„ახლა გაკიცხვის დრო არ არის, ახლა სიყვარული და შერიგება გვჭირდება“
"წარმოუდგენელია, ადამიანს საკუთარი მშობლები როდესმე დაავიწყდეს, მათთან ერთად გავიხსენებ ჩემს უსაყვარლეს პედაგოგს და ეკრანულ პარტნიორს, რომელიც მსახიობი არ იყო, მაგრამ ბევრ პროფესიონალზე უკეთ თამაშობდა", - ამბობს მსახიობი ნანა შონია და თხრობას მშობლების გახსენებით იწყებს.
"მამას დღევანდელ ეპოქაში რომ ეცხოვრა, გული გაუსკდებოდა"
- მამა (ანზორ შონია) იცით, როგორი პიროვნება იყო? 13 წელია, რაც გარდაიცვალა და დღესაც მხვდებიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, მამაშენი ასე დამეხმარა, ეს გამიკეთა, ასე მომეფერაო... ვისაც კი მასთან შეხება ჰქონია, ყველას ასე ახსოვს. საოცრად კეთილი კაცი იყო, ის გახლდათ ადამიანი, რომლისგანაც ცუდი არავისზე, არასდროს არაფერი გამიგია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტკივილი გადაუტანია, ბევრჯერ არასწორადაც მოექცნენ.
მამა 1937 წელს დაიბადა, მამა დაუხვრიტეს ისე, რომ ბავშვს თვალით არ უნახავს. ბაბუა მღვდელი იყო, ისიც დახვრიტეს. მამა ობლობაში გაზრდილი ბიჭი იყო და თავისი ცოდნით, ნიჭით, მარიფათით, უდიდესი მონდომებით ძალიან ბევრს მიაღწია. განათლებული ადამიანი იყო. ყოველთვის კარგი მეგობრები ჰყავდა. პროფესიით ინჟინერი გახლდათ, მაგრამ მოწოდებით ისტორიკოსი იყო. თავის პროფესიულ საქმიანობას თავი რომ დაანება, წერა დაიწყო, ბევრი ისტორიული ნაშრომი შექმნა, განსაკუთრებით კოლხეთის თემაზე.
მამა საოცარი კაცი იყო, ცუდი მტრისთვისაც კი არ ყოფილა. ქრისტიანული ბუნება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტების დროს გაიზარდა.
ჩვენ მეგობრები ვიყავით, რომ წამოვიზარდე, ძალიან დავუახლოვდი. ჩემს პირად ამბებს სულ ვუამბობდი და თქვენ რა გგონიათ, თავად არ მიამბობდა? ერთხელ ცოტათი შევკამათდით და მითხრა, რა უნდა გელაპარაკო, აბა, ახლა რაღა გითხრა, შენთვის სული მაქვს მოყიდულიო (იცინის). წარმოგიდგენიათ, როგორი ამბები ჰქონდა მოყოლილი? ის ჩემთან ურთიერთობით ბედნიერი იყო, ადამიანისთვის შვილზე კარგი მეგობარი ხომ არ არსებობს...
ცხოვრებაში ხდება ხოლმე, ადამიანები ზოგჯერ არასწორად გვექცევიან, მამას რომ ვეტყოდი, ამან ასე გააკეთა, ასე ცუდად მომექცა-მეთქი, ხელის ჩაქნევა იცოდა, ამ ჟესტით ბევრ რამეს ამბობდა. მარიგებდა, იცოდე, ცხოვრებაში ასეთი ამბები ბევრი იქნება, შენ მაგრად უნდა იყო და ადამიანის რწმენა არასდროს დაკარგოო. შეიძლება მოულოდნელად მხარში ისეთი პიროვნება ამოგიდგეს, ვერც იფიქრო, მისგან თანადგომა გონებაში დაშვებულიც კი არ გქონდესო. მამა სულ საკუთარი ცხოვრებით მაძლევდა მაგალითს. უამრავჯერ აწყენინეს, გული ატკინეს, მაგრამ იმ ამბებს ჩვენ არ გვიყვებოდა, მხოლოდ დედასთვის შეიძლებოდა რაღაც ზედაპირულად ეთქვა...
იგივე შემიძლია დედაზეც (დიანა კვირტია) ვილაპარაკო. ჩემი მეუღლე ამბობდა, არ მეგონა, სიდედრი ასე თუ შემიყვარდებოდაო. შეეძლოთ გათენებამდე ელაპარაკათ. დედა სულ ამბობდა, ეს ბიჭი ჩემი შვილი მგონიაო.
მამას დღევანდელ ეპოქაში, ასეთ რთულ და დაძაბულ გარემოში რომ ეცხოვრა, გული გაუსკდებოდა, კიდევ კარგი, არ მოესწრო. ყველანი ვხედავთ, როგორი დაპირისპირებაა ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს შორის, ეს საშინელებაა. ყველანაირად ვცდილობ, შორს ვიყო ამ ყველფრისგან, ვერავის ვერ დავუპირისპირდები, ვერავის შევიძულებ, ვერავის გავკიცხავ... ადამიანების გაკიცხვა არც არასდროს მყვარებია, მით უმეტეს ახლა, ვთვლი, რომ გაკიცხვის დრო არ არის, ახლა ყველაზე მეტად სიყვარული და შერიგება გვჭირდება, მაგრამ ეს შერიგება ორივე მხარის სურვილი უნდა იყოს.
"ბაბულიამ ჩემი თავი აღმომაჩენინა"
- თეატრალურში ჩემი მეტყველების პედაგოგი ბაბულია ნიკოლაიშვილი გახლდათ. მასთან პირველი შეხვედრა მაშინ მქონდა, როდესაც მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი. რომ დამინახა, საშინლად აღშფოთდა, თეატრალურში ჩაბარება თუ გინდა, ეს შენი წონა რა არისო? ძალიან მეჩხუბა, ისე, რომ ურთიერთობა არც გვქონია, დანახვისთანავე შეიცხადა... მცირე პაუზის მერე კი მითხრა, - კარგი, კარგი, აბა, რა გაქვს მომზადებულიო და რომ დავიწყე, ისეთი რეაქცია ჰქონდა, სხვებს უყურებდა, ნახეთ, ეს რა ბავშვიაო, ძალიან კმაყოფილი დარჩა, ხმა აღარ ამოუღია.
ეს ყველაფერი პირველ ტურზე ხდებოდა, მეორე ტურზე რომ მივედი, ჩემი ჭარბი წონის გამო ისევ ერთმა რეჟისორმა დამიწუნა და ბაბულიამ უთხრა, არა უშავს, გახდებაო. იმ დროს ბაბულია ნიკოლაიშვილი იყო მეტყველების კათედრის გამგე, პროფესორი, მთელ თეატრალურს აზანზარებდა... მერე კი ეს ქალბატონი ჩემთვის ძალზე ახლობელი ადამიანი აღმოჩნდა. ყველაზე პირველმა მან დაიჯერა ჩემი შესაძლებლობების, მან მომცა უდიდესი მოტივაცია. ქალბატონი ბაბულია უზომოდ შემიყვარდა, მგონია, რომ თავადაც განსაკუთრებულად ვუყვარდი. ყოველთვის მიცავდა, ჩემთვის მონოლოგებს ეძებდა. ისე ძალიან, როგორც ქალბატონი ბაბულია მიყვარდა, არავინ შემყვარებია. რა თქმა უნდა, მშობლების სიყვარულს არ ვგულისხმობ. მშობლების შემდეგ, ის ჩემს ცხოვრებაში მეორე ადამიანი იყო.
- იცოდა, ასე ძალიან რომ გიყვარდათ?
- არ იცოდა.
- რატომ არ ეუბნებოდით?
- ვერ ვეუბნებოდი და ამას ახლა ძალიან ვნანობ. თუმცა ვაგრძნობინებდი, ყოველთვის ვუჯერებდი, მის ლექციებს ყოველთვის ვესწრებოდი... ის დიდი ბავშვი იყო, სუფთა, ყოველგვარი თვალთმაქცობისგან დაცლილი, ბავშვივით პირდაპირი, ბავშვური აღმაფრენით, ბოროტების გარეშე, საოცრად დიდი პროფესიონალი. დღესაც კი, როცა ახალ როლზე ვმუშაობ, სულ ბაბულია მახსენდება.
თეატრალურში საოცარი პედაგოგი მყავდა, გიზო ჟორდანია, ისიც ძალიან მიყვარდა. მან პროფესიაში ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ ბაბულიამ კიდევ სხვა რწმენა ჩამინერგა, საკუთარი თავის იმედი, ნდობა განმიმტკიცა... ბაბულიამ ჩემი თავი აღმომაჩენინა.
სხვა სტუდენტების მიმართაც ასეთი იყო, ყველა უყვარდა, მაგრამ მე მეჩვენებოდა (შეიძლება სხვასაც), რომ განსაკუთრებით ვუყვარდი.
"ადამიანი დღესასწაული"
- სცენაზე და კინოში ძალიან ბევრი კარგი პარტნიორი მყავდა, გამიჭირდება რომელიმე გამოვარჩიო. იყო კარგი პარტნიორი, ეს საოცარი უნარია. შეიძლება იყო არაჩვეულებრივი მსახიობი, მაგრამ ვერ იყო კარგი პარტნიორი, ეგეთებიც გვინახავს. პარტნიორის გამო როლზე უარიც მაქვს ნათქვამი, "ბრძოლა" ვერ შევძელი. ზოგიერთი სულ ცდილობს, გადაგფაროს, ხმამაღლა ილაპარაკოს, ყურადღება სულ თავისკენ გადაიტანოს... ასეთი პარტნიორი საშინელებაა, ამ დროს ის თავადაც ცუდად გამოიყურება. იმიტომ კი არა, რომ ცუდი ადამიანია, უბრალოდ, პროფესიაში ამას ვერ ზომავს...
არასდროს დამავიწყდება თემიკო ჩირგაძის პარტნიორობა გადასაღებ მოედანზე, ის ბიძაჩემს თამაშობდა. საოცარი არტისტიზმი და იმპროვიზაციის დიდი უნარი გამოავლინა. პროფესიით მსახიობი არ იყო, მაგრამ ძალიან ბევრ მსახიობს აჯობა. ის იყო ადამიანი დღესასწაული, კეთილშობილებით გამორჩეული, არტისტული, ნიჭიერი, განათლებული. თემიკო ჩირგაძე არა მხოლოდ ჩემთვის იყო გამორჩეული პარტნიორი, ის თავისთავად გამორჩეული პიროვნება გახლდათ. გაკვირვებული ვიყავი, არაპროფესიონალს როგორ შეეძლო ისე ზუსტად გაეკეთებინა ის, რასაც რეჟისორი ეუბნებოდა.
თამუნა კვინიკაძე