ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა. ჟურნალისტს შსს გზის გადაკეტვას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ყველაზე მკაცრი სასჯელის - ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. მას მიაჩნდა, რომ არ უნდა გამოყენებულიყო სიტყვიერი გაფრთხილება. ამასთან, მათი მტკიცებით, სასამართლოს კანონიერად შეუძლია ქეთა ციცქიშვილის დაპატიმრება, მიუხედავად იმისა, რომ ციცქიშვილი მცირე წლოვანი შვილის დედაა, რადგან ციცქიშვილის შვილს 3 ოქტომბერს შეუსრულდა 12 წელი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევაში მშობლის ადმინისტრაციული წესით პატიმრობა დასაშვებია.