აკრძალავენ თუ არა პარტიებს - რას ამბობს საქართველოს კონსტიტუცია?!
"ქართულმა ოცნებამ" ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომელიც პარტიების გაუქმებასა და პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას შეეხება. კანონი უკვე ძალაშია და როგორც პრემიერმა კობახიძემ თქვა, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი შეეხება 10-მდე ოპოზიციურ პარტიას, რომლებსაც "კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიაზრებენ. ამ ახალმიღებულ ნორმებს კონსტიტუციონალისტები და სამართალმცოდნეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ. თუ რატომ, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გვიხსნის:
- საქმე გვაქვს ორ დიდ პრობლემასთან: ერთი - კანონების კონსტიტუციურობასთან და მეორე - კანონის აღსრულების კონსტიტუციურობასთან. დავიწყოთ პირველით. აბსოლუტურად ცხადია იმ ნორმის არაკონსტიტუციურობა, რომლითაც კანონით ადგენენ, რომ ფიზიკურ პირებს უკრძალავენ პასიურ საარჩევნო უფლებას და ჩამოთვლილია, ვის ეხება. ესენი არიან პარტიის წევრები, პარტიის ხელმძღვანელი პირები, პარტიასთან დაკავშირებული პირები და თავად ეს ტერმინიც, "პარტიასთან დაკავშირებული პირი", ვერ აკმაყოფილებს ე.წ. განსაზღვრულობის პრინციპს, რაც აუცილებელია სამართლებრივი სახელმწიფოსთვის და, თუ ნორმა ვერ აკმაყოფილებს განსაზღვრულობის პრინციპს, ის უნდა იქნეს მიჩნეული არაკონსტიტუციურად. ასეთი რამდენიმე გადაწყვეტილება აქვს მიღებული ჩვენივე საკონსტიტუციო სასამართლოს. მეორე, ცხადია, კანონის ნორმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას. პასიური საარჩევნო უფლება, რომელსაც კრძალავენ, არის საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლება და შესაბამისად, ეს ნორმა წერია კონსტიტუციის მეორე თავში, ადამიანის ძირითად უფლებებში.
გასაგები რომ იყოს, ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ როგორ არის აგებული ეს კონსტიტუცია: როცა წერია რაიმე კონკრეტულ უფლებაზე, იქვე წერია, რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს და ეს თუ არ წერია, ეს ნიშნავს, რომ შეზღუდვა არ შეიძლება. ანუ კონსტიტუციაში გვაქვს ნორმები, რომელთა ნაწილის შეზღუდვას შესაძლებლად მიიჩნევს კონსტიტუცია, და გვაქვს ისეთი ნორმებიც, რომელთა შეზღუდვას კონსტიტუცია არ ადგენს.
კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რაც მოიცავს როგორც აქტიურ უფლებას, ანუ უფლებას, ავირჩიოთ, ასევე პასიურ უფლებას - ვიყოთ არჩეულები. შემდეგ წერია, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვთ პირებს, რომლებიც არიან მსჯავრდადებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის (ზოგადად, სხვა პატიმრებს აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება), შშმ პირებს, თუ შეზღუდვა დადგენილია სასამართლოს მიერ და იმ შემთხვევაში, თუ პირი მოთავსებულია სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში... და წერტილი. არ წერია, რომ შეიძლება კანონით დაწესდეს რაიმე სხვა შეზღუდვა. შესაბამისად, როდესაც ფიზიკურ პირებს, რომლებიც ამა თუ იმ პარტიის წევრები ან ხელმძღვანელები იყვნენ, ან ამ პარტიის სასარგებლოდ აკეთებდნენ რაიმეს და მათ უკრძალავ პასიურ საარჩევნო უფლებას, ეს პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას.
კიდევ ერთი, რატომ არ შეიძლება ფიზიკური პირებისთვის ამ უფლების ჩამორთმევა. ბევრი ადამიანი გაგვახსენდება, რომლებიც ჯერ ერთ პარტიაში იყვნენ, მერე მეორეში და თავად "ოცნებამ" გადახედოს თავის რიგებს. დღესაც არის მათთან ის ხალხი, თავის დროზე "ნაცმოძრაობაში" რომ იყვნენ. შეიძლება ადამიანს შეეცვალოს შეხედულებები და დროთა განმავლობაში მემარჯვენე მემარცხენედ გადაიქცეს და პირიქით. ამიტომ არ შეიძლება პირი დასაჯო იმის გამო, რომ ოდესღაც იყო ან ახლა არის რომელიღაც პარტიის წევრი.
კიდევ ერთი საკითხი. დავუშვათ პარტიამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია კონსტიტუციით აკრძალული მოქმედებისკენ, იქნება საფუძველი პარტიის აკრძალვისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც აკრძალვები უნდა გავრცელდეს ამ პარტიის არათუ ყველა წევრზე, არამედ ყველაზე, ვისაც კი ამ პარტიასთან რაიმე შეხება ჰქონია და ამას აქვს ორი საფუძველი: პირველი - გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით და სრულიად შესაძლებელია, რომ ამ გადაწყვეტილებას ვიღაცებმა მხარი დაუჭირეს, ვიღაცებმა კი არა. შესაბამისად, ამ პირებს რატომ მიუძღვით ბრალი, ვთქვათ, არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებაში? არადა, იმ მიდგომით, რაც ამ ახალმიღებულ კანონებშია, ყველა პასუხისმგებელი იქნება ამაზე. თუ პირმა, პარტიის წევრი იქნება თუ ხელმძღვანელი, რაიმე დანაშაული ჩაიდინა, ვთქვათ, პოლიტიკური, მაშინ ამ კონკრეტული დანაშაულისთვის უნდა მოსთხოვო პასუხი, მაგრამ პარტიამ იმოქმედა არაკონსტიტუციურადო და ამის გამო მის წევრებს მოსთხოვო პასუხი, ეს არასამართლებრივია.
რაც შეეხება კანონთა ინტერპრეტაციას, ანუ კანონის აღსრულების კონსტიტუციურობას. კონსტიტუციაში წერია, რომ პარტიას უფლება არა აქვს ეწეოდეს რაღაც საქმიანობებს და ამ ჩამონათვალში წერია "საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა". ჯერ ამ ბოლო ორ სიტყვას მიაქციეთ ყურადღება - დამხობა ან ძალადობით შეცვლა. ეს კონსტრუქცია ხომ იმას გვეუბნება, რომ დამხობა არ მოიცავს ძალადობას? წინააღმდეგ შემთხვევაში, "ან ძალადობით" ჩაწერა საჭირო არ იქნებოდა - ანუ როდესაც ამბობ "დამხობას", სამართლებრივად დამხობაში უნდა ვიგულისხმოთ არაძალადობრივი მოქმედება. მეორე - იქ წერია "კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა", და არა ხელისუფლების. "წყობილება" და "ხელისუფლება" სხვადასხვა რამეა. ჩვენთან, კონსტიტუციის თანახმად, წყობილება არის დემოკრატიული სახელმწიფო და საპარლამენტო რესპუბლიკა - ანუ ამის დამხობა ან ძალადობით შეცვლა აქვს აკრძალული პარტიას. შეცვლის უფლება აქვს, მაგრამ ძალადობით არა. კონსტიტუციაში არსად წერია, რომ ხელისუფლების დამხობა ან ძალადობით შეცვლა აკრძალულია. შესაბამისად, ახლა რომ ამბობენ "ოცნების" ლიდერები, 5 რევოლუცია ავიცილეთ თავიდანო, თვითონ რევოლუციას რასაც არქმევენ, რომელიმე მათგანის დროს იყო წყობილების შეცვლაზე ლაპარაკი? ვინმეს უთქვამს, რომ ან დემოკრატია არ გვინდა, ან საპარლამენტო რესპუბლიკაო? არა. მაშინ სად არის დანაშაული? დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო ყველა ამ ცვლილებას არაკონსტიტუციურად ცნობდა.
ყველანაირ სამართლებრივ და კონსტიტუციურ ნორმას არის გაცდენილი "პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის" პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა. ეს ნორმა, რომელიც თავისთავად არაკონსტიტუციური, იმდენად განუსაზღვრელია, რომ "დაკავშირებულ პირში" ძალიან ბევრი ვინმე შეიძლება იგულისხმო.
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შეიტანეს ცვლილება, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევენ უფლებას, ფიზიკური პირების მიმართ მიიღოს საარჩევნო უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება, ასეთი უფლება კი კონსტიტუციის იმ მუხლში, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, არ წერია. საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ის უფლებები აქვს, რომლებიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული და შესაბამისად, ეს ნორმაც არაკონსტიტუციურია.
შარშან ბარიერი სულ 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა და როგორც ჩანს, მათთან ერთად კიდევ სხვა პარტიების აკრძალვასაც აპირებენ. ვინ იქნებიან ეს პარტიები? რომლებიც "ოცნებას" არ მოსწონს და სახიფათოდ მიაჩნია, ან უბრალოდ, ვისი ბოღმაც აქვთ? ბოლშევიკებს სხვა კი არაფერი გაუკეთებიათ ე.წ. დიდი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, როდესაც, ფაქტობრივად, აიკრძალა ყველა პარტია და შემდეგ ამ პარტიის ლიდერები თუ წევრები გადაასახლეს, დახვრიტეს და შექმნეს ქვეყანაში ერთპარტიული სისტემა.
"ჩვენ ახლა მხოლოდ გარე ფაქტორზე ვართ დამოკიდებული"
დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი: - მრჩება შთაბეჭდილება, რომ კობახიძის როლს სათანადოდ არ ვაფასებთ. ეჭვი მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთ საკანონმდებლო ნიუანსებში იყოს ჩახედული. ის გამოთქვამს სურვილს, მაგალითად, მომაშორეთ ეს ხალხიო, კობახიძე კი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს მისი ნება-სურვილების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას და გაფორმებას. ბიძინას არსებული ოპოზიციური სპექტრი არ უნდა და მათი მოცილება კობახიძემ ასე გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლებას დიდ საფრთხეს ვერ უქმნის და მათი აკრძალვა არ არის ჭკვიანური ნაბიჯი. ამით ისინი მოქმედებენ თავიანთ ბირთვულ ამომრჩეველზე, რომელიც ითხოვს, დამთავრდეს ეს მიტინგები, "ნაცები", როდემდე შეიძლება ამათი ატანა და ა.შ., ჰგონიათ, თუ აკრძალავენ, ამით დამთავრდება ყველაფერი.
- პარტიებს რომ აკრძალავენ და, ფაქტობრივად, ასიათასობით ადამიანს პოლიტიკაში მონაწილეობას აუკრძალავენ, რას მივიღებთ?
- ჩვენ უკვე ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც გარე ფაქტორზე ვართ სრულად დამოკიდებული. ქვეყანაში რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ ამაზე მაინც მოხდეს მეტ-ნაკლები კონსოლიდაცია, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდმა და დაანონსებული რევოლუციის მარცხმა ძალიან ცუდი ფონი შექმნა ოპოზიციის კონსოლიდაციისთვის. ბოიკოტის მომხრეებსაც იმისთანები აქვთ ნალაპარაკევი, რთულია მეორე ადამიანმა, რომელიც მონაწილეობდა ან მომხრე იყო ამ არჩევნებში მონაწილეობის, მასთან ერთად რამე მოინდომოს. რაც შეეხება იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან წამოვიდეს რამე, იქ პოლიტიკური ალტერნატივა ჯერ ვერ იშვა. ვიდრე სომხეთში არ ჩაივლის არჩევნები და ამ რეგიონის საკითხს რაღაცნაირად არ გადაწყვეტენ ევროპაშიც და ამერიკაშიც, რეგიონული პოლიტიკიდან გამომდინარე, იქნება საქართველოს თემაც. უფრო ის, რომ გაკეთდება ბიძინა ივანიშვილისთვის შეთავაზებები, რომ მან მოაცილოს კობახიძე და რამდენიმე ოდიოზური ტიპი, რამდენიმე ოდიოზური კანონი შეარბილოს და მას არ ერჩიან არაფერს.
- ღარიბაშვილ-ლილუაშვილთან დაკავშირებით რაც ხდება, ესეც ივანიშვილის სურვილების ნაწილი გგონიათ?
- ორი ვარიანტია. შიდაკლანური ამბავი, კობახიძე და მისი გუნდი იმ ხალხის, რომელიც ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე მოჰყვებოდა, საკუთარი ხალხით ჩანაცვლებას ცდილობს. ამას კობახიძე ახლა სრული ძალებით აკეთებს, მაგრამ ერთია, მას რა უნდა და მეორეა რა უნდა ბიძინას და ეს არის სწორედ მეორე ფაქტორი. არაერთხელ თქვეს, ეს ხალხი იმის გამო განაწყენდა, რომ თანამდებობიდან გადააყენეს და საქმე დაიჭირეს მოღალატეებთან, ანუ "ნაცებთან", აქციის მონაწილეებთან და აფინანსებდნენ ხაბეიშვილს და სხვებსო. ამიტომ მე უფრო მგონია, ისინი ეჭვმიტანილი არიან ღალატში. ერთია, რომ ფულიც ჯერ ბოლომდე არა აქვთ მიტანილი. ამ ფონზე კი ბიძინას თუ უთხრეს და მერე მასაც გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს ხალხი ღალატობს, ცხადია, მათ სახლების გაჩხრეკაზე გაცილებით მეტი ელოდებათ. არ მჯერა, რომ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი საქმეს ხაბეიშვილსა და ბურჭულაძესთან დაიჭერდნენ, მაგრამ მათთან შორეული კავშირების მქონე ხალხთან კონტაქტიც თუ ჰქონდათ, ბიძინასთვის ეს იქნება მათი ღალატის უტყუარი მტკიცებულება.
მგონია, უფრო ეჭვი აქვს ღალატზე. კორუფციის და ფულის გამო არა მგონია, ღარიბაშვილი გაწიროს. თუ მხოლოდ ეს არის, მაშინ მის სანათესაოს ჩამოაცილებენ ფულის კეთების წყაროს, მათ ფულს მიატანინებენ, მაგრამ ბიძინას თუ გაუჩნდა ეჭვი, რომ მათ აქციის მონაწილეებთან რაღაც კავშირი ჰქონდათ, ციხე არ ასცდებათ. თუ არ დაიჭირეს, მაშინ დიდი ალბათობით შეიძლება ვიფიქროთ, რომ აქ მხოლოდ ფულის ამბავია და ბიძინამ მათი ღალატი არ დაიჯერა.
რუსა მაჩაიძე