საქართველოში ნავთობის ძებნა იწყება?! - რა მისიით შემოდის ქვეყანაში ინდური კომპანია - კვირის პალიტრა

საქართველოში ნავთობის ძებნა იწყება?! - რა მისიით შემოდის ქვეყანაში ინდური კომპანია

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და ინდურ კომპანია „ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედს“ შორის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია არსებული ნავთობის საბადოების განვითარების მიმართულებით მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს, კერძოდ, დაგეგმილია 7 მოქმედი ჭაბურღილის დაღრმავება-გაბურღვა და 2 ახალი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

„ეს შეთანხმება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და ინდოეთს შორის ეკონომიკური პარტნიორობისა და მეგობრობის განმტკიცების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული რესურსების განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ნავთობის წარმოების სექტორში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ენერგეტიკის დარგის კურატორმა ინგა ფხალაძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნული ხელმოწერით საფუძველი ეყრება ახალ ეტაპს, რომელიც გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკის ზრდისა და რეგიონების განვითარებისთვის.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო პაკეტის მოცულობა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში 4.15 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის.

განაგრძე კითხვა