ვერ ვნახე, დაკარგულიყო... - საქართველოს ნაკრები ოქტომბერმაც ჩაყლაპა - კვირის პალიტრა

ვერ ვნახე, დაკარგულიყო... - საქართველოს ნაკრები ოქტომბერმაც ჩაყლაპა

...ბოლო მატჩებში საქართველოს ნაკრებმა "თავისი თამაშიც" დაკარგა, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედიც და საქმეს ისე ეტყობა, ცოტა ხანში ახალი მთავარი მწვრთნელის მოძებნაც მოუწევს. საქმეს-მეთქი, თორემ თვითონ მწვრთნელს არც უთქვამს და არც ეტყობა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლას აპირებდეს. არადა, თანამშრომლობის სურვილი ხომ ორმხრივი უნდა იყოს და დავიჯეროთ, ერთი წლის განმავლობაში საგანგაშო ვერაფერი დაინახა იმ ხალხმა, ვინც გასული წლის ნოემბერში ფრანგ მწვრთნელთან კონტრაქტი 2+2 წლით გაახანგრძლივა?!

ცხადია, მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მატჩის წაგებაზე არ არის ლაპარაკი - ესპანეთის და თურქეთის ასეთ ნაკრებებთან კი არა, გაცილებით სუსტ მეტოქეებთან წაგვიგია და ბევრად სამარცხვინო ანგარიშითაც, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, რას თამაშობ, როგორ და რატომ აგებ?! ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შემდეგ, აღმავლობის ნაცვლად, საქართველოს ნაკრები ჯერ სტაგნაციის გზას დაადგა, ცოტა ხანში კი რეგრესიც დაიწყო. ვილი სანიოლი კი ამბობს, მუხტი დაიკარგაო, ფეხბურთელებმა ვერა და ვერ დაივიწყეს ევროპის ჩემპიონატი, კომფორტის ზონაში ჩავრჩით და ჩემი შეგირდები ბოლომდე ვეღარ იხარჯებიანო, მაგრამ... მუსიე ვილის ის აღარ უხსენებია, გუნდის მომართვაზე (მით უმეტეს, ბრძოლისთვის!) პასუხისმგებელი სწორედ მწვრთნელი რომ არის, ოთხწლიან კონტრაქტზე მეტი "კომფორტის ზონა" კი რაღა გინდათ?!

ქომაგთა და მედიის წარმომადგენელთა ნაწილი ვილი სანიოლის წასვლის აუცილებლობაზე ახლა ნიშნის მოგებით ალაპარაკდა, აქაოდა, ხომ გეუბნებოდით, ვილი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უნდა წასულიყოო! სხვები წლების განმავლობაში აქებდნენ და მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს, რომ 48 წლის ფრანგი "საშუალო დონის" მწვრთნელი ყოფილა... "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს სანიოლის კრიტიკა არ გაუკვირდება. "ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის გადაწყვეტილებების ლოგიკური ახსნა ხშირად გვიჭირდა ხოლმე და ბოლომდე ვერც იმას ვიგებდით, რატომ იყო აუცილებელი "ექსპერიმენტების" მაინცდამაინც ჯგუფის ფავორიტებთან, ან აუცილებლად მოსაგებ მატჩებში ჩატარება.

ოღონდ მორიგ კრიტიკამდე მადლობა ვთქვათ. ვილი სანიოლს მადლობა ვუთხრათ იმისთვის, რასაც ჩვენს საყვარელ გუნდთან ერთად მიაღწია. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, საქართველოს ნაკრები სულაც ანჩელოტიმ ან გვარდიოლამ რომ ჩაიბარონ და მსოფლიო ჩემპიონატ(ებ)ზე ათამაშონ, მაინც ვილი სანიოლი დარჩება პირველ მწვრთნელად, რომელმაც დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე გაგვიყვანა!

თუმცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენმა გუნდმა ჩააგდო შარშანდელი ერთა ლიგის ბოლო და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნაწილი. ჩეხეთის/ალბანეთის დამარცხების შემდეგ წავაგეთ ყველა შესარჩევი შეხვედრა (ბულგარეთის გარდა) და დავკარგეთ ჯერ უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის საგზური, სექტემბერ-ოქტომბერში კი - 2026 წლის მუნდიალზე მოხვედრის ისედაც მცირე შანსიც... მწვრთნელსაც და მის შეგირდებსაც ეტყობათ, რომ ერთმანეთის ძველებურად აღარ ესმით. საქართველოს ნაკრებმა დაკარგა ის, რაც დღემდე მიმაჩნია ფრანგი მწვრთნელის მთავარ დამსახურებად - ერთიანობა, კონცენტრაცია, გამარჯვების წყურვილი...

ფეხბურთელებმა მუხტი დაკარგესო, ამბობს სანიოლი. აი, რა თქვა ფრანგმა მწვრთნელმა თურქეთთან დამარცხების შემდეგ:

"...შარშან, "ევრო-2024"-ის შემდეგ, ვშიშობდი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც მომავალში შევეჯახებოდით, სწორედ ევროპის ჩემპიონატის დავიწყება იქნებოდა! ჩემი აზრით, ევროს შემდეგ არა მხოლოდ მოთამაშეები, ყველა მოვექეცით ერთგვარ კომფორტის ზონაში და იქიდან გამოსვლა გაგვიჭირდა. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც ადამიანს შეიძლება ასეთ ვითარებაში ჰქონდეს, არის რეალობის პატიოსნად მიღება. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ იცოდე, ვინ ხარ - ვინ ვართ ჩვენ, როგორც გუნდი, როგორც ფედერაცია... ბოლო წლებში ჩვენ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება, ერთიანობა, შეგვეძლო პირველიდან ბოლო წუთამდე ისე თამაში, როგორც ცხოვრების ბოლო მატჩში. მგონია, ბოლო 10 თვის განმავლობაში ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაგვავიწყდა. და თუკი გვინდა წარმატებას მომავალშიც მივაღწიოთ, უნდა მოვახერხოთ სწრაფად გადატვირთვა და დავბრუნდეთ მდგომარეობაში, როცა ვიცოდით, რომ კარგი შედეგის მისაღწევად თითოეულ თამაშში ძალიან, ძალიან ბევრი უნდა გვებრძოლა... ვიმეორებ: მგონია, ეს ცოტათი დაგვავიწყდა და სწორედ ეს იქნება ყველაზე დიდი პრობლემა მომდევნო კვირებსა და თვეებში, რათა ვიყოთ გაცილებით უკეთესი საქართველოს ნაკრები, ვიდრე ახლა ვართ".

მომდევნო კვირებსა და თვეებშიო. რომლებში - სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა რომ აღარ აქვს?! ნოემბრის მატჩებმა საქართველოს ნაკრებისთვის აზრი დაკარგა (მეორე ადგილის შანსი რომ შევინარჩუნოთ, საქართველოს ნაკრებმა 15-18 ნოემბერს დაგეგმილი ორივე მატჩი ანგარიშში დიდი სხვაობით უნდა მოიგოს, თურქები კი ორივე შეხვედრაში (შინ - ბულგარეთთან, სტუმრად - ესპანეთის ნაკრებთან) დამარცხდნენ). ამ ფონზე, როცა იმასაც ამბობ - ფეხბურთელებმა მუხტი დაკარგეს, თავდაუზოგავად აღარ იბრძვიან, ჯერაც ევროპის ჩემპიონატის ეიფორია მოსდევთო, პოსტზე დარჩენას რაღა აზრი აქვს?! თუ შეგირდებს ბოლო ათ თვეში ვეღარ მუხტავდი, მომდევნო ათში როგორ მოახერხებ? მწვრთნელს ფეხბურთელების დამორჩილება თუ უჭირს, მათ (მო)მართვას და მოტივირებას ვეღარ ახერხებს, გუნდის სათავეში რაღა ესაქმება?

ნაკრების კრიზისს მხოლოდ მწვრთნელთა შტაბს არ ვაბრალებთ. ფეხბურთელებს თავიანთი წილი პასუხისმგებლობა აქვთ, თუმცა მოთამაშე ჯერ "სწორ" პოზიციაზე უნდა გაამწესო და უშეცდომოდ თამაში მერე მოსთხოვო! სანიოლმა ნაკრები რამდენიმე კარგი ფეხბურთელით გააძლიერა, სხვადასხვა ტაქტიკური სქემაც მოსინჯა (იმის მიუხედავად, რომ ეს ნამდვილად არ არის მისი ძლიერი მხარე!), საბოლოოდ, არჩევანი ოთხმცველიან სქემაზე შეაჩერა და პირობაც მოგვცა, ეს ტაქტიკა აღარ შეიცვლებაო. კი ბატონო, მოთამაშეებისა და სათამაშო სქემის არჩევა მწვრთნელის პრეროგატივაც არის და მისივე პასუხისმგებლობაც. ისიც კარგად გვესმის, რომ ოთხი მცველით თამაში უფრო შემტევ შემადგენლობას ნიშნავს, მაგრამ... იქნებ თქვენ მაინც გახსოვდეთ, ამ განლაგებით რომელი მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ? პირიქით, უმეტეს შემთხვევაში ისე გამოდის, დაცვას მოთამაშეს ვაკლებთ, შუა ხაზს დამატებულ ფეხბურთელს კი ვერაფერში ვიყენებთ. რაკი ოთხი მცველი სომხეთის სუსტ ნაკრებთან გვეყო და ამ ტაქტიკით, ფარერებსა და კაბო ვერდესაც გავუტანეთ თითო გოლი, იგივე სათამაშო სქემა თურქეთსა და ესპანეთთანაც გაამართლებდა?! ტაქტიკა/სტრატეგია ხომ იმისთვის არსებობს, რომ მეტოქის ძალისა და სათამაშო სტილის მიხედვით შეცვალო. ახლა, როცა 2026 წლის მუნდიალზე ოცნებამ უკვე დალია "ჩაილურის წყალი", შეგვიძლია ნებისმიერი განლაგება მოვსინჯოთ, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ არსებობდა მეორე ადგილზე გასვლის პრაქტიკული შანსი (თეორიული ახლაც არსებობს), ხუთი მცველით თამაში უნდა გაგვეგრძელებინა, პრიორიტეტად საჯარიმოს და კარის უსაფრთხოება აგვერჩია და ამის მერე გვეცადა ჩვენი მთავარი კოზირის - სწრაფი კონტრშეტევების გამოყენება.

ვილი სანიოლს პიროვნულად არაფერს ვერჩი: პოზიტიური, მოტივირებული, გულისხმიერი ადამიანია (პრესკონფერენციების გარდა, მასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ფორმატშიც მილაპარაკია) და ჩვენი ქვეყანაც ძალიან უყვარს. კიდევ ვამბობ - მადლობა ყველაფრისთვის, რაც ფრანგმა მწვრთნელმა ჩვენი ნაკრებისთვის გააკეთა, მადლობა გუნდის ერთ მუშტად შეკვრისთვის, ევროპის ჩემპიონატზე თამაშისთვის, მაგრამ...

ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრები აბარია და ფრანგის "ლამაზ თვალებსა" და წარმატებულ წარსულზე მეტად, მისი, როგორც მწვრთნელის უნარები გვაინტერესებს. ამ ამპლუაში ვილი ჯიუტი, "თავისნათქვამა" კაცი გამოდგა, ფეხბურთელებისა და ტაქტიკის ამოჩემება (რომ ამართლებდეს, ვინ არის ხმის ამომღები?!) რომ არ შევიმჩნიოთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვეღარც ფეხბურთელების მოტივირებას ახერხებს, არასდროს აქვს სათადარიგო გეგმა და... რაღა დარჩა?!

მერე კიდევ, საქართველოს ნაკრების ტაქტიკა თუ შეისწავლა ყველამ (გეგონება, ისე ხშირად ვცვლიდეთ, მეტოქეები ალღოს აღებას ვერ ასწრებდნენ!), ჩვენ რაღა გვჭირს? კარგი, გავიგეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთში მოწინააღმდეგეზე, მის მოთამაშეებსა თუ ტაქტიკაზე ინფორმაციის მოძიება "რთული საქმეა", მაგრამ ნუთუ ის მაინც არ შეგვიძლია, სტანდარტულ მდგომარეობებზე და მეტოქის პრესინგის დაძლევაზე წინასწარ ვიმუშაოთ?! საკმარისია, რომელიმე ნაკრებმა ქართველები თავის საჯარიმოს მიაჯაჭვოს, რომ... ბურთის უმისამართოდ მოშორების გარდა ვეღარაფერს ვახერხებთ. ნათელი მაგალითი ქოჯაელში გამართული მატჩია: როგორც მოსალოდნელი იყო(!), თურქებმა პირველივე წუთებიდან გადაგვიკეტეს ჩვენი საჯარიმოდან გასასვლელი გზები, მაღალი ჩაწოდებებითაც "დაგვბომბეს" და... ჩვენი დაცვის თამაშზე დღემდე ბარდა... ბარდაქჩი მახსენდება (აბდულქერიმ ბარდაქჩი სტამბოლის "გალათასარაის" მცველია და თურქების პირველი გოლისას, ილდიზს საგოლე გადაცემა სწორედ მან გაუკეთა) - ნეტავ რატომ?

კონკრეტული მატჩების გახსენება აღარ მინდოდა, მაგრამ წერილის ბოლოს ორ კითხვას მაინც დავსვამ:

დიდი სხვაობით არწაგების, "გაყვითლებული" ფეხბურთელების მოფრთხილებისა და საშინლად უსუსური "თამაშით" თავმოყვარეობის შელახვის გარდა, რა მოგვცა ესპანეთის ნაკრებთან ძირითადი შემადგენლობის დაყენებამ? თურქებთან შეხვედრისთვის ტაქტიკა "დავამუშავეთ" თუ განწყობა ავიმაღლეთ "ფინალის" წინ?

ახლა მეორე: დიახ, თურქებთან ჩვენი ანგარიშები გვაქვს. შეიძლება ჩეხეთთან ან ტაილანდთან წააგო, მაგრამ თურქს უნდა შეაკვდე, არაფერი დაუთმო, თავი არ დაამცირებინო! შესაძლოა ეს არ იცოდეს ფრანგმა (თუ მაინცდამაინც ჯვაროსანი არ არის) სანიოლმა, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა ხომ იციან?! რევანში ძველი წყენების დასავიწყებლადაც აუცილებელი იყო, თბილისში წაგებისთვისაც და რაც მთავარია, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის შანსის შესანარჩუნებლად. ჰოდა, "ფინალად" შერაცხილ მატჩს ყველა კომპონენტში უბრძოლველად რომ დათმობ, სათქმელი რაღა არის?

ფინალის ტოლფასი მატჩიაო, ვიგებთ და გავდივართო. ლამის დიდგორის ბრძოლასაც კი შეადარეს... ჰოდა, თუ გადამწყვეტი მატჩია და გამარჯვების გარდა, სხვა გზა ჩახერგილი გაქვს, ბოლომდე იბრძოლე, წააქციე, დაჯარიმდი მაინც... როცა ასეთ პრინციპულ შეხვედრაში გუნდი მხოლოდ ერთ ყვითელ ბარათს (84-ე წუთზე!) მიიღებს, რომელ ბრძოლაზე და გამარჯვების წყურვილზეა ლაპარაკი?! ანდა ყველა კომპონენტში პირწმინდად რომ გჩაგრავენ და მხოლოდ სამ შეცვლას აკეთებ, ამას რაღა ჰქვია? ფეხბურთელებს ნოემბრის უმოტივაციო მატჩებისთვის ვუფრთხილდებით თუ 2030 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის?!

მეც ვიცი, რომ თურქეთის ეს ნაკრები ჩვენზე ძლიერია. ლეგიონერები "რეალში", "ინტერში", "იუვენტუსში", სხვა ძლიერ კლუბებში ჰყავს, ბოლო წლებში თურქეთის სუპერლიგაშიც განსაკუთრებით ბევრი ინვესტიცია ჩაიდო და ადგილობრივი კლუბები ოსიმენზე, იკარდიზე, სანეზე, ასენსიოზე, ონანასა თუ აბრაჰამ/ელ ნესირიზე ნაკლებ ლეგიონერებზე აღარ "ხურდავდებიან", როცა საქართველოს ჩემპიონატში ერთი მაღალი კლასის უცხოელიც კი სანთლით არის საძებარი, მონტელაც სანიოლზე ძლიერი მწვრთნელია, მაგრამ... აღარც თავმოყვარეობა გვაქვს? ბრძოლა, ხასიათის ჩვენება, ყვითელი ბარათის მიღებაც აღარ შეგვიძლია? "ფინალის ტოლფასი" მატჩის ასე სამარცხვინოდ, "უჯიგროდ" წაგებას გამართლება არა აქვს.

ყველაფერს თავისი დრო აქვს. ფაქტია, რომ ვილი სანიოლმა და ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა წასვლა დააგვიანეს. რამდენიმე ვეტერანისა არ იყოს, სანიოლის წასვლაც (თუმცა საამისო ჯერ არაფერი ჩანს) სხვანაირად ჯობდა. აკი, თავადაც ამბობს, რეალობის პატიოსნად მიღება უნდა შეგვეძლოსო... თავისი წილი პასუხისმგებლობა კი ფეხბურთის ფედერაციამაც უნდა აიღოს - ეროვნული ნაკრების თავკაცის დანიშვნა სწორედ სფფ-ს საქმეა. სიფრთხილე კი დიდი გვმართებს - წლების განმავლობაში ნაკეთები საქმე თავიდან დასაწყები არ გაგვიხდეს...

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებსა და მის ყველა ფეხბურთელს ძველებურად ვუქომაგებთ. ცხადია, ვილი სანიოლსაც - სანამ ნაკრების სათავეში იქნება. მაგრამ მგონი, ყველა (თვითონ ფრანგი მწვრთნელიც) ხვდება, რომ მისი თავკაცობით ჩვენი გუნდი წინ ვეღარ წავა, საქართველოს ნაკრებს ახალი, უფრო მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი სჭირდება!