარ ვილაპარაკოთ ამ თემაზეო. არადა, საუბარი საჭიროა, რათა მსგავსი დამაზიანებელი სისულელე აღარ მოხდეს ქართულ პოლიტიკაში.

2-1760878502.jpg

აკრძალავენ თუ არა პარტიებს

პარლამენტმა 81 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის­ გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. ცვლილებები "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში, “საარჩევნო კოდექსში“ და "სისხლის სამართლის კოდექსში" აისახა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, აკრძალული პარტიის წევრებსა­ და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, პასიური საარჩევნო უფლებით ისარგებლონ - მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეული პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. იმავდროულად, შეეზღუდებათ კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.

ამასთან, პარტიას, რომელიც ასეთ პირებს საკუთარ რიგებში გააწევრებს, სს კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა დაეკისრება. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, "ქართული ოცნების" გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს­ და როგორც კონკრეტული პარტიების აკრძალვას, ასევე მათთან დაკავშირებული პირებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების აკრძალვას მოითხოვს.

იმას კი, რა შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს პარტია, "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი არეგულირებს. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება",­ - წერია კანონში.

მმართველ გუნდს გაცხადებული აქვს, რომ კოლექტიური "ნაცმოძრა­ობის" აკრძალვას შეეცდებიან. სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ასეთებად მიაჩნიათ: "ნაცმოძრაობა"“(თინა ბოკუჩავა), "ახალი" (ნიკა გვარამია-ნიკა მელია), "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის"“(ზურა გირჩი ჯაფარიძე), "დროა"“(ელენე ხოშტარია), "სტრატეგია აღმაშენებელი"“(გიორგი ვაშაძე), "ლელო"“(მამუკა ხაზარაძე - ბადრი ჯაფარიძე), გახარიას პარტია.

ანუ "ოცნებას" მოუწევს საკონსტიტუციო­ სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ ყველა ზემოხსენებული პარტიის მიზანი იყო საქა­რთველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა (ფაქტია, მმართველი გუნდი ამ მუხლით დაიწყებს დავას). ანუ უნდა დაამტკიცოს, რომ ამაში­ ჩართული იყო მთელი პარტიული სტრუქტურა და არა მაგალითად, მხოლოდ მისი რომელიმე ცალკეული ლიდერი. და ეს უნდა დაამტკიცოს "ნაცმოძრაობაზეც", "ლელოზეც"­ და გახარიას პარტიაზეც. "ლელოს" და გახარიას პარტიას თავი რომ დავანებოთ (ისინი არჩევნებში მონაწილეობდნენ. ვაშაძე, მელია, გვარამია, გირჩი­ ჯაფარიძე და ხოშტარია ციხეში სხედან და იქიდან რას დაგეგმავდნენ, გაურკვეველია), თავად "ნაცმოძრაობის" ლიდერები ამბობენ, რომ არაფერ შუაში არიან და ეს იყო კერძო ინიციატივა ე.წ. რევოლუციონერების. კოალიცია "ცვლილებებისთვის" კი გაემიჯნა მურთაზ ზოდელავას - სწორედ 4 ოქტომბრის გამო გაიყო ჩვენი გზებიო.

თავს პროგნოზის გაკეთების უფლებას მივცემთ: სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლო არაფერსაც არ აკრძალავს. ეს კარგად იცის თავად "ოცნებამ" და სასამართლოში დავა მორიგი პოლიტიკური მანევრია, რათა საინფორმაციო ველი უკვე სასამართლოს დარბაზიდან დაიპყრონ იმაზე საუბრით, თუ რა დესტრუქციულია კოლექტიური "ნაცმოძრაობა". მეორე ვერსია - საკონსტიტუციო სასამართლო კრძალავს "ნაცმოძრაობას" და დანარჩენებს დატოვებს\.

და თუ ყველას აკრძალავს... ეს იქნება ძალიან, ძალიან ცუდი და დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს მძიმე მოვლენების სცენარს, რომლის შემდეგაც წელში გასწორებას წლებს მოვანდომებთ.

ეუთოს თავმჯდომარის "თბილისური თავგადასავალი"

ვინმეს ერთი წლის წინ რომ ეთქვა, ეუთოს თავმჯდომარეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის საქართველოს შსს დააჯარიმებდა, ალბათ, გიჟად გამოვაცხადებდით. თუმცა ზემოხსენებული ჩინური წყევლა-ანდაზის არ იყოს, ესეც ვნახეთ... ქრონოლოგია ასეთია: საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი. შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს. საღამოს კი რუსთაველის გამზირზე მივიდა და აქციის მონაწილეებს გაესაუბრა. მმართველი გუნდი ამაზე გადაირია - მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ირაკლი კობახიძემ ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. თავად ვალტონენი ამტკიცებს, რომ შეხვედრა მან გააუქმა "გრაფიკში" ცვლილებების გამო. სიმართლე ითქვას, უფრო კობახიძის ვერსიაა დამაჯერებელი, რადგან რა ისეთი ცვლილება უნდა მომხდარიყო ეუთოს თავმჯდომარის გრაფიკში, რომ მას ქვეყნის პირველ პირთან გაეუქმებინა შეხვედრა - ეს უფრო ვითარების არგამწვავების მცდელობას ჰგავს.

გასაგებია, რომ მმართველ გუნდზე უცხოელი დიპლომატების აქციაზე მისვლა ისე მოქმედებს, როგორც ხარზე წითელი ნაჭერი. თუ ეუთოს თავმჯდომარე თბილისში, საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეული საკითხების "დასალაგებლად" იყო ჩამოსული, ეს უნდა გაეთვალისწინებინა. თუმცა ეუთოს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გზის გადაკეტვისთვის 5.000 ლარით დაჯარიმება ტრაგიკომიკურიც არის, არასერიოზულიც და თავად ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი.

ვნახოთ, მომავალი კვირა რა საოცრებებს შემოგვთავაზებს. ისე, საინტერესო დროს ცხოვრება ცოტა ყველას ძალიან მოგვბეზრდა.

გიორგი კვიტაშვილი