ვისი წიგნი, ვის დახლშია - ანუ, სახელმძღვანელოები ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება? - კვირის პალიტრა

ვისი წიგნი, ვის დახლშია - ანუ, სახელმძღვანელოები ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება?

საბუზღუნო განა გამომელია, მაგრამ ახლა, ბუზღუნის მაგივრად ჯაჯღანი და ჩხუბი თუ გამომივიდა, განათლების სამინისტრომ საკუთარ თავს და იმ გენიოსებს დააბრალოს, სახელმძღვანელოების გაყიდვის ახალი მეთოდიკა რომ შეიმუშავეს.

საერთოდ, ამ მთავრობის გამკვირვებია, თითქოს ყველაფერი კარგად ჰქონდეთ და პრობლემებს მხოლოდ იმისთვის იგონებენ, რომ სიცოცხლე მთლად უზრუნველად არ ეჩვენოთ. ამ წინასაარჩევნოდ ასეთი იდიოტური და საწვალებელი სისტემის მოფიქრება მართლა ვიღაც მეტისმეტად ღორს ან სულელს თუ შეეძლო.

ადრეც ვწერდი, - შვილი მყავს 12 წლის. წელს გამახარა და პრესტიჟულ მათემატიკურ სკოლაში, მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩააბარა. როგორც წესია, სკოლაში მისულს რჩეული სახელმძღვანელოების სია გადმომცეს და მეც სამსახური რომ არ გამეცდინა წიგნების შეძენა საღამოსკენ გადავდე. წინა წლების გამოცდილებით, საბითუმო წერტილებიც ვიცოდი და სახლში წიგნის მიტანის სერვისის გემოც მქონდა გაგებული. თუმცა სააგენტო ელვა.გე-ს რომ დავურეკე მიპასუხეს, ნებისმიერ წიგნს მოგართმევთ, სახელმძღვანელოების გარდა. წელს არც ერთი წიგნი არ შემოსულაო.

ამის მერე ბუნდოვნად გამახსენდა ტელევიზიით გაგონილი, რომ წიგნები სკოლებშივე გაიყიდებოდა, მაგრამ ჩვენ სკოლაში ეს სერვისი არ გახლდათ და სხვაგან გადაგვამისამართეს. როგორც მიხვდით, სამსახურიდან ადრე გამოვედი, მაგრამ მინასწავლებ სკოლასთან ისეთი გნიასი დამხვდა, მიახლოება არ მოგინდებოდა. თან აღმოჩნდა რომ მაინცდამაინც მე-7 და მე-6 კლასის წიგნებზე იყო დეფიციტი...

ვიღაც მადლიანმა დამაკვალიანა და კიდევ რამდენიმე ადგილი მიმასწავლა, რომელთაგან ყველაზე ორიგინალური სააფთიაქო ქსელი "პსპ" გახლდათ (მოგვიანებით ნახავთ, რომ იმაზე ორიგინალური აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან შეიძლებოდა მეფიქრა)...

უკვე საღამოს პიკი საათი იყო (ჩვენთან ეს ოხერი ხომ განსაკუთრებულია - დილას 9-დან 11-მდე და საღამოს 5-დან 8 საათამდე, როდის ასწრებს ეს ხალხი მუშაობას, ძალიან მიკვირს). მოკლედ, "მეგალაინში" მაღაზია "ლიბრას" მივადექი. საცობის გამო ცოტა შემაგვიანდა და დაახლოებით 18:35-ზე მივედი. როგორც იტყვიან, კარი ცხვირწინ მომიჯახუნეს - სამუშაო საათები დამთავრდაო. მაღაზიაში რამდენიმე მყიდველი კიდევ იყო და მეც აღშფოთებულმა მოვითხოვე შეშვება. რამდენიმეწუთიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ მე და რამდენიმე დაგვიანებული ქალბატონი მაღაზიაში შეგვიშვეს, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი საგნის კომპლექტის გარდა ვერც მე და ვერც იმ ქალბატონმა ვერ აღმოვაჩინეთ. არადა, იქვე ელაგათ წიგნები, რომლებიც თურმე საწყობიდან მოეტანათ, მაგრამ ე.წ. პროგრამაში არ ჰქონდათ შეყვანილი და ვერ ყიდიდნენ.

ჯერ იყო და ისევ ჩხუბი დავაპირე, მაგრამ როდესაც კონსულტანტ გამყიდველებს დავაკვირდი, ნამდვილად შემეცოდნენ. 4 გოგონა მისავათებული, ცარიელი თვალებითა და დაბინდული გონებით, ალბათ მთელი დღის მშივრები, ისე მიყურებდნენ თითქოს კაცობრიობის მტერი და იმ ავბედითი ფილმის რეჟისორი ვყოფილიყავი, მუსულმანური სამყარო რომ ალმოდებულ ბომბს დაამსგავსა. ერთერთი გოგონა გაშეშებული მზერით აწვდიდა მერვე კლასის მაგივრად მეთორმეტეს წიგნებს ვიღაც ქალს და არ ესმოდა რატომ იყო ის უკმაყოფილო.

ამიტომ ისევ გამოლაპარაკება ვამჯობინე და ვუსაყვედურე, რომ ცუდი სერვისი და უვარგისი მენეჯმენტი ჰყავთ. თან მინის კართან შეგროვილი "დაგვიანებული" მყიდველების 15-კაციანი ჯგუფი დავანახვე და გავახსენე, რომ ასეთი რამ საქართველოში დიდი ხანია არ მომხდარა - წიგნის მაღაზიის დახურულ კართან ამხელა რიგი შეკრებილიყო, ამას ნებისმიერი წიგნიერი ადმიანი ინატრებდა და მაღაზიას რომ სწორი მენეჯმენტი ჰქონოდა, არცერთი უკმაყოფილო კლიენტი არ უნდა გაეშვა...

ამის საპასუხოდ, გამყიდველებმა საკუთარი პრობლემები მომაყარეს და ათასკაციან შემოსევაზე და 300 ლარიანი ხელფასით 53 ლარის წიგნების დანაკარგის ანაზღაურებაზე ალაპარაკდნენ.

სამწუხაროდ, ვერ გავაგებინე, რომ ეს მათი ხელმძღვანელის პრობლემაა და არა მყიდველების. რომ ხედავს 4 კაცი არ ყოფნის მაღაზიის ნორმალურ ფუნქციონირებას, იმის მაგივრად რომ პერსონალი დაამატოს, სამუშაო საათები გაზარდოს (მაღაზიის სამუშაო საათებია 11:00-18:30), ჭკვიანური გამოსავალი უპოვია - მარტო ნაღდ ფულზე გაყიდეთ, საბანკო ტერმინალიდან ფული არ მოახსნევინოთ, დროს დაკარგავთო...

შე ოხერო, ფაქტობრივად მონოპოლია გაქვს, ამ ორი-სამი დღის ნავაჭრი მთელი წლისას გაუტოლდება, ან შენ თანამშრომლებს რას ერჩი, ან იმ მყიდველს, ვინც ჩემსავით დაკავებულია და 11-დან 18:30-მდე რომ შენი ერთსალაროიანი მაღაზიის რიგში დადგეს, სამსახურიდან უნდა გამოიპაროს?! ეს ალბათ ღორობაა, მაგრამ ვინც ამ მაღაზიაში წიგნების გაყიდვა მოიფიქრა და სხვებს აუკრძალა? იმის საქციელს რა ჰქვია?!

მაგრამ მოიცათ, სანამ მაგის სახელს იტყოდეთ, სხვა რამეებიც უნდა მოგახსენოთ. ერთი წიგნის ამარა ხომ არ მივიდოდი სახლში. დავიწყე წოწიალი. მოგეხსენებათ 7-ის მერე არც ერთ სკოლაში კარისკაცის გარდა არავინ რომ არ არის და მეც ვიფიქრე, პსპ-ს აფთიაქში მეცადა ბედი.

ჯერ ხომ ძალიან უცნაურია რომ აფთიაქში "პურგენის" და "სტრეპტოციდის" მაგივრად როდონაიას ქართულ ენასა და ლიტერატურას ითხოვ... მაგრამ პასუხმა მოთხოვნის უცნაურობას ასჯერ გადააჭარბა. წიგნი გვაქვს, მაგრამ არ ვყიდით, "ღიმილებში" ვცლითო... ალბათ ადვილად მიხვდებით რომ, ღიმილი კი არა, საშინელი გრიმასა მიიღო ჩემდაუნებურად ჩემმა სახემ. რა უნდა მეთქვა, სამწუხაროდ პსპ ბარათი, და მაშასადამე  "ღიმილები" არ მქონდა და მეორე აფთიაქს, ჯიპისი-ს მივადექი... (ახლა მე ვარ გიჟი და განათლების სამინისტროში ნორმალურები სხედან ხო?!)

ჯიპისი-ში მომახარეს, 20 ლარიან შენაძენს თუ გააკეთებთ, წიგნს გაჩუქებთო, მაგრამ შეიძლება თქვენ რაც გინდათ, ის არ გვქონდეს და წინასწარაც ვერ გეტყვით გვაქვს თუ არაო... ამ აფთიაქის ბარათიც მაქვს და გოგოებსაც ვიცნობ, ამიტომ პსპ-სავით უხეშად (ვაღიარებ, რომ გინების სმაილებზე დახურდავება მოვითხოვე) არ მოვქცეულვარ და ადამიანურად დახმარება ვთხოვე. მათ მაშინვე მიმასწავლეს ნავთლუღის ფილიალი, სადაც თურმე საჩუქრებად კი არა, ფულზე ყიდიან წიგნებს, თანაც ურეცეპტოდ... მოკლედ გეტყვით: იმ აფთიაქში არც ერთი საჩემო წიგნი არ აღმოაჩნდათ...

გულგასიებული და დაბოღმილი ვჯდებოდი მანქანაში და მობილურმა დარეკა. ჩემი ძმაკაცი იყო, ბრიუსელიდან, (წინ წავიდა ტექნიკა, აიპი-ტელეფონი აქვს და თბილისის ქალაქის ნომრიდან ისე მირეკავს, თითქოს ნახალოვკაში იყოს...) რას შვრებიო?

- აფთიაქებში დავრბივარ.

- რა გაგიჭირდა ბავშვები ხომ ჯანმრთელად გყავთო? - შეწუხდა.

- სასკოლო წიგნებს ვეძებ.- ამოვიოხრე... და მაშინვე "არქეოლოგიური" კითხვა დამისვა, აი ისეთი, შინაგანი ორგანოების მდგომარეობის მოკითხვას რომ ჰგავს...

ჰოდა მოდით მითხარით ვინ უბერავს? - მე, რომელიც ღამის თბილისის აფთიაქებში სასკოლო წიგნებს ვეძებ, თუ განათლების სამინისტროს მესვეურები, ვინც ამ წიგნებს სპეციალიზებული მაღაზიათა ქსელებისა და საბითუმო ბაზების მაგივრად აფთიაქებში და სკოლის ბუფეტებში ტენის.

და საერთოდ, ჩემი (თქვენიც, სხვათა შორის) პრეზიდენტი რომ ხარობს, ბიზნესის კეთების სიმარტივეში მეორე თუ მესამე ადგილზე ვართ მსოფლიოშიო. გადმოხედოს თავის ქვეშევრდომებს. რას სჩადიან და წინასაარჩევნოდ როგორ სიურპრიზებს უმზადებენ ხალხს. არა მგონია, ეს ქულებს ჰმატებდეს ისედაც რეპუტაციაშელახულ ხელისუფლებას... თუმცა, ალბათ, ვიღაცის ჯიბეს სერიოზულ "კუშს" მოუტანს. აბა მხოლოდ დებილი ვერ მიხვდება, რომ ეს ყველაფერი ვიღაცის ჯიბეში ფულის ჩასაჩხრიალებლად გაკეთდა, თორემ სად გაგონილა თავისუფალი საბაზრო კანონებით მოქმედ და დემოკრატიული ეკონომიკის (ისემც თქვენ რა გითხარით) ქვეყანაში, წიგნის მაღაზიას წიგნის გაყიდვა ეკრძალებოდეს და აფთიაქი კიდევ "ღიმილებში" ცვლიდეს?

შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ვბუზღუნებ" იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.

ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge