...და მაინც: "ნაბიჭვრების ქვეყანა"! - კვირის პალიტრა

...და მაინც: "ნაბიჭვრების ქვეყანა"!

ახლა ღამის 3 საათია და რედაქციაში სასწარაფოდ მოსული ვწერ ამ მცირე წერილს. როდესაც აქეთ მოვდიოდი მანქანით, გზაში ვფიქრობდი, ამ სამიოდე აბზაცისთვის "ნაბიჭვრების ქვეყანა" მეწოდებინა, მაგრამ "ფეისბუქზე" რომ შევედი, ვნახე, რომ მავან ბლოგერს უკვე გამოუქვეყნებია პოსტი ასეთი სათაურით. მე რომ მეგონა, ორიგინალური სათაური მოვიფიქრე-მეთქი, ეტყობა, სულაც არ არის ორიგინალური, პირიქით - ნებისმიერ პატიოსან კაცს რომ პირველად პირზე მოადგება, ის სათაურია...

თუმცა, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ "ნაბიჭვრობის" მონაწილენი მეტ-ნაკლებად ყველანი ვართ და სანამ კარზე არ მოგვიკაკუნებენ ზონდერ-ნაბიჭვრები, მანამდე ეს იქნებ არც გაგვახსენდეს: "ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ; პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირის წევრი არ ვყოფილვარ; ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არა ვარ; კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ, შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო". (პასტორი მარტინ ნიიმიოლერი)

ვიღაცამ სოციალურ ქსელში დადო ეს ციტატა და უამრავმა ადამიანმა "დააშეარა" - კარგია, გამხმარ გულებზე მოგვხვდა ალბათ... ალბათ საკუთარი თვალებით უნდა გვენახა ამაზრზენი კადრები, რომ საბოლოოდ მივმხვდარიყავით - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება: "ბატონი პრეზიდენტი", "ქალბატონი მინისტრი"... უნდა დავამთავროთ: თქვენ ცუდი ხალხი ხართ! თქვენ საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ გიყვართ! თქვენ დამანაშავეები ხართ!

მაინც უნდა გავიმეორო და ის ბლოგერი პალგიატობაში ნუ ჩამომართმევს: თქვენ ნაბიჭვრების ქვეყნის აშენება გინდათ!

P.S. ხუთი წუთის წინ ლალი მოროშკინას ველაპარაკე - გლდანის ციხესთან კარავი გავშალე და სანამ კალმახელიძე არ გადადგება, ვიშიმშილებო. პატივს ვცემ ამ ქალს (ცხადია, მოროშკინაზე ვამბობ და არა კალმახელიძეზე) - სოროში არასოდეს ძვრება, მაგრამ კალმახელიძე შეიძლება ხვალვე "გადმოგვიგდოს" პრეზიდენტმა, ცნობილი ქართული ზღაპრის ბარტყივით, თუმცა"ნაბიჭვრების ქვეყანაში" მთავარი ნაბიჭვრები მაინც რჩებიან!

P.P.S. უკვე დილაა, მაგრამ გასულმა რამდენიმე საათმა ვერ მიანავლა აღშფოთების ცეცხლი. ღმერთმა ქნას, ამ ადამიანების წამებამ ის შედეგი მაინც გამოიღოს, რომ გულგრილობის ბაცილა მოისპოს ამ ქვეყანაში...

"ბარტყს" რაც შეეხება, როგორც ვივარაუდეთ, "ჩიტმა" მართლაც გადმოაგდო ბუდიდან - კალმახელიძე აღარ არის მინისტრი, მაგრამ ერთი "ბარტყი" აღარ გვეყოფა, სააკაშვილო!

პროვოკატორი

იხილეთ:

- პატიმრებზე ზეწოლის ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა

- "მეცხრე არხი" პატიმრის წამების შემზარავ ვიდეოს ავრცელებს (+18)

- პატიმართა წამების ფაქტებზე მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ კომენტარი გააკეთა

- ციხეებში არსებულ ვითარებას ბათუმშიც აპროტესტებენ

- ფილარმონიასთან რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა