ქართული ციხეების "სოდომის ასოცი დღე" - კვირის პალიტრა

ქართული ციხეების "სოდომის ასოცი დღე"

"ნაწამებ პატიმრებს მიყენებული აქვთ ყველაზე უფრო მძიმე ტრავმა, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს"

მეორე დღეა ქართველი საზოგადოება უკიდურესი აღშფოთებით ადევნებს თვალს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარების ამსახველ შემზარავ კადრებს.  ყველამ ერთად ვნახეთ, რა სისასტიკით უსწორდებიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები პატიმრებს. გამოქვეყნებული ვიდეომასალა ისეთი მასშტაბურია, შეიძლება დავასკვნათ, რომ ციხეში წამების ფაქტები არ არის ცალკეული შემთხვევები და ეს არის კარგად ჩამოყალიბებული სისტემა, რომლის სათავეშიც ხელისუფლების ყველაზე მაღალი რანგის მოხელეები უნდა ვეძებოთ. შექმნილი ვითარების შეფასება ვთხოვეთ ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს.

- შოკირებული ვარ იმ კადრებით, რაც ვნახე. სიტყვები არ მყოფნის აღშფოთების გადმოსაცემად. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი და ყურმოკვრით თითქმის ყველას გვქონდა ინფორმაცია ციხეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტების თაობაზე, ამაზე იყო ლაპარაკი სახალხო დამცველის ანგარიშებში, ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, სცილდება ყოველგვარ საზღვარს. ასეთ შემთხვევაში ლაპარაკი იმაზე, ვინ არის დამნაშავე, ზედმეტია, დამნაშავე უპირობოდ არის მთელი ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ ემსახურება ხალხს და რომლის ქვეყნაშიც ხდება ასეთი ფაქტები. დამნაშავეა ყველა, დაწყებული პრეზიდენტით და გაგრძლებული მთელი მინისტრთა კაბინეტითა და პარლამენტით. ძალიან კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველი განცახდებებს გააკეთებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ სპეციალურ განცხადებებს გაგზავნის ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელზეც ხელი მიუწვდება. ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა.

- წამების ის ფაქტები, რაც ვნახეთ, აშკარაა, რომ სისტემის სისატიკის შედეგია, რა ფსიქოლოგიური ახსნა შეიძლება მოეძებნოს ამგვარი სისტემის ჩამოყალიბებას?

- ასეთი სისტემა შეიძლება ჩამოყალიბდეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს თავის ხალხთან, როდესაც მას არ აქვს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების განცდა. ზუსტად ასე ხდება, როდესაც ხელისუფლება მიზანმიმართულად არ ყოფს ერთმანეთისგან საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ფუნქციებს. როდესაც ძალაუფლება აქვს ხელისფლებას, რომელიც არ იცავს კანონის უზენაესობას. აი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება შექმნას მან ამგვარი მონსტრი, რომლითაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს სახელმწიფო ტერორს. ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ბრევიკის დასასჯელად საკმარისი სასჯელი ჯერ არ მოუგონიათ სამყაროში, მიუხედავად ამისა, ნორვეგიამ მას შეუფარდა ყველაზე მაღალი სასჯელი, რაც ამ ქვეყაშია დაშვებული - 21 წელი,  მას ამყოფებენ იზოლაციაში, თუმცა სახელმწიფო ზრუნავს მისი უფლებების დაცვაზე. ნორვეგიაში ვერ მოძებნით ადამიანს, რომელსაც რაიმე სიბრალულის განცდა ან თანაგრძნობა გააჩნია ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, არსებობს კანონი და კანონს იცავს ყველა. ის, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არის ტიპური სადიზმი. ეს არის წამება და ადამიანის ღირსების ისეთი შეურაცხყოფა, რომლის დროსაც ადამიანი ცოცხალი დარჩება თუ არა, საკითხავია. მაგრამ, როგორც ფსიქოლოგი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნაწამებ პატიმრებს მიყენებული აქვთ ყველაზე უფრო მძიმე ტრავმა, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა მხოლოდ გაუპატიურებას, არამედ იმასაც, 20 კაცის რიგში რომ გატარებენ და გცემენ მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმარი ხარ. ეს არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომლის განხორცილების უფლებაც არავის აქვს. 1978 წელს ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელიც იკვლევდა პატიმრებისა და ზედამხედველების ურთიერთობას, რომელმაც თავიდან ბოლომდე შეცვალა ფსიქოლოგიის პარადიგმა და აჩვენა, რომ საკმარისია ადამიანები მოაქციოთ ისეთ სიტუაციაში, სადაც ისინი კარგავენ პასუხისმგებლობას, აღარ არიან არავისთან ანგარიშვალდებულნი, რომ შედეგად ეს ადამიანები იღებენ ამ სოციალურ როლს და დეგრადირდებიან. მე ამ კადრებში ვნახე ჩვენს ციხეებში ცოცხლად შერულებული ეს ექსპერიმენტი. მოვისმინე კომენტარები, რომ საქმე თურმე გამოძიებას საჭიროებს, არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ გვარ-სახელებს, აქ მნიშვნელოვანია სისტემა, რომელიც არის დახურული და სადაც ადამიანებს აწამებენ - და რატომღაც ამას ჰქვია სასჯელაღსრულება. თუმცა გაუგებარია, იქ ვინ არის საერთოდ დამნაშავე?

თავის დროზე კინოს სახლში გავიდა პაზოლინის ფილმი "სოდომის ასოცი დღე", ამ ფილმის ყურების შემდეგ შოკირებული ვიყავი, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის რეალურ განხორციელებას ვნახავდი. გავოგნდი, როგორ აიძულებენ ადამიანს, საკუთარი ანუსიდან გამოღებული სიგარეტი მოწიოს და როგორ ეუბნებიან: გსიამოვნებს, თუ - არაო? არ ვიცი, ეს კადრები რისთვის არის გადაღებული. შესაძლოა, ამის მიზანი ამ პატიმრების შემდეგი კომპრომეტირებაც იყო, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ კადრების ნახვით ძალიან ბევრი შემდეგ კიდევ იღებდა სიამოვნებას. აბუგრეიბის ამბავი გახსოვთ ალბათ, ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ, ცალკე დაიდო კიდევ ერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ეს ზედამხედველები სრულიად ნორმალური ადამიანები იყვნენ, მაგრამ რადგან 16 დღის განმავლობაში მათი შეცვლა, როტაცია არ ხდებოდა, ისე დეგრადირდნენ, რომ საშინელებებს აკეთებდნენ. ჩემი შეკითხვაა: რამდენი ხანია, რაც დახურულია ციხე ისე, რომ ჩიტი ვერ შეფრინდება, შესაბამისად, რამხელაა ამ ადამიანების დეგრადაციის ხარისხი?

- ქვეყნის პირველი პირები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობი იყო ამგვარი ფაქტების არსებობა, პარლამენტის თავმჯდომარე აცხედებს, რომ შოკირებულია…

- (მაწყვეტინებს) დათო ბაქრაძემ შეიძლება როგორღაც მოახერხოს და შეინარჩუნოს სახე, თუ ის მომენტალურად, ახლავე გადადგება დაკავებული თნამდებობიდან. ეს არის მის ერთადერთი გამოსავალი. იმის მტკიცება, რომ დემოკრატიულ ქვეყანას აშენებენ, დიდი სიცრუეა, დემკრატიული ქვეყანა ადამიანის წამებასა და ცრემლებზე არ შენდება. რატომ გავცელდა ეს კადრები ახლა? არ გამოვრიცხავ, აქაც მიზანმიმართულ ქმედებასთან გვქონდეს საქმე. ვნახეთ, აღშფოთებული საზოგადოება როგორ გამოვიდა ქუჩაში გუშინვე, ეს გრძელდება დღესაც, შესაძლოა, ეს იყოს გამიზნული სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოება წამოეგოს პროვოკაციას, აჰყვეს ემოციას, გამოხატოს პროტესტი ქუჩაში, შედეგად კი, ბატონმა პრეზიდენტმა გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და არჩევნები გადადოს განუსაზღვრელი ვადით, ამიტომ დიდი სიფრთხილე მართებს ქართველ საზოგადოებას. კიდევ ერთიც, წავიკითხე მოწოდებები ლინჩის წესით გასამართლებისკენ, ეს მთელი სისტემა ახდენს ჩევნზე ზემოქმედებას და ცდილობს ჩვენს დეგრადირებას იქამდე, რომ ჩვენ ლინჩის წესამდე მივიდეთ. ლინჩის  წესის აღსრულება იქნება ჩვენი სისუსტის მაჩვენებელი, ეს არ უნდა დავუშვათ! ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავდგებით მათივე დონეზე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ლინჩის წესი და რაიმე კანონის დარღვევა.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)