„ფრანგი მოგზაური დე მონპერე მთელი დღეები დუროიან სახლებს ხატავდა, ღებელებს უთქვამთ, იქნებ ერთი სახლი ავიღოთ და გავატანოთო“ - კვირის პალიტრა

„ფრანგი მოგზაური დე მონპერე მთელი დღეები დუროიან სახლებს ხატავდა, ღებელებს უთქვამთ, იქნებ ერთი სახლი ავიღოთ და გავატანოთო“

შეიძლება ჩაითვალოს, რომ ღები ერთ-ერთი მისტიკური სოფელია რაჭაში. მოგზაურები ზღვის დონიდან თითქმის 1500 მეტრზე ადიოდნენ, რათა ენახათ ღების განსაკუთრებული დუროიანი სახლები (რომელიც სხვაგან არსად იყო) და სწორედ აქ გაეტარებინათ ცხოვრების საინტერესო დღეები, მერე კი ეს ემოცია თან წაეღოთ. იტალიელმა მოგზაურმა ვიტორიო სელამ ღებში თითქმის საუკუნე-ნახევრის წინ რამდენიმე კვირა გაატარა და ფოტოების უნიკალური კოლექცია შექმნა. ფრანგმა ფრედერიკ დიუბუა დე მონპერემაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ხატა სოფელი ღები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ შეეძლო ღების ზღაპრული სილამაზე თან არ წაეღო... რაჭა ვერა და ვერ გახდა არქეოლოგიური კვლევების ღირსი, მით უფრო სოფელი ღები, რომელსაც ჯერ კიდევ 4000 წლის წინ ჰქონდა ლითონის მაღაროები, რომელთა დაბრუნება დღევანდელმა ბიზნესმა გადაწყვიტა. ახლახან კი სოციალურ ქსელში ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს 1829 წლის ჩანახატი გამოჩნდა, რომელზეც ღები სრულად ჩახატულია თავისივე კოშკებით. ასე რომ, თითქმის ორი საუკუნის ჩანახატი ექსკლუზივია და უნებურად გვაფიქრებს იმ კითხვაზე, რატომ ვერ ელევიან ღებელები თავიანთ სოფელს, რატომ განსხვავდებიან ხასიათით და ჩაცმულობით ჩვენი მთების სხვა მოსახლეობისგან და ბოლოს, რა ბედი ელის საქართველოს საზღვრისპირა სოფელს, როდესაც აქ 4000 წლის წინანდელი ლითონის მაღაროები კვლავ ამუშავდება და სვანეთისაკენ გზა გაიჭრება. ამის შესახებ ონის ისტორიისა­ და დღევანდელობის დიდი მკვლევარი ონელი დავით ჯაფარიძე გვესაუბრება:

- საქართველოში არც მეგულება რომელიმე სხვა სოფელი, რომლის გარშემო იმდენი მდინარე მოჩუხჩუხებდეს, რამდენიც ღებში. ეს სოფელი საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრით არის დაშორებული და სანამ სოფლიდან საზღვრამდე მიხვიდოდე, 25 მდინარე მაინც უნდა გადალახო. გარდა ამისა, იმერეთის მეფემ სოფელი დაახლოებით 500 წლის წინ სვანეთიდან რაჭას შემოუერთა, რათა უკვე გაჩანაგებული სოფელი დაესახლებინა ქართველებით, რომლებიც საზღვარს დაიცავდნენ.

rebi-ukanaskneli-duriani-saxlia-1760897354.jpg

- იმ დროიდან აშენდა ღებში ცნობილი ე.წ. დუროიანი სახლები, რომლებიც უნიკალური იყო, დღეს კი აღარ არის.

- სავარაუდოდ, ეს იყო ქვიტკირით ნაშენი ოთხსართულიანი კოშკები, რომელთა პირველ სართულს პირუტყვის სადგომად იყენებდნენ, მეორეს - ოჯახისათვის, მესამე სართულს - საკუჭნაოდ და სამეურნეოდ, მეოთხე სართულზე კი სათოფურები, დუროები ჰქონდათ დატანებული მტერთან საბრძოლველად. სხვათა შორის, მსგავსი სახლი არსად იყო ჩვენს მთებში, მათ შორის სვანეთშიც, იქ სხვა ტიპის სახლებია, ღებელებმა კი შექმნეს ის, რაც მათ გარემოს უხდებოდა. სამწუხაროდ, გასული საუკუნის მიწისძვრამ უმეტესობა დაანგრია. ერთადერთი სახლი იყო დარჩენილი, ლობჟანიძეების, ძალიანაც სურდა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ სახლი შეესყიდა და ტურისტულ კერად მოეწყო, მაგრამ არ ქნა მაშინდელმა მეპატრონემ, მამა-პაპის ოფლჩაქცეულს ვერ გავასხვისებო. მაგაზე ადრე კი დუროიანი, სათოფურებიანი სახლების "გამოფენა" იყო ღებში. ხომ წარმოგიდგენიათ, თითოეული სახლი საომარი პოლიგონი იყო. სწორედ დუროიან სახლებზე გაგიჟდა ორი საუკუნის წინ ფრანგი მოგზაური დე მონპერე. მთელი დღეები იჯდა და ამ სახლებს ხატავდა. ღებელებს­ უთქვამთ, ნეტავი როგორ არ იღლება, ლამის ერთი სახლი ავიღოთ და გავატანოთო.

- ესეც მინდა გკითხოთ - ვიტორიას ცნობილ ფოტოებზე ახალგაზრდა ღებელ ქალს მრავალფენიანი თავსაფარი ახურავს. ასეთი სამოსი არც სვანებს ჰქონდათ, არც ხევსურებს, არც თუშებს.

sopeli-gebi-vitorio-sels-1760897354.jpg

- მართალი ხართ, - სოფელ ღებს საკუთარი სამოსი ჰქონდა, უნიკალური მრავალფენიანი თავსაფარი. ვფიქრობ, იმიტომ, რომ ყაბარდო-ბალყარეთში ჰქონდათ ხშირი მიმოსვლა. ქალების უცნაურობა ხომ იცით, ბალყარეთში მოეწონათ და წამოიღეს შინ ეს მოდა.

- გავრცელებული ინფორმაციით, ღები ლითონს მოიპოვებდა და ახლა მაღაროების თხრა იწყება. ეს ჭიათურის მარგანეცივით ხომ არ დაუშლის ადამიანებს სახლ-კარს?

- არ მინდა ეს დავიჯერო, ამიტომ ვიტყვი, რომ არ დაუშლის. თუ არადა, ღებმა იცის და მისმა ვაჟკაცობამ. რას არ გაუძლეს და არა მგონია, აქედან აყრა ვინმეს შეარჩინონ.