„პუტინი იტყვის, მე მშვიდობა მინდა, ზელენსკის კი არაო...“
17 ოქტომბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. მანამდე, ორი დღით ადრე, ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ვლადიმირ პუტინს და ორ კვირაში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმეს შეხვედრა. ზელენსკისთან შეხვედრის დასაწყისში ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი "ძალიან ძლიერი ლიდერია, რომელმაც „ბევრი რამ გადაიტანა". შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ტრამპი უკრაინას გადასცეს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: "ეს ესკალაციაა, მაგრამ ამაზე ვისაუბრებთ". უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მის ქვეყანას ათასობით სამხედრო დრონი აქვს, არ გააჩნიათ ამერიკული ძლიერი რაკეტები და მიანიშნა, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია ერთად იმუშაოს სამხედრო მიზნებისთვის.
როგორც იკვეთება, ბუდაპეშტის შეხვედრა გადაწყვეტს, გადასცემს თუ არა აშშ უკრაინას ფრთოსან რაკეტებს და ლიდერები დაითანხმებენ თუ არა პუტინს ცეცხლის შეწყვეტაზე. ამ თემაზე ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გვესაუბრება.
- პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის "ძალიან პროდუქტიული" იყო და 2 კვირაში ბუდაპეშტში შევხვდებით, რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ "სამარცხვინო ომის" დასრულებაო. მას სჯერა ამ საკითხში პროგრესის, თქვენ თუ გჯერათ?
- არ მჯერა და არა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკრაინისთვის შეუძლებელია, ან ამერიკის მხრიდან ამის სურვილი არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს არ ექნება ამის ნება. ტრამპთან პუტინის საუბარი ემსახურებოდა არა მაინცდამაინც იმას, დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები, არამედ დრო რომ მოიგოს და თავად ტრამპთან სცადოს უფრო მეგობრული ურთიერთობის გაბმა, რათა თავიდან აირიდოს ნებისმიერი სახის ამერიკული ჩარევა, ან დაპირისპირებისმაგვარი რამ. რუსეთს სჯერა, რომ ომს იგებს, ფიქრობს, რომ ეს ზამთარი იქნება კრიტიკული უკრაინისთვის.
ტრამპის განმარტებები, რომ "მომდევნო ორი კვირა" იქნება გადამწყვეტი, თებერვლიდან გვესმის. შესაბამისად, ამ ვიზიტით პუტინი კიდევ ერთხელ შეეცდება დრო მოიგოს, რაც ფაქტია, მას ალასკის სამიტითაც გამოუვიდა. პუტინი ახლაც შეეცდება თავი მშვიდობის მოსურნედ წარმოაჩინოს, კვლავაც ისაუბრებს მოთხოვნებზე, რომლებზეც უკრაინის დათანხმება კაპიტულაცია იქნება. შემდეგ კი გამოვა და იტყვის, მე მშვიდობა მინდა, ზელენსკის კი არაო. ეს კი შესაძლოა ტრამპის და მისი მოკავშირე ლიდერების ზელენსკიზე ზეწოლის საფუძველი გახდეს. პუტინი შეეცდება დაარწმუნოს ტრამპი, რომ გააძლიეროს ზეწოლა უკრაინაზე. სანამ კრემლში სჯერათ, რომ ომს მოიგებენ, მანამდე ომს არ შეწყვეტენ და მაქსიმალურად კაპიტულანტურ მოთხოვნებს წამოაყენებენ, რათა უკრაინის დათანხმება თითქმის შეუძლებელი იყოს, შემდეგ კი გამოვიდნენ და ყველაფერი უკრაინას დააბრალონ.
- ტრამპსა და ზელენსკის აუდიენციაზე რას იტყვით, რომლის საუბრის თემა "ტომაჰავკების" გადაცემა იყო. ტრამპიც ხომ არ ცდილობს დრო გაიყვანოს?
- არ მჯერა, რომ ტრამპი უკრაინას მოკლე ვადაში გადასცემს "ტომაჰავკებს", საერთოდ თუ გადასცა. ამის შანსი მცირე მგონია პუტინის მისდამი დამოკიდებულებიდან - ის ადვილად არწმუნებს ტრამპს და აცვლევინებს აზრს. საქმე ის არის, ტრამპს არა როგორც რუსეთის სახელმწიფოს მეთაური, არამედ პერსონალურად მოსწონს პუტინი. მას მოსწონს შემტევი, აგრესიული, ხისტი, დამპყრობელი, მეგალომანიური პოლიტიკოსები და რაც მთავარია, ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის სახით მტერს ვერ ხედავს. რა თქმა უნდა, მარკო რუბიო წინ წამოსწევს ხოლმე უკრაინის დახმარების საკითხს, არიან გუნდის სხვა წევრებიც, რომლებიც ტრამპს მიუთითებენ, რომ უკრაინის მიტოვება არ შეიძლება, მაგრამ ტრამპისთვის პრიორიტეტი არ არის რუსეთ-უკრაინის ომი, პრიორიტეტი უფრო ჩინეთია, პრიორიტეტი იყო ღაზის კონფლიქტის მოგვარება (მოგვარებულად რამდენად ჩაითვლება, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა უკვე რეალობაა).
- მას მერე, რაც "ტომაჰავკებზე" წავიდა საუბარი, უკვე მერამდენედ, კრემლმა ბირთვული იარაღით დამუქრება დაიწყო. თუ ის მართლაც რამეს დააპირებს, რა შანსები აქვს რუსეთს ნატოსთან, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით? რაშია მისი სიძლიერე და უპირატესობა?
- რუსეთი ყველაფერზე იმუქრებოდა, მაგრამ ვერაფერი გააკეთა. ნათელია, რომ მისი მუქარა ბლეფია, ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.
რუსეთი, რომელსაც შეეძლო ძალა ეჩვენებინა და ბირთვული იარაღი გამოეცადა, ჯერ ამასაც არ აკეთებს, ანუ საუბარიც არ არის ფრონტის ხაზზე გამოყენებაზე. შეიძლება ერთ-ერთი იყოს საჩვენებელი გამოცდა, სადღაც ნოვაია-ზემლიაზე, ან რომელიმე სხვა შორეულ კუნძულზე საცდელად ჩააგდოს ბირთვული იარაღი იმის საჩვენებლად, თითქოს რაღაც შეუძლია. ამის გაკეთება ეფექტური იქნებოდა, მაგრამ ამასაც არ აკეთებს.
ნატოსთან შანსებს რაც შეეხება, რუსეთის უპირატესობა და ძლიერი მხარე არა კონვენციური, ანუ სტანდარტული, არამედ დივერსიული ომია. თუ ამის შანსი მიეცემა, ყველაფერს იზამს, რომ ჩაატაროს დივერსიული სამხედრო ოპერაცია ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ. შეუძლია გამოიყენოს ადგილობრივი მოსახლეობა, მიგრანტები, დაქირავებულები, სამხედროები, რომლებიც საზღვარზე საბოტაჟებს მოაწყობენ, დრონების გაშვება და ა.შ. ამას ის ყველა ვარიანტში დააჩქარებს და შეეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს ევროპაში არსებული კრიზისები.
- რუსეთის სამხედრო ეკონომიკა ნავთობზე დგას და როგორც უკრაინელები ამბობენ, "მალე რუსული ნავთობინდუსტრია აღარ იარსებებს". ეს ტაქტიკა გამოფიტავს თუ არა რუსეთს?
- დიახ, ამაზე სწორი ტაქტიკა არ არსებობს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დარტყმები უნდა იყოს განმეორებადი ნავთობინფრასტრუქტურის გასათიშად. მნიშვნელოვანია იმ საწარმოების დაბომბვაც, საიდანაც იღებენ ნავთობს. ეს არის იამალის ნახევარკუნძული, რომელიც დაახლოებით 2800კმ-ით არის დაშორებული უკრაინიდან. ეს ტერიტორია არქტიკაშია, მაგრამ იქიდან მოდის დიდი რაოდენობით ნავთობი, გაზი და იქ უნდა მიაყენონ დარტყმები.
ნავთობტერმინალი აღდგენას ექვემდებარება (10 დღე, 2 კვირა, ზოგს 1 თვე შეიძლება დასჭირდეს აღსადგენად), ჭაბურღილებისა და საწარმოების დაბომბვა კი უფრო მძიმე რამ არის, უფრო რთული აღსადგენია, მით უმეტეს, გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე. უკრაინელების ტაქტიკა სწორია, მაგრამ აღდგენას რომ იწყებს რუსეთი, ამასობაში ახალი დაბომბვაა საჭირო.
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ბოლო 2 თვის განმავლობაში რუსეთის დაახლოებით 40 ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა დაბომბა. ის ცალკე ნავთობტერმინალებს, ნავთობის პატარა საწყობებსა და ავტოგასამართ სადგურებსაც ბომბავს, ანუ ყველაფერს, სადაც კი ნავთობია, ეს ძალზე ჭკვიანურია, მაგრამ მასშტაბი ძალიან დიდი უნდა იყოს.
ფაქტია, რუსული ინდუსტრიის ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ ისიც მართალია, რომ უკრაინასაც უმძიმესი ენერგოკრიზისი უდგას, ანუ რუსული ტაქტიკაც ეფექტიანია.
- რა შანსია იმისა, რომ რუსეთი ომში დამარცხდეს და რა იქნება მისთვის რეალური მარცხი - ის, რომ პუტინი იძულებით დასვან მოლაპარაკების მაგიდასთან და ცეცხლის შეწყვეტაზე მოაწერინონ ხელი?
- რუსეთის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება სხვადასხვა ცნებაა. რუსეთის დამარცხება მაშინ დადგება, თუკი ვერ აიღებს კიევს, აღმოსავლეთ უკრაინას და დონეცკის, ზაპოროჟიეს ოლქებს. რა ტერიტორიებიც მას უკვე თავისად აქვს გამოცხადებული ანექსირებულად, თუ მათ სრულად ვერ ჩაიგდებს ხელში, ეს უკვე დამარცხებაა. რუსეთის პირველი მარცხი კიევის ვერაღება იყო, შემდგომი მარცხი იყო და არის ის, რომ ომიდან მეოთხე წელი სრულდება და რუსეთს დონეცკის ოლქიც კი ვერ აუღია ბოლომდე... ცეცხლის შეწყვეტა უკვე დამარცხება იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინამ გაიმარჯვა. უკრაინის გამარჯვება მხოლოდ იმ შემთხვევაში დგება, ტერიტორიებს 2022 წლის საზღვრებამდე მაინც თუ გაიყვანს. უკრაინის მილიტარიზაცია არ შეწყდება, ხელისუფლება არ ჩამოიშლება, იქნება დასავლეთის მხარდაჭერაც, ექნება გარანტიები, ეკონომიკური მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ უკრაინამ გარკვეული გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სრულმასშტაბიანი გამარჯვება იქნება, თუკი ის ბოლომდე გაანადგურებს რუსეთის არმიას და გავა 1991 წლის ან 2022 წლის საზღვრებამდე მაინც.
რუსეთის მთავარი ამოცანა უკრაინის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა და მისი დასავლეთისგან ჩამოშორება იყო. თუ ამას ვერ მიაღწევს, ისევე როგორც ტერიტორიების ოკუპაციას, რუსეთი ყველა ვარიანტში დამარცხებულად გამოცხადდება.
მილიონი კაცი გაწირა იმისთვის, რომ ბახმუტი დაეკავებინა? არც ერთი დამატებითი საოლქო ცენტრი რუსეთის ხელში არ არის, ხერსონი ჰქონდა და ისიც დაკარგა, სიმფეროპოლი, ისევე როგორც დონეცკი და ლუგანსკი, ისედაც ეჭირა ომამდე.
- ამას წინათ, ტრამპმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთისგან ნავთობი აღარ შეიძინოთო, ახლახან განაცხადა, რომ ინდოეთი დაითანხმა და ახლა ჩინეთის დარწმუნების იმედი აქვს.
- რაც ნაკლები მყიდველი ეყოლება რუსეთს, მით უკეთესი, მაგრამ ალტერნატივა რომ საჭიროა და მნიშვნელოვანი, ამაზე ორი აზრი არ არის. მარტო ჩინეთში არაა საქმე, მნიშვნელოვანია, რუსეთი მაქსიმალურად იყოს სანქცირებული. პრობლემა ისაა, რომ დასავლეთი ნელა ცდილობს რუსეთის მოგუდვას, სწრაფ დარტყმას არ აკეთებს, არადა, უმჯობესია, სანქცირებული იყოს რუსული ენერგოინდუსტრია. ინდოეთს არ დაუდასტურებია ტრამპის ეს ინფორმაცია და, დიდი ალბათობით, არც არაფერი შეცვლილა.