როგორ დამარცხდება პუტინი ანუ უკრაინელებმა „გამარჯვების გასაღები“ იპოვეს?! - კვირის პალიტრა

როგორ დამარცხდება პუტინი ანუ უკრაინელებმა „გამარჯვების გასაღები“ იპოვეს?!

რას ნიშნავს რუსეთის დამარცხება? რა თქმა უნდა, იდეალური სცენარი ასე გამოიყურება: უკრაინელები რამდენიმე მიმართულებით არღვევენ ფრონტს, რუსეთის არმია უკანმოუხედავად გარბის, პუტინი რომელიმე მეგობარ ქვეყანას (მაგალითად, ჩრდილოეთ კორეას) აფარებს თავს, მოსკოვში ახალი დემოკრატიული მთავრობა ყალიბდება, რუსეთს კბილები დიდი ხნით დასძვრება ან იშლება... თუმცა რეალისტური სცენარი სხვანაირია: პუტინს აიძულებენ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ნორმალურ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი და არა ისეთს, უკრაინის კაპიტულაციას რომ ნიშნავს.

თითქოსდა უკრაინელებმა ამისკენ მისასვლელი ერთ-ერთი გზა იპოვეს. კერძოდ, მათი დრონების შეტევების მთავარი მიმართულებებია ნავთობგადამმუშავებელი­ ქარხნები. დასავლურ პრესაში "გაჟონილი"­ ინფორმაციით, ამ ქარხნებზე დარტყმებში უკრაინელებს ამერიკული დაზვერვა ეხმარება. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ეს საერთოდაც პენტაგონში შემუშავებული სტრატეგიაა. შედეგმაც არ დააყოვნა. რუსეთში დაიწყო საწვავის კრიზისი, ფასები გაიზარდა, ბევრ ქალაქში კი ბენზინი ან დიზელი ნორმირებულად გაიცემა. ეს უკვე რუსეთის მოქალაქეებში დიდ უკმაყოფილებას იწვევს, რადგან 90-იანი წლების აჩრდილი დაინახეს. მოსკოვში უკვე დაიწყეს იმაზე­ საუბარი, რომ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები შორეულ აღმოსავლეთში გადაიტანონ, მაგრამ ამას, სავარაუდოდ, ეფექტი არ ექნება. დრონებმა ისე შეცვალეს­ ომის ხასიათი, რომ აგერ ვლადივოსტოკში ახერხებენ უკრაინელები დივერსიების მოწყობას და შესაბამისად, ნებისმიერ რეგიონს მისწვდებიან.

რა თქმა უნდა, რუსეთის მოსახლეობაში­ უკმაყოფილება ასე უცბად არ დაიწყება. მათ დიდ ნაწილს 25 წლის განმავლობაში პროპაგანდა ტვინს ურეცხავდა და შესაბამისად, სჯერათ, რომ მთელ ნატოს ეომებიან, რომელსაც "მატუშკა რასიას" განადგურება სურს. პუტინი უყვართ, თუმცა უყვართ ტელევიზორებთან მოკალათებულებს, როდესაც მაცივარი სავსე აქვთ და მანქანაში იაფი ბენზინი უსხიათ. ომში წასვლის დიდი ხალისი არ გააჩნიათ. არის ასეთი უკრაინელი ჟურნალისტი, ვოლოდიმირ ზოლკინი, რომელიც 2022 წლიდან დღემდე რუს ტყვეებთან ინტერვიუებს წერს. მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი რუსები და ამ ქვეყანაში­ მცხოვრები სხვა ხალხების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ომში პატრიოტული მიზეზებით წავიდნენ. ფრონტზე აღმოჩენის მიზეზი ბანალურია - დიდი ფული. დიახ, რუსეთის ბიუჯეტი დიდ ფულს სთავაზობს­ მათ, ვინც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს გააფორმებს. ეს მთელი ქონებაა,­ განსაკუთრებით რუსეთის რეგიონებში მცხოვრებთათვის.

დიდი ეკონომისტობა არ სჭირდება იმის ცოდნას, თუ როგორ არის მიბმული­ საწვავის­ ფასი სხვა პროდუქტებისა თუ პროდუქციის ფასზე. რუსეთის შემთხვევაში კი ნავთობსა და გაზზე ლამის მთელი ეკონომიკაა მიბმული - ტყუილად არ უწოდებენ მას ქვეყანა - "ბენზოკოლონკას". ჰოდა, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს ხარჯები გაეზრდებათ, მაცივარი დაუცარიელდებათ და ძვირ ბენზინს ტალონებით იყიდიან, დაიწყებენ კითხვების დასმას. თუ რუსეთში კრიზისი ხანგრძლივი დროით შენარჩუნდა, პატარა უკმაყოფილება დიდში გადაიზრდება, აქედან გამომდინარე ყველა სცენარით.

თუმცა ერთ-ერთი მთავარი, რა თქმა უნდა, იმის მიღწევაა, რომ რუსული ნავთობი­ საბოლოოდ ბლოკადაში მოექცეს. ამ კუთხით აშშ-ის პრეზიდენტმა დამაიმედებელი განცხადება გააკეთა - ინდოეთი დავარწმუნეთ, რომ რუსული ნავთობი აღარ იყიდოს და იმედია, ჩინეთსაც იმავეში დავარწმუნებთო. გასაგები მიზეზების გამო ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები ეჭვს იწვევს, მაგრამ თუ დასავლეთს სურს, რომ პუტინი ბოლოს და ბოლოს დასვას მოლაპარაკებების მაგიდასთან, სწორედ ზემოხსენებული სქემით უნდა იმოქმედონ.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ის მექანიზმი, რომელიც იწყებს მუშაობას. ევროპა უკრაინისთვის იარაღს ყიდულობს. მნიშვნელოვანია აშშ-ის ომის სამინისტროს (თავდაცვის უწყებას ტრამპმა­ სახელწოდება შეუცვალა) ხელმძღვანელის პეტერ ჰეგსტის განცხადება: თუ რუსეთი ომს არ შეწყვეტს, მაშინ პენტაგონი მას ისე უპასუხებს, როგორც აშშ-ს შეუძლიაო.

პარალელურად, ევროპულ პრესაში განიხილავენ ვერსიებს, დაიწყება თუ არა რუსეთ­-ევროპის ომი და დაესხმება თუ არა პუტინი თავს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა­ და პოლონეთს. რა თქმა უნდა, სანამ რუსეთი უკრაინაში ომშია ჩაფლული, თავს ვერავის დაესხმება (ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ ვერსიების განვითარებას ევროპელების დასაშინებლად თავად რუსეთის გავლენის აგენტები უწყობენ ხელს... "გაზპრომს" ჯერ ფული არ გამოლევია). ყველა­ფერი დასავლეთის ხელშია - თუ მათ დაუშვეს უკრაინის მარცხი, რა თქმა უნდა, პუტინი პოლონეთსაც, ბალტიისპირეთსაც და სხვა ქვეყნებსაც მიადგება. მისი აკვიატებული იდეა ხომ "რუსეთის იმპერიის" აღდგენაა თავისი საზღვრებიანად.

crimea-1690024727-474-1760885184.jpg

რუსეთის მარცხის „ბრიტანული რეცეპტი“

დასავლურ პრესაში არაერთი სტატია­ ქვეყნდება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძ­ლება რუსეთის დამარცხება. თუმცა­ თქვენი­ მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, განსაკუთრებით საინტერესოა 2019-2023 წლებში დიდი ბრიტანეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის წერილი, რომელიც "დეილი ტელეგრაფში" გამოქვეყნდა. მასში მხოლოდ რუსეთზე არ არის საუბარი - ის დასავლეთის შესახებ მწარე სიმართლესაც შეიცავს. გთავაზობთ წერილის საინტერესო ეპიზოდებს.

"ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში­ გაჩნდა აშკარა ნიშნები იმისა, რომ ბრიტა­ნეთის ხელისუფლებას კრემლისადმი პოლიტიკის შეცვლა აქვს განზრახული. მაისიდან დაწყებული, ანტიტერორისტული­ პოლიცია იკვლევს მომხდარი ხანძრების­ მიზეზებს იმ საცხოვრებელ სახლებში, რომლებიც პრემიერ-მინისტრის საკუთრებას წარმოადგენს. [არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ კირ სტარმერის ბინების დაწვაში რუსების ხელი ურევია]. ესექსში გასულ თვეში სამი ადამიანი დააპატიმრეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის. ჩვენ ისიც ვნახეთ, თუ სპეციალურად როგორ უშვებდა რუსეთი დრონებს პოლონეთის ტერიტორიისაკენ, ხოლო რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

თითოეული ეს ინციდენტი საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ ერთობლიობაში ისინი, ჩემი აზრით, აჩვენებს იმას, თუ რა მიზანმიმართულად ახდენს კრემლი სიტუაციის ესკალაციას. პუტინი, უეჭველია, გათამამებულია დონალდ ტრამპის მუდმივად ცვალებადი ცარიელი ლაპარაკით და სურს დასავლეთი მკაცრად გააფრთხილოს, დროა, ევროპამ და ამერიკამ უკან დაიხიონ, რათა კრემლმა ის საქმე დაასრულოს, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. ეს არის სამომავლო მოვლენების ნიშნები და სწორედ ასე ხდება ხოლმე იმ დროს, როცა რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ მას დასაკარგი არაფერი აღარ აქვს...

რუსეთი გრძნობს ჩვენს უნებისყოფობას­ და უპრინციპობას. ისეთი ტირანისთვის, როგორიც პუტინია, ამგვარი სიტუაცია სრულიად მისაღებია: კრემლი იმედოვნებს,­ რომ, ადრე თუ გვიან, უკრაინა უკან დაიხევს... მოვიდა დრო, ვლადიმირ პუტინს გავაგებინოთ, რომ თუ კიდევ გააგრძელებს თავხედობას, ნამდვილად რაღაც მნიშვნელოვანს დაკარგავს. პრობლემა ის არის, რომ ომის დაწყებიდან დასავლეთი სათა­ნადოდ ვერ აღიქვამდა კრემლის ბინადრის­ განზრახვებს და მოქმედებებს. პუტინი პატარა და ტანდაბალია, მაგრამ იმავდროულად, საშიში მოძალადე, ტირანი, რომელიც საკუთარი ფანტაზიების სამყაროში და ცარიზმის დროინდელი რომანტიკული მეფობის ტყვეობაში ცხოვრობს. ამის მინიშნებები ყოველთვის იყო: გავიხსენოთ პუტინის სანადირო მოგზაურობები ციმბირში, როცა ცხენზე ამხედრებული წელზევით შიშველი პოზირებდა... მისი მდიდრული სასახლე შავი ზღვის ნაპირზე... მისი ხელით დაწერილი თხზულებები, საბავშვო ზღაპრების მსგავსი, რომლებშიც რუსეთის ისტორია წარმოჩენილია მისი საკუთარი, დამახინჯებული შეხედულებებით.

თუ თქვენ ამ ადამიანს კარგად შეისწავლით და მის ჭეშმარიტ ზრახვებს ჩასწვდებით, მაშინ ამ ომიდან გამოსავალსაც მონახავთ. აშკარაა, რომ სწორედ პუტინის ფანტაზიებმა მიიყვანა რუსეთი იქამდე,­ სადაც დღეს იმყოფება... რუსი დიქტატორის რწმენის საფუძველს ყირიმის აკვიატება წარმოადგენს: უკრაინისადმი მტაცებლური ხასიათის გამოვლენა მან სწორედ ყირიმით დაიწყო.

პუტინის აზრით, ყირიმი რუსეთის ყოფილი იმპერატორის გვირგვინში ყველაზე ძვირფასი დაკარგული მარგალიტია. იგი ჯერ კიდევ 2014 წელს ამბობდა: "ყირიმს, უძველეს კორსუნს და ხერსონესს, სევასტოპოლს რუსეთისთვის უდიდესი საკრალური მნიშვნელობა აქვს - ისეთი, როგორიც სიონის მთაა იერუსალიმში ისლამისა და იუდაიზმის მიმდევრებისათვის".

ვიდრე ყირიმი უსაფრთხოდაა, პუტინიც თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მას შეუძლია თავისი ხორცსაკეპი ფრონტის ხაზის­ მთელ პერიმეტრზე ამუშაოს - ლუგანსკიდან ხერსონამდე. ამიტომ ჩვენ ყირიმს საფრთხე უნდა შევუქმნათ. უკრაინამ მთავარი­ ყურადღება ყირიმს უნდა მიაქციოს, ნახევარკუნძული ისეთ დღეში უნდა ჩააგდოს, რომ დაუსახლებელი და უსიცოცხლო გახდეს. კიევს არ სჭირდება­ ყირიმში შეჭრა (ვფიქრობ, ეს ძალიან რთული და შეუძლებელიც კი იქნება), მაგრამ უკრაინას მისი მოხრჩობა ნამდვილად შეუძლია. შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლიდან უკვე გაყვანილია, მაგრამ უკრაინამ ასევე უნდა გაანადგუროს ყირიმის სასმელი წყლით და ენერგიით მომარაგების­ ობიექტები, უნდა ააფეთქოს ქერჩის ხიდი... მოკლედ, ყირიმი მუდმივად რაკეტების ცეცხლისა და დრონებით დაბომბვის ქვეშ უნდა იყოს.

ჩვენ - დიდმა ბრიტანეთმა და საერთოდ, დასავლეთმა - უკრაინას დახმარება უნდა გავუძლიეროთ. უნდა მივაწოდოთ მეტი რაკეტა და დრონი - საზღვაოც და საჰაეროც. გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს უნდა გავახსენოთ, რომ თავის დროზე, როცა ოპოზიციაში იყო, აცხადებდა, უკრაინას რაკეტა "ტაურუსი" აუცილებლად უნდა მივცეთო. მერცი ახლა ხელისუფლებაშია - ანუ მოვიდა დრო, რომ მან სიტყვა შეასრულოს.

დასავლეთს ყველანაირი იარაღი აქვს - რაკეტებიც, დრონებიც... ამ ეტაპზე დასავლეთსა და უკრაინას, ერთობლივად, რუსეთთან შედარებით მეტი ძალა აქვთ და მჯერა, რომ კიევს ომის მოგება შეუძლია.

ალბათ, ბევრი იტყვის, სათქმელად იოლია,­ საქმით კი ძნელი გასაკეთებელიო. დიახ, ასეა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყირიმის ბლოკადაში მოქცევა პუტინს სტრატეგიული დილემის წინაშე დააყენებს. საბოლოო ჯამში, რუსეთის პრეზიდენტი უნდა მიხვდეს და გააცნობიეროს, რომ მშვიდობის დამყარება მხოლოდ ჩვენს ინტერესებში კი არა არის, არამედ რუსეთისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია"­, - წერს უოლესი.

იმედია, ამ შეგონებას შეისმენენ დასავლეთში და ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლდებიან.

გიორგი კვიტაშვილი