"ეს სიმპტომები შესაძლოა ანაფილაქსიურ რეაქციაში გადაიზარდოს. ეს გახლავთ მდგომარეობა, რომელსაც ადამიანის სიკვდილის გამოწვევა შეუძლია, რადგან ხორხის შეშუ - კვირის პალიტრა

"ეს სიმპტომები შესაძლოა ანაფილაქსიურ რეაქციაში გადაიზარდოს. ეს გახლავთ მდგომარეობა, რომელსაც ადამიანის სიკვდილის გამოწვევა შეუძლია, რადგან ხორხის შეშუპებით, სასუნთქი გზების სრული დახშობით მთავრდება"

"როცა ადამიანს ალერგიული ფონი მაღალი აქვს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. კერძოდ: ფუტკრის თანდასწრებით მკვეთრი მოძრაობების გაკეთება არ შეიძლება"

რატომაა საშიში მწერის ნაკბენი და რა უნდა გავაკეთოთ თავის დასაცავად

"ამასწინათ, ჩემმა თანამშრომელმა რთველზე დამპატიჟა. ჩემი 8 წლის ბიჭი წავიყვანე და ერთად წავედით. ყურძნის კრეფისას, ჩემს შვილს ფუტკარმა უკბინა და 10 წუთის შემდეგ ცუდად გახდა: მთელ სხეულზე გამოაყარა, ცრემლები სდიოდა, სუნთქვა უჭირდა, ბოლოს, ცხვირი და ყურებიც დაუსივდა... ბავშვს ვეღარ ვცნობდი, ვიდრე კლინიკაში არ მივიყვანეთ და ექიმებმა სათანადო დახმარება არ გაუწიეს. იქნებ მირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს?", - ამ შეკითხვით ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა მოგვმართა.

ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში ინფექციების დეპარტამენტის უფროსს - შოთა ცანავას:

- თქვენ მიერ აღწერილ შემთხვევაზე შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვი ალერგიულია და რაც მოხდა, ეს მისი რეაქციაა ფუტკრის შხამსა და დანესტვრაზე. ცნობილია, რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური პასუხი აქვს ალერგენებზე - ზოგს უფრო მძაფრი, ზოგს - ნაკლებად, მაგრამ პრევენციული ზომები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივიღოთ.

- რას გულისხმობთ პრევენციულ ზომებში?

- როცა ადამიანს ალერგიული ფონი მაღალი აქვს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. კერძოდ: ფუტკრის თანდასწრებით მკვეთრი მოძრაობების გაკეთება არ შეიძლება. ამ დროს, მწერი ცდილობს თავი დაიცვას და საბრალო მსხვერპლს თვითონ ესხმის თავს. ამიტომ, მწერი ძალიან ფრთხილი მოძრაობით უნდა მოვიშოროთ - ეს პირველი ნაბიჯია პრევენციისთვის. გარდა ამისა, მინდორში, ან ველად ყოფნისას, ადამიანმა თან უნდა წაიღოს ანტიალერგიული საშუალებები, რომლითაც დანესტვრის შემთხვევაში, თავს დაიცავს.

rrbj34hq-1761071998.jpg

- ორიოდე თვის წინ, მარნეულში, ფუტკრის ნაკბენისგან ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ბოლო წლებში, მსგავსი შემთხვევების რიცხვი ხომ არ გაზრდილა?

- წელს უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ საბედნიეროდ, მსგავსი ფაქტები ხშირი არ არის, მაგალითად: მე, ბოლო ათი წლის განმავლობაში, მხოლოდ ორი ასეთი შემთხვევა მახსენდება. ალბათ, თქვენც გაგჩენიათ კითხვა: მეფუტკრეები როგორ ახერხებენ, რომ ამდენ ფუტკარს უვლიან? ისინი ამას მშვიდად აკეთებენ, ამ სიმშვიდეს ფუტკრებიც გრძნობენ და არ კბენენ. როგორც ძაღლი გრძნობს, რომ ადამიანს მისი არ ეშინია და არ კბენს, ასევეა ფუტკარიც. ეს რთული ბიოლოგიური სისტემებია, რასაც ერთ ინტერვიუში ვერ ავხსნით.

ერთი რამ კი ცხადია: თუ არ გვეცოდინება როგორ მოვიქცეთ დანესტვრის დროს, ნაკბენი შესაძლოა გართულდეს და ძალიან ცუდი შედეგი მივიღოთ.

- როგორია ფუტკრის ნაკბენის სიმპტომები?

- მკვეთრი, მწველი ტკივილი ნაკბენის ადგილზე, მის გარშემო სიწითლე და შეშუპება - აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ სპეციალისტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სიმპტომები შესაძლოა მწვავე ალერგიულ რეაქციაში გადაიზარდოს, რომელსაც ანაფილაქსიურ რეაქციას უწოდებენ. ეს გახლავთ მდგომარეობა, რომელსაც ადამიანის სიკვდილის გამოწვევა შეუძლია, რადგან ხორხის შეშუპებით და სასუნთქი გზების სრული დახშობით მთავრდება.

9pxndhgy-1761072019.jpg

ანაფილაქსიის სიმპტომებია: კანის მწვავე რეაქცია სიწითლის და ქავილის სახით; სუნთქვის გაძნელება; ენის შეშუპება; გაიშვიათებული პულსი, ცნობიერების დაბინდვა და ა.შ.

- ცნობილია, რომ აშშ-ში ფუტკრის ნაკბენისგან უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე გველის გესლისგან. ჩვენთან რატომაა მსგავსი ფაქტები იშვიათი?

- იმიტომ, რომ ჩვენთან ისე შხამიანი მწერები არ არიან, როგორც სხვა ქვეყნებში. თუმცა, ფუტკრის ნაკბენი სახუმარო საქმე არ არის. მიუხედავად ამისა, ალბათ თქვენც გაგიგიათ, რომ ზოგი იჩემებს: რამდენიმე ფუტკარმა მიკბინა, მაგრამ მაინც გადავრჩიო... უნდა ვიცოდეთ, რომ ფუტკრის შხამი ადამიანის ორგანიზმისთვის უცხო შხამია და მსგავსი დამოკიდებულება კარგს არაფერს მოგვიტანს.

შხამის წინააღმდეგ ანტიდოტის მიღება აუცილებელია, იქნება ეს ფუტკრის, ჭიანჭველას, კრაზანას თუ სხვა მწერების შხამი.

კიდევ ერთი, აუცილებელი პირობა ნესტრის დროულად ამოღებაა. მოხერხებული ადამიანი ამას იოლად შეძლებს, მაგრამ მაინც სასურველია, სპეციალისტმა ამოიღოს. თუ ექიმი აგვიანებს, მაშინ ნესტარი ისე უნდა ამოიღოთ, რომ ნაკბენი ადგილი უფრო მეტად არ დაიზიანოთ. ამავდროულად, უნდა ვეცადოთ, რომ ჭრილობაში ინფექცია არ შეიჭრას. ამიტომ, უმჯობესია, ნესტარი ექიმმა, ან ექთანმა ამოიღოს.

როგორც ზემოთ ვთქვი, საქართველოში მომაკვდინებელი შხამის მქონე მწერები არ არიან, მაგრამ ლეტალური შემთხვევები მაინც გვაქვს, რაც ხშირად, ადამიანების გაუფრთხილებლობის ბრალია.

- თუ არსებობს მედიკამენტი, რომელიც ტრაგედიისგან დაგვიცავს?

- რთულ სიტუაციაში უებარი საშუალებაა ცნობილი ანტიალერგიული, ანთების საწინააღმდეგო საინიექციო ხსნარი (გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფის). ეს, ფართო დიაპაზონის, უნივერსალური წამალია, უბრალოდ, მის გამოყენებამდე საქმე არ უნდა მივიყვანოთ. როგორ მივხვდეთ, რომ ამ წამლის გამოყენება აუცილებელია? ალერგენებზე ყველას ინდივიდუალური, განსხვავებული რეაქცია აქვს, მაგრამ ხველა, ცემინება, ადგილობრივი შეშუპება, წვა და ტკივილი უკვე საყურადღებო სიმპტომებია. უფრო მძიმე შემთხვევაში საქმე სუნთქვის უკმარისობამდეც მიდის... ასეთ სიტუაციაში, პაციენტმა ჯერ ალერგიის წამლები უნდა მიიღოს, მერე კი, ეს ინიექცია მივაშველოთ და კლინიკაში გადავიყვანოთ.

(პრეპარატის სახელწოდებას ვერ ვასახელებთ - რედ.)

- შეიძლება მწვავე რეაქცია არაალერგიულ ადამიანსაც ჰქონდეს?

- გააჩნია შხამის დოზას და მის ზემოქმედებას. სწორედ ამიტომაა სასურველი, ანტიალერგიული წამლები მაშინვე მივიღოთ, როგორც კი სიწითლეს და მცირე შეშუპებას შევნიშნავთ. პრევენციისთვის ანტიალერგიული საშუალებები საუკეთესოა, მაგრამ თუ შორს წასული სიმპტომები გამოვლინდა, ინიექცია სერიოზულ პრობლემებს აგვაცილებს თავიდან. თუ ასე არ მოვიქცევით, შეიძლება უეცრად ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებთ.

დასასრულს, უნდა ვიცოდეთ, რომ ნაკბენი ადგილის ქავილი უარესია, უშედეგოა მისი მოწვა, ან ბებია-ბაბუების მეთოდების გამოყენება. მსგავსი მეთოდები წინა საუკუნეებში იყო მიღებული, მაგრამ ახლა 21-ე საუკუნეა და ყველა დაავადებას უახლესი, თანამედროვე გზებით მკურნალობენ.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)