"ყველაზე მოულოდნელი ის იყო, რომ ორივე თამაშში ძალიან უსუსურად გამოვიყურებოდით“
ნაკრების თამაშის შეფასება გიორგი გეგუჩაძეს ვთხოვეთ.
- საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თურქეთთან ანგარიშით 4-1 წააგო, ესპანეთთან კი 2-0; ელოდით ამ შედეგს?
- ესპანეთთან ნაკლებად სავარაუდო იყო ქულების მოპოვება. ალბათ, თურქეთთან თამაშის დროს შეიძლებოდა რაღაცაზე ფიქრი, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის დღევანდელი ნაკრები ძალიან კარგი და ძლიერი გუნდია. ყველაზე მოულოდნელი, ალბათ, ის იყო, რომ ორივე თამაშში ძალიან უსუსურად გამოვიყურებოდით.
- რას უკავშირებთ თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან პირველივე ტაიმში მარცხს?
- ამ ეტაპზე ჩვენი გუნდის ფეხბურთელები, განსაკუთრებით შუა ხაზისა და შემტევი ხაზის, არ არიან სათანადო კონდიციაში. გვაქვს პრობლემები, განსაკუთებით დაცვის ხაზში. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ ეტყობოდათ ემოციური ფონი.
ფეხბურთში ხშირად ხდება ხოლმე, როცა გუნდის აღმავლობას დაღმასვლა მოსდევს. საჭიროა სწორი მიდგომა, მწვრთნელების მიერ ყველაფრის გაანალიზება. ესპანეთისა და თურქეთისთვის სამი თუ ოთხი ფეხბურთელის ჩანაცვლება პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენთვის კი ძალიან დიდი დანაკლისია. მაგალითად, ჩაკვეტაძის არყოფნა, კაშიას სათანადო კონდიციაში არყოფნა...
იმედია, კაშია კიდევ გამოადგება ეროვნულ ნაკრებს.
- მატჩის დასრულების შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენს ნაკრებში ნაპერწკალი გაქრა. ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ვილი სანიოლმა საკუთარი თავი ამოწურა და ახლა ნაკრებს ტაქტიკურად მეტად განსწავლული მწვრთნელი სჭირდება?
- არ ვეთანხმები. არა მგონია, რომ ვილი სანიოლმა თავი ამოწურა. მას მადლობა ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამ ეტაპზე უნდა დადგეს საკითხი მისი ჩანაცვლების. დღეს თუკი მოიძებნება ისეთი მწვრთნელი, რომელიც იტყვის, რომ ვთქვათ, ესპანეთს დავამარცხებ და თურქეთსაცო, მე ეჭვს შევიტანდი.
- ზურიკო დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მოედანზე გუნდი შეთამაშების მომენტს ვერ აჩვენებს. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ეს პრობლემა გამოსწორდეს?
- ნაკრების მწვრთნელებს ძალიან ცოტა დრო აქვთ. ნაკრების შეთამაშება თუკი იყო, ხელის ერთი მოსმით ხომ არ მოიშალა?! ალბათ, დადგება ეს პერიოდი. მაგალითად, კიტეიშვილი ტრავმირებული იყო, ქოჩორაშვილი არ არის სათანადო ფორმაში, კვარაცხელიამ გამოტოვა საკმაოდ დიდი პერიოდი და აღდგენა უწევს. როცა შენ დაცვის ხაზის რადიკალურად შეცვლა გიწევს, ბუნებრივია, ეს შეთამაშებაზეც მოქმედებს.
- როგორც გამოჩნდა, თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან თამაშის დროს ინერტულები ვიყავით, მატჩი ყვითელი ბარათის გარეშე დავასრულეთ. მეტყველებს თუ არა ეს დაცვის ინტენსივობაზე?
- თითქმის ყველა კომპონენტში დაბალ დონეზე ვიყავით, თუნდაც სისწრაფეში, ინტენსივობას ვერ მივყვებოდით. მიუხედავად ამისა, მე ვერ ვიხსენებ თურქეთის ნაკრების მიერ ჩვენს კართან რაიმე სახიფათო მომენტის შექმნას. თურქეთისთვის სხვა უკეთესი თამაში რომ შეგვეთავაზებინა, რა თქმა უნდა, შევუქმნიდით პრობლემას. შეიძლება მოგვეგო კიდეც ან ფრეთი დაგვესრულებინა. ყოველ შემთხვევაში, აშკარად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელები არ იყვნენ სათანადო ფორმაში. ვილი სანიოლიც ამბობდა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებში ემოციური ფონი დაწეულია.
- ორივე მატჩში მარცხის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თურქეთისა და ესპანეთის ნაკრებების შესაძლებლობები. როგორი უნდა იყოს ქართული ეროვნული ნაკრების თამასა, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ?
- ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ძალიან ბევრმა ჩათვალა, რომ ჩვენ გვყავს შემდგარი გუნდი, მაგრამ ასე არ არის. ევროპის ჩემპიონატზე დამსახურებულად გავედით, ჯგუფიდან გასვლა უკვე ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ გუნდის შენების და ჩამოყალიბების პროცესი განგრძობადია. მაგალითად, ისლანდიელებმა თავის დროზე გაიბრწყინეს ევროპაში, სამეულშიც მოხვდნენ, შემდეგ გუნდს ჩავარდნა ჰქონდა, დღეს კი ისევ აღმასვლას განიცდიან. ასაკში შესული ფეხბურთელები ფიზიკურად ვერ შეძლებენ იმას, რაც ახალგაზრდებს შეუძლიათ. ჩანაცვლება, განსაკუთრებით დაცვაში, მტკივნეული პროცესია.
ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, უკვე გვაღიარებენ მსოფლიოში. გარკვეულ საფეხურზე ავედით, ახლა საჭიროა გავძლიერდეთ და კიდევ გადავდგათ ნაბიჯი. პროცესში, რა თქმა უნდა, არის რყევები, ცვლილებები, მით უმეტეს, ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია.
მართალია, ვერ გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ სხვა გუნდებთან შედარებით ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს. ჩვენს შემადგენლობაში დაახლოებით 80% 22-23-25 წლის ფეხბურთელები არიან. ისინი დროთა განმავლობაში ლიდერულ თვისებებს შეიძენენ. საჭიროა ამ ყველაფრის შეკვრა, წინსვლა, ჩვენი გულშემატკივრობა.
ვარჯიში ბევრ რამეს აძლევს ფეხბურთელს, მაგრამ ავითარებს თამაში. თამაშის დონე გაყენებს ისეთ პირობებში, რომ გაიძულებს ფეხი აუწყო. ჩვენს ფეხბურთელებს პოტენციურად აქვთ საშუალება, უკეთეს პირობებში კიდევ უფრო გაიზარდონ.
- რა არის მიზეზი, რომ ჩვენი გუნდები მარტივად გამოვარდებიან ხოლმე ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებიდან?
- თუკი გუნდმა გაუშვა ევროტურნირების წინ 5-6 ფეხბურთელი, როგორ შეიძლება ამ გუნდში რამე შედეგზე იყოს საუბარი?
- თქვენ რომ რომელიმე ქართული გუნდის პრეზიდენტი იყოთ, რა ზომებს მიიღებდით თქვენი გუნდის ევროთასებზე საასპარეზოდ?
- გუნდის შენება რთული პროცესია. არის რამდენიმე გზა. საჭიროა სათანადო მწვრთნელი, ფინანსები, რათა იყიდო ძლიერი ლეგიონერები, თავი მოუყარო ძლიერ ქართველ ფეხბურთელებს, შეათამაშო და თან მიაღწიო შედეგს. ქართული კლუბებისთვის ყველაზე მისაღები გრძელვადიანი სტრატეგიაა.
- როგორ განვითარდნენ სხვა გუნდები, ჩვენი მეზობელი ყარაბაღის შემთხვევაზე რას გვეტყვით, რატომ ვერ ვიყენებთ მის მაგალითს?
- ყარაბაღის მწვრთნელი აზერბაიჯანელია. ის დიდი ხანია მუშაობს, პირველი 5-7 წელიწადი შედეგი არ ჰქონდა, მათ შორის, არც ევროპაზე, შიგნით იმტკიცებდა პოზიციებს. ახლა მათი ბიუჯეტი საკმაოდ დიდია, ამდენი შეიძლება ჯამში აღებულ ქართულ კლუბებს არ გააჩნდეს. ჩაჰყავთ ძლიერი ლეგიონერები. აზერბაიჯანის ჩემპიონი ყარაბაღია. 5 წელიწადია, რაც ევროსარბიელზე გავიდა. ეს არ არის იოლი გზა. ჩვენი კლუბებისთვის საჭიროა ცოტა სხვა მიდგომები, საკუთარი რესურსების მაქსიმალური გამოყენება, ზრუნვა ფეხბურთელებზე, საუკეთესო პირობები, მინდვრები, ფინანსები... კვარაცხელია ერთი კი არა, მისნაირი ხუთი მაინც უნდა გყავდეს. ჩვენ ისეთ ლეგიონერებში ვიხდით ფულს, რომლებიც დიდად არაფერს გვაძლევენ.
- გორის "დილას" ლეგიონერების შერჩევის თაობაზე რას გვეტყვით?
- მათ ყოველთვის ჰყავთ 3-4 გამორჩეული ფეხბურთელი, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ გორის "დილა" ეტალონია. სამწუხაროა, რომ დღეს ისეთი დონეა, რომ გორის "დილა" მოწინავეთა პოზიციაზეა, რადგან სხვა კლუბები არ არიან.
- თქვენ "დინამო" 2004 წელს ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანეთ. გაიხსენეთ გუნდთან თქვენი მუშაობის დღეები, რას აქცევდით განსაკუთრებულად ყურადღებას და რა შეიძლება გაითვალისწინონ ახლანდელმა მწვრთნელებმა?
- ვფიქრობ, 21 წლის წინანდელი მიდგომები ახლა არ გამოდგება, რადგან ფეხბურთი სულ ვითარდება. დღეს კლუბების სიძლიერე ნაკრების სიძლიერესაც ნიშნავს. თუკი კლუბები გამართულია და არის შესაძლებლობა, რომ ფეხბურთელი ნაკრებში გამოიძახო, ეს თავად ნაკრების სიძლიერის უდიდესი წინა პირობაა.
- თქვენი სამწვრთნელო კარიერის ბოლო პერიოდს მინდა შევეხო. "იბერიის" მწვრთნელი ბრძანდებოდით, რამდენიმე თამაშის შემდეგ გუნდთან თქვენი თანამშრომლობა შეწყდა. რა იყო ამის მიზეზი?
- თვე-ნახევარი იყო გასული ჩემი დანიშვნიდან, როცა კლუბიდან გამიშვეს, რატომ, ვერ გამიგია. რვა თამაში ჩავატარე... ვფიქრობ, მიზეზი თავად გუნდის ხელმძღვანელებს უნდა ჰკითხოთ.
ნიკოლოზ თევდორაშვილი