ყვითელი მანქანებიდან - "ტაქსების რევოლუციამდე"? - კვირის პალიტრა

ყვითელი მანქანებიდან - "ტაქსების რევოლუციამდე"?

თბილისის ქუჩებში ყვითელი ფერი აშკარად დომინირებს - ყვითელი სამარშრუტო

მიკროავტობუსები, ყვითელი ავტობუსები და ხასხასა, ყვითელ სამოსში გამოწყობილი

კონტროლიორები... ამ "ჰარმონიას" უახლოეს მომავალში შეიძლება ყვითელი ტაქსებიც

შეუერთდნენ. ამის შესახებ უკვე ლაპარაკობენ ტაქსის მძღოლები, რომლებიც თავიანთი

მძიმე შრომით ოჯახს არჩენენ. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით გვესაუბრება თბილისის

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია:

- ბატონო ჯაბა, შეიძლება სულ მალე თბილისის ქუჩებში ასობით ყვითელი ტაქსი ვიხილოთ?

- დიახ, ეს სავსებით რეალური პერსპექტივაა, თუმცა ფერს მნიშვნელობა არ აქვს - შეიძლება

ეს ტაქსები იყოს ყვითელი, შეიძლება სხვა ფერისა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მათი

ამოქმედებით ასეულობით ადამიანი დარჩება ყოველდღიური სარჩოს გარეშე. ახალი ტაქსების

შემოყვანაზე ამ ორიოდე წლის წინ უკვე ლაპარაკობდნენ, კერძოდ, 2010 წელს იყო

მცდელობა, დღეს არსებული სისტემა ახლით შეეცვალათ, მაგრამ ეს პროცესი შეჩერდა.

- რას უნდა დავაბრალოთ ეს?

- მე მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ რატომ მოხდა ასეთი რამ: საქმე ის გახლავთ,

რომ სამარშრუტო ტაქსების ტენდერმა უამრავი პრობლემა შეუქმნა მერიას. ძველი

"მარშრუტკების" ახლით ჩანაცვლებამ ძალიან დიდი უთანხმოება და წინააღმდეგობა

გამოიწვია. მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს რეფორმა ხალხმა ძალიან მტკივნეულად მიიღო,

თანაც, მგზავრობაც გაძვირდა. უნდა შეგახსენოთ, რომ ახალი სამარშრუტო ტაქსების

შემოყვანის დროს მერიას საქმე ჰქონდა გაცილებით ნაკლებ მძღოლთან, რადგან თბილისში

დაახლოებით 2500-3000 "მარშრუტკა" დადიოდა. კერძო ტაქსები კი უკვე სერიოზული ციფრია -

მათი რაოდენობა 30 ათასიდან სადღაც 50 ათასამდე მერყეობს. რა თქმა უნდა, ამ

ხალხს სახლში ერთბაშად ვერავინ გაყრის, მაგრამ არის მცდელობა, რომ ხელისუფლებამ მორიგი

ფანდი გამოიყენოს.

- მაინც რა ფანდი, ბატონო ჯაბა?

- ეს საიმედო და აპრობირებული მეთოდია: მერია საკმაოდ მაღალ სტანდარტებს დაუწესებს

მძღოლებს, მათ მოსთხოვენ, რომ უნდა ჰქონდეთ შედარებით ახალი, ტექნიკური თვალსაზრისით

მოწესრიგებული მანქანები, სადაც იქნება კომფორტული სიტუაცია და ა.შ... სხვათა შორის,

ეს ბევრისთვის მიმზიდველი პირობაა - ალბათ თბილისელების ნახევარი მაინც იტყვის, რომ ძალიან

კარგი იქნება, თუ კომფორტულად იმგზავრებს, მაგრამ დაწესებულ თამასას ვერ გადალახავს

თითქმის ვერც ერთი ტაქსის მძღოლი. 30 ათასიდან შეიძლება მხოლოდ 5 ათასმა მძღოლმა

მოახერხოს იმ პირობების შექმნა, რასაც მათ მერია წაუყენებს. დანარჩენი, ვისაც არ

აქვს საამისო სახსრები და მატერიალური შესაძლებლობა, ამას ვერ შეძლებს იმიტომ, რომ

ახალი მანქანის შესაძენად და მის მოსაწყობად დიდი თანხა დასჭირდება.

- ესე იგი, არსებობს რეალური საშიშროება, რომ ტაქსის მძღოლები თავიანთ სამუშაოს

დაკარგავენ?

- დიახ და ამ სფეროს მონოპოლიზებაც მოხდება: მერიის მიერ დაწესებული მაღალი

მოთხოვნების გამო ასეულობით ტაქსი გამოიდევნება, რადგან მათ მძღოლებს შესაბამის

ნებართვას აღარ მისცემენ და გამოთავისუფლებულ ადგილებს ჩაანაცვლებს ხელისუფლების

ფავორიტი კომპანია, რომელიც მათ უკვე მზად ეყოლებათ. კომპანია ამ სეგმენტს

აითვისებს, ეს ხალხი კი უმუშევარი დარჩება. ამიტომ, მე ვეუბნები ხელისუფლებას: ნუ

ახრჩობთ საკუთარ მოსახლეობას! ტაქსის მძღოლები თვითდასაქმებულები არიან, ამიტომ

მივცეთ საშუალება, რომ ვისაც სურვილი აქვს, აიღოს ლიცენზია, როგორც დასავლეთ ევროპის

ქვეყნებშია მიღებული. მივცეთ მათ ეს ნებართვა ხუთი, ან ექვსი წლით და მხოლოდ ამის

შემდეგ დავუწესოთ პირობები, რომელიც თანადათან უნდა შეასრულონ.

- თქვენ ამ თემაზე საუბრისას ახსენეთ ტერმინი "ტაქსების რევოლუცია"... მართლაც არის

მოსალოდნელი მძღოლების მიერ მწვავე პროტესტის გამოხატვა?

- მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას ის ფაქტი, რომ ათასობით ადამიანი შეიკრიბა

სამარშრუტო ტაქსების დასაცავად. უბრალოდ, იქ სულ სხვა სისტემა მოქმედებდა: არსებობდა

ე.წ. ხაზები და ზოგიერთი ხაზის მფლობელმა პრაქტიკულად გაყიდა საკუთარი თანამშრომლები.

მათ დაიწყეს თანამშრომლობა ხელისუფლებასთან და ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.

რაც შეეხება ტაქსებს, ამ შემთხვევაში სულ სხვა სიტუაციაა: ყველას თავისი, ინდივიდუალური

მანქანა ჰყავს. თანაც, ეს ძალზე დიდი მასაა - 30 ათას გამწარებულ ადამიანს თქვენ

ეხუმრებით? არ დაგავიწდეთ ისიც, რომ თბილისში მცხოვრებ ტაქსის მძღოლებს ემატება ხალხი,

ვინც ცხოვრობს მცხეთაში, რუსთავში, თუ სხვა ახლომდებარე ქალაქებში. ისინი ჩამოდიან

თბილისში, "ტაქსაობენ", რაღაც თანხას შოულობენ, რომ ოჯახში მიიტანონ და უკანვე

ბრუნდებიან. ეს არის ძალიან დიდი მასა და თუ ამ ადამიანებმა თავიანთი უკმაყოფილება

ხმამაღლა გამოთქვეს, აგორებული ტალღა მართლა მიიღებს სოციალური პროტესტის ფორმას.

სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის არა ნეიტრალური ძალა, რომელიც ყველა

მოქალაქის უფლებებს უნდა იცავდეს, არამედ მხარე, რომელიც ერთი კონკრეტული ფირმის

ლობისტად გვევლინება ისევე, როგორც მოხდა სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაში. აქედან

გამომდინარე, სავსებით დასაშვებია, რომ ის აღმოჩნდეს ამ ადამიანების რისხვისა და

აგრესიის ობიექტი.

- ალბათ გასაკვირი სულაც არ იქნება, რომ მძღოლების უკმაყოფილების ობიექტი თბილისის მერიაც

გახდეს.

- რა თქმა უნდა, ეს პროტესტი პირველ ყოვლისა იქნება მიმართული მერიისა და მისი

თანამშრომლების მიმართ. ის, რაც მოხდა სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაში,

უსამართლობა და უკანონობა იყო და ხვალ, ან ზეგ, "ნაციონალების" გასტუმრების შემდეგ,

ეს დოკუმენტაცია პროკურატურაში უნდა წავიდეს. არ შეიძლება ასე უსამართლოდ ექცეოდე

საკუთარ მოქალაქეებს, არ შეიძლება ვიღაც-ვიღაცების უსამართლო შეკვეთას ასრულებდე

მხოლოდ იმის გამო, რომ როგორმე ასიამოვნო ქვეყნის პირველ პირებს. თუ ამ ადამიანებსაც

ისე მოექცევიან, როგორც სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მოექცნენ, შეიძლება მართლაც

მიიღონ "ტაქსების რევოლუცია".

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)