"ყოველთვის ვიმსახურებ ლანძღვა-გინებას ამ ფრაზის გამო, მაგრამ ახლაც გავიმეორებ": მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება - ვინ ჩაშალა მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?!
"ქართულმა ოცნებამ" მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პარტიების გაუქმებასა და პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას შეეხება. როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი შეეხება 10-მდე ოპოზიციურ პარტიას, რომლებსაც "კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიაზრებენ. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, თანამდებობის დაკავება, არჩევნებში მონაწილეობა. 17 ოქტომბერს კი სკანდალური განცხადება გააკეთა პროკურატურამ და თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო "ქართული ოცნების" ყოფილი პირველი პირების წინააღმდეგაც, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას ედავებიან მათ. სამიზნე ამჯერად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე არიან, მათ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა... ასევე გაჩხრიკეს რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (სანდრო) ლილუაშვილისა და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად გაიჩხრიკა ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათთან დაკავშირებული პირების 24 სახლი. ჩატარდა პირადი ჩხრეკებიც. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი. უწყების ცნობით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში 7.002.200 აშშ დოლარისა და 136.000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირად ღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება ვთხოვეთ ექსპერტ მამუკა არეშიძეს.
- ბატონო მამუკა, რას ემსახურება ეს ჩხრეკები და რა მოლოდინები გაქვთ?
- როგორც დეკლარირებული იყო, ეს ემსახურებოდა იმას, რაც ირაკლი კობახიძემ დიდი ხნის წინ დააანონსა, რომ ის არის ხმალამოღებული მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ და არ დაინდობენ საკუთარი გუნდის წევრებსაც.
- რადგან ლილუაშვილის გვარი 4 ოქტომბრის ამბებთან დააკავშირეს, შესაძლოა, ყოფილი ჩინოვნიკები ოპოზიციასთან გარიგებაში ამხილონ და ისინი დაანონსებულ "დამხობას" დაუკავშირონ?
- არა მგონია, რომ ესენი ოპოზიციასთან თანაგრძნობის ფორმატში ყოფილიყვნენ ჩართული, იმ ხალხთან, ვინც აპირებდა სახელმწიფო გადატრიალებას. მე მაინც მგონია, რომ ეს არის კორუფციული საკითხი და თუ მაინცდამაინც ჩართული იყო რომელიმე მათგანი, ამას ალბათ, უფრო სატყუარას სახე ჰქონდა...
- ეს სამი ადამიანი ერთ გუნდს წარმოადგენდა?
- შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ერთი გუნდი არ არის. შეიძლება ორ მათგანს, ლილუაშვილს და ღარიბაშვილს, ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობა, თუმცა ლილუაშვილი სხვა გუნდიდან არის მოსული. ჩემი ვარაუდით, მათი საქმეები ცალცალკე განიხილება, ღარიბაშვილთან, შემდეგ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ისმოდა ხოლმე ბრალდებები. გახსოვთ ალბათ, საუბარი იყო, რომ ღარიბაშვილი გარემოცვამ დაღუპა, რომ ისინი კორუფციასთან იყვნენ ბმაში, თუმცა თვითონ ღარიბაშვილზე არ იყო ასეთი ეჭვი...
- 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის შემდეგ ციხეში აღმოჩნდა ბევრი ადამიანი, მათ შორის ლიდერები. დღემდე განიხილება სხვადასხვა ვერსია, თქვენ რა ვერსიას განიხილავთ? რა მოხდა იმ დღეს?
- მთავარი, რაც ვიხილეთ, ეს იყო მცდელობა, დაეკავებინათ საპრეზიდენტო შენობა და მერე, ალბათ, შესაბამისი ნაბიჯები გადადგმულიყო მედიის, უცხოური დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით და ა.შ. ეს ჩვენ უკვე გავიარეთ, მე თვითონ მონაწილე ვიყავი 1992 წელს ასეთი ტიპის ღონისძიების და კარგად ვიცი, როგორც ხდება. ამით არ ვტრაბახობ, პირიქით, ის ნაბიჯი ჩემი ცხოვრების ტრაგედიაა. ახლა ესენი იმავეს აპირებდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთმა ლიდერმა არც იცოდა, რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამას, ან ვთქვათ, არ იყო ორიენტირებული სისხლის დაღვრაზე, მაგრამ ადამიანები, რომლებიც აქეზებდნენ, უბიძგებდნენ ამ ნაბიჯისკენ, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად აცნობიერებდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ. ეს იყო ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლის მცდელობა. ჩანდა ისიც, რომ რაღაც ვერ გათვალეს, ან ვიღაცამ უგანა ბოლო მომენტში.
როგორც თვითონაც ამბობენ, ეტყობა, მოლაპარაკება იყო ვიღაცასთან, რომ იქ ხელს არ შეუშლიდნენ, და მეც ასე მგონია. ჩანდა კიდევაც, პირველი შეჯახება რომ მოხდა, იქ მხოლოდ შენობის დაცვის თანამშრომლები იყვნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ გამოჩნდა სპეცრაზმი, თან შეზღუდული რაოდენობით, რომელიც შენობიდან გამოვიდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, აბსოლუტურად მოულოდნელი იყო შენობის დაცვის თანამშრომლებისთვის ეს თავდასხმა, თუმცა, როგორც ჩანს, ამბობდა კიდეც ამას პრემიერი და ეტყობა, წინასწარ იცოდნენ, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგმებოდა, ოღონდ რომელ შენობაზე, შეიძლება ეს არ სცოდნოდათ. აქედან გამომდინარე, სპეცრაზმის ნაწილი სხვადასხვა შენობაში იყო, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეში.
- როგორც ამბობენ, თითქოს სუს-ის ყოფილი შეფი ლილუაშვილი იყო ჩართული ამ პროცესებში.
- ლილუაშვილი იყო თუ სხვა, ვიღაც სერიოზული ფიგურა რომ იყო ამათთან კონტაქტზე და, ალბათ, რაღაცას ჰპირდებოდა, ეს იგრძნობა.
ისეთი ტიპის განცხადება, რომელიც გაკეთდა რუსთაველზე, ვიდრე წავიდოდნენ შენობისკენ და მერე მისვლა, მიმანიშნებს, რომ ვიღაცასთან იყო რაღაც ფორმით გარიგება. იმ კომიტეტში ისეთი პირიც იყო, ვინც ძალიან კარგად ერკვევა სამხედრო საქმეში და ძალიან კარგად იცის, როგორ შეიძლება ასეთი ღონისძიების ჩატარება. ამ ნაბიჯს რა შეიძლება მოჰყოლოდა, დარწმუნებული ვარ, ყველამ იცოდა, ვინც კომიტეტში იყო. მე ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ სპეციფიკაზე. პაატა ბურჭულაძე ამ სპეციფიკას რომ არ ფლობდა, ფაქტია, მაგრამ ლაშა ბერიძეს, რომელიც სამხედრო პირია, პოლკოვნიკია, უნდა სცოდნოდა როგორ ხდება შენობის დაკავება.
- ითქვა, თითქოს პროვოკაციაზე წამოაგეს.
- ეგ ყველაფერი მეორადია. მთავარია ის, რაც ზედაპირზე დევს, ვინ იყო ამაში ჩართული, როგორი ფორმით ხდებოდა ეს... ჩვენ გადავრჩით, დანის პირზე გავიარეთ, შეიძლება მსხვერპლით დასრულებულიყო ყველაფერი. გვქონდა ასეთი შემთხვევა 1991-1992 წლებში, ამიტომ გავიძახოდი, კომპრომისი, კომპრომისი-მეთქი, მაგრამ...
ვიცოდი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ კომპრომისული გადაწყვეტილება მიეღოთ, ოპოზიციაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას ემხრობოდნენ, მაგრამ რადიკალურ ოპოზიციაში, რომელიც "ნაცმოძრაობასთან" ასოცირდება ჩემთვის, ყველაფერი კეთდებოდა, რომ კომპრომისი არ შემდგარიყო.
- თამარ ჩერგოლეიშვილი ვარაუდობს, რომ ბაჩო ახალაიას სახლში იკრიბებოდნენ და იქ განიხილებოდა ეს ნაბიჯები.
- ჩვენ მოვისმინეთ ახალაიასა და ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერი და ორივე მხრიდან მუდმივად ახლდა ტექსტი, რომ ამ ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დამტკიცდეს - ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამას ამბობდნენ და ოპოზიციისაც. 4 ოქტომბრის შემდეგ ეს ჩანაწერი არ გამოჩენილა სატელევიზიო სივრცეში და შთაბეჭდილება მექმნება, რომ ავთენტურობის კვლევა მიდის.
მე ირიბი დადასტურება მაქვს იმისა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ახალაიას ჩართულობით. მის სახლში იყო თუ სხვაგან, არ ვიცი, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, მისი ჩართულობით იქნებოდა. ამას ზოგიერთი ოპოზიციონერიც ამბობს კულუარულად. საჯაროდ ამბობს ამას ჩერგოლეიშვილი, მაგრამ ამატებს, ეს ჩემი დასკვნების შედეგიაო. ხელისუფლებაც მიანიშნებს, რომ ასე იყო. ასე იყო თუ ისე, ეს სახელი და გვარი ამ ღონისძიებასთან ფიგურირებს.
- ბაჩო ახალაია ამას უარყოფს.
- "ნაცმოძრაობაში" არიან ისეთი ფიგურები, რომლებსაც შეეძლოთ ასეთი ტიპის ოპერაციის დაგეგმვა. ისინი ვითომ გაერიდნენ ამ პარტიას, მაგრამ... არის სხვადასხვა პირი, ახლა არ მინდა დავასახელო, მაშინ საბუთი უნდა არსებობდეს... ლოგიკური მინიშნება არსებობს, რომ ახალაია რაღაც ფორმით ამ საქმეში ჩართული იყო.
- აღნიშნეთ, მინიშნება კეთდება ხელისუფლების მხრიდანაცო, დაიკითხა კიდეც ბაჩო ახალაია, მაშინ რატომ არ აკავებენ?
- საამისოდ დამადასტურებელი არგუმენტები უნდა იყოს. სხვათა შორის, თუ მიაქციეთ ყურადღება, ვინც დააკავეს ამ ამბავთან დაკავშირებით, ყველა მათგანზე ჩატარდა სკრუპულოზური გამოძიება, რომ ადამიანებს კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი - მსხვილ ფიგურებს ვგულისხმობ. მართალია მათი ადვოკატები და მომხრეები ამართლებენ მათ, ამ ნაბიჯს სამართლებრივად სხვადასხვანაირად აფასებენ, მაგრამ ვერ უარყოფენ, რომ მათ გადადგეს ასეთი ნაბიჯი. ახალაიას ნაბიჯიც უნდა გამოჩნდეს, თუ არ გამოჩნდება, მაშინ თქმა, მის სახლში იგეგმებოდა ყველაფერიო, არ იქნება რელევანტური.
- იმას უშვებთ, რომ ხელისუფლებამ ჩანერგა ოპოზიციაში ვინმე და წამოეგო ოპოზიციაც?
- რატომაც არა, ასეთი რამ ხდება ხოლმე. პოლიტიკა ამიტომ არის ბინძური, რომ ასეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს. როდესაც ხედავ, რომ არის სურვილი, კონკრეტული პირების ჯგუფმა, პოლიტიკურ ჯგუფს ვგულისხმობ, ასეთი ნაბიჯი გადადგას, შენ შეგიძლია ამის პროვოცირება გამოიწვიო. ყოველთვის ვიმსახურებ ლანძღვა-გინებას ამ ფრაზის გამო, რომელსაც ვამბობ და ახლაც გავიმეორებ - ომი არ დაუწყია მიხეილ სააკაშვილს, მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ პროვოკაცია მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ და შეგნებულად წამოეგო ამ პროვოკაციას. ამას ვამბობდი პირველი დღიდან. ეს უფრო უარესია, ვიდრე პირდაპირი შეტევა. იგივე შეიძლება მომხდარიყო ახლაც - არ გამოვრიცხავ, იცოდნენ ხელისუფლებაში, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი ასეთ რამეს აპირებდა და ისინი წამოაგეს პროვოკაციას. ამაში არაფერია ალოგიკური, შეიძლება ამორალურია, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი რამ არსებობს.