"სუროგატი დედის ფუნქციას სწორედ ეს მოწყობილობა შეასრულებს... თუ ბავშვებიც ხელოვნური საშვილოსნოთი გაჩნდებიან, ადამიანის ფუნქცია რა იქნება?" - კვირის პალიტრა

"სუროგატი დედის ფუნქციას სწორედ ეს მოწყობილობა შეასრულებს... თუ ბავშვებიც ხელოვნური საშვილოსნოთი გაჩნდებიან, ადამიანის ფუნქცია რა იქნება?"

თანამედროვეობის შოკის მომგვრელ გამოგონებებს შორის ერთ-ერთი ხელოვნური საშვილოსნოა. ამ უჩვეულო კონცეფციის ავტორია მოლეკულური ბიოლოგიის მაგისტრი, ახალგაზრდა მეცნიერი­ ჰაშემ ალ-გაილი. EctoLife - ასე დაარქვეს მოწყობილობას, რომელსაც შეუძლია ემბრიონის განვითარებისა და ბავშვის გაჩენის ფუნქცია იტვირთოს. ის იდეალურია უშვილობით გატანჯული მშობლებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. მეცნიერმა ამ გამოგონებაზე არაერთ პოპულარულ გამოცემასთან ისაუბრა. როგორც ჰაშემი ამბობს, ხელოვნური საშვილოსნო ჩვილთა ინკუბატორის გაუმჯობესებული ვერსია იქნება და ყოველწლიურად 30 000 ბავშვის ,,წარმოებას" შეძლებს. მისი დახმარებით წყვილები ბავშვების ყოლას ორსულობისა და მშობიარობის გარეშე შეძლებენ. ბიოტექნოლოგები ვარაუდობენ, რომ 10-15 წლის შემდეგ ხელოვნური საშვილოსნოები შვილების გაჩენის მთავარ გზად იქცევა. "ამ შემთხვევაში ემბრიონი მოთავსდება არა სხვა ქალის საშვილოსნოში,­ როგორც ინ-ვიტრო განაყოფიერებისას, არამედ ხელოვნურ საშვილოსნოში" - ამბობს ჰაშემი.

ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ მოვლენაზე ქართველი გამომგონებლები და შეფასებისთვის საქართველოს ტექნიკური აკადემიის აკადემიკოსს - თემურ­ მაისურაძეს მივმართეთ:

- ბატონო თემურ, ხომ არ გაგიკვირდათ, როცა EctoLife-ის შესახებ ინფორმაციას პირველად გაეცანით?

- ნამდვილად არ გამკვირვებია. ვაკვირდები, როგორ ვითარდება თანამედროვე ტექნიკა, ბიოლოგია, რა როლს ასრულებს ხელოვნური ინტელექტი და ამ ყველაფრის შემხედვარეს ხელოვნური საშვილოსნოს შექმნაც არ მიკვირს. ისიც ვიცოდი, რომ ამ საკითხზე მეცნიერები მუშაობდნენ. როგორც წესი, მსგავს თემებზე მუშაობენ მულტინაციონალური კომპანიები, რომლებსაც ცნობილი, ნიჭიერი მეცნიერები ჰყავთ მიწვეული. ადრე ამ თემაზე ჩინელებიც მუშაობდნენ. ალბათ, ჩვენს მკითხველს დაებადება კითხვა, თუ როგორ შეიძლება ბუნებრივი საშვილოსნოს ფუნქცია ხელოვნურმა მოწყობილობამ შეასრულოს? - საქმე ის არის, რომ მეცნიერებმა კარგად შეისწავლეს გარემო, სადაც ემბრიონი იზრდება და ვითარდება - ტემპერატურა, ჟანგბადის დონე, კვების რეჟიმი და ხელოვნურ საშვილოსნოში ზუსტად ასეთივე გარემო შექმნეს.

- ამ მეთოდის დადებითი მხარე ის არის, რომ უშვილო წყვილებს სუროგატი დედის დაქირავება აღარ დასჭირდებათ.

- იმისათვის, რომ ემბრიონი ხელოვნურ საშვილოსნოში გაიზარდოს,­ ჯერ ინ-ვიტრო განაყოფიერებაა საჭირო და სუროგატი დედის ფუნქციას სწორედ ეს მოწყობილობა შეასრულებს. ტექნიკურად ამ პროცესის მართვა პრობლემას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, თუ ემბრიონს გენეტიკური პრობლემა აქვს, თუ დნმ-ს მემკვიდრეობითი ხარვეზი ახლავს, მისი შესწორებაც შეიძლება. სპერმატოზოიდი ბუნებრივი იქნება, მაგრამ დედის ფუნქციას ხელოვნური საშვილოსნო შეასრულებს, სადაც ემბრიონი გაიზრდება და განვითარდება სივრცეში, რომელიც ზუსტად იმეორებს დედის საშვილოსნოს.

- რასაკვირველია, ეს ძალიან დიდი შვება იქნება უშვილო წყვილებისთვის.

- ნათქვამია, მედალს ორი მხარე აქვსო და ამ მოვლენას მეორე მხრიდანაც უნდა შევხედოთ: ძალიან ბევრი დედა ახლაც არ აჩენს შვილებს იმიტომ, რომ მშობიარობის ტკივილები აშინებს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ თითქმის ყველა ქალი მოისურვებს ამ ტკივილს თავი აარიდოს და შვილი ხელოვნურად გააჩინოს.

- მეცნიერების თქმით, ამ მოწყობილობის დახმარებით ყოველწლიურად 30 000 ბავშვი გაჩნდება,­ ეს რიცხვი რეალურია?

- იმდენ ინკუბატორს გააკეთებენ, რომ საკვირველი არაფერია, შეიძლება უფრო მეტიც შეძლონ... გვარწმუნებენ,­ ეს ინკუბატორის გაუმჯობესებული ვერსია იქნებაო, მაგრამ ინკუბატორში უკვე დაბადებულ ბავშვებს ათავსებენ, ამ სისტემას კი ხარვეზი არა აქვს. მასში იდეალური პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია, მაგრამ ერთი პრობლემაა: ადამიანს ფუნქცია ეკარგება.­ დედა შვილს თვითონ რომ აჩენს, ბავშვთან სულ სხვა გრძნობა აკავშირებს, მაგრამ ექნება ასეთი სიყვარული ქალს იმ არსების მიმართ, რომელიც ინკუბატორიდან გაჩნდება? ჩემი აზრით, დედასა და შვილს შორის ის უხილავი ძაფები გაქრება, რომელიც მათ სიცოცხლის ბოლომდე აკავშირებს.

- მშობლები მომავალი შვილის კანის, თმისა და თვალის ფერსაც წინასწარ აირჩევენო, ესეც რეალური პერსპექტივაა?

- ცხადია, რადგან პროცესი ასე მიმდინარეობს: მამის სპერმატოზოიდსა და დედის კვერცხუჯრედს ხელოვნურად გაანაყოფიერებენ და დნმ-ს მშობლების სურვილის მიხედვით შეასწორებენ, გენეტიკურად სრულყოფილს გახდიან. ხელოვნურად შექმნილი ემბრიონი ხელოვნურ საშვილოსნოში 9 თვის განმავლობაში განვითარდება. იმის წყალობით, რომ მისი გენეტიკა შესწორებული და დახვეწილია, არ არის გამორიცხული, მშობლებისთვის სასურველი გარეგნობის, ჯანსაღი ბავშვი დაიბადოს.

- თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს პლანეტაზე ათასობით ქალია, რომელთაც შვილის გაჩენა არ შეუძლიათ, ეს მართლაც დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ...

- როგორც გითხარით, ეს ერთი მხარეა, მაგრამ თუ ყველა ხელოვნური გზით დააპირებს შვილის გაჩენას, შეიძლება უამრავი პრობლემა წარმოიშვას. ჩემი აზრით, ეს გამოგონება ვიღაცებისთვის კარგი იქნება, ვიღაცებისთვის - ცუდი, მაგრამ სოციუმში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს. ხელოვნური გზით ბავშვების გაჩენას ყველა სახელმწიფო მოინდომებს და ამ მოწყობილობას ყველა თავისებურად გამოიყენებს. ისიც საკითხავია, რა ფუნქციები დარჩება ამ სამყაროში ადამიანს: თუ ყველაფერს რობოტები გააკეთებენ, ყველა ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტი მოგვაწვდის და ბავშვებიც ხელოვნური გზით გაჩნდებიან, ადამიანი რაღას გააკეთებს? მისი ადგილი და ფუნქციები დედამიწაზე სად იქნება? - ეს ურთულესი საკითხია და მასზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.

ხათუნა ჩიგოგიძე