მე რომ აქ ვიტანჯები და პრეზიდენტი ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავს?! - კვირის პალიტრა

მე რომ აქ ვიტანჯები და პრეზიდენტი ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავს?!

"აღსრულების ეროვნულ ბიუროში თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ თუ მოვალისაგან გადახდევინებული თანხა საკმარისი არ არის კრედიტორის ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს თანხა კრედიტორთა შორის ნაწილდება რიგის დაცვით. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით იპოთეკის უზრუნველმყოფელი. ხოლო შემდეგ მოხდება თქვენი უზრუნველყოფა". ოზურგეთის სასამართლოს უკვე გაყვითლებულ ქაღალდზე შერჩენილი ეს გადაწყვეტილება ხელებაცახცახებულმა ქალბატონმა ეთერ ლომაძემ ჩანთიდან გაჭირვებით ამოიღო და წამიკითხა. თუმცა სუნთქვა იმდენად უჭირდა, ძლივს გამაგებინა, რას მიკითხავდა. მერე დასძინა - ეს ერთ-ერთი წერილია იმ წერილებიდან, რომლებსაც ხუთი წელიწადია დავატარებ, იქნებ ერთ დღეს ისეთი ადამიანი შემხვდეს, ვინც ამ წერილებს წაიკითხავს, ჩემს მდგომარეობაში შევა და დამეხმარებაო...

დახმარება გულით მინდოდა, ამიტომ წერილები გამოვართვი, გადავათვალიერე და იმედგაცრუებულმა ხელი ჩავიქნიე, - მან არ იცოდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ადამიანების შეწყალება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. ჩვენი პრეზიდენტი კი, ამერიკის პრეზიდენტებისაგან განსხვავებით, უბრალო მოქალაქეების წერილებს არ კითხულობს. თუმცა, პრეზიდენტი ნიჭიერი ადამიანიცაა, მეხსიერებაც კარგი აქვს და ამ პრობლემასაც მშვენივრად იცნობს, აქედან გამომდინარე, არც ამ სახის წერილების წაკითხვა სჭირდება, - იმ შემთხვევაში თუ მეორე ვადით ამირჩევთ პრეზიდენტად, რეგრესის პენსიის საკითხს პირად კონტროლზე ავიყვანო, - ჰპირდებოდა იგი პენსიონერებს მეორე ვადით არჩევის წინ, მაგრამ ეს დაპირებაც ისევე ქარს გაატანა, როგორც თვით რეგრესის პენსია. ახლა თავად განსაჯეთ, რით შემიძლია დავეხმარო ამ ქალბატონს, გარდა იმისა, რომ საზოგადოებას ვუამბო, როგორ გასწირა სახელმწიფომ იგი იმ ათასობით პენსიონერთან ერთად, რომლებსაც რეგრესის პენსია ჩამოართვა.

რეგრესის პენსია, ანუ პენსია, რომელსაც საწარმოები უნიშნავენ საწარმოო ტრავმამიღებულ ადამიანებს მთელ მსოფლიოში, მატერიალურთან ერთად, სინდისის კომპენსაციად აღიქმება. დაზარალებულები ამ პენსიას მთელი სიცოცხლის მანძილზე იღებენ. ასე უნდა ყოფილიყო ჩვენთანაც, მაგრამ ... ხელისუფლებამ ყველა ის საწარმო, რომელიც ასე თუ ისე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, კერძო პირებს გადასცა, რეგრესის პენსია კი გააუქმა. ასე დარჩა რამდენიმე ათასი კაცი სახელმწიფო პენსიის იმედზე, რომელიც მათ არათუ საწარმოო ტრავმების პროფილაქტიკისთვის, პურის ფულადაც არ ჰყოფნით. ამ ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც საწარმოებში ხელი ან ფეხი დაკარგეს. დანარჩენები კი, მაგალითად, ჭიათურისა და ტყვარჩელის მაღაროებში ტრავმამიღებულები, სასუნთქი გზების უმძიმესი დაავადებებით იტანჯებიან.

ფილტვებისა და ბრონქების დაავადებით იტანჯება ქალბატონი ეთერიც, - ის ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა ოზურგეთის აბრეშუმის ძაფსახვევი ქარხნის მუშად, სადაც აბრეშუმის მტვერმა ფილტვები სამუდამოდ დაუავადმყოფა. წლების წინ მან და მისნაირებმა სასამართლოებში სცადეს სამართლის აღდგენა, თუმცა ამაოდ, - მათგან მხოლოდ "საჩვენებელი" ნაწილი დაკმაყოფილდა, დანარჩენს კი ქალბატონი ეთერივით ჩანთაში სასამართლოს გადაწყვეტილებები ჩარჩა, რომლებსაც თავსა და ბოლოს ვერ უგებენ. თავის დროზე ახლად დანიშნული სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც იბრძოდა პენსიონერთა შელახული უფლებების საკონსტიტუციო სასამართლოში დასაცავად, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა. არც ქალბატონი ეთერის ცხოვრებაში შეცვლილა რამე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ზოგიერთი სააღსრულებო ფურცელი ჩანთაში დაეხა და კიდევ ერთი: ჩემდა სამწუხაროდ, მე მომიხდა ახსნა, რომ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიუხედავად ათასი ჯურის პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებისა, მას რეგრესის პენსიას აღარავინ მისცემს, თუ კანონმდებლობა არ შეიცვლება.

ამის გაგონებაზე ის ჩუმად იცრემლება და გულწრფელად გაკვირვებული მეკითხება: - "რა დავაშავე, დედა, ასე რომ ვიტანჯები? ჩვენი პრეზიდენტი კი ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავს, არ რცხვენია?!"

აი, ამაზე უკვე აღარ ვიცი, რა ვუპასუხო.

(სპეციალურად საიტისთვის)