ტრამპის საიდუმლო გეგმები სი ძინპინის წინააღმდეგ ანუ როგორ "გამოვგლიჯოთ" პუტინი ჩინეთის ლიდერს - კვირის პალიტრა

ტრამპის საიდუმლო გეგმები სი ძინპინის წინააღმდეგ ანუ როგორ "გამოვგლიჯოთ" პუტინი ჩინეთის ლიდერს

გასული კვირის უმთავრესი მოვლენა ნამდვილად უნდა გამხდარიყო 17 ოქტომბერს თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების პირადი შეხვედრა, რომელზეც საბოლოოდ გაირკვეოდა ამერიკული ფრთოსანი რაკეტების "ტომაჰავკების" კიევისთვის გადაცემის საკითხი, მაგრამ... აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში მსოფლიოს დიდი ნაწილი და პირველ რიგში მისი უკრაინელი კოლეგა, რომელმაც ვაშინგტონის აეროპორტში დაშვებული თვითმფრინავის ტრაპზე ჩამოსვლისას შეიტყო, რომ თურმე ტყუილად უფრენია ამხელა გზა - "ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტების გადაცემას უკრაინის არმიისთვის ტრამპი აღარ აპირებდა.

მანამდე უკრაინული და თავად ამერიკული მხარეებიც დიდი რიხით აანონსებდნენ, რომ 17 ოქტომბერს ვაშინგტონში დაგეგმილ ტრამპი-ზელენსკის "ისტორიულ" შეხვედრაზე თითქოს თეთრი სახლი დათანხმდებოდა უკრაინისთვის 20-დან 50-მდე ფრთოსანი რაკეტის "ტომაჰავკის" გადაცემას, რომლებითაც უკრაინა მაქსიმუმ 1 600 კმ-ის სიღრმეში შეძლებდა რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების დიდი სიზუსტით დაზიანება-განადგურებას...

მაგრამ ეს ზღაპარი ზღაპრადვე დარჩა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინელი კოლეგის ვაშინგტონში ჩაფრენამდე სატელეფონო საუბარი გამართა რუს კოლეგასთან და პუტინს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვედრა შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. შესაბამისად, "ტომაჰავკების" უკრაინისთვის გადაცემის თემაც "გაიყინა".

თუმცა აპირებდა კი საერთოდ ტრამპი ამ "ტომაჰავკების" ზელენსკისთვის მიყიდვას ნატოს ფულის სანაცვლოდ?

უფრო არა, ვიდრე დიახ, რაზეც მეტყველებს ტრამპის განცხადება, "ტომაჰავკები" ბევრი გვაქვს, მაგრამ ისინი ამერიკას უფრო სჭირდებაო.

მართლაც, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების განკარგულებაში საზღვაო ბაზირების 4 100-ზე მეტი "ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტაა, რომელთაგან 50 ან სულაც 100-200-ის გადაცემა ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ თავად ამ რაკეტების ფრენის დიდი სიშორე და მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე უკვე იწვევს პუტინის რუსეთის დიდ შეშფოთებას და კრემლი ყველა ზომას მიმართავს, რომ "ტომაჰავკები" უკრაინელების შეიარაღებაში არ გამოჩნდეს.

ამისთვის პუტინი კვლავ გააგრძელებს პირისპირ მოლაპარაკებების ციკლს ტრამპთან, თუმცა ეს რეალურ შედეგს, ომის შეჩერებას, არ მოიტანს, რადგან პუტინს დრო გაჰყავს მთავარი მიზნის მისაღწევად - რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიპყროს უკრაინაში, ხოლო ამ დროის გაყვანაში მას უნებლიეთ თუ გამიზნულად მისი... ამერიკელი კოლეგაც ეხმარება.

თუმცა არსებობს კიდევ ერთი საინტერესო მოსაზრებაც, თუ რატომ არ ეთმობა პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებების ხშირი გამართვა ტრამპს და რატომ იყო ასე დაინტერესებული რუსი კოლეგის ჯერ ალასკაზე, ახლა კი ბუდაპეშტში მიწვევაზე.

აგვისტოს შუა რიცხვებში აშშ-ის ალასკას შტატში, რომელიც ორი საუკუნის წინ რუსეთისგან იქნა შესყიდული, ტრამპი-პუტინის პომპეზური შეხვედრის მთავარი თემა მხოლოდ უკრაინის ომის შეჩერების საკითხი არ ყოფილა.

ალასკაზე განხილულ იქნა ორივე ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების პარიტეტის თემა და სხვა საკითხებიც, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლდათ რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებაც.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში არც მალავენ, რომ აშშ-ის მთავარ პოტენციურ მოწინააღმდეგედ უახლოეს მომავალში სწორედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მიიჩნევენ და არა იმ რუსეთს, რომელიც მასზე ბევრად სუსტ უკრაინასთან მეოთხე წელია ფართომასშტაბიანი ომის ჭაობშია ჩაძირული (მალე ეს ომი საბჭოთა კავშირ-გერმანიის 1941-45 წლების ომს გაუტოლდება ხანგრძლივობით) და მოსკოვი მთელ თავის რესურსებს უკრაინის დასაპყრობად მიმართავს, მაშინ როდესაც 46 წელი ომის გარეშე (ბოლო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ჩინეთის არმიამ ვიეტნამთან გამართა 1979 წელს, თუ არ ჩავთვლით ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე პატარ-პატარა შეტაკებებს) მცხოვრები ჩინეთი გამალებული ტემპით ახორციელებს თავისი არმიის გადაიარაღებას, მათ შორის სტრატეგიული მნიშვნელობის ბირთვულქობინიანი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ავიამზიდებით თუ მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავებით.

არსებობს ეჭვი, რომ ალასკის შეხვედრაზე ტრამპი, სავარაუდოდ, შესთავაზებდა პუტინს, სი ძინპინთან მჭიდრო დაახლოებაზე უარის თქმის სანაცვლოდ აშშ რიგ დათმობებზე წავიდოდა რუსეთისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების არდაწესებისა და უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეზღუდვის ან საერთოდ შეწყვეტის ჩათვლით.

მაგრამ 3 სექტემბერს პეკინში გამართულ გრანდიოზულ სამხედრო აღლუმზე, სადაც ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ ულტრათანამედროვე საბრძოლო ტექნიკა ჩაატარა, სი ძინპინმა მსოფლიოს ახალი სტილით მმართველობის დაწყების აუცილებლობაზე ილაპარაკა, რასაც მის გვერდით მდგომი რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თავის დაკვრით ეთახმებოდნენ.

ამან კი ძალიან განარისხა აშშ-ის პრეზიდენტი. ის სი ძინპინზე მეტად პუტინზე გაბრაზდა, რომლის "გადაბირებასაც" ორი კვირით ადრე ალასკაზე ცდილობდა და რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ამას მიაღწია.

ჩინეთ-რუსეთ-ჩრდილო კორეის სამხედრო-პოლიტიკური ღერძის შექმნა, ახლო მომავალში ირანის, ვენესუელის, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის კიდევ ათობით ქვეყნის მიერთების პერსპექტივა ნამდვილად აღელვებთ თეთრ სახლში, რადგან "დიადი ამერიკის" აღორძინების იდეით შეპყრობილი ტრამპი ასეთ "კონკურენციას" ვერ აიტანს, პლანეტა დედამიწის მთავარ "გუბერნატორად" და "პოლიცმაისტერად" მას ხომ მხოლოდ თავისი ქვეყნის ხილვა სურს.

ამიტომაც იყო, რომ პეკინის სამხედრო აღლუმის შემდეგ ტრამპმა 180 გრადუსით შეცვალა რიტორიკა და პუტინის მიმართ ძალზე კრიტიკული გახდა, რაც მსოფლიოს ნაწილში და უპირველესად კი უკრაინაში შვებად აღიქვეს, ბოლოს და ბოლოს, ტრამპს თვალები აეხილა, მიხვდა, რომ სწორედ პუტინის რუსეთია აგრესორი და ამის შემდეგ უკრაინას უფრო მეტად დაეხმარება რუსული აგრესიის მოგერიებაშიაო.

ეს გრძნობა კი გააძლიერა "ტომაჰავკების" თემამაც - ზელენსკი ჯერ კიდევ გასულ წელს ეხვეწებოდა ბაიდენს "ტომაჰავკების" გადაცემას, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს საკითხი სათოფედაც კი არ გაიკარა, რადგან ერთია "ჰაიმარსებისა" თუ "აბრამსების" გადაცემა უკრაინის არმიისთვის და მეორე თითქმის ორი ათას კმ-მდე მფრენი ფრთოსანი რაკეტები, რადგან "ტომაჰავკები" კრემლისთვის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ყოველთვის ასოცირდებოდა სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებასთან, რომლის საშუალებითაც უნდა მიეყენებინათ პირველი ბირთვული დარტყმები საბჭოთა კავშირის/რუსეთის უმნიშვნელოვანესი ობიექტებისთვის მესამე მსოფლიო ომის დაწყების პირველივე წუთებში.

და მაშინ, როცა ტრამპის ადმინისტრაციამ საერთოდ შეწყვიტა უკრაინისთვის უანგარო სამხედრო დახმარება, ძალიან უცნაურად და საეჭვოდ გამოჩნდა ტრამპის 180 გრადუსით შემოტრიალებული პოზიცია, რუსეთი "ქაღალდის ვეფხვია", უკრაინას შეუძლია არა მარტო ამ ომის მოგება, არამედ ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენაც, პუტინი ცუდად იქცევა და ყოველდღე ათასობით უკრაინელ და რუს სამხედროს ღუპავსო, და ბოლოს, მალე მივიღებ გადაწყვეტილებას "ტომაჰავკების" საკითხთან დაკავშირებითო.

ტრამპის მკვეთრი "პოლიტიკური მანევრი" კრემლში რა თქმა უნდა არ გამოჰპარვიათ, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდნენ და ოფიციალური კომენტარებისგან თავს იკავებდნენ, სანამ ტრამპმა არ "გააცოცხლა" უკრაინისთვის "ტომაჰავკების" შესაძლო გადაცემის თემა, რაც უკვე ძალზე მტკივნეულად აღიქვა თავად პრეზიდენტმა პუტინმა და რამდენიმე ინტერვიუში მან თქვა, "ტომაჰავკები" უკრაინის არმიის შეიარაღებაში ნიშნავს ამ ომის განსაკუთრებულ დონემდე ესკალაციას, რასაც შეიძლება ჩვენი ადეკვატური პასუხი მოჰყვეს, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებითო.

ამასთან, პუტინმა გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ "ტომაჰავკების" უკრაინისთვის გადაცემა-მიყიდვის შემთხვევაში რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობაში დიდი პრობლემები შეიქმნებოდა. და ამ ყველაფრის შემდეგ, იმის წინადღეს, როდესაც ზელენსკი ვაშინგტონში მიფრინავდა დიდი იმედით, რომ ტრამპი უკრაინას მართლაც მისცემდა "ტომაჰავკებს", კრემლის ინიციატივით გაიმართა ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარი, რომლის შემდეგაც ტრამპი აანონსებს ორიოდე კვირაში ბუდაპეშტში მისი და პუტინის შეხვედრას და ამასთანავე გაურკვეველი ვადით "ყინავს" "ტომაჰავკების" უკრაინისთვის მიწოდების საკითხის განხილვასაც.

დიდი ალბათობით, ტრამპი არც აპირებდა "ტომაჰავკების" უკრაინისთვის მიცემას, მაგრამ ამ აფერით მან პუტინი კიდევ ერთხელ "მიიწვია" მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინაში ომის შეწყვეტის თემის მორიგ განხილვაზე, რასაც ასევე დიდი ალბათობით, დადებითი შედეგი არ ექნება. ეს არის დროის მორიგი გაყვანა კრემლის სასარგებლოდ უკრაინის ახალი მიწების დაპყრობის უწყვეტ პროცესში.

მაგრამ ბუდაპეშტის სამიტზე უმთავრესი თემა სხვა გახდება - ტრამპი პუტინს კვლავ შესთავაზებს, რომ "ჩაეხსნას" სი ძინპინს, რუსეთი აღარ შევიდეს ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის "ღერძში", რის სანაცვლოდაც ტრამპის ამერიკა პოლიტიკურ ზეწოლას მოახდენს კიევზე ომის კრემლის მოთხოვნების გათვალისწინებით შეჩერებისთვის.