"ბიძინა ივანიშვილს უყვარს ხოლმე საახალწლოდ ახალი პრემიერების დანიშვნა..." - სანდრო თვალჭრელიძის პროგნოზი: უკავშირდება თუ არა დიდი სკანდალი 4 ოქტომბრის - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილს უყვარს ხოლმე საახალწლოდ ახალი პრემიერების დანიშვნა..." - სანდრო თვალჭრელიძის პროგნოზი: უკავშირდება თუ არა დიდი სკანდალი 4 ოქტომბრის მოვლენებს?!

17 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საზოგადოებას აცნობა, რომ სუს-თან ერთობლივად ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლებისა და პირადი ჩხრეკები. "საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად, ჯამში 22 ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით თანხა", - განაცხადა გვარაკიძემ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ "დანდობა არ იქნება". შექმნილი ვითარების შეფასება ვთხოვეთ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს:

- ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოუტანს "ქართულ ოცნებას", შიგნიდან გატყდება. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან ბევრი მომხრე და მიმდევარი ჰყავს. სხვათა შორის, ცოტა არ იყოს, მაკვირვებს ღარიბაშვილის სახელის ფარცხალაძესთან დაკავშირება. არსებობს კი ასეთი კავშირი? თუ არსებობს, ეს ერთი საკითხია, თუ ყველაფერი ერთმანეთისგან განურჩევლად ჩაყარეს ერთ ქვაბში, მეორე. მოკლედ, მათთვის ცუდი პროცესები დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი ხდება თანამდებობის მძევალი და მსგავსი საფრთხე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრსაც შეიძლება მალე დაემუქროს.

როგორც პროკურატურამ და სუს-მა გვითხრეს, ამ ჩხრეკების შედეგად დიდძალი ფული და ძვირფასეულობა ამოიღეს, რაც მაინცდამაინც არ მაკვირვებს, მაგრამ ძალიან მაკვირვებს ღარიბაშვილის "ნაციონალურ მოძრაობასა" და 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირება. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, მას პირდაპირ პათოლოგიურად სძულს "ნაციონალური მოძრაობა". ცოტა სასაცილოდ მეჩვენება მის ამგვარ კავშირებზე მინიშნება.

ლილუაშვილ-ფარცხალაძეზე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება ფულს, აქ ნამდვილად ვერავის დაუფიცებ. თავის დროზე, ივანიშვილმა ღარიბაშვილი პრემიერობიდან რომ გადააყენა, მაშინაც კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი, გვახსოვს, "კახური კლანი" და ა.შ. როგორც ჩანს, კიდევ წაუცდა ხელი... სამწუხაროდ, გამოდის, პატიოსანი ადამიანის მონახვა საქართველოში ძალიან ჭირს, მით უფრო არსებულ სისტემაში.

- "ქართული ოცნება" უახლოეს პერიოდში გეგმავს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს "კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ სარჩელით, რომელიც მზადდება პარლამენტში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე. გასულ კვირას მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს, პარტიასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, თანამდებობის დაკავება, არჩევნებში მონაწილეობა.

- მე ჯერ კიდევ 2012 წელს ვამბობდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ასაკრძალი იყო, ახლა ეს ნამდვილად ძალიან დაგვიანებულია. ვნახოთ, ვინ მოხვდება ასაკრძალი პარტიების სიაში. როგორც კობახიძემ გვაცნობა, შესაძლოა ეს 10 პოლიტიკურ ძალას შეეხოს. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს ქართული პოლიტიკისთვის შესაძლოა არც იყოს ძალიან ნეგატიური მოვლენა. თუ გადახედავთ ჩვენს უახლეს ისტორიას, ქვეყანაში ნებისმიერ სახელისუფლებო ცვლილებას ახორციელებდა ახალი ძალა, რომელსაც ჰყავდა მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი. ეს გააკეთა თავის დროზე, ზვიად გამსახურდიამ, შემდეგ ედუარდშევარდნაძემ, რომელიც შეცვალა მიხეილ სააკაშვილმა და ბოლო ცვლილება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა. ყველა შემთხვევაში ლიდერის გარშემო იკრიბებოდა ახალი ჯგუფი, რომელიც ახერხებდა ძალაუფლების მოპოვებას. ჩვენთან, როგორც წესი, პიროვნებებს შორის მიდის ჭიდილი და არა იდეებს შორის. თუ ეს საკონსტიტუციო სარჩელი დაკმაყოფილდა, შედეგად ძველი, ყელში ამოსული სახეებისგან დაიცლება ოპოზიციური ფლანგი და წესით უნდა გამოჩნდეს ახალი, მოულოდნელი ლიდერი, რომელიც შექმნის პოლიტიკურ ძალას და მოუგებს არჩევნებს "ქართულ ოცნებას". შესაბამისად, თუ მმართველი ძალა ფიქრობს, რომ საკუთარი მიზნებისთვის ასუფთავებს პოლიტიკურ ველს, ძალიან ცდება.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ "ქართულ ოცნებას", რომელიც ყველა სახელისუფლებო შტოს აკონტროლებს, არ მისცემს ახალ ლიდერსა და ძალის ჩამოყალიბების საშუალებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად მოხდება "ქართული ოცნების" დასუსტების პარალელურად. საბჭოთა კომუნისტური პარტიაც აკონტროლებდა ყველასა და ყველაფერს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა. რასაც ახლა "ქართული ოცნება" აკეთებს, ამით მხარდამჭერების ნდობასაც კარგავს, რადგან ეს ხალხი დაცულობის განცდას კარგავს. რისთვის მიდის ხალხი პოლიტიკაში, განსაკუთრებით მმართველ ძალაში?.. დიდი პოლიტიკური ამბიციები ამ ხალხს არა აქვს, ძირითადად, "კრიშისთვის" მიდიან პოლიტიკაში. თუ აღმოჩნდა, რომ ეს "კრიშა" ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოიქცეს, ბუნებრივია, ვეღარ ენდობიან მმართველ ძალას. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, "ქართული ოცნება" ბაბილონის გოდოლივით ძალიან მალე შეიძლება ჩამოიშალოს. ერთსაც ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილს უყვარს ხოლმე საახალწლოდ ახალი პრემიერების დანიშვნა.

- ვითარების დალაგების ნაცვლად, განხეთქილების ვაშლად იქცა გასულ კვირას საქართველოში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენის ვიზიტი, რომელიც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიცაა. 14 ოქტომბერს "ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ის შეუერთდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, რამაც მმართველი პარტია აღაშფოთა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა პრემიერთან, ირაკლი კობახიძემ გააუქმა, თუმცა მოგვიანებით ჯერ ფინურმა მედიამ დაწერა და შემდგომ ელენა ვალტონენმაც განაცხადა, რომ "შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან გაუქმდა არა საქართველოს, არამედ ფინეთის ინიციატივით განრიგში ცვლილების გამო და ქართველებს ამის შესახებ წინაღამით ეცნობათ". 16 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ 14 ოქტომბრის აქციაზე ყოფნის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 5000 ლარით დააჯარიმა - მას ედავებიან "გზის ხელოვნურად გადაკეტვას".

- ეს უკვე აბსურდის თეატრსაც აღარ ჰგავს, რადგან მასაც კი აქვს ლოგიკა. ამათ ხალხი აზრს ყოვლად მოკლებული ჰგონიათ ან ფიქრობენ, რომ კონტროლირებადი სატელევიზიო არხების გარდა არაფერს უყურებენ. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მცირე, რადიკალურად განწყობილ, ანტიდასავლურ ჯგუფზე დადონ ფსონი დიდი წარმატების მისაღწევად. აბსურდია, აბა, რა, ღარიბაშვილს "ნაციონალობას" აბრალებენ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, 4 ოქტომბრის მოვლენებში მონაწილეობას ედავებიან, ეუთოს თავმჯდომარეს აჯარიმებენ.

მოკლედ, ჩემი აზრით, ამ აბსურდულ გეზს ესენი, ჯერჯერობით, ალბათ, გაჰყვებიან მანამ, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთვის არ მოიცლის.

წაიკითხე ვრცლად