„თამაშზე მამარდამ დამპატიჟა... მეუბნებოდნენ, როგორ უნდა წახვიდე, მოხუცებული ხარო, მაგრამ არ დავიშალე“ - კვირის პალიტრა

„თამაშზე მამარდამ დამპატიჟა... მეუბნებოდნენ, როგორ უნდა წახვიდე, მოხუცებული ხარო, მაგრამ არ დავიშალე“

94 წლის გამორჩეული გულშემატკივარი საქართველო-ესპანეთის მატჩიდან

11 ოქტომბერს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას საქართველო-ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის ერთი განსაკუთრებული გულშემატკივარი ესწრებოდა, 94 წლის ანერი გუმბერიძე-ჯაფარიძე, მან ბევრი კილომეტრი გაიარა, რომ მონატრებულ ქართველებს შეხვედროდა და მისთვის საყვარელი ფეხბურთელებისთვის ეგულშემატკივრა.

1-3-1761375815.jpg

- მას შემდეგ, რაც სტადიონზე გადაღებ­ული თქვენი ფოტოები გავრცელდა, ბევრი თბილი სიტყვა მიიღეთ საქართველოდან, ელოდით?

- 2018 წლიდან ესპანეთში ვარ, მე, უბრალო მოხუცი, გიორგი მამარდაშვილმა დამპატიჟა ამ მატჩზე, ბილეთები გამომიგზავნა. აქ ყველანი მეუბნებოდნენ, ამხელა გზაზე რა გინდა, როგორ უნდა წახვიდე, მოხუცებული ხარო, მაგრამ არ დავიშალე.

ხათუნა ჯაფარიძე, ანერი გუმბერიძე-ჯაფარიძის შვილი: - ესპანეთში სტიქია იყო და იმ მონაკვეთზე, რომელიც უნდა გაგვევლო, გადაადგილება შეზღუ­დული­ა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა ქართველმა, რომელიც მატჩს ესწრებოდა, გარისკა. მაგალითად, ვინც ავტობანით გადაადგილდა, ბევრმა სახლამდე მისვლა ვეღარ მოახერხა, ღამე სასტუმროებში გადაანაწილეს.

6-1760886006.jpg

- გიორგი მამარდაშვილი სად გაიცანით?

ანერი ჯაფარიძე: - გიორგი 2021 წელს გადმოვიდა ესპანეთში, აქ მას ძალიან­ კარგი მწვრთნელი ჰყავდა, ამ 4 წელიწადში იმდენს მიაღწია, რომ სახელოვანი კაცი გახდა. მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ. თქვენ ეს მატჩი ნახეთ? ისეთ ქვეყანას, როგორიც ესპანეთია, ჩვენი პატარა საქართველო როგორ ეთამაშა? 2:0 რომ წავაგეთ, ეგ დამარცხება არ არის, ესპანელი ბიჭები დაფრინავენ, ძლიერები არიან. ქართველებმა მაქსიმუმი გააკეთეს, მაგრამ მამარდაშვილს წამით არ ამოუსუნთქავს, სულ ეპიცენტრში იყო. რამდენი ბურთი აიღო...

ხათუნა: - გიორგი ესპანეთში რომ ჩამოვიდა, 19 წლის ბიჭი იყო. მე ამ ქვეყანაში დიდი ხანია ვცხოვრობ და მაშინ მთხოვეს, დამეკვალიანებინა,­ ყურადღება მიმექცია. ასე დაიწყო ჩვენი ურთი­ერთობა... ერთხელ, ჩვენთან სტუმრობის­ას, დედამ უთხრა, რომ ფეხბურთი ბავშვობიდან ძალიან უყვარდა და ეს დაამახსოვრდა, მერე თამაშებზე დედას ბილეთებს უგზავნიდა. ჩვენ აქ ძალიან დავახლოვდით. ესპანეთში ახალგაზრდა ქართველი ბიჭები რომ ჩამოდიან, ვცდილობ მხარში დავუდგე. ასე გავიცანი ფეხბურთელები|: გიორგი კოხრეიძე, გიორგი ხაბულიანი, გიორგი ჯანელიძე... აქ რომ ჩამოდიან, რეპრეზენტანტები ყველას ჰყავს, მაგრამ ახალგაზრდებს მაინც ჩემებურად თანადგომას ვუცხადებ. ჩემი მეუღლე ესპანელია, ჩემი შვილიც, ის უკვე 17 წლის არის.

გიორგი ლივერპულში რომ წავიდა, დედას ეგონა დავავიწყდებოდით, მაგრამ ყოველთვის ვახსოვართ. გერმანიაში რომ იყო, დედა იქაც დაპატიჟა, მაგრამ ასაკშია და ფრენა არ შეიძლება.

3-1-1760886006.jpg

11 ოქტომბერს სტადიონზე სასწაული ემოცია იყო. სტიქიის გამო ჩემი მეუღლე დედაჩემის წაყვანას შიშობდა, ამბობდა, ჩვენ როგორმე თავს მივხედავთ, მანქანაზე მაინც ავძვრებითო, მაგრამ დედამ არ დაიშალა, დილის 9 საათზე რომ ჩაიცვა, ქურთუკში და საწვიმარ ფეხსაცმელში გამოწყობილი აივანზე დაჯდა, არ გამეპარონო. წინა დღესაც გვაფრთხილებდა, საქართველოს თამაშს არავითარ შემთხვევაში არ გამოვტოვებო.

ანერი:- კაცმა თამაშზე დამპატიჟა და აბა, არ უნდა წავსულიყავი?

ხათუნა: - ახლახან გიორგის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, ფედერაციის სახელით პატივი უნდა ვცეთო. მინდა მათ მადლობა გადავუხადო! სტადიონზე რომ მივედით, დედამ მითხრა, ყველას საქართველოს დროშა აქვს სახეზე დახატული და მე რატომ არ მაქვსო? ჩანთაში წითელი ტუჩსაცხი მქონდა და დროშა ორივემ მივიხატეთ.

ანერი: - სტადიონზე მამარდას ნაჩუქარი მაისური მეცვა.

ხათუნა: - 8 წლის წინ დედას ჯანმრთელობის პრობლემები რომ შეექმნა, საქართველოში საავადმყოფოში მითხრეს, ვეღარ გადარჩება, სახლში წაიყვანეთო. ძალიან მოვინდომე ესპანეთში წამომეყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მეუბნებოდნენ, ფრენას ვერ გაუძლებსო, მაინც გავრისკე და კი მყავს ახლა ჩიტივით. 2019 წელს დაბრუნდა საქართველოში, ისევ იგივე პრობლემა გაუმეორდა. ისევ წამოვიყვანე და მას შემდეგ აღარ გამიშვია.

- ქალბატონო ანერი, საქართველოში რას საქმიანობდით?

- ზესტაფონში დავიბადე, რეპრესირებული ოჯახიდან ვარ, დედა ჩემზე ორსულად იყო, მამა რომ გადაასახლეს. 3 წლის შემდეგ ჩამოვიდა, მაგრამ ისევ დააპატიმრეს და ხელმეორედ გადაასახლეს. მამაჩემის გარდაცვალების მოწმობა 1939 წელს მოვიდა. ზესტაფონში მარანი გვქონდა და იქ დედა "პასილკისთვის" ყველს ახმობდა ხოლმე. არ დაიჯერა, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილი იყო, ამანათი ისევ გაუმზადა, მისი საყვარელი ხმელი ყველიც ჩადო, მაგრამ უკან მოუბრუნდა, რაც გარდაცვალების ნამდვილი დასტური იყო. დედა რომ დაქვრივდა, ძალიან ახალგაზრდა იყო - 32 წლის გოგო 5 შვილთან ერთად მარტო დარჩა. შემდეგ ახლობლის რჩევით თბილისში გადავედით, მაშინ მე-7 კლასში ვიყავი... ორი უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, თეატრალური (სარეჟისორო­) და პედაგოგიური. 43 წლის ვიყავი, მეორედ რომ ჩავაბარე. 1964 წლამდე თბილისში ვცხოვრობდი, შემდეგ ზესტაფონში დავბრუნდი, არ მინდოდა, ჩემი მშობლების ადგილ-მამული დამეკარგა.

ქალბატონ ანერის მდიდარი შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს, რაც შეიძლება ცალკე ინტერვიუს თემა იყოს. მისი რეჟისორობით იმართებოდა წარმოდგენები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ხათუნა: - თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე დედას "ცოცხალ ლეგენდას" ეძახის, ბევრ თეატრში მუშაობდა, მისი სპექტაკლების თითქმის ყველა აფიშა შენახული მაქვს. რამდენიმე წლის წინ ნიკოლოზი ალიკანტეში იყო ჩამოსული, საჩუქრად იგავ-არაკების წიგნი ჩამოუტანა და ძალიან ლამაზი გულსაბნევი უსახსოვრა.

marcxniv-shvilia-1-1760886006.jpg

ანერი: - ბავშვობაში ფეხბურთი ისე მიყვარდა, თანატოლებთან ერთად სულ ვთამაშობდი. ბიძაშვილები 17 ვიყავით, ბიჭები კარში მაყენებდნენ,­ ბურთს კატასავით ვიჭერდი, მამარდასავით. გიორგის ეს ამბავი რომ ვუამბე, ბევრი იცინა.

ხათუნა: - ვალენსიაში ქალაქთან ახლოს აგარაკი გვაქვს, დედას ძალიან მოსწონს აქ ყოფნა, ირგვლივ სიმწვანეა. დედას ჯანმრთელობის პრობლემის გამო, პერიოდულად საავადმყოფოშიც უწევს ყოფნა, გიორგი როგორც კი ამ ამბავს იგებს, სულ მირეკავს, მეკითხება, რამე ხომ არ მჭირდება... საუკეთესო პიროვნებაა, მზრუნველი. ერთ დღეს გიორგიმ აგარაკზეც ჩამოაკითხა, ვაშლი მოართვა, იცოდა, რომ უყვარს.

ანერი: - გიორგი უზომოდ თბილი და ყურადღებიანი ბიჭია, ცოტათი სიტყვაძუნწიც, მაგრამ ერთს იტყვის და ისეთს, რომ მის ნათქვამს ფასი აქვს. ბებო, იცოდე, პიროვნებას პროფესია კი არ განსაზღვრავს, მთავარი მისი ადამიანობაა.

- ჩვენს ფეხბურთელებს რას ურჩევთ?

- სულ გამარჯვებები და უდიდესი შემართება ჰქონდეთ, გიორგიმ ევროპის უძველესი ქვეყნის, დიდი შექსპირის სამშობლოს, ინგლისის ყურადღებაც მიიქცია.

- ნაკრებში თქვენი ფავორიტები ვინ არიან?

- გიორგი ქოჩორაშვილი ძალიან კარგი ბიჭია, მისი მეუღლე სანდრაც ესწრებოდა მატჩს, შორიდან მოგვესალმა, კოცნა გამომიგზავნა. ძალიან დიდი მადლობა ბუდუ ზივზივაძეს, მან როგორც კი დამინახა, მოვიდა ჩემთან და ფოტო გადავიღეთ.

ხათუნა: - მამარდას სტადიონზე ყოფნისას ვეღარ დავეკონტაქტეთ. ჩვენ ქართველი ფანების სექციაში არ ვიყავით, გარშემო სულ ესპანელები ისხდნენ. ჩემი მეუღლე ესპანელია, ის ჩვენს გვერდით ესპანეთის დროშით იჯდა, ჩვენ - ქართული დროშით. მეუღლე გავაფრთხილე, ესპანელების გოლის გატანისას შენი ხმა არ გავიგონო, თორემ 26-წლიანი ცოლქმრობის შემდეგ გაგშორდები-მეთქი. იქ ესპანელ მაყურებელთა შორისაც კი გიორგი დიდი მოწონებით სარგებლობდა. მატჩის მსვლელობისას გიორგიმ რამდენიმე ისეთი დარტყმა მოიგერია, თავად ესპანელებმაც კი ტაში დაუკრეს. ის ყველა ესპანელს ძალიან უყვარს და ყველა აღიარებს როგორც დიდ ფეხბურთელს.

ანერი: - ნაკრებში არ არის, მაგრამ ძალიან მიყვარს გიორგი კოხრეიძე და გული მწყდება, რომ არ დაუძახეს.

- საქართველოში ყველაზე მეტად რა ან ვინ გენატრებათ?

- ჩემი სამშობლო მენატრება. ტელეფონში სულ საქართველოს ამბებს ვუყურებ, ტელევიზორში ქართული­ არხები მაქვს, აქ ამით ვცოცხლობ და ეს მაძლებინებს. 2006 წელი იყო, პირველად ესპანეთში რომ ჩამოვედი. ჩემი შვილის მამამთილმა საკუთარი ხელით გამომიგზავნა ქორწილის მოსაწვევი. შემდეგ 2011 და 2016 წლებში ვიყავი. მეუღლე 2016 წელს გარდამეცვალა, 1 წლის შემდეგ საავადმყოფოში მოვხვდი, იქიდან პირდაპირ ესპანეთში წამომიყვანეს.

- მადლობა ინტერვიუსთვის, ჯანმრთელობას გისურვებთ!

- მე ვარ მადლობელი, ჩემს მშობლიურ ენაზე რომ მელაპარაკეთ, ჩემი წარსული რომ მომაგონებინეთ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სულ წინსვლას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე