გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა ოჯახის წევრების ნაკადი არ წყდება - კვირის პალიტრა

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა ოჯახის წევრების ნაკადი არ წყდება

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა ოჯახის წევრების ნაკადი არ წყდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების ცნობით, მოკლევადიანი პაემნებისთვის რეგისტრაციის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამით ხორციელდებოდა პაემნებიც.

პატიმრების ახლობლები ამბობენ, რომ რეგისტრაციის გავლიდან საპყრობილეში შესვლამდე საათობით ლოდინი უწევთ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" ერთ-ერთი პატიმრის მამა აცხადებს, შვილის მდგომარეობაზე ნერვიულობს, რადგან პატიმარი ციხეში ერთხელ უკვე სცემეს.

"მოუთმენლად ველოდები ციხეში შესვლას. ძალიან ვნერვიულობ იმის გამო, რაც ტელევიზიით ვნახე. რამდენიმე თვის წინ ჩემმა შვილმა მითხრა, რომ საკანში წიგნს კითხულობდა, მივიდა ბადრაგი და ფანჯრიდან უყურებდა. შემდეგ კი აბაზანაში გაიყვანა და სასტიკად სცემა - ყურადღებას რატომ არ მაქცევდიო", - აღნიშნა პატიმრის მამამ.

პაემნიდან გამოსული კიდევ ერთი პატიმრის დედა კი აცხადებს, რომ გახარებულია, რადგან შვილი უვნებელი დახვდა.

"დილით ვინც გამოვიდა, ყველა ამბობს, რომ მისი პატიმარი კარგად არის, გარდა ერთი ქალბატონისა. ის ტიროდა და როდესაც მიზეზი ვკითხეთ, თქვა, რომ მისი შვილი ნაცემია",- აღნიშნა პატიმრის დედამ.

პატიმრებთან პაემნები ამ დრომდე გრძელდება. მნახველებს სხვადასხვა ნივთებისა და საკვების ციხეში შეტანა 10:00 საათიდან შეეძლებათ.

ციხის მიმდებარე პერიმეტრს ციხის დაცვასთან ერთად საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები

- პროტესტი ცოცხების დაწვით - სტუდენტების აქცია მოდულის შენობასთან

- სტუდენტების პროტესტისადმი სოლიდარობა მძღოლებმა სიგნალებით გამოხატეს

- გლდანის ციხისკენ ახალგაზრდების კოლონა ავტომანქანებით და ფეხით გაემართა

- ახალი კადრები გლდანის #8-ე საპყრობილის ტერიტორიიდან