რას მოუტანს 12-წლიანი სწავლების გაუქმება მომავალ თაობას? - "ჩემი შვილი მე-12 კლასშია და უკვე ცდილობს, უცხოეთში ხანმოკლე გაცვლითი პროგრამით წავიდეს"
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამთავრობო კომისიამ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა. ამ კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ საკამათო პუნქტი 12-წლიანი სწავლების შესაძლო გაუქმებაა, რასაც რეფორმის ავტორები სხვადასხვა მოტივით ხსნიან: მოსწავლეები 11 წლის განმავლობაშიც შეძლებენ სასწავლო პროგრამის ათვისებას, თანაც ეს ხელს შეუწყობს, რომ ახალგაზრდები საქართველოში დარჩნენ და აქვე მიიღონ კარგი განათლება.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებენ მოსალოდნელ ცვლილებას მშობლები და პედაგოგიური სფეროს წარმომადგენლები.
მირანდა კიკალიშვილი, პედაგოგი:
"ჩემი შვილი მე-12 კლასშია და უკვე ცდილობს, უცხოეთში ხანმოკლე გაცვლითი პროგრამით წავიდეს"
- თავდაპირველად, 12 კლასი რომ შემოიღეს, მშობლის პოზიციიდან მეც არ მესიამოვნა: როგორც სხვა მშობლები, მეც ვამბობდი, 12 წელი ბევრია-მეთქი, თუმცა, პედაგოგის თვალით რომ ვაკვირდები და ვაფასებ, 12-წლიანი სწავლება აუცილებელია. რატომ? - ეს თითოეულ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, რომ სწავლა ევროპულ უნივერსიტეტში გააგრძელოს. რამდენადაც ინფორმაციას ვფლობ, თუ 11-კლასიან სწავლებას შემოიღებენ, ამის საშუალება აღარ იქნება, ამიტომ, ჩემი აზრით, 12-კლასიანი სწავლება უნდა შენარჩუნდეს, რომ ჩვენს შვილებს ხელი არ შეეშალოთ.

ცხადია, სასკოლო პროგრამას შეამცირებენ და ამ 11 წელიწადში ჩაატევენ, მაგრამ როგორ აისახება ეს ჩვენი შვილების მომავალზე? დღეს უკვე ბევრი მოსწავლე იღებს განათლებას საზღვარგარეთ. ჩემი შვილიც მე-12 კლასშია და უკვე ფიქრობს, უცხოეთში ხანმოკლე გაცვლითი პროგრამით წავიდეს. მას 12-წლიანი ატესტატი ექნება, მაგრამ მე სხვა შვილებიც მყავს... ძალიან მინდა, სურვილის შემთხვევაში, უცხოეთში სწავლა მათაც გააგრძელონ. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო უნდა დატოვონ და თავიანთი ცოდნა სხვა ქვეყანას მოახმარონ, პირიქით, ძალიან პატრიოტი ვარ და მირჩევნია, ჩემმა შვილმა თავისი ცოდნა სამშობლოსთვის გამოიყენოს.
ფაქტი ჯიუტია: იმისათვის, რომ ახალგაზრდამ თანამედროვე განათლება მიიღოს და ცხოვრების გზაზე დაბრკოლებები არ შეექმნას, 12-კლასიანი სწავლება აუცილებელია.
ია ბერიძე, ფიზიკოსი:
"საკითხავია, ეს რეფორმა უარესად ხომ არ დააზიანებს ჩვენს სკოლებს და მომავალ თაობას?!"
- ჩემი შვილიშვილი მეათე კლასშია, ძალიან ნიჭიერი, გონებაგახსნილი ბავშვია და შეუძლია, საუკეთესო სპეციალისტი გახდეს. სულაც არ მინდა, მან ისე იცხოვროს, როგორც ჩვენი თაობა ცხოვრობდა: მუდმივ სიდუხჭირეში და ეკონომიაში... მინდა, ისწავლოს, თავის სამშობლოსაც გამოადგეს და თვითონაც ადამიანური ცხოვრება ჰქონდეს. ამისათვის ჩვენი ოჯახი ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ ეს რეფორმა თუ განხორციელდება, ყველაფერი შეიცვლება.
ვკითხულობ ექსპერტთა შეფასებებს და უსიამოვნო განცდა მეუფლება: ამ ცვლილების შედეგად შესაძლოა, ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების პირობები გართულდეს, რადგან დასავლეთში მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეს 12-წლიანი სკოლა ჰქონდეს დამთავრებული.
საკითხავია, ხომ არ არის შემოთავაზებული „კონცეფცია“ ქართული განათლების სისტემის ევროპული სივრცისგან იზოლირების გეგმა?! ზოგჯერ ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირშიც კი არ არსებობდა ასეთი ცენტრალიზებული მიდგომა განათლების სფეროს მიმართ. ეს რეფორმა უარესად ხომ არ დააზიანებს ჩვენს სკოლებს, სადაც ბავშვები ნორმალურ ცოდნას ვერ იღებენ და მომავალ თაობას ხომ არ შეზღუდავს? - დარწმუნებული ვარ, ეს შეკითხვები ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს აწუხებს.
თამარ მოსიაშვილი, განათლების სფეროს მკვლევარი:
"სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ახალგაზრდას გზა ხსნილი უნდა ჰქონდეს, რომ უცხოეთში ისწავლოს"
- 12-წლიანი სწავლება მნიშვნელოვანია იმით, რომ ჰარმონიზაციაშია ევროპის განათლების სისტემასთან. პრობლემა, რომელიც დასახელებული იყო 12-წლიანი სწავლების მოწინააღმდეგეთა მიერ, გახლავთ ის, რომ მე-12 კლასში ბავშვები სკოლაში არ დადიან, რომ ამ კლასის არსებობა ამაოა. თუ დავსვამთ კითხვას - რატომ არ დადიან ბავშვები სკოლაში და რას აკეთებენ ამ ერთი წლის განმავლობაში, პასუხი ყველამ ვიცით - ისინი გამოცდებისთვის ემზადებიან. რა იქნება, ეს ერთი წელი რომ მოვაკლოთ? - მე-11 კლასშიც იგივე მოხდება - ეს კლასიც ფუნქციას დაკარგავს, მოკლედ, ეს არ არის სანდო არგუმენტი.

სუსტია ზოგიერთების მტკიცება, რომ ჩვენი აბიტურიენტების დიდი ნაწილი არ მიდის ევროპაში სასწავლებლად, კი, მაგრამ ამის გამო განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს ხელი ხომ არ უნდა შევუშალოთ? ჩვენთან, საბაზისო განათლება 10-წლიანია, რაც საშუალებას აძლევს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აღარ სურთ, პროფესიას დაეუფლონ, მაგრამ ამას პოპულარიზაცია სჭირდება.
სხვა ქვეყნების გამოცდილება ხომ ამაზეა აწყობილი:
საბაზო განათლების შემდეგ სწავლას ყველა არ აგრძელებს და ახალგაზრდების დიდი ნაწილი პროფესიულ კოლეჯში აბარებს. კოლეჯის შემდეგ კი, ვისაც სურვილი აქვს, სწავლას უნივერსიტეტშიც აგრძელებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უსიამოვნო რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით: საქართველოში განათლება ისედაც ელიტურია და ეს მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება - სრულყოფილ განათლებას მხოლოდ მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ხალხის შვილები მიიღებენ, რადგან მათ მშობლებს საამისო საშუალება ექნებათ, მხოლოდ ისინი შეძლებენ ფული გადაიხადონ და შვილს სხვა ქვეყანაში ასწავლონ. ჩვენი ქვეყნის ელიტური ოჯახების შვილები ახლაც არაქართულ სკოლებში სწავლობენ, მერე კი, მშობლები დიდ თანხას იხდიან, რომ თავიანთი შვილები უცხოეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გაგზავნონ. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ვინც ქართულ სკოლას ამთავრებს და ბაკალავრის ხარისხს აქ იღებს, ცუდი სპეციალისტია, პირიქით, ვინც კარგად სწავლობს, საქართველოშიც კარგ პროფესიონალად ყალიბდება.
სულაც არ მსურს, ჩემი ქვეყნის განათლების სისტემა დავაკნინო, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, ყველას უნდა შეეძლოს, მისთვის სასურველ უნივერსიტეტში ჩააბაროს და ისწავლოს.
მოცემულობა ასეთია: ჩვენი განათლების სისტემა ევროპული სისტემის მსგავსია, ევროპაში აქაური ატესტატის ხარისხს ისევე აღიარებენ, როგორც ბაკალავრის ხარისხს და ამ ხარისხით, ნებისმიერს შეუძლია, ევროპულ ან ამერიკულ უნივერსიტებებში სწავლა გააგრძელოს. შესაბამისად, სწავლის დროის შემცირება 12 წლიდან 11 წლამდე, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია.
11-წლიანი სწავლების მომხრეთა კიდევ ერთი არგუმენტი მიგრაციის შემცირებაა: რა თქმა უნდა, მიგრაცია ჩვენი ერისთვის დადებითი ტენდენცია არ არის, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს, მაინც მიდის, ამისთვის სწავლის გაგრძელება აუცილებელი სულაც არ არის.
დაბოლოს: მართალია, ქართულ უნივერსიტეტებსაც შეუძლიათ პროფესიონალები აღზარდონ, არც ჩვენი სკოლებია ისე დაჩაჩანაკებული, რომ ნიჭიერმა, მონდომებულმა ბავშვმა კარგი განათლება ვერ მიიღოს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ახალგაზრდას გზა ხსნილი უნდა ჰქონდეს - ყველას უნდა შეეძლოს, რომ უცხოეთში ისწავლოს და იქ მიღებული ცოდნა საქართველოსთვის გამოიყენოს.
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)