წიხლი, რომელიც ვირისგანაც "საწყენია" და ვირიშვილისგანაც - კვირის პალიტრა

წიხლი, რომელიც ვირისგანაც "საწყენია" და ვირიშვილისგანაც

ამ თემაზე ცხელ გულზე დაწერა არ მინდოდა... მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ცივი გონებით ამაზე დაწერის საშუალებას რომ ველოდო, იმ დროისთვის შეიძლება მართლა მოგვარებული იყოს საქართველოში პენიტენციალური სისტემა.

არადა, მეც ხომ ვიცოდი, რაც ხდებოდა, მაგრამ ასჯერ მოსმენილს ერთხელ ნანახი ჯობიაო... ნეტა არ მენახა... ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ჯობდა...

მოსმენილზე მაინც ეჭვი გეპარება კაცს - ადამიანი, რომელსაც შვილი, ცოლი, ძმა, და ჰყავს... სხვა ადამიანს ასეთ რამეს როგორ გაუკეთებს-თქო. ეს ყველა თუ არა, - დედა ხომ მაინც ჰყავს?.. უდედოდ ჯერ არავინ დაბადებულა... მართლა ვირიშვილი ხომ არ არის? თუ არის? იქნებ უარესიც?..

შეიძლება ეს "საჩემო თემა" არც არის, იმიტომ რომ საბუზღუნო ნამდვილად არაა... მაგრამ მინდა ბევრ დაწერილსა და ნათვამს ჩემი გულში მოხარშულიც დავუმატო. მით უფრო რომ ამ კუთხით ამ პრობლემას რატომღაც არავინ უყურებს...

რა გითხრათ, იცით?

ის იმდენად არ მაღიზიანებს, რომ სააკაშვილი და სრულიად ნაცმოძრაობა ერთიანად აღშფოთდა და ისე იქცევიან, თითქოს არაფერი იცოდნენ.

რა, სხვა რამეს ელოდით? ვინც ელოდით სხვა რამეს, ჩაალაგეთ ჩემოდნები და წადით შვეიცარიაში. ეს ქვეყანა ასეთი მიამიტებისტვის არ არის.

თუნდაც დავუშვათ, 0,000001% არის, რომ არ იცოდნენ... მაშინ საერთოდ რა უნდათ? თუ 8 წელია, ვიღაც ჩათლახები მათ ცხვირწინ ასე იქცეოდნენ და ამათ ვერ შეამჩნიეს... მაშინ საერთოდ რა უნდათ? პენსია და მისი ჯანი. 100 დოლარია უკვე და უნდა ეყოთ...

ამიტომ არ დავიწყებ ეხლა ამათ ლანძღვას. სხვებიც ლანძღავენ და მხოლოდ იმით შემოვიფარგლები, რომ ვიტყვი - არც ერთი არ ასცდეთ...

მე სხვა რამ მანერვიულებს... არადა ჯერ ამას ხმამაღლა არავინ ამბობს, დავიჯერო მარტო მე მაწუხებს? თუ უბრალოდ ეხლა ამაზე ლაპარაკის დრო და სიტუაცია არ არის?

იცით რა მღრღნის? ამ ვიდეოების გამომქვეყნებლები გმირებად შერაცხეს... სოციალურ ქსელებში, რადიოეთერებში, ტელეჩართვებში ყველა გმირებად მოიხსენიებს... რადიო "პალიტრის" ეთერში ილაპარაკა იმ ბედუკაძემ ბრიუსელიდან.

11 წელია ვმუშაობო. ცემა და წამება 2005-იდან დაიწყოო, მაგრამ გადაღება 2010-დან დამავალეს და ამას, რასაც ხედავთ დაბრაკული ვიდეოებიაო...

მერაბ მეტრეველთან იყო "რეზიუმეში" ჩართვა... მერაბმა კითხვა შეუბრუნა, - ამდენი ხანი სად იყავიო?

იცით რა თქვა იმ უტიფარმა?

- ვერც ერთი პატიმარი ვერ დამადებს ხელს, მე არც ვაწამებდი და არც ვცემდიო...

უბრალოდ ვიდეოზე იღებდა რა... დავალება ჰქონდა... მერე ნამუსმა შეაწუხა და... რამსიგრძე ძარღვი აღმოაჩნდა ტიპს ხომ აზრზე ხართ?..

და ვინც ამ ტიპს გმირს უწოდებს, იმათ ვეკითხები: აბა, რას ვერჩით მიშას? გიგის? ნუგზარა წიკლაურს?

გამოვიდეს რომელიმე პატიმარი და დაადოს ხელი, მაგალითად, დავით ბაქრაძეს, - ამან მცემაო... ხომ ვერ იზამს?

თან უკვე ამათაც ხომ დაგმეს და მოინანიეს? მოდით, ამათაც ვაპატიოთ და მერე გმირები ვუწოდოთ... მოგვიანებით, თუ ბარემ ახლავე?!

რაღაც, აგვერია ხალხო. ერთის ზიზღით და ბოღმით მეორეს მზაკვრობას და ჩათლახობას ვეღარ ვარჩევთ.

მე 15 წელი ისეთ სამსახურში მომიწია მუშაობა, ყველაფერს 3-4 მხრიდან ვაკვირდებოდი. კარგ ამბავსაც ეჭვის თვალით ვუყურებდი და ცუდის დროსაც ვფიქრობდი დადებითი რა შეიძლებოდა გამოედნო კაცს იქედან. ამიტომ მიჩვეული ვარ სხვადასხვა მხრიდან ყველაფრის შეფასებას...

მთელი დღეები რადიოს ვარ მიჩერებული რომ რამე ნორმალური მეტნაკლებად დაბალანსებული ინფორმაცია მივიღო. ამოვიდა ყელში ეს ცალმხრივი ყრანტალი, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

გადაცემა "პროვოკატორში", წამყვანმა გაცეცხლებულმა თქვა რომ ის ჟურნალისტები, ვინც ნაციონალური არხები ამ ამბების მერე მიატოვეს, მაინც დასასჯელები არიანო...

მესმის, რომ მან ეს ცხელ გულზე თქვა და როცა ცოტა გაუნელდება ემოცია (ცოტას იმიტომ ვამბობ, რომ კარგად ვიცნობ და ამ ამბავს საბოლოოდ არ დაიკიდებს) იგივე აზრს უფრო ნორმალური ტონითა და სიტყვებით გამოხატავს.

უბრალოდ მინდა მასვე შევახსენო ან ვკითხო, ან ვთხოვო რომ იმათ კითხოს:

პირადად მე ძალიან მაინტერესებს რატომ მალავდნენ ამ ვიდეოებს ის ჟურნალისტები, რომლებსაც ხელში ჩაუვარდათ (არ აქვს მნიშვნელობა მერაბიშვილისგან თუ გაფრინდაშვილისგან).

რატომ არ გამოაგდეს მაშინვე?

ეს კადრები თუ ორი თვით ადრე ჰქონდათ, რატომ ინახავდნენ? მაშინვე რომ გამოემზეურებინათ, რამდენ ხალხს გადაარჩენდნენ?

წარმოიდგინეთ, ორი თვის განმავლობაში დღეში თითო კაცი რომ ეწამებინათ... მინიმუმ 60 კაცი გადარჩებოდა.

ისიც ხომ გჯერათ, რომ ერთზე და ათზეც არ გაჩერდებოდნენ?.. ეს უკვე 60 კი არა - 600-ია. იმედია თვლა ჩემზე კარგად თქვენ იცით...

ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა მინახავს როგორ მოიპოვებენ, ან პირადად მომიპოვებია ინფორმაცია, რომელიც სენსაციური, ვინმეს მამხილებელი ყოფილა.

"პალიტრა" ხომ ორი ათეული წელია, ჩათლახების გამომზეურებას და სუფთა წყალზე გამოყვანის საქმეს ემსახურება...

სანამ ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი, მეგონა რომ ხანდახან ჯობდა რაღაცები შეგვენახა. გაზეთის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაცია ორ ნაწილად გაგვეყო, შემდეგი ნომრისთვის შემოგვენახა და ასე შემდეგ.

ერთხელ, რაღაც კონკრეტულ შემთხვევაზე მაშინდელ მთავარ რედაქტორს, ქალბატონ ლალი გუნთაიშვილს ვკითხე, - ყველაფერს რატომ ვამბობთ, ნაწილი მოვიტოვოთ და მერე გამოვაქვეყნოთ-თქო.

ქალბატონმა ლალიმ ღიმილით მკითხა:

- ხომ არ იცი, რა ქვია იმ კაცს, ვინც ვინმეს ცუდი ამბები იცის და მომავლისთვის ინახავსო?..

ჩვენ ჟურნალისტები ვართ, შანტაჟისტები კი არაო... მესმის რომ შენ გაზეთის პოპულარობაზე და გარეკლამებაზე ფიქრობ, პატარა ხარ (ლალი დეიდას ვეძახდი) ჯერო... მაგრამ ვინმემ თუ გაიგო, რომ ჩვენ რამე ინფორმაცია შევინახეთ, ვერავის დაუტკიცებ რომ ეს შანტაჟისთვის არ გვინდოდა და რაიმე სხვა სარგებელს არ ვეძებთო. სახელი გაგვიტყდება და ვერანაირი რეკლამა ვერ უშველის ამ ამბავსო...

ეს სიტყვები აგერ უკვე 10 წელიწადზე მეტია, მახსოვს და სამწუხაროდ ამ დღეებში ნათლად დამიდგა ისევ თვალწინ ის სიტუაცია, როდესაც მათ ვისმენდი...

მომკალით და ვერ ვხედავ ამ ვიდეოების შენახვის ვერანაირ სხვა აზრს გარდა - გამორჩენისა. ეხლა იტყვით, სააკაშვილის მთავრობის მოსაცილებლად შემოინახეს საარჩევნოდო.

ყოველ შემთხვევაში, მე მართლა ასე მგონია. პენალტივით მოამზადეს... ჰოდა ახლა იმასაც დაამატებთ - მიზანი ამართლებს საშუალებებსო... ოღონდ ესენი მოგვაცილებინა და რა უჭირსო...

მე კი შეგეკითხებით - რით სჯობია მაშინ ირმა ინაშვილი თუნდაც კალმახელიძეს? ორივემ იცოდა, რა ხდებოდა ამ ბოლო ორი თვის განმავლობაში და ორივე ჩუმად იყო. ერთს სხვა მიზეზი ჰქონდა, მეორეს სხვა...

ის უბედურები კი ვინც გისოსს მიღმა იყვნენ მაინც ეწამებოდნენ...

დღეს იგივე რეზიუმეში ბატონი მანჯავიძე ტრაბახობდა, ჯერ სად ხართ, ისეთები გამოვაქვეყნოთ, ამობრუნდება ყველაფერიო...

რას ნიშნავს ეს? არ ნიშნავს იმ პოტენციურად საწამებელი ხალხის ბედის დაკიდებას? არ ნიშნავს იმას, რომ ამათაც ფეხებზე კიდიათ ვინ და სად ეწამება, უბრალოდ საკუთარ მიზანს უნდა მიაღწიონ? მიშას მთავრობა დაამთავრონ?

აბა ჰკითხეთ იმ ხალხს, ვისაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ცოცხი ან სხვა რამე გაუკეთეს, უღირდათ ამ ფასად მიშას მთავრობის მოცილება? ან იმათ ნათესავებს ჰკითხეთ?

და საერთოდ ამიხსენით, რატომ არის თანაბარი ბრალეულობის შემთხვევაში ინაშვილი და მანჯავიძე გმირი, მაშინ როდესაც კალმახელიძე მართლა ჯალათი და ვირიშვილია?

არ თქვათ ახლა, - ჯერ ევროპელებისთვის უნდა ეჩვენებინა, თორემ ისე ფასი არ ექნებოდაო.

შარშანდელი 25-26 მაისის ღამე მთელმა "ინტერპრესმა" და "პალიტრატვ"-მ ქუჩაში გაატარა, ბევრს მოხვდა, გაილახა, თავზე კამერა დაემსხვრა, მაგრამ ყველა იმაზე იყო მობილიზებული, რომ სასწრაფოდ საიტზე გაგვეშვა და ონლაინში ვმუშაობდით...

სწორედ ამ საიტებიდან ნახა ღამის დარბევა ევროპამაც, ამერიკამაც და საქართველომაც.

ასე რომ, ჩემი შეხედულებით გამოდის - ამ ამბის გამხმაურებლებს ის კი არ ადარდებთ, რა ხდება რეალურად ციხეში. უბრალოდ ამ ამბავს საკუთარი საქმის წარმატებისთვის იყენებენ. დასჭირდათ და იმიტომ.

ხვალ რა დასჭირდებათ და ვის გასწირავენ? იცით ვინმემ?

როცა მთავრობაში მოვიდა, მიშაც ზუსტად ასე იქცეოდა და ედიკას მოშორების სურვილით დაბრმავებულებმა ჩავყლაპეთ... ხომ კარგად ვნახეთ რაშიც გადაიზარდა ეს ყოველივე.

შეგრძნება მაქვს, რომ იგივე ქაქში ვაბიჯებთ ფეხს...

სხვისი არ ვიცი და ამათი შემხედვარე საშინელი არჩევანის წინაშე ვდგები. არ ვიცი ვის მივცე ხმა - ქრისტიან-დემოკრატებს, თუ გიჟ შალიკოს?

სლოგანებით აშკარად ქდმ სჯობს, თორემ შალიკოს - "ერთხელ მაინც ჩაგვაბარეთ ქვეყანა" - ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს...

შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ვბუზღუნებ" იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.

ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge