"ეს ხაფანგი იყო" - 23 წლის გოგონა, რომელიც ჩეჩნეთიდან ოჯახურ ძალადობას გაექცა, ერევანში გარდაცვლილი ნახეს - რატომ გარბიან ქალები ჩეჩნეთიდან?
სომხეთის დედაქალაქ ერევანში, რამდენიმე თვის წინ ჩეჩნეთიდან ოჯახურ ძალადობას გაქცეული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი ნახეს. ორშაბათს, სომხეთის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნაქირავებ ბინაში 23 წლის აიშათ ბაიმურადოვას ცხედარი იპოვეს.
აიშათი, რომელიც ჩეჩნეთის მკაცრი, კონსერვატიული რესპუბლიკიდან უფლებადამცველი ორგანიზაციის დახმარებით გაიქცა, პარასკევიდან დაკარგულად მიიჩნეოდა.
გაუჩინარება ინსტაგრამ-შეხვედრის შემდეგაიშათ ბაიმურადოვა ბოლოს ოთხშაბათს ნახეს, როდესაც ის მეგობართან შესახვედრად წავიდა, რომელთანაც "ინსტაგრამით" ურთიერთობდა. სწორედ ამ დეტალმა გამოიწვია უფლებადამცველთა და აქტივისტთა მყისიერი განგაში.
აქტივისტმა დანიილ ჩებიკინმა საჯაროდ განაცხადა, რომ აიშათი შესაძლოა ქვეყანაში იძულებით დაებრუნებინათ. ჩებიკინის მტკიცებით, ინსტაგრამ-მეგობრის გამომწერებს შორის იყვნენ პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან ან უსაფრთხოების ძალებთან იყვნენ დაკავშირებულნი.
საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა.
"რამდენადაც მესმის, ეს ხაფანგი იყო. ის [აიშათი] მეგობართან გავიდა. მან ჩეჩენი ქალი "ინსტაგრამზე" გაიცნო და იმ ქალმა დაპატიჟა. ამის შემდეგ კი ტელეფონს აღარ პასუხობდა...“
აიშათის მეგობრები და აქტივისტები კატეგორიულად უარყოფენ თვითმკვლელობის ვერსიას და მიიჩნევენ, რომ საქმე გვაქვს კრიმინალურ დანაშაულთან, რომელიც შესაძლოა, მისი დევნის ნაწილი იყოს. ზოგიერთი ცნობით, ცხედარი სწორედ იმ ბინაში იპოვეს, რომელიც ინსტაგრამ-მეგობარს ჰქონდა ნაქირავები.
ბოლო ცნობების მიხედვით, ბაიმურადოვა შესაძლოა ე.წ. ღირსების მკვლელობის მსხვერპლი გამხდარიყო. ეს არის მკვლელობის ფორმა, როცა ოჯახის წევრები კლავენ ქალს ან გოგოს, რადგან მიაჩნიათ, რომ მისმა ქცევამ ოჯახის ღირსება შელახა. ასეთი პრაქტიკა ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში.
რატომ გარბიან ქალები ჩეჩნეთიდან?